მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > იოანე ოქროპირი - საუბრები > ვინც საკუთარი ქონებიდან გაჭირვებულებს არ უწილადებს-მტაცებელია
ვინც საკუთარი ქონებიდან გაჭირვებულებს არ უწილადებს-მტაცებელია

საკუთარი ქონებიდან არ დაეხმარო გაჭირვებულებს-მტაცებლობაა. ეგებ ჩემი სიტყვები განსაცვიფრებლად მოგეჩვენოთ; თუ გაგიკვირდებათ, წმინდა წერილიდან დაგიმოწმებთ, რომელიც ამბობს, რომ არა მარტო სხვებისთვის წართმევა, აგრეთვე საკუთარიდან დაუხმარებლობა ასევე მტაცებლობაა, მომხვეჭელობა და ძარცვა. ეს როგორი დამოწმებაა? ამხელს რა იუდეველებს ღმერთი წინასწარმეტყველის მიერ ამბობს: მოიტანეთ მტელიი მეათედი საგანძურში და იყოს საზრდო ჩემს სახლში (მოლაქ. 3,10) „იმდენადაც რამდენადაც არ გაიღეთ ჩვეული შესაწირი. ღარიბთა საკუთრება მიიტაცეთ“-ამბობს იგი და განმარტავს, რომც მამისგან მიგეღოთ მემკვიდრეობა, თავადაც რომ შეგეკრიბათ სიმდიდრე, საიდანაც არ უნდა ყოფილიყო, თქვენ ღარიბთა საკუთრებას ფლობთ და სხვა ადგილასაც ამბობს-გლახაკის ქონებას ნუ მიიტაცებ(სიბრძ.ზირაქ.4,1), რამეთუ მიმტაცებელი სხვას ართმევს და მიტაცებად იწოდება, როდესაც ვიღებთ და ვიტოვებთ სხვისას.

მაშ, აქედან ვსწავლობთ, რომ თუ ჩვენ მოწყალებას არ გავცემთ, დავისჯებით მიმტაცებელთან ერთად, რამეთუ ფული უფლისაა, საიდანაც არ უნდა ვიღებდეთ მას; ხოლო თუ მივცემთ გაჭირვებულებს, უდიდეს სიმდიდრეს მივიღებთ. ღმერთმა იმისთვის როდი მოგვცა მეტი, რომ ხარჯო მრუშობაზე, მემთვრალეობაზე, ნაყროვანებაზე, ძვირფას ტანსაცმელზე ან განებივრდე, არამედ იმისთვის, რომ გაჭირვებულებს დაურიგო. ხაზინის გამგებელი, მეფისგან მიღებულ ფულს იმათ თუ არ დაურიგებს ვისთვისაც ნაბრძანები აქვს, არამედ თავისი ჟინით დახარჯავს, უდიდეს სასჯელს დაექვემდებარება და დაიღუპება, ასევე მდიდარიც, არის რა ფულის მიმღები, უფლისგან მიიღო ბრძანება დაარიგოს ფული თანამონებს შორის და თუ საკუთარი თავისთვის საჭიროზე მეტს დახარჯავს, უსასტიკეს სასჯელს დაექვემდებარება. რამეთუ მისი ქონება მას არ ეკუთვნის, არამედ თანამონებს. მაშ გავუფრთხილდეთ საკუთარ ქონებას, როგორც უცხოს, რათა ჩვენი გახდეს, როგორ გავუფრთხილდეთ მას როგორც სხვისას? თუკი მას ზედმეტობებზე არ დავხარჯავთ და არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გაჭირვებულებსაც შევეწევით. თუკი შენ მდიდარი ხარ, მაგრამ საჭიროზე მეტს ახარჯავ საკუთარ თავს, შენთვის ჩაბარეული ფულისთვის პასუხის მიცემა მოგიწევს.