მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > საკუთარი წარმოსახვით სნეულნი
საკუთარი წარმოსახვით სნეულნი

ყველაზე საშინელი ავადმყოფობა ისაა, როდესაც ადამიანი საკუთარ თავს ჩააგონებს, რომ ის რაღაცითაა დავადებული. ამ აზრის გამოისობით ადამიანს შფოთი აღრჩობს, აღაგზნებს, მადასა და ძილს უკარგავს, აიძულებს, რომ წამლები მიიღოს. მესმის, როდესაც ნამდვილად ავადმყოფი ადამიანი მკურნალობს, მაგრამ არაფრით არ შემიძლია გავუგო მათ, ვინც სრულიად ჯენმრთელ მდგომარეობაში წარმოიდგენს, ავად ვარო და მერე თავისივე წარმოდგენის გამო მართლაც ავად გახდება. მაგალითად, ადამიანი სულიერი და ხორციელი ძალებითაა სავსე, მაგრამ არაფრის კეთება არ შეუძლია, იმიტომ, რომ, საკუთარ თავს ჩააგონა, ავად ვარო. შედეგად ის მართლაც უძლურდება, როგორც სულიერად, ისე ხორციელად. და ამასთან, კი არ ცრუობს, არამედ ნამდვილად ასე ჰგონია. როდესაც იჯერებს, რომ რაღაც სენი სჭირს, ადამიანი პანიკაში ვარდება, ნადგურდება და მერე უკვე აღარაფრის გაკეთება არ შეუძლია. ამგვარად, სრულიად უმიზეზოდ იგი საკუთარ თავს ავადმყოფად აქცევს.
ზოგჯერ ჩემთან სენაკში მოდიან სრულიად დათრგუნული ადამიანები. –” ვგრძნობ, რომ შიდსი მჭირს”. – მეუბნებიან ამას და თანაც სჯერათ კიდეც. – “ შენ რა, რაიმე ასეთი შეგემთხვა?” – ვეკითხები. – “ არა, მსგავსი არაფერი ყოფილა.” – “მაშ, ტყუილუბრალოდ ღელავ, წადი, გამოიკვლიე, რომ ეგ აზრები დაძლიო.” – ვურჩევ მე. – “მაგრამ, ანალიზებმა რომ აჩვენონ, რომ ნამდვილად შიდსი მაქვს!” – შეშინებულები მპასუხობენ ისინი, ასე არ მიჯერებენ და თავს იტანჯავენ. ხოლო, ისინი ვინც მიჯერებენ და გამოკვლევაზე მიდიან, რწმუნდებიან, რომ არავითარი შიდსი არა აქვთ; უნდა ნახოთ, როგორ იცვლება მათი სახეები და ცხოვრების აზრი უბრუნდებათ. პირველნი კი, ამგვარი განწყობის გამო შესაძლოა ლოგინად ჩავარდნენ და ჭამაზედაც უარი თქვან. მაგრამ, კარგი, დავუშვათ, რომ ნამდვილად შიდსი გაქვს. ღმერთისთვის ხომ გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. თუკი უფრო სულიერად იცხოვრებ, აღსარებას იტყვი, ეზიარები, ჭეშმარიტი ქრისტიანი გახდები, მაშინ ღმერთი შეგეწევა.
–წმიდაო მამაო, რატომ იწყებს ადამიანი იმის ფიქრს, რომ ავად არის?
–ის ამას საკუთარ თავს თანდათანობით თვითონვე ჩააგონებს. ხშირად ასეთი ეჭვებისათვის შესაძლოა არსებობდეს კიდეც რაღაც მცირე, უმნიშვნელო საბაბი, რომლის საშუალებითაც საკუთარი წარმოსახვა ადამიანს ამგვარ რამეს აფიქრებინებს და ისიც ბუზისგან სპალოს ქმნის. როდესაც სტომიონში ვცხოვრობდი, კონიცაში იყო ერთი ცოლ–შვილიანი კაცი, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ტუბერკულოზი სჭირდა. საკუთარ ცოლსაც კი არ იკარებდა სიახლოვეს. – “ არ მოხვიდე, თორემ გადაგედება.” – ეუბნებოდა მას. საწყალი ქალი გრძელი ჯოხის ბოლოზე კიდებდა კალათს და საჭმელს ისე აწვდიდა შორიდან. საბრალო, სრულიად გადაიქანცა და ჩამოხმა. უბედური ბავშვები შორიდან უცქერდნენ “ჭლექიან” მამას. მას კი სინამდვილეში არანაირი ჭლექი არ ჰქონდა. საქმე იმაში იყო, რომ მზეზე არასოდეს გამოდიოდა და მთელ დღეებს პლედში გახვეული ოთახში ატარებდა. ამიტომაც სახე გაუყვითლდა და დაიჯერა, რომ ტუბერკულოზი ჭირდა. როდესაც ყოველივე ეს მიამბეს, რაღას ვიზამდი, ავდექი და სახლში მივედი. ჩემს დანახვაზე “ავადმყოფმა” დაიკვნესა: “ ახლოს არ მოხვიდე. მამაო, რომ შენც არ გადაგედოს, შენთან, მონასტერში ხომ იმდენი ხალხი მოდის! ხედავ ჭლექმა სულ დამრია ხელი.” – “ კი მაგრამ, ვინ გითხრა, რომ ჭლექი გაქვს?” – ვკითხე მე. ამ დროს ცოლმა გასამასპინძლებლად ბერძნული კაკლის ნახარში მოიტანა. – “ აბა ერთი პირი დააღე, – ვეუბნები მე,– ახლა მე უნდა დამიჯერო”. რაღას იზამდა, დააღო პირი, მან ხომ არ იცოდა რას ვაპირებდი. მაშინ ავიღე ერთი ტკბილი კაკალი, ჩავუდე პირში, რამდენჯერმე დავატრიალე, მერე კი მე თვითონ შევჭამე, – “ არა, არა, ნუ აკეთებ ამას, გადაგედება!” – იყვირა “ჭლექიანმა”. – “ რა გადამედება, შენ ხომ არაფერი გჭირს, მე რა, გადარეული ვარ, რომ მართლა ჭლექი გქონდეს და ასე ვიქცეოდე?! აბა ეხლა წამოდექი და ჰაერზე გავიდეთ!” – შევუძახე მე, მერე მის ცოლს მივუბრუნდი და ვუთხარი: – “მოაშორე ეს წამლები და პლედი!”. წამოვაყენე და ერთად გამოვედით ჰაერზე. სამწლიანი “პატიმრობის” შემდეგ ის განცვიფრებული უმზერდა ქვეყნიერებას. მერე ნელ–ნელა სამუშაოზეც დაიწყო სიარული. აი, რა შეიძლება დაგმართოს თვითშეგონებამ, თუ მას ამის ნებას მისცემ.