მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 48. ქველმოქმედების და შრომის შესახებ
წესი 48. ქველმოქმედების და შრომის შესახებ

1. საჭიროა მოწყალება და სიუხვე, რადგან ვინც არ არის ასეთი, ის განისჯება.

 ქრისტეს სიტყვები: ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ (მთ. 5, 7). - ყოველი რომელი გთხოვდეს, მიეც (ლკ. 6, 30).

 პავლე მოციქულის სიტყვა: უყუარულ, უწყალო, რომელთა სამართალი ღმრთისაი იცოდეს, რამეთუ ესევითარისა მოქმედნი ღირს არიან სიკუდილისა (რომ. 1, 31.32). - კეთილისა საქმედ, განმდიდრებად საქმეთა შინა კეთილთა, უხუად მიმცემელ იყვნედ (I ტიმ. 6, 18).

2. ვისაც იმაზე მეტი აქვს, რაც აუცილებელია არსებობისათვის, მოვალეა საქველმოქმედო საქმეებისათვის გამოიყენოს ყოველივე ეს, თანახმად ულის მცნებისა, რომელმაც გვიბოძა ყველაფერი, რაც კი რამ გვაბადია.

 ქრისტეს სიტყვები: რომელსა აქუნდეს ორო სამოსელი, მიეცი, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ (ლკ. 3, 11).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? (I კორ. 4, 7). - ამას ჟამსა თქუენი იგი ნამეტნავი მათისა მის ნაკლულევანებისა, რაითა მათიცა იგი ნამეტნავი იყოს თქუენისა მის ნაკლულევანებისა, რაითა იყოს  განსწორებულ. ვითარცა წერილ არს: რომელმან  ფრიად მიიღო, არაი ემატა, და რომელმან მცირედ, არაი დააკლდა (გამ. 16, 18. II კორ. 8, 14.15)

3. არ უნდა გამდიდრდე, არამედ, როგორც უფალი ბრძანებს, უნდა იყო გლახაკი სულითა.

 ქრისტეს სიტყვები: ხოლო ვაი თქუენდა, მდიდარნო, რამეთუ მიგიღებიეს ნუგეშინის-ცემაი თქუენი (ლკ. 6,24).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო რომელთა ჰნებავს სიმდიდრე, შეცვივიან განსაცდელსა და საფრხესა და გულისთქუმათა მრავალთა უცნაურთა და მავნებელთა, რომელთა დაანთქნიან კაცნი მოსასრველად და წარსაწყმედელად. რამეთუ ძირი არს ყოველთა ბოროტთაი ვერცხლის მოყუარებაი, რომლისა-იგი ვიეთმე გული უთქუმიდა და შესცთეს სარწმუნოებისაგან და თავნი თვისნი შესთხინეს სალმობათა მრავალთა.

4. ნუ იზრუნებთ, რათა ჭარბად გქონდეთ ის, რაც არსებობისთვისაა აუცილებელი, თავს ნუ გამოიდებთ ძღომისა და ფუფუნებისათვის, არამედ უნდა იყოთ შეუბღალავნი ყოველგვარი სახის საგნებისაგან და ფუფუნებით თავშექცევისაგან.

 ქრისტეს სიტყვები: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენნი ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაი მისი ნაყოფთა მისთაგან (ლკ. 12, 15).

პავლე მოციქულის სიტყვა: ეგრეთვე დედათაი წესიერებისა სამკაულითა მორცხუედ და ღირსებით შემკობად თავთა თვისთა, არა განთხზვითა, ანუ ოქროითა ანუ მარგალიტითა ანუ სამოსელითა დიდფასისაითა. - ხოლო მაქუნდეს თუ საზრდელ და საფარველ ხორცთა, ამათ კმა-ვიყოფდეთ ჩუენ (I ტიმ. 2,9; 6,8)

5. ნუ იზრუნებ დღენიადაგ მარტოოდენ პირადი საჭიროებისათვის და ნუ დაამყარებ იმედს მასზე, რაც ამ ცხოვრებისათვის გაგიმზადებია, არამედ თავი შენი უფალს უნდა მიანდო.

 ქრისტეს სიტყვები: ვერვის ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა. ამისთვის გეტყვი თქუენ: ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, რაი სჭამოთ და რაი ჰსუათ; ნურცა ხორცთა თქუენთათვის, რაი შეიმოსოთ. ანუ არა სული უფროის არს საზრდელისა და გუამი - სამოსლისა? მიჰხედენით მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა, და მამაი თქუენი ზეცათაი ზრდის მათ. არა-მე უფროის თქუენ უმჯობეს ხართა მფრინველთა? ანუ ვინ-მე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად ჰასაკსა თვისსა წყრთა ერთ? და სამოსლისათვის რაისა ზრუნავთ? განიცადენით შროშანნი ველისანი, ვითარიგი აღორძინდის! არა შურებიან, არცა სთავნ, ხოლო გეტყვი თქუენ, რამეთუ არცაღა სოლომონ ყოველსა მას დიდებასა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. ნუ ჰზრუნავთ და იტყვით რაი ვჭამოთ, ანუ რაი შევიმოსოთ? რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ; რამეთუ იცის მამამან თქვენმან ზეცათამან, რაი გიხმს ამათ ყოველთაგანი, ხოლო თქუენ ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ყოველნი შეგეძინოს თქუენ. ნუ ჰზრუნავთ ხვალისათვის, რამეთუ ხვალემან იზრუნოს თავისა თვისისა (მთ. 6,24-34). - კაცისაი ვისიმე მდიდრისაი ნაყოფიერ იყოაგარაკი. და განიზრახვიდა გულსა შინა თვისსა და თქუა: რაი-მე ვყო; რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი? და თქუა: ესე ვყო; დავაღრღვივე საუნჯენი ჩემნი და უფროისნი აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი. და ვჰრქუა სულსა ჩემსა; სულო, გაქუს მრავალი კეთილი დაუნჯებული მრავალთა წელთაი, განისვენე, ჭამე, და სუ და იხარებდ (ლკ. 12, 16-18).

6. უნდა ზრუნავდე და მუდმივად შეეწეოდე ძმებს გასაჭირში ღვთის ნების მიხედვით.

 ქრისტეს სიტყვები: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ განმხადებული თქვენთვის სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაით. რამეთუ მშიოდა და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ და მომხედეთ; საპყრობილესა ვიყავ და მოხუედით ჩემდა. ამინ გეტყვი თქუენ რამდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ (მთ. 25, 34-36.40).
აღიხილნა თუალნი თვისნი იესო და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაი ვიყიდოთ პური, რაითა ჭამონ ამათ (იო. 6,5).

პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო შესაწირავისა მისთვის წმიდათაისა, ვითარცა-იგი უბრძანე ეკლესიათა გალატიასათა, ეგრეცა თქუენ ჰყოფდით. ერთშაბათად- ერთშაბათად კაცად-კაცადი თქუენი თვის თანა დაიკრებდიან და იუნჯებდინ, რაიცა-იგი განემარჯუოს, რაითა არა, ოდეს მოვიდე, მაშინღა იქმნას შეკრებაი (I კორ. 16, 1-2).

7. ვისაც ძალა შესწევს, უნდა იშრომოს და განუყოს ნაშრომი შეუწევნელთ, ხოლო ვისაც არ სურს შრომა, ის არც ჭამის ღირსია.

ქრისტეს სიტყვები: ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა (მთ. 10, 10).

 პავლე მოციქულის სიტყვა: და ყოველივე გიჩუენე თქუენ რამეთუ ესრეთ მშრომელთა მათდა ჯერ-არს შეწყნარებაი უძლურთაი მათ და მოხსენებად სიტყვაი იგი უფლისა იესოისი, რამეთუ თავადმან თქუა: ნეტარ არს მიცემაი უფროის ვიდრე მოღებისა (საქ. 20, 35). - მპარავი იგი ნურარა იპარავნ, არამედ უფროსღა შვრებოდნენ და იქმოდნენ კეთილსა თვისითა ხელითა, რაითა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უხმდეს (ეფ. 4,28). - და რამეთუ რაჟამს-იგი ვიყავ თქვენ თანა, ამასვე გამცნებდით თქუენ, ვითარმედ უკუეთუ ვისმე არა უნებს საქმის, ნუცა ჭამნ (II თეს. 3,10).