მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > იოანე ოქროპირი - საუბრები > მწუხარებათა სარგებლობაზე
მწუხარებათა სარგებლობაზე

სადაც მწუხარებაა, იქ ნუგეშისცემაცაა, ხოლო სადაც ნუგეშია, იქ ღვთის მადლიც. მოციქულ პავლეს რა საზომითაც უძლიერდებოდა განსაცდელები, იმავე საზომით უმრავლდებოდა და დაივანებდა მასში მადლი, ასევე იყო ძველ აღთქმაშიც. განსაცდელთა შორის იყვავილეს მართალთა, ასე მაგალითად, სამი ყრმა, დანიელი, მოსე და იოსები-განსაცდელთა გზით შეიქმნენ სახელოვანნი და ღირს-იქმნენ დიდებული გვირგვინებისა, რამეთუ სული სწორედ მაშინ განიწმინდება, როცა ღვთისათვის გადააქვს მწუხარებანი. მაშინ იგი მეტ შეწევნას იღებს, იმიტომ რომ ღვთისგან მეტ შეწევნას საჭიროებს და მეტი მადლის ღირსია, ხოლო ხდება რა სიბრძნისმოყვარე, თავისთვის დიდ სიკეთეებს იუნჯებს, რომ არაფერი ვთქვათ იმ ჯილდოებზე, რაც მისთვის ღვთისაგანაა განმზადებული, რამეთუ წუხილი ძირკვავს ქედმაღლობას, სავსებით მოჰკვეთს მცონარებას, განამზადებს მოთმინებისათვის, საცნაურს ხდის ადამიანურ საქმეთა არარაობას და ცხოვრებაში სიბრძნეს გვაზიარებს. მის წინაშე ყველა ვნება უკან იხევს: შური, ეჭვიანობა, ავხორცობა, სიმდიდრისადმი მიდრეკილება, ხორციელი სიყვარული, სიამაყე, მზაობვრობა, მრისხანება და მთელი ჯგრო სულიერი სნეულებებისა. ხოლო თუ გსურს ნათლად ნახო მაგალითები ან ერთ ადამიანზე ან კაცობრიობაზე, მაშინ მე შემიძლია გიჩვენო მცხოვრებნი როგორც მწუხარებაში, ასევე უბედურების გარეშე, და გასწავლო-რა სარგებლობა მომდინარეობდა მწუხარებათაგან და რა უზრუნველობა მწუხარებათა ნაკლებობისაგან.

შეურაცხყოფისა და დევნილობის ჟამს ებრაელები გმინავდნენ, ღმერთს მოუხმობდნენ და ზეგარდმო უდიდეს შეწევნას იღებდნენ, ხოლო განსვენების ჟამს კი ზურგს აქცევდნენ ღმერთს. ასევე ნინეველებმაც, უზრუნველად ცხოვრებისას, იმდენად განარისხეს ღმერთი, რომ იგი განადგურებით ემუქრებოდა მთელ ქალაქს, ხოლო როდესაც დამდაბლდნენ, ესმათ რა იონას ქადაგება, მაშინ სრული სიბრძნისმოყვარეობა აჩვენეს. ხოლო თუკი ერთ ადამიანზე გსურს მაგალითის ნახვა, მაშინ სოლომონი მოიგონე. როდესაც მზრუნველობითა და აფორიაქებით ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ ემართა ღვთის ხალხი, მაშინ შეიქმნა ღვთის ხილვის ღირსი. ხოლო როცა სიამოვნებებში ჩაეფლა, მაშინ მანკიერებათა ფსკერს მისწვდა. მის მამაზე რაღა ვთქვათ? როდის იყო იგი საკვირველი და განსაცვიფრებელი? განსაცდელის დროს ხომ არა? განა აბესალომი მხოლოდ ლტოლვილობის ჟამს არ იქცეოდა კეთილგონიერად? ხოლო უკან დაბრუნებული განა მტანჯველი და მამისმკვლელი არ შეიქმნა? იობზე რას ვიტყვით? იგი სახელოვანი იყო კეთილდღეობის ჟამსაც, მაგრამ კიდევ უფრო სახელოვანი აღმოჩნდა მწუხარებათა შემდგომ.

მაგრამ საჭიროა შორეულსა და ძველზე საუბარი? თუკი ვინმე ჩვენს აწინდელ საქმეს განიხილავს, დაინახავს რა სარგებლობა მოაქვს მწუხარებებს. ამჟამად ვტკბებით რა მშვიდობით, დავსუსტდით, გავზარმაცდით და ეკლესია ათასგვარი ბოროტებით ავავსეთ, ხოლო როდესაც გვდევნიდნენ, მაშინ უფრო მეტად უბიწონი ვიყავით, უფრო კეთილზნიანნი, მოშურნენი და მოსწრაფენი როგორც აქ შეკრებაზე, ასევე მოსმენაზე. რაც ცეცხლია ოქროსთვის, იგი მას მწიკვლისგან განწმენდს, სუფთას, ნათელსა და კაშკაშას ხდის. წუხილს სასუფეველში შეჰყავს, ხოლო უღრუბლო ცხოვრებას გეენეაში; ამიტომ გზა სასუფევლისაკენ ვიწროა. ხოლო გეენიისკენ-ფართე. ამიტომაც ქრისტემ თითქოსდა რაღაც დიდებულ სიკეთეს გვთავაზობდა, თქვა:“სოფელსა ამას ჭირი გაქუს“(იოანე 16,33). მაშ ასე, თუკი შენ ქრისტეს მოწაფე ხარ, იარე ვიწრო და წუხილიანი გზით, ნუ დრტვინავ და ნუ ეძლევი მოწყენილობას. თუკი უფლისათვის არ გსურს მწუხარებათა გადატანა, მაინც მოგიწევს მათი დათმენა, თუმცა სხვა მიზეზებით, შენთვის რაიმე სარგებლის გარეშე. რამეთუ შურიანი, ანგარი, მეძავს მიჯაჭვული, პატივმოყვარე და ყოველგვარ სხვა მანკიერებას მინებებული მრავალ მწუხარებასა და მოწყენილობას განიცდის, და წუხს არა ნაკლებ მოტირალისა. ხოლო თუ ცრემლებს არ ღვრის და არ ტირის, მხოლოდ სირცხვილისა და უგრძნობელობის გამო. თუ შენ მის სულში შეაღწევ, დაინახავ, რომ ურიცხვი ტალღა ეხეთქება მას. მაშ ასე, თუკი ასეთი და ისეთი ცხოვრების მიმდევარი აუცილებლად უნდა წუხდეს, რიღასთვის არ უნდა ავირჩიოთ ცხოვრება, რომელსაც წუხილთან ერთად ურიცხვი გვირგვინებიც მოაქვს? რამეთუ ყველა წმინდანი უფალს ამ გზით მიჰყავდა-წუხილისა და სივიწროვის გზით, როგორც მათი პირადი სარგებლობისათვის, ასევე სხვათა უსაფრთხოებისათვის, რათა თავის ღირსებაზე მეტად არ ფიქრობდნენ საკუთარ თავზე.