მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > "მემარცხენე" ზრახვები უდიდესი სნეულებაა
"მემარცხენე" ზრახვები უდიდესი სნეულებაა
– წმიდაო მამაო, როდესაც რაიმე პრობლემა მაქვს მოსაგვერებელი, ძალიან ვღელავ და ძილი მიკრთება. – შენი უმთავრესი პრობლემა ბევრი ზრახვის ქონაა, ამდენი ზრახვა რომ არ გქონდეს, მორჩილებაზეც და სულიერ ცხოვრებაშიც მეტი წარმატებით იშრომებდი. მაგრამ მე გასწავლი ერთ საშუალებას, რომლითაც ზრახვებს გაექცევი. აი, მომისმინე: მაგალითად, თავში გაგიჩნდა ზრახვა რაღაც საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ხვალისათვის გაქვს გასაკეთებელი, უთხარი საკუთარ ზრახვას ასე: "ეს დღეის საქმე არ არის, მასზე ხვალ ვიფიქრებ". მაგრამ, თუ გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, თავს ნუ დაიტანჯავ ამ პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრით და ნურც გამუდმებით სამომავლოდ გადასდებ მას, აირჩიე რომელიმე, გადადგი გადამწყვეტი ნაბიჯი, ხოლო შედეგზე ზრუნვა ღმერთს მიანდე. შეეცადე, სკურპულოზურ, უზომო მცდელობას ერიდო, რომ თავის მტრევა არ მოგიხდეს. ღვთისმოსაობით აკეთე ის, რისი გაკეთებაც შეგიძლია. ამასთან, უბრალოდ და ღვთისადმი ნდობით იმოქმედე. თუკი ჩვენს მომავალსა და სასოებას ღმერთს მივანდობთ, გარკვეულ წილად ვაიძულებთ მას, რომ დაგვეხმაროს. მრავალი ზრახვისაგან ნორმალური ადამიანიც კი შესაძლოა, სრულიად დაუძლურდეს. თუ ავადმყოფი და ტანჯული დაკარგავს მოსვენებას, მისი გამართლება შეიძლება. მაგრამ თუკი ვინმე ჯანმრთელთაგანი იტანჯება "მემარცხენე" ზრახვებისაგან, მას მაშინათვე დამამშვიდებელი ხალათი უნდა გადააცვა! განა გონივრული საქმეა, რომ შესანიშნავი ჯანმრთელობა გქონდეს და ამავე დროს საკუთარი ზრახვები გტანჯავდნენ?!

ჩვენი ეპოქის უსაშინელესი ავადმყოფობა ერის ადამიანების ქაოსური ზრახვები. მათთან რასაც მოინდომებ, ყველაფერს იპოვი, გარდა – კეთილი ზრახვებისა. სწორედ ამიტომ, იტანჯებიან, რომ მოვლენებთან სულიერი მიდგომა არ შეუძლიათ. მაგალითად ადამიანი სადღაც მიდის მანქანით: გზაში ძრავა ახმაურდება და იგი დანიშნულების ადგილამდე ჩასვლას მცირედ აყოვნებს. კეთილი ზრახვა რომ ქონდეს დაგვიანებული იტყოდა: "ჩანს სახიერმა ღმერთმა შემთხვევით არ დამაყოვნა. ვინ იცის: იქნებ ეს დაყოვნება რომ არა, ავარია შემმთხვეოდა. ღმერთო მადლობა როგორ გადაგიხადო იმისათვის, რომ საფრთხისაგან მიხსენი?!" და ეს ადამიანი ღმერთს ადიდებს. ხოლო იგი, ვისაც კეთილი ზრახვები არ აქვს, მომხდარს სულიერად ვერ მიუდგება და ღმერთის დადანაშაულებასა და გმობას დაიწყებს: "ეს რა უიღბლობაა, ადრე მისვლის მაგიერ დავაგვიანე! ყველაფერი უკუღმაა! აბა, ღმერთს სამართალი აქვს?!"

როდესაც ყოველივეს – თავსგადახდენილს ადამიანი კეთილი ზრახვით შეხედავს, იგი შეწევნას იღებს. ხოლო, თუ "მემარცხენედ" მუშაობს, იტანჯება, ძალებისაგან იფიტება, წონასწორობას კარგავს. მახსოვს, მრავალი წლის წინ როგორ ჩამოვედით წმიდა მთიდან ურანოპოლისში და კიდევ უფრო შორს – სალონიკში წასვლას ვაპირებდით. მოგვცეს სატვირთო, რომელიც უკვე ათასი ხარახურით იყო სავსე: აქ იყო ჩამოდნები, ფორთოხლები, თევზი, ცარიელი და ჭუჭყიანი კალათები, ამავე ძარაზე ამოვიდა ხალხი: ათონიადის მოსწავლეები, ბერები, ერის კაცები. ვინც შეძლო, ფიცრებზე ჩამოსხდნენ, დანარჩენები კი ფეხზე იდგნენ. ერთი მოღუშული ერის კაცი ჩემს ახლოს სკამზე მოთავხდა, სივიწროვემ ძალიან შეაწუხა და უკმაოფილება ხმამაღლა გამოთქვა: "ეს რა უმსგავსობაა"! მოშორებით კი იდგა ბერი, რომელიც ერთიანად მყრალ, თევზით სავსე კალათებში იყო ჩაფლული, საბრალოს იქიდან მხოლოდ თავი მოუჩანდა. სატვირთო მანქანა დანგრეულ გზას დაადგა, ოღროჩოღრო შარაზე ინჯრეოდა და რახრახებდა. ერთმანეთზე შედგმული კალათები ბერს თავზე დაცვივდა, ის მოგერიებას ცდილობდა, ხელებს იქნევდა და თავიდან ირიდებდა, რომ არ გასტეხოდა. ჩემი მოღუშული მეზობელი კი ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ ცოტა ვიწროდ იჯდა. მე შევუძახე: "რას ყვირი, ნახე ერთი, შენი მეზობელი რა დღეშია! მანდ როგორ ხარ,მამაო"? "ჯოჯოხეთში უარესია, წმიდაო მამაო" – ღიმილით მომიგო მან. ერთი იჯდა და მიუხედავად ამისა – იტანჯებოდა, მეორე კი ხარობდა, მიუხედავად იმისა, რომ თავზე თევზის კალათების გროვები ეყარა. გზა კი შორი იყო – დაახლოებით ორი საათის სავალი. ერისკაცმა წარმოიდგინა, რამდენად კომფორტულად იმგზავრებდა ავტობუსით და მზად იყო ყველაფერი გაეცამტვერებინა. ბერი კი ხარობდა, როდესაც წარმოიდგენდა, თუ რამდენად მძიმეა ჯოჯოხეთის სატნჯველი: "ორ საათში ადგილზე მივალთ და ამ გროვიდან თავს დავიხსნი, ხოლო საბრალო ცოდვილები ჯოჯოხეთში საუკუნოდ იტანჯებიან. ჯოჯოხეთის სატანჯველთან ხომ ეს კალათები და ხალხის ზედახორა ახლოსაც ვერ მოვა. დიდება შენდა ღმერთო! აქ ისე ცუდი არ არის, როგორც – იქ".

– წმიდაო მამაო, რა არის მიზეზი იმისა,რომ მაგალითად,ორ მორჩილს მოძღვრისადმი სხვადასხვა ზომის ნდობა აქვს?
– მიზეზი ზრახვებშია. შესაძლოა, ნებისმიერ ვინმეზე ან რამეზე გქონდეს ავი ზრახვები. თუ ადამიანს კეთილი ზრახვები არ აქვს და ყოველი მოქმედებიდან პირად "მეს" გამორიცხავს, ანუ – თუ თვითნებურად მოქმედებს, მას წმიდანიც ვერაფერს არგებს. მოძღვრად წმიდა მამა ან წმიდა დედა რომ ყავდეს, თავად ანტონი დიდი რომ იყოს მისი მოძღვარი, ანდა – ქვეყანაზე არსებული ყველა წმიდანი – ერთად, მას ვერავინ დაეხმარება. მიუხედავად დიდი სურვილისა, მას თვით ღმერთიც კი ვერ უშველის. თუ ადამიანს საკუთარი თავი უყვარს, ანუ თვითმაამებლობითაა შეპყრობილი, ის ყველაფერს პირადი "მეს" გემოვნებისა და ჩვეულების მიხედვით განმარტავს. თანდათანობით ამგვარი უგუნური განმარტებები ადამიანისათვის "ბუნებრივი" ხდება. და როგორც არ უნდა მოექცე, ასეთი ადამიანები მაინც ცდებიან.

ზოგიერთი კი, საკმარისია, მისდამი მცირედი ყურადღება გამოავლინო, ან კეთილი სიტყვა უთხრა, ფრთაშესხმულივით ფრენს. მაგრამ, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, განაწყენდება და უკიდურესობა ვარდება. ეს უკიდურესობა მტრისაგან არის. მაგალითად, ასეთი ადამიანები შეამჩნევენ სრულიად უმნიშვნელო რამეს, ამაზე ააგებენ ყოვლად უსაფუძვლო ეჭვებს, რომელზედაც საკუთარ განწყობას აფუძნებენ. მერე კი თანდათან რწმუნდებიან, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ისინი ვარაუდობდნენ. მაგალითად, როდესაც ვინმეს ფიქრში წასულს ნახავენ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი მათზეა ნაწყენი: ამ დროს შესაძლოა, მას თავისი საფიქრალი აქვს. რამდენიმე დღის ერთი ადამიანი მესტუმრა და თავისი ნაცნობის შესახებ მკითხა: "რატომაა, რომ ადრე ყოველთვის მესაუბრებოდა, ახლა კი – აღარ? იქნებ შენიშვნა რომ მივეცი, იმიტომ?" მე ვუპასუხე: "იცი, შეიძლება, შემოგხედა და უბრალოდ – ვერ გიცნო, ან იქნებ ახლობელი ავად გაუხდა და იმაზე ფიქრშია, თუ სად იპოვოს ექიმი, ან იქნებ საზღვარგარეთ წასვლას აპირებს და ფიქრობს, სად იშოვოს ფული, რამდენი მიზეზი შეიძლება, იყოს?!" მართლაც აღმოჩნდა,რომ ის ადამიანი, ვისზედაც ვსაუბრობდით, ძალიან შეწუხებული იყო ახლობლის ავადმყოფობით.მის ნაცნობს კი სურდა, რომ აუცილებლად შეჩერებულიყო მასთან სასაუბროდ, შედეგად კი – მრავალი ზრახვით იტანჯავდა თავს.