მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > გონებისა და გულის განწმენდა
გონებისა და გულის განწმენდა

–წმიდაო მამაო, როგორ ხდება გონებისა და გულის განწმენდა?
–უკვე გითხარით, რომ გონება და გული განიწმინდოს, არ უნდა მივიღოთ ის მზაკვარი აზრები, რომელიც მაცდურს მოაქვს ჩვენთვის, ამასთან არც ჩვენ უნდა ვაზროვნებდეთ მზაკვრულად, ყოველთვის კეთილი ზრახვების ამუშავებას უნდა ვცდილობდეთ, არ უნდა გვაცდუნოს სხვების ნაკლოვანებებმა და მათ შეცდომებს შემწყნარებლურად, სიყვარულით უნდა შევხედოთ. როდესაც კეთილი ზრახვები მრავლდება და ადამიანის სული განიწმინდება, ის ღვთისმოსაობითა და სიმშვიდით მოქმედებს. ასეთი ადამიანის ცხოვრება სამოთხედ გარდაიქმნება, სხვა შემთხვევაში ის ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს და ცხოვრებაც ჯოჯოხეთის სატანჯველად ექცევა.
იმისათვის რომ განვიწმინდოთ, შრომაა საჭირო, შეიძლება საკუთარი სულიერი მდგომარეობის უწმინდურობის აღიარება შევძლოთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ მაცდურის ზრახვებს არ შევიწყნარებთ, თუ თავადაც მზაკვრობას არ განვიზრახავთ და ყოველივე იმის მიმართ, რასაც გვეუბნებიან, ან რასაც ვხედავთ – კეთილ ზრახვებს ავამუშავებთ, მაშინ გონება და გული განიწმინდება. რა თქმა უნდა თავისი მზაკვრული „დეპეშების“ დროდადრო გამოგზავნას მაცდური არ შეწყვეტს, ეშმაკის საცდურის ისრები იმ შემთხვევაშიც კი არ შეწყვეტენ ზუზუნს, თუ სრულიად განვთავისუფლდებით საკუთარი ზრახვებისაგან, მაგრამ გულგანწმენდილებს ეშმაკის ბრძლოლა ვერაფერს დაგვაკლებს.
–წმიდაო მამაო, ლოცვა გონების გაწმენდას ხელას უწყობს?
–მხოლოდ ლოცვა საკმარისი არ არის, ვიღაცამ შესაძლოა, ლოცვის დროს ერთი კილო საკმეველი აკმიოს, მაგრამ, თუ გონება სხვათა შესახებ მზაკვრული აზრებითაა სავსე, ლოცვა მას არანაირ სარგებლობას არ მოუტანს. გონება გულს უგზავნის დეპეშას და ადამიანი მხეცად გადაიქცევა. ღმერთს სურს, რომ ჩვენ „გული წმიდა“ გვქონდეს, ხოლო გული წმიდაა მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვათა შესახებ ბოროტ ზრახვებს ჩვენში შემოსვლის ნებას არ მივცემთ.
–წმიდაო მამაო, ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა აამუშაოს კეთილი ზრახვები და ღმერთი მხოლოდ ამის შემდეგ დაეხმარება?
–აბა შეხედე: ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ნება იმისა, რომ ღვთის შეწევნა ითხოვოს, თუ კეთილ ზრახვებს თავისი ნებით აამუშავებს. კეთილი ზრახვით ადამიანი თავის მზაკვარ გულს განწმენდს. მართლაცდა, „გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი–ბოროტნი“ და „ ნამეტნავსაგან გულისა იტყუენ პირი მისი“. მაგრამ გარდა ამისა, რომ კეთილ ზრახვებს ამოქმედებით ადანიანი გულს განიწმენდს, მას საზღაურსაც მიუზღავს ღმერთი.