მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > როგორ უნდა მივიღოთ უსამართლობა
როგორ უნდა მივიღოთ უსამართლობა

საკუთარ თავში უსამართლობასთან სწორი დამოკიდებულება უნდა გამოვიმუშავოთ

წმიდაო მამაო, როდესაც უსამართლოდ მექცევიან, გული სრულიად მისასტიკდება.
–იმისათვის რომ გული არ გაგისასტიკდეს, ნურასდროს იფიქრებ ნურც იმაზე, ვინც უსამართლოდ გექცევა, ნურც ის გაიაზრო, თუ რამდენად დიდია მისი დანაშაული; არამედ, სჯობია ის გაიაზრო, თვითონ შენ რამდენახ ხარ დამნაშავე. აბა შეხედე, როდესაც ადამიანები ჩხუბობენ, თითოეული მათგანი დარწმუნებულია, რომ სწორედ თვითონაა მართალი, ამიტომაა, რომ ხალხი გამუდმებულ უთანხმოებაშია. მაგალითად ორი კაცი მიდის პოლიციაში და ორივე ირწმუნება: –„მან მცემა!“ მაგრამ არცერთი მათგანი არ იტყვის, რამდენი მოხვდა მისგან მეორეს. თანაც ორივე თავის მოქიშპეს სასამართლოში უჩივის.
იმაზე თუ ვიფიქრებთ, რომ ქრისტემ საკუთარ თავზე ყველაზე მეტი უსამართლობა იტვირთა, მაშინ უსამართლობას სიხარულით მივიღებთ. იგი– ღმერთი უდიდესი სიყვარულის გამო ჩამოვიდა მიწაზე და საკუთარი თავი ცხრა თვის განმავლობაში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წიაღში გამოამწყვდია. შემდეგ ოცდაათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა სრული სიმდაბლით. თორმეტიდან ოცდაათ წლამდე ხუროდ მუშაობდა ებრაელებთან. იცით კი, როგორი ხელსაწყოები იყო მაშინ? იმ დროში ხის ხერხებსა და ხის ხოჯოებს იყენებდნენ. მას ფიცრებს უწვდიდნენ და ეუბნებოდნენ –„ეს გააკეთე... ის გააკეთე...“ მაგრამ რა გასარანდი იყო ეს ფიცრები! აბა შეეცადე და იმ მოუხერხებელი რკინებით, რომელთაც მაშინ შალაშინის მაგიერ იყენებდნე, რაიმე გარანდე! იცით რა მძიმე შრომა იყო? ხოლო ამის შემდეგ სამი წელი ტანჯვა! ფეხშიშველმა მოიარა საქადაგებლად მთელი მათი მიწა–წყალი – აღმართი და დაღმართი. იგი განკურნავდა სნეულებს, ბრმებს თვალებს უხელდა, ისინი კი მისგან სასწაულებს ითხოვდნენ. იგი შეპყრობილთაგან ეშმაკებს განდევნიდა, ხოლო უმადური ადამიანები თვით მას უწოდებდნენ ეშმაკეულს. მის შესახებ იმდენი წინასწარმეტყველება და წინაუწყება არსებობდა, იგი იმდენ სასწაულებს აღასრულებდა! მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ბოლოსდაბოლოს იგი გასცეს და ჯვარზე სიკვდილი მიუსაჯეს.

ამიტომ, ისინი ვინც უსამართლობას ითმენენ, ღვთის ყველაზე საყვარელი შვილები არიან. უსამართლობის დათმენით ხომ ეს ადამიანებიგულში უსამართლობათა დამქმენელ ქრისტეს ატარებენ. დევნისას და საპყრობილეში ისინი ისე ხარობენ, თითქოს სამოთხეში იმყოფებოდნენ, იმიტომ რომ სამოთხე სსწორედ იქაცაა, სადაც–ქრისტე.
–წმიდაო მამაო, შეიძლება ადამიანის ტვირთი იმდენად მძიმე იყოს, რომ მან მისი ზიდვა ვერ შეძლოს?
–ღმართი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ტვირთი ჩვენივე ძალებს აღემატებოდეს, ეს განუსჯელი ადამიანები ამძიმებენ სხვა ადამიანებს მხრების გაუსაძლისი ტვირთით. ხშირად სახიერი ღმერთი უშვებს, რომ კეთილი ადამიანები ბოროტების ხელში მოხვდნენ, მათ მიერ ზეციური ჯილდოს მოსახვეჭად.
–წმიდაო მამაო, თუ აქვს რაიმე კავშირი უკმაყოფილებას უმადურობასთან?

–დიახ, ასეთი რამ შესაძლებელია: ვიღაც, როდესაც ადამინს შენიშვნას აძლევს, მის სასიკეთოდ ირჯება, მაგრამ იგი ამას ვერ ამჩნევს, თავს უსამართლოდ შეურაცხყოფილად გრძნობს და უკმაყოფილებას გამოხატავს. თუ ასეთი ადამიანი საკუთარი თავის მიმართ უყურადღებოა, თავისუფლად შესაძლებელია, იგი თვლიდეს, რომ მას უსამართლოდ ექცევიან მაშინაც კი, როდესაც თვითონ აშკარა წინდაუხედაობით იქცევა და ამიტომ მისგან მეტ სიფრთხილეს მოითხოვენ. ამგვარად იგი შესაძლოა სრულ უტფრობამდე მივიდეს. მაგალითად, მონაზონი, რომელმაც ზეთისხილის ხეები უნდა შეწამლოს, ხსნარში ზედმეტ ქიმიკატებს ურევს და ხეებს ფოთლებს უწვავს, მას შენიშვნას აძლევენ, ხოლო იგი, იმის მაგიერ, რომ საკუთარი შეცდომა გაიზიაროს და თქვას: „შემინდეთ და მაკურთხეთ“ თავს უსამართლოდ დასჯილად თვლის და ტირის. „ისინი უსამართლოდ მექცევიან – ფიქრობს იგი – ხეების ფოთლები რომ ჭიას გაეყვითლებინა, სიტყვასაც არ დასძრავდნენ, მაგრამ რაკი მე შემემთხვა ასეთი რამ,ამისთანა ხმაური იმიტომ ატეხეს, ჰოი, ქრისტე ჩემო მხოლოდ შენ გესმის ჩემი“.და მიდი და იღრიალე! ასეთმა მონაზონმა შესაძლოა, სიხარულიც კი განიცადოს იმის წარმოდგენაზე, რომელიც „უსამართლობის“ გამო მიეგებათ მათ, ვინც  აწყენინა მას და მადლობა შესწიროს ქრისტეს ამისათვის. ამგვარი მდგომარეობა ცდომილებაზე უარესია.