მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > წმიდა გიორგი > წმინდა გიორგის მეშვიდე სასწაული
წმინდა გიორგის მეშვიდე სასწაული

ისმინეთ, ძმებო, სხვა საკვირველი სასწაული წმინდა და დიდებული მთავარმოწამე გიორგისი, რომელიც მოხდა ჩვენი კეთილმსახური მეფის თეოდოსის დროს, როდესაც ჩვენს მოდგმაზე ადრე იყო კაბადუკიაში ერთი კაცი, სახელად თეოფისტე, ხოლო მის მეუღლეს ეწოდებოდა ევსებია. იუო იგი კეთილად მორწმუნე და შვიდი წლის დაქორწინებულებს არ ჰყავდათ შვილი.
ერთხელ თეოფისტე თავისი ყანის სახნავად გავიდა ველად. სანამ იგი თავის მონებთან ერთად ხნავდა, მოიწია მისი უღელი ხარისათვის საკვების მიცემის დრო. მას და მის მონებს მიწაზე მიეძინათ, ხარები კი ძოვდნენ რა ბალახს, ყანიდან გავიდნენ და გაუჩინარდნენ. როდესაც თეოფისტეს გაეღვიძა, ჰკითხა თავის მონას: "სად წავიდა ჩვენი უღელი ხარი?” ხოლო მან უპასუხა: "არ ვიცი, რადგან მეც მიმეძინა.” მაშინ ადგა ის კაცი და ეძებდა საღამომდე და ვერაფერი იპოვა. როდესაც თავის სახლში შევიდა, მოუთხრო თავის მეუღლეს: "დავკარგეთ ჩვენი უღელი ხარი.” მან ჰკითხა: "სად?” მან მიუგო: "გავუშვით ისინი ბალახის საძოვნელად და ჩვენ ჩაგვეძინა, ხოლო როცა გავიღვიძეთ, ვერ შევძელით მათი პოვნა”. მან ჰკითხა: "არ ეძიეთ გულმოდგინედ?” ქმარმა მიუგო: "დამიწერე, რომ ყველა ადგილას ვძებნეთ ისინი.” ქალმა მიაპყრო თვალები ზეცას და თქვა: "მადლობა შევწიროთ კეთილსა და მრავალმოწყალე ჩვენს ღმერთს.” მეორე დღეს თეოფისტემ უთხრა თავის მონას: "წაიყვანე ჩვენი სხვა უღელი ხარი და წადი სახნავად’ ოღონდ გაუფრთხილდი მათ, ხოლო მე წავალ ჩვენი ხარების საძებნელად.
წავიდა იგი მთელი კვირა და ეძებდა. სახლში რომ დაბრუნდა, თქვა: "ვერაფერი ვიპოვე.” მოვიდნენ მისი მეზობლები და დაუწყეს ხუმრობა მას და ამბობდნენ: "აღარ შეგფერის სახლის უფროსობა, რადგან ხარები დაკარგე.” მან გაიღიმა. შემდეგ უთხრეს მას: "არ თხოვე რომელიმე წმინდანს, რომ დაგეხმაროთ თქვენ და იპოვოთ ისინი?” მან მიუგო: "ყველას ვთხოვე, მაგრამ ვერაფერი ვპოვე.” იმათგან ერთმა ჭაბუკმა უთხრა მას: "თხოვე წმინდა გიორგი კაბადუკიელს? გულმოდგინედ იცის დახმარება, რომელმაც ცოტა ზეთისათვის გამოიხსნა კაცი სარკინოზისაგან, ასევე გაპოვნინებს შენს უღლეულს”.
თეოფისტემ მიუგო: "სიცოცხლის მომცემია უფალი! თუ ვიპოვე ჩემი ხარები, ერთს დავკლავ და მოვიწვევ მას. მაგრამ გამოჩინებულად ვერ მოვა, რადგან გარდაცვლილია და როგორ შესძლებს ჩვენი მაგიდიდან ჭამას?” ხოლო კაცთმოყვარე ღმერთმა, რომელსაც სწადია ყოველი ადამიანის სიცოცხლე და მისი ჭეშმარიტების შეცნობაზე მოყვანა, ინება განეცხადებინა თავისი მოწამის საკვირველმოქმედება და შერცხვენა იმ მწვალებელთა შემცდარი გონებისა, რომლებიც ამბობენ: "არ არის აღდგომა და შეცნობა მოწამის სწრაფი წყალობისა.”
იმ ღამეს ეჩვენა მას წმინდანი და დაუძახა: "თეოფისტე, თეოფისტე!” ხოლო მან უპასუხა: "აქ ვარ, უფალო.” წმინდანმა უთხრა: "წადი გზაზე და იპოვე შენი ხარები, ხოლო რაც მე დამპირდი, სასწრაფოდ შემისრულე: მიმიწვიე და მოვალ შენთან.” ხოლო მან გაიღვიძა და თავის ცოლს უთხრა: "ასე და ასე ვიხილე.” მან უპასუხა: "წადი და გააკეთე, რაც წმინდანმა გამოგიცხადა.” იგი წავიდა და გზაზე იპოვა თავისი ხარები, რომლებიც ძოვდნენ. ასე მხიარულ იქნა იგი, მადლი შესწირა მოწამეს და წამოასხა ისინი თავის ხელში. ცოლმა უთხრა მას: "ნუთუ იმ გზაზე საძებნელად არ ყოფილხარ?” უნდოდა მისი შემოწმება. მან მიუგო: "გჯეროდეს ჩემი, რომ მრავალჯერ მივედი იქ, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე და არც გზაა გრძელი, სულ ერთი სტადიონია”(125 ნაბიჯი). უთხრა მას ქალმა: "მადლობა ვუთხრათ ღმერთს და დიდებულ მოწამეს გიორგის. რაც დაპირდი, სასწრაფოდ შეასრულე.” ხოლო მან მიუგო მას: "დავკლად ერთი თიკანი და აღვასრულოდ მოწამის ხსენება”. ასეც გააკეთეს, რადგან ეგონათ, რომ საკმარისად მიიჩნევდა მოწამე. იმ ღამეს წმინდანი ეჩვენა მას და უთხრა: "თიკანზე გინდა ჩემი მოწვევა? გგონია, რომ საკმარისია მარტო თიკანი? რაც დამპირდი, არ შემისრულე. დამიკალი ერთი შენი ხართაგანი და გესტუმრები შენ, თუ არა, იცოდე, რომ ინანებ.”
მან გაიღვიძა და მწუხარებამ შეიპყრო და უთხრა თავის მეუღლეს: "ასე და ასე ვიხილე, ახლა კი დავკლათ ცხვარი. ნუთუ კიდევ არ შეიწირავს მას წმინდანი?” ასეც ქნეს და აღასრულეს მოწამის სახსენებელი. იმ ღამეს კვლავ ეჩვენა წმინდანი და დაუძახა მას: "თეოფისტე!” მან უპასუხა: "აქა ვარ.” წმინდანმა უთხრა: "ერთი ცხვრის დაკლაზე გინდოდა ჩემი მოწვევა? თუ არ იცი, რომ მთავარი ვარ და მრავალი მხედრობა მომყვება? ანდა შენ თვითონ არ აღმითქვი? ახლა უკვე შენი უღელი ხარი დამიკალი და დამპატიჟე. მინდოდა ერთი ხარი მეკმარა, მადრამ არ ვიკმარებ. ორივე შენი ხარი დამიკალი და ღორი და ცხვარი, რამდენიც გყავს. თუ ასე არ გააკეთებ, აღარ შემოვალ შენს სახლში ღორის საჭმელად, არამედ ვითხოვ უფლისგან, რომ შენ და შენი სახლი ცეცხლიდ დაგწვათ”.
მან გაიღვიძა და ძლიერი შიშით შეპყრობილმა იყვირა დიდი ხმით: "ვაიმე, ვინ არის ეს, რომელიც ძილში მეცხადება და საზარელი სიტყვით მაშინებს? ან მოჩვენება არის რაიმე და მაგიჟებს, რომ ჩემი ქონება ერთბაშად გავანადგურო და ღატაკი გავხდეთ მე და ჩემი მეუღლეც? ან შეიძლება წმინდანისა იყოს ეს სიტყვები: "დამიკალი შენი ყველა ხარ-ძროხა, ცხვარი და მოვალ პურის საჭმელად?” როგორ შეიძლება, რომ მკვდარი ვახშმობდეს? არ ვიზამ ამას, რომ ჩემი სახსენებელი მოვსპო. ნეტავი სულაც არ მეპოვნა ჩემი ხარები!”
მისი მეუღლე ევსებია სიტყვით ნუგეშს-სცემდა და ეტყოდა მას: "ღმერთმა შეგინდოს, რომ წმინდანის გამოცხადებას მოჩვენებად თვლი და უპატიო ყოფ წმინდანის წყალობას. ვინ იცის, იქნებ ჩვენი გამდიდრება აქვს გუნებაში, როგორც სხვები გაუმდიდრებია.” ამ სიტყვებით რაღაც ცოტა ნუგეში მიეფინა მას გულს. კვლავ უთხრა მას ევსებიამ: "ისე ჩათვალე, თითქოს არც გიპოვნია ისინი, ან ვითომ ზამთარში დაიხოცა ოცი ცხვარი და არა ღორი, ვითომც სულაც არა გვყოლია ისინი არასდროს, მით უმეტეს, რომ წმინდანი აპირებს ცეცხლს მისცეს ყველაფერი.
იგი არ უჯერებდა, არამედ დადგა უჭმელად და უსმელად თავს დამტყდარი მწუხარების გამო. ხოლო წმინდა მოწამე იმ ღამეს ეჩვენა მას თეთრ ცხენზე ამხედრებული, ხელში დიდებული ჯვარი ეწირა და უთხრა: "კაცო, ეშმაკი გყავს შემოჩენილი, ჩემზე ამბობ, რომ მოჩვენება ვარ?” უჩვენა მას ჯვარი პატიოსანი და ეუბნებოდა: "ჩემი უფლის იესო ქრისტეს ძლიერებას ვფიცავ, თუ ჩემს ბრძანებას არ იქმ, ცეცხლს მოვავლენ ღვთის მიერ და შენ და შენ სახლს ცეცხლით დაგწვავთ”. უჩვენებდა მას და ჰპირდებოდა უსასტიკეს სატანჯველებს და უთხრა: "მოიხმე მრავალი მდიდარი და ღარიბი, რომ ემსახურონ ჩემ ტაბლას”.
როდესაც მან გაიღვიძა, ძლიერი შიშით იყო შეპყრობილი და კანკალებდა. შემდეგ ხმამაღლა შესძახა: "რასაც მიბრძანებ, ავასრულებ, უფალო ჩემო: არა მარტო ჩემ ცხვარსა და პირუტყვს დავკვლავ, არამედ მეცა და მთელი ჩემი მონაგებიც შენი არის.” უბრძანა თავის მონებსა და ნათესავებს: "დაკალით მთელი ჩემი პირუტყვი, რადგან ასე და ასე ვიხილე.” ხოლო ისინი იტყოდნენ: "ალბათ გაგიჟდა და თავისი საცხოვრებლის განადგურება უნდა.” ასე დაკლეს ცხვრები, უღელი ხარი და ღორები, მოამზადეს პური და ღვინო, რაც ეყოფოდა ვახშამს. ამ კაცმა მოიპატიჟა ღარიბები და მისი დაბის მაცხოვრებლები რიცხვით ოთხმოც კაცამდე. ასევე მოიწვია მღვდლები და ღამე ათიეს და თქვეს წმინდა გიორგის საგალობლები და აღასრულეს მოწამის ტაძარში საღვთო ჟამისწირვის საიდუმლო, მოვიდნენ სამხრობად, აკურთხეს ტაბლა, დასხდნენ და ელოდნენ წმინდანის მოსვლას.
ამ დროს შეიქმნა ძვრა და ძლიერი ჩოჩქოლი და უეცრად გამოჩნდა დაახლოებით ოცდაათი მეომარი ცხენებზე მსხდომარე და ამბობდნენ: "მთავარი ჩვენი მოდის”. და სანამ ისინი ამას ამბობდნენ, მოვიდნენ სხვები, მათზე ყფრო მრავალი და გამოაცხადეს: "სახლის პატრონო, მთავარი მოდის, გადი მის შესახვედრად”. ხოლო იგი გავიდა დიდი შიშით და ამბობდა: "რა არის, ჩემო ბატონებო?”"ახალი მთავარი, დიდებული და მოდგმით კაბადუკიელი მოდის აქ სამხრობაზე”. მან ჰკითხა მათ: "ძნელი არის მთავრის სტუმრობა?” ხოლო მათ მიუგეს მას: "ახლობელი მონა არის მეფისა. მან არა მარტო მთავრის პატივი მიიღო, არამედ ყველაფრის მეთვალყურედ დააყენა იგი.” მას გაუკვირდა და უთხრა: "არც პური მაქვს და არც ღვინო საკმარისი, რომ ამათ ეყოთ”. და სანამ იგი ამას ფიქრობდა, გამოჩნდა წმინდა მოწამე თეთრ ცხენზე მჯდომარე და ორი ფრიად მშვენიერი ჭაბუკი ახლდა მას იქედან და აქედან. მრავალი ხალხი მოსდევდა მას, ზოგი მხედარი და ზოგი ქვეითად მომავალი. ახლომახლო´სოფლებიდანაც იყვნენ მრავლად მოსულნი, ისინი ხმაურობდნენ და ყვიროდნენ: "მთავარი მობიდა წმინდანი მოვიდა და უთხრა მას: "გიხაროდეს, თეოფისტე,შენ და ყველა ნატესავს.” მათ თაყვანისცეს მას და უპასუხეს: "კეთილად მოხვედი, წმინდაო ბატონო და დიდებული მთავარო”.
მაშინ წმინდანი ჩამოხტა და დაჯდა სამხრობად და უთხრა მას: "როგორც გავიგე, წმინდა გიორგის ხილვა და სტუმრობა გინდოდა. ხოლო ახლა მის მაგივრად მე მისტუმრე, რადგან მეც გიორგი კაბადუკიელს მიწოდებენ. მაგრამ ნუ ინაღვლებ, რადგან არ დაგიკარგავ შენ შრომას”. როდესაც მას ეს ესმა, ცოტა გამხიარულდა და უთხრა: "რამდენს ინებებთ, რომ მოვიდნენ და დასხდნენ სამხრობად?” ხოლო წმინდანმა მიუგო: "აქ კი არა, არამედ სხვა მხედრის სახლში აქვთ განზრახული მაგათ პურისჭამა.” უბრძანა ყველას თავიანთ ცხენებზე ამხედრებულიყვნენ და უთხრა: "ნურც თივას, ნურც ქერს ნუ შეეხებით”. ხოლო იმ ორ ჭაბუკს უბრძანა, რომ მომსახურებოდნენ ტაბლას და მის წინაშე მდგარიყვნენ. და თქვა: "თეოფისტე, თეოფისტე!” ხოლო მან უპასუხა: "აქ ვარ, ბატონო.” წმინდანმა უთხრა მას: "დასხი ყველა შენი მეგობარი, შენ და შენი მეუღლეც დასხედით და სუფრას ეს ორი ჭაბუკი მოემსახურება”.
თეოფისტემ უთხრა ჭაბუკებს: "აი, აგერ ღვინის ჭურჭლებია, როცა ისინი დაიცლება, მოხადეთ ეს ჭური.” ხოლო მათ აიღეს საღვინენი, რამდენი დაასხეს, უფრო იმატებდა ღვინო. არც ის ჭურჭლები ცარიელდებოდა და არც ჭურს აკლდებოდა. წინ დადებული პური უფრო მატულობდა. ყველამ მოილხინა და გაიხარა. წმინდანმა უთხრა თეოფისტეს: "ხორცი, რამდენიც იყოს, ჭამეთ, ხოლო ძვალი, რამდენიც არ უნდა იყოს შეინახეთ. არც ერთი არ დაკარგოს ვინმემ, რომ სასტიკად არ იტანჯოს”. თეოფისტემ ყურში უჩურჩულა მეუღლეს: "ხომ გითხარი, რომ არა მარტო ჩემს ქონებას შესჭამენ, არამედ მეც და ჩემს მეგობრებსაც ცუდს შეგვახვედრებენ?” ხოლო მან მიუგო: "გაჩუმდი, რადგან არაფერი ცუდი უქნია ჩვენთვის ამ კაცს.” იგი გაჩუმდა. როცა იმხიარულეს და გაძღნენ, უბრძანა მათ წმინდანმა, რომ მოწამის საგალობელი ეთქვათ. ხოლო მათ იგალობეს წმინდანის ჟამნის მეოთხე ხმის გალობა: "ღვთის მიერ შეიქმენი და ღვთისმსახურების დიდებულ მსახურად გამოჩნდი, გიორგი, და სათნოების ძნა შეუკრიბე შენს თავს, რადგან ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი ღვარე მოწამეობით და ქრისტე შეიძინე. და ახლა შენი მეოხებით, წმინდაო, მოგვანიჭებ ყველას ცოდვათა მოტევებას”.
როდესაც კი ეს თქვეს, შესვეს ღვთის დიდებისათვის და ასევე მოწამე გიორგის სახელზე და თქვეს: "ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, შეგვეწიე”. და ადგა ყველა, ხოლო წმინდანი ამხედრდა თავის ცხენზე და ბრძანა: "მომიტანეთ ძვლები,” ხოლო ისინი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: ნუთუ დაითრო და არ იცის, რას აკეთებს”. ხოლო თეოფისტემ თქვა: "ალბათ შევეცოდე და უნდა ერთი დრაჰკანის (ოქროს ფული) მოცემა”. ძვლები მოიტანეს, მის წინ დაყარეს. მაშინ ქრისტეს მოწამემ თვალები ზეცას მიაპყრო და თქვა: "უფალო იესო ქრისტე, რომელიც შეგიყვარე და რომლის მონა გავხდი, მოაწიე შენი კურთხევა შენს მონა თეოფისტეზე და მის სახლზე. და როგორც გაამრავლე ვარსკვლავნი ცისანი და მიწა ქვეყანისა, ასევე გაამრავლე შენი სიკეთე შენ მონა თეოფისტეზე”. და როგორც ეს თქვა, იმ წამს იქმნა ისეთი მიწისძვრა, რომ ყველანი მიწაზე დაცვივდნენ.
გაცოცხლდა ყველა პირუტყვი, სამჯერ მეტი იმაზე, რაც ადრე დაეკლათ. წმინდა მოწამემ უთხრა მას შიშის მომგვრელი ხმით: "მშვიდობა იყოს თქვენთან, იცოცხლეთ”. და უეცრად გაუჩინარდა თვალთაგან. იხილა რა ეს დიდებული საკვირველება, ხალხი დიდხანს იძახდა: "უფალი, შემოწყალე”. ხოლო თეოფისტემ და მისმა მეუღლემ მოთქმა იწყეს და იტყოდნენ: "რატომ არ მოვეხვიეთ მის წმინდა ფეხებს?” და იძახდნენ ხმამაღლა: "გვაპატიე ჩვენ, უფალო, ცუდი უმეცრება ჩვენი”.
ამის შემდეგ მიწაზე მისი ფეხის კვალი ნახეს. რომელიც დაემჩნია წმინდანს მიწაზე, აკრიბეს ის მიწა და მისი შემწეობით უამრავი სასწაული აღასრულეს, ვინაიდან ბრმები, კოჭლები, ეშმაკეულნი, მძაფრი ტკივილებით შეპყრობილნი და სხვადასხვანაირად დაჭრილნაგვემნი განიკურნებოდნენ.
გახმაურდა ეს სასწაული ახლომახლო ქვეყნებში და ღვთისმსახურ მეფე თევდოსამდეც მიაღწია და შესწირეს დიდება ღმერთს.
გაითქვა თეოფისტეს სახელიც მთელ ქვეყანაში, მისი ფარის სიმრავლე სამოცდაათ ათასამდე ავიდა, ხოლო მის ფქვილსა და ღვინოს არ ჰქონდა სათვალავი. ჰყავდა მას შვიდი ძე და სამი ასული და ცხოვრობდა იგი წმინდანის წასვლის შემდეგ კიდევ ოცდაორი წელიწადი. შემდეგ მოიკვეცა თმა და მონაზონად წავიდა, ადიდებდა და მადლობას უძღვნიდა წმინდა მოწამეს გიორგის და ყოვლად ძლიერ ღმერთს, რომლისა არის დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და ყოვლად წმიდით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.