მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > იოანე ოქროპირი - საუბრები > როგორ გამოვიყენოთ ღვთისაგან მონიჭებული სიკეთენი
როგორ გამოვიყენოთ ღვთისაგან მონიჭებული სიკეთენი

სათნოების აღსრულება გაჭირვების ჟამს უფრო ხელსაყრელია. რამდენადაც სიმდიდრეზე ქრისტე ამბობს: „უადვილეს არს აქლემი განსვლად ყურელსა ნემსისასა, ვიდრე მდიდარი შესვლად სასუფეველსა ცათასა“ (მათე 19,24). ხოლო გაჭირვებაზე მსგავსი არაფერი უთქვამს, არამედ საპირისპიროსაც კი ამბობს: „რაოდენ გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“ (მარკოზ 10,21), რამეთუ შენს ნებაზეა ქრისტესადმი მიდგომა.

მაშ, ნუ ვეცდებით გავექცეთ გაჭირვებას, როგორც ბოროტებას, რამეთუ იგი წინდია ცათა სასუფეველისა; ასევე ნუ გამოვეკიდებით სიმდიდრეს, როგორც რაღაც სიკეთეს, არაკეთილგონივრული მოხმარება დაგღუპავს. ყოველ დროს თვალი მიაპყარ ღვთისადმი და გამოიყენე მისგან ბოძებული ყოველგვარი სიკეთე: ფიზიკური ძალა, სიმდიდრე და ა.შ. რამეთუ ღვთისაგან შექმნილებს არ შეგვფერის სიკეთეები სხვის სასარგებლოდ გამოვიყენოთ დ არა -ჩვენი შემოქმედისათვის. მან თვალები მოგცა? მისთვის გამოიყენე და არა ეშმაკისათვის. როგორ გამოვიყენოთ მისთვის? განიხილე მისი ქმნილება, განადიდე შემოქმედი და ნუ ათვალიერებ ქალებს. ხელები მოგცა? მისთვის გამოიყენე და არა ეშმაკისთვის, არა ტაცებისა და მომხვეჭელობისათვის, არამედ მცნებათა აღსრულებისა და ქველმოქმედებისათვის, განართხე განგრძობილ ლოცვებში დაცემულთა შეწევნისათვის. ყურები მოგცა? მისსთისვე გამოიყენე და არა-ხმაურიანი სიმღერებისა და უსირცხვილო მონათხრობების მოსასმენად. რამეთუ, ნათქვამია: „უზენაესის რჯულში იყოს ყოველი შენი ნალაპარაკევი“ (სიბრძ. ზირაქ. 9,15); კიდევ:(„მოხუცთა საკრებულოში დადექ. ვინ არის ბრძენი? მას მიეახლე“ (სიბრძ.ზირაქის. 6,34). მან ბაგეები მოგცა? დე ნურაფერს იტყვიან ღვთისთვის მიუღებელს, არამედ გალობდნენ ფსალმუნებს, ჰიმნებს, სულიერ საგალობლებს:“ რაითა მისცეს მადლი მსმენელთა მათ“(ეფ.4,29) აღსაშენებლად და არა დასარღვევად, კეთილსაქებრად და არა ავსიტყვაობისთვის, არა ცილისწამებისთვის, არა წინააღდგომად. მან ფეხები იმისთვის მოგცა, რომ ბოროტებისკენ კი არა, სიკეთისკენ ისწრაფვოდე. სტომაქი იმისთვის როდი მოგცა, რომ მეტისმეტად გადაავსო არამედ თავშეკავებისთვის.

გულისთქმა გულში შვილთაშობისთვის ჩაგიდო და არა სიძვისა და მრუშებისთვის. არც გონება მოუცია საგინებლად და ღმერთის სალანძღავად, არამედ რათა ადიდებდე უფალს. ფულიც მოგცა, რომ საჭიროებისამებრ გამოიყენო; მოგცა ძალაც, რომ კეთილგონიერად მოიხმარო; მოგცა სხვადასხვა საქმიანობაც, რომ ცხოვრებაში ხელი მოიმართო, და არა იმისთვის, რომ თავი აარიდო სულიერ ცხოვრებას, არამედ რათა შეისწავლო არა ამაო, არამედ აუცილებელი საქმიანობა; ვემსახუროთ ერთმანეთს და ხრიკები არ მოვუწყოთ ერთს მეორის წინააღმდეგ. ჭერიც მოგვცა, რომ წვიმასა და უამინდობისაგან გვიფარავდეს, და არა იმიტომ რომ ოქროთი შევამკოთ, ხოლო ღატაკი შიმშილით კვდებოდეს. სამოსელიც მოგვცა-სიშიშვლის დასაფარავად და არა იმიტომ, რომ თავი მოგვქონდეს და ოქროთი შევამკოთ, ხოლო ქრისტე შეუმოსავი კვდებოდეს. მოგცა სახლი არა იმად,რომ მარტო ცხოვრობდე, არამედ რათა სხვებიც ისტუმრო. მიწა იმისთვის მოგცა, რომ შენთვის უდიდესი ნაჭერი ჩამოიჭრა და ღვთის სიკეთეები მაძავებს, მოცეკვავეებს, მსახიობებს და ქნარზე დამკვრელებს დაახარჯო, არამედ მშიერ-მწყურვალთა და გაჭირვებულებს. მოგცა ზღვა, რომ ცურავდე და არ დაიქანცო მგზავრობისგან, და არა იმად, რომ ფსკერი იკვლიო და იქიდან ქვები და მსგავსი ამოიტანო და რათა შენ ამით იყო დაკავებული.