მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > ღვთივსათნო ცხოვრების წესები > წესი 80. იმის შესახებ, თუ როგორები უნდა იყვნენ ქრისტიანები, ასევე სახარების მქადაგებლები და რა არის დამახასიათებელი ქრისტიანისათვის
წესი 80. იმის შესახებ, თუ როგორები უნდა იყვნენ ქრისტიანები, ასევე სახარების მქადაგებლები და რა არის დამახასიათებელი ქრისტიანისათვის

სიტყვა მოითხოვს, რომ ქრისტიანები იყვნენ შემდეგნაირნი:

1. როგორც მოწაფენი ქრისტესნი, რომელნიც თავიანთ ცხოვრებას უფარდებენ მარტოოდენ იმას, რასაც ქრისტეში ხედავენ ან ქრისტესგან ესმით.

 ქრისტეს სიტყვები: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, ისწავლეთ ჩემგან (მთ. 11,29). - თქუენ მხადეთ მე: მოძღვარო და უფალო, და კეთილად სთქუთ, რამეთუ ვარ. უკუეთუ მე დაგბანენ ფერხნი, უფალმან და მოძღუარმან, თქუენცა თანა-გაც ურთიერთას დასაბანად ფერხთა. რამეთუ სახე მიგეც თქუენ, რაითა ვითარცა-ესე მე გიყავ თქუენ, ეგრეთვე თქუენცა ჰყოფდეთ (იო. 13,13-15).

2. როგორც ცხოვარნი ქრისტესნი, რომელთაც მხოლოდ თავიანთი მწყემსის ხმა ესმით და მას მიდევენ.

 ქრისტეს სიტყვები: ცხოვართა ჩემთა ხმისა ჩემისაი ისმინიან, და მე ვიცნი იგინი და მომდევდენ მე... ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის (იო. 10,27.5).

3. როგორც რტონი ქრისტესნი, მასზე დამკვიდრებულნი, მასში მსხმოიარენი და მხოლოდ მისთვის შესაფერის და ღირსეულის მოქმედნი და მქონენი.

 ქრისტეს სიტყვები: მე ვარ ვენახი და თქუენ რტონი (იო. 15,5).


4. როგორც ასონი ქრისტესნი, რომელიც უფლის მცნებათა და სულიწმიდის ნიჭთა ყოველგვარ გამოვლინებაში სრულყოფილნი არიან და შეესატყვისებიან ღირსებას თავისა, რომელ არს ქრისტე.

 პავლე მოციქულის სიტყვა: არა უწყითა, რამეთუ ხორცნი ეგე თქუენნი ასონი ქრისტესნი არიან (I კორ. 6,15). - არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაღორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა, რომელ არს თავ მისა ქრისტე. რომლისაგან ყოველი გუამ შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა უხუებისაითა შეწევნისაებრ საზომისა თვითოეულისა ასოისა; სიორძილსა მას გუამისასა ჰყოფდით აღსაშენებლად თავისა თქუენისა სიყუარულით (ეფ. 4,15.16).

5. როგორც სძალი უფლისა, დამმარხველი უბიწოებისა, შეგუებული სიძის ერთიან ნებასთან.

 ქრისტეს სიტყვები: რომელსა აქუნდეს სძალი იგი სიძე არს (იო. 3,29).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ მიგათხოვენ თქუენ ერთსა მამაკაცსა ქალწულად წმიდად წარდგინებად ქრისტესა (II კორ. 11,2).

6. როგორც ტაძარნი ღვთისანი, რომელნიც არიან წმიდა, სუფთა და აღსავსე მარტოოდენ იმით, რაც ღვთის მსახურებას შეეხება.

 ქრისტეს სიტყვები: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყვაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იო. 14,23).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა ჰრქუა ღმერთმან: დავიმკვიდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათდა ღმერთი და იგინი იყვნენ ჩემდა ერად (II კორ. 6,16).

7. როგორც მსხვერპლი ღვთისა შეუგინებელი და უბიწო, თითოეული ასოსა და ნაწილში ღვთისსწორი თაყვანისცემის დამცველი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: გლოცავ თქუენ, ძმანო მოწყალებათათვის ღმრთისათა რაითა წარუდგინედ ხორცნი ეგე თქუენი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად სათნოდ ღმერთისა, მეტყველი ეგე მსახურებაი თქუენი (რომ. 12,1).

8. როგორც ძე ღვთისა, ადამიანისთვის მინიჭებულ საზომისაებრ ღვთის ხატად გარდასახული.

 პავლე მოციქულის სიტყვა: შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ (იო. 13,33).
შვილნო ჩემნო, რომელთათვის კუალად მელმის, ვიდრემდე გამოიხატოს ქრისტე თქუენ შორის (გალ. 4,19).

9. როგორც ნათელი სოფლისა, რომელთაც არც საკუთარი თავი მიჰყავთ ბოროტებით დაბნელებამდე და მათთან მიოახლებულებსაც ანათლებელ ჭეშმარიტების შესაცნობად, რათა ისინი იქცნენ იმად, რანიც უნდა იყვნენ, ან ემხილონ, თუ რას წარმოადგენენ.

 ქრისტეს სიტყვები: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი (მთ. 5,14).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნაესავსა დრუკსა და გულარძნილსა, რომელთა  მიერ სჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა (ფილიპ. 2,15).

10. ოგორც მარილი სოფლისა, რადგან ვინც ურთიერთობას ამყარებს მათთან, სულით განახლდება, სულით უხრწნელი ხდება.

 ქრისტეს სიტყვები: თქუენ ხართ მარილი ქუეყანისაი (მთ. 5,13).

11. როგორც სიტყვა ცხოვრებისა, აწინდელის მოკვდინებით ჭეშმარიტი ცხოვრების სასოებაში დაჯერებულნი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: ნათესავსა დრუკსა და გულარძნილსა, რომელთა მიერ სჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა, სიტყუაი ცხოვრებისაი გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესა (ფილიპ. 2,15.16).

 სიტყვა ღვთისა მოითხოვს, რომ ისინი, ვისაც მინდობილი აქვს სახარების ქადაგება, იყვნენ შემდეგნაირნი:

12. როგორც მოციქულნი და მსახურნი ქრისტესნი და ღვთის საიდულმოთა ერთგულნი გამგენი, სიტყვით და საქმით დაუცხრომლად შემსრულებელნი მარტოოდენ იმ ბრძანებათა, რომელიც ღვთისგანაა.

 ქრისტეს სიტყვები: აჰა მოგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა (მთ. 10,16). - წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი (მთ. 28,19).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ესრეთ შემრაცხენინ ჩუენ კაცმან, ვითარცა მსახურნი ქრისტესნი და მნენი საიდუმლოთა ღმრთისათანი. ხოლო აქა ამიერთაგან საძიებელ არს მნეთა მათ შორის, რაითა სარწმუნო ვინმე იპოვოს (I კორ. 4,1.2).

13. როგორც ცათა სასუფევილის მაუწყებელნი, ცოდვიანი სიკვდილის შემუსვრის ძალაუფლების მქონენი.

 ქრისტეს სიტყვები: მო-რაი-ხვიდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაი (მთ. 10,7).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ვწამებ მე წინაშე ღმრთისა და უფლისა იესო ქრისტესა, რომელმან განსაჯნეს ცხოველნი და მკუდარნი გამოჩინებისაებრ მისისა და სუფევისა მისისა, ქადაგე სიტყუაი (II ტიმ. 4,1.2).

14. როგორც ნიმუში და წესი ღვთისთაყვანისცემისა, რათა ისინი, რომელნიც უფალს შეუდგებიან, გამოასწორონ, დაუმორჩილებელნი კი - ამხილონ შეცდომილებაში.

 პავლე მოციქულის სიტყვა: უკანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწვდები და კრძალულებით ვსდევ გვირგვინსა მას ზეცისა ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესოს მიერ. რავდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდედ; და სხუასა თუ რასმე ჰზრახვიდედ, და იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. გარნა, რომელსა-ესე მივსწუედით, მასვე ვზრახვიდედ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ (ფილიპ. 3,13-16). - არამედ სახე ექმნენ მორწმუნეთა მათ სიტყვითა, სლვითა, სიყუარულითა, სულითა, სარწმუნოებითა, სიწმიდითა (I ტიმ. 4,12). - ისწრაფე თავისა შენისა რჩეულად წარდგინებად წინაშე ღმრთისა, მუშაკად ურცხვინელად, წარმარტებად სიტყუასა მას ჭეშმარიტებისასა (II ტიმ. 2,15).


15. როგორც თვალი სხეულში, რათა განარჩიოს კეთილი და ბოროტი და ესე წარმართოს ქრისტეს ეკლესიის წევრები, ვისაც რა ევალება.

 ქრისტეს სიტყვები: სანთელი გუამისაი არს თუალი, უკუეთუ თუალი შენი განმარტოებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს (მთ. 6,22).

16. როგორც ქრისტეს ცხოვართა მწყემსნი, რომელთაც უკან არ უნდა დაიხიონ, სულის დადებაც რმ გახდეს საჭირო, ოღონდაც მათ სახარება ღვთისა აუწყონ.

 ქრისტეს სიტყვები: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის (იო. 10,11).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ეკრძალენით უკუე თავთა თქუენთა და ყოველსავე სამწყსოსა, რომელსა-ეგე თქუენ სულმან წმიდამან დაგადგინა მოღვაწედ და მწყსად ეკლესიასა უფლისა ღმრთისასა (საქ. 20,28).

17. როგორც ექიმნი, უდიდესი მზრუნველობით, უფლის სწავლების შესატყვისად, სულიერ უძლურებათა მკურნალი და სნეულთა ჯანმრთელობისა და ქრისტეში მათი მყოფების აღმადგინებელნი.

 ქრისტეს სიტყვები: არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ სნეულთა (მთ. 9,12).

 პავლე მოციქულის სიტყვა: ხოლო თანა-გუაც ჩუენ, ძლიერთა, უძლურებათა მათ უსუსურთასა ტვირთვად (რომ. 15,1).

18. როგორც მამანი და საკუთარ შვილთა აღმზრდელნი, ქრისტეს მხურვალე სიყვარულით მზადმყოფნი, რათა არა მხოლოდ კეთილი უწყება გადასცენ მათ, არამედ სულიც კი დასდონ მათთვის.

 ქრისტეს სიტყვები: შვილნო, მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ (იო. 13,33).

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ქრისტე იესოს მიერ სახარებისა მისგან მე გშუენ თქუენ (I კორ. 4,15). - ვითარცა მზრდელი რაი ჰფუფუნებნ თვისთა შვილთა ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა დაჯერ-გვიჩდა მიგებად თქუენდა არა ხოლო სახარებაი იგი ღმრთისაი, არამედ თვისთაცა სულითაი, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით (I თეს. 2,7.8).

19. როგორც თანაშემწენი ღვთისა, ოდენ ღვთისთვის ღირსეული საქმეებით ეკლესიისთვის საკუთარი თავის სავსებით მიმმადლებელნი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: რამეთუ ღმრთისა თანაშემწენი ვართ, ღმრთისა ნამუშაკევნი, ღმრთისა აღშენებულნი ხართ (I კორ. 3,9).

20. როგორც ღვთის რტოთა მენერგენი, ვაზისთვის ანუ ქრისტესთვის უცხოსი და უნაყოფოსი არარა დამნერგველნი, არამედ ყოველმხრივი მზრუნველობით სასარგებლოსი და ნაყოფიერის გამამუმჯობესებელნი.

 ქრისტეს სიტყვები: მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი, და მამაი ჩემი მოქმედი არს. ყოველმან რტომან რომელი ჩემ თანა არს და არა მოიღოს ნაყოფი, აღიღოს იგი; და ყოველმან რომელმან მოიღOს ნაყოფი, გამწ,იდოს იგი რაითა უფროისი ნაყოფი გამოიღოს (იო. 15,1.2)

 პავლე მოციქულის სიტყვა: მე დავასხ, აპოლო მორწყო, ხოლო ღმერთმან აღაორძინა (I კორ. 3,6).

21. როგორც ხოროთმოძღვარი ღვთის ტაძრისა, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საფუძვლების შესაბამისად ყოველი სულის აღმმათებელნი.

 პავლე მოციქულის სიტყვა: მადლითა მით ღმრთისაითა მოცემულითა ჩემდა, ვითარცა ბრძენმან ხუროთ-მოძღუარმან, საფუძველი დავდევ, ხოლო სხვაი იგი აშენებდინ. ხოლო კაცად-კაცადი ეკრძალენ ვითარ-ძი აშენებდეს, რამეთუ საფუძველი სხუაი ვერვის ხელ-ეწიფების დადებად გარეშე მისსა, რომელი-იგი დადებულ არს, რომელი არს იესო ქრისტე (I კრ. 3,10.11). - ამიერითგან უკუე არღარა ხართ უცხო და მწირ, არამედ თანამოქალაქე წმიდათა და სახლეულ ღმრთისა, აღშენებულ საფუძველსა ზედა მოციქულთასა და წინასწარმეტყველთასა, რომლისა თავ საკიდურთა მისთა არს თვით ქრისტე იესო, რომლითა ყოველი შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ, რომელსა ზედა თქუენცა თანა-აღშენებულ ხართ სამკვიდრებლად ღმრთისა სულითა (ეფ. 2,19-22)..

22. რა ახასიათებს ქრისტიანს?

"სარწმუნოებაი, სიყვარულითგან შეწევნული” (გალ.5,6).

 რა ახასიათებს სარწმუნოებას? - ღვთივსულიერ სიტყვათა ეჭვშეურევნელი რწმენა, რომელსაც ვერ შეარყევს ვერანაირი აზრი, იქნება ის ბუნებრივი აუცილებლობით მოგვრილი, თუ კეთილშობილების სახით შენიღბული.

 რა ახასიათებს მორწმუნეს? - ემყარებოდეს ასეთი რწმენით გამოთქმულის ძალას და არ ბედავდეს გამოაკლოს ან მიუმატოს მას რაიმე, "რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს” (რომ. 14,23) ხოლო "სარწმუნოებაი სამე სმენისაგან არს, ხოლო სმენაი-სიტყვითა ღმრთისაითა” (რომ. 10.17) ამიტომ ყოველივე რაც არ არის ღვთივსულიერ წერილში "არა სარწმუნება არს” და "იგი ცოდვა არს”

 რა ახასიათებს სიყვარულს? - მის მცნებათა დაცვა მისსავე სადიდებლად.

 რა ახასიათებს მოყვასის სიყვარულს? - ეძიებდეს სარგებელსა არა თავისთვის, არამედ მისთვის ვისზეც ვრცელდება ეს სიყვარული სულის და ხორცის წარსამატებლად.

 რა ახასიათებს ქრისტიანს? - ზეგარდმო შობა წყლითა და სულით ნათლისღებისას.

 რა ახასიათებს წყლით შობილს? - როგორც ქრისტე მოკვდა ერთხელ ცოდვისათვის, ასევე უნდა იყოს ისიც მკვდარი და უძრავი ყოველი ცოსვისათვის, წერილისაებრ: "რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლვენით მას ნათლის-ღებითა მით სიკვდილსა მისსა, რაითა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით. "...ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩვენი მის თანა ჯუარს-ეცვა, რაითა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისაი, რაითა არღარა ვჰმონებდეთ ჩვენ ცოდვასა” (რომ. 6.3-4,6).

 რა ახასიათებს სულით შობილს? - მინიჭებული საზომისაებრ იქცეს იმად, ვისგანაც იშვა, როგორც წერილი ამბობს: "შობილი იგი ხორცთაგან ხორცი არს და შიბილი იგი სულისაგან სულ არს” (იოანე. 3.6).

 რა ახასიათებს შობილს ზეგარდმო? – განიძარცვოს: "ძველი იგი კაცი საქმით მისითურთ” და ვნებებით და შეიმოსოს ახალი იგი "განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა” (კოლ. 3.9-10), თანახმად თქმულისა: "რაოდენთთა ქრისტეს მიმართ ნათელი იღეთ, ქრისტყე შეიმოსეთ” (გალ. 3.27).

 რა ახასიათებს ქრისტიანს? - ქრისტეს სისხლით განწმენდა ყოველგვარი ბიწისაგან ხორცისა და სულისა, სიკეთის ქმნა ღვთის შიშითა და ქრისტეს სიყვარულით, არ უნდა ჰქონდეს ბიწი ან ვნება ან რაიმე ამის მსგავსი, არამედ უნდა იყოს წმინდა და უვნებელი და ასე მიიღოს ხორცი ქრისტესი და სვას სისხილი მისი. "რომელი არაღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თვისისა ჭამს და სუამს” (I კორ. 11.29).

 რა ახასიათებთ მათ, რომელნიც იხმევენ პურს და იღებენ სასმელს უფლისა? - დაიმარხონ მოუკლებელი ხსოვნა იმისა, ვინც ჩვენს გამო მოკვდა და აღდგა.

 რა ახასიათებთ ამგვარი ხსოვნის დამმარხველთ? - ცხოვრება არა საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, ვინც მოკვდა მათთვის და აღდგა.

 რა ახასიათებს ქრისტიანს? - რათა, უფლის სახარებაში წარმოდგენილი სწავლების თანახმად, სიმართლე მისი ყოველმხრივ აღემატოს მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს.

-  ერთმანეთის ისეთი სიყვარული, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ.
-  მარადის ხევდა უფლისა წინაშე თვისსა.
- ყოველ დღესა და ჟამს მღვიძარება და ღვთისადმი დაუცადებელი სათნოყოფისათვის განმზადებულობა, რადგან უწყის, მოვა უფალი ისეთ დროს, როცა არ ველით მას.

დიდება უფალს!