მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > უსამართლობის დათმენით მოპოვებული სიხარული
უსამართლობის დათმენით მოპოვებული სიხარული

–წმიდაო მამაო, არის უხინჯო ის სიხარული, რომელსაც განვიცდი, თუ რაიმე დანაშაულის გამო შემახურებენ?
–უცქირე უდრტვინველად, მაგრამ სიხარულით და იმეორე–„დიდება შენდა ღმერთო, სწორედ იმას ვიმსახურებ!“ საკუთარი წინდაუხედაობის გამო რომ დაისჯები, ამით ნახევარ სიხარულს მიიღებ, მაგრამ თუ დაუმსახურებლად გლანძღავენ, შენი მხრიდან სრულიად უმიზეზოდ და სასჯელს კეთილი ზრახვებით იწყნარებ, მაშინ შენი სიხარული სრული იქნება. მე იმისკენ კი არ გიბიძგებ, რომ უსამართლოდ მოპყრობა შენით მოითხოვო, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ეშმაკი ამპარტავნობისკენ გიბიძგებს, არამედ იმას უნდა ესწრაფოდე, რომ მიიღო უსამართლობა, როდესაც თავისთავად მოვა და გახარებდეს ის.
უსამართლობასთან მიმართებაში ოთხი სტადია არსებიბს. მაგალითად,ვიღაც უსამართლოდ გცემს. თუ შენ პირველ სტადიაზე იმყოფები, მას სამაგიეროდ ურტყამ, თუ მეორეზე ხარ–აღელდები, მესამე სტადიაზე შენ უკვე აღარც  შფოთავ, ხოლო მეოთხეზე–უდიდეს ბედნიერებას გრძნობ და ხარობ სულით. თუკი ადამიანს რაიმეში უსამართლოდ ადანაშაულებენ, იგი როდესაც დაამტკიცებს, რომ დამნაშავე არ არის და საკუთარი თავის რეაბილიტირებას მოახერხებს, დიდ კმაყოფილებას განიცდის. ამ შემთხვევაში მისი სიხარული ამმსოფლიურია, მაგრამ თუ უსამართლობას სულიერად მიუდგები და საკუთარი უდანაშაულობის მტკიცებას არ შეეცდები, ის განიცდის სულიერ სიხარულს. ანუ, ამ შემთხვევაში მას საღმრთო ნუგეში ეძლევა და ღვთის დიდება მის მდგომარეობად იქცევა. იცით როგორ სიხარულს გრძნობს ადამიანის სული, როდესაც მას უსამართლოდ გაანაწყენებენ და თვითონ კი ამ დროს თავის მართლებას არ მოყვება, არ ცდილობს იმის მიღწევას, რომ მას „ყოჩაღ“ ან „ბოდიში“ უთხრან?! და სიხარული, რომელსაც ეს სული ამჟამად–უსამართლობის დათმენით გრძნობს, უფრო დიდია, ვიდრე ის, თავისმართლება რომ განგაცდევინებდა. ვინც ამ მდგომარეობას აღწევს, მოწინააღმდეგისადმი მადლობის გრძნობით არის განმსჭვალული იმ სიხარულის გამო, რომელიც მან მიწიერ ცხოვრებაში მიანიჭა, ასევე იმ სიხარულისთვისაც, რომელსაც მარადიულ ცხოვრებაში მიიღებს და რაოდენ განსხვავდება სულიერი–ამსოფლიურისაგან!
სულიერ ცხოვრებაში ათვლის სხვა სისტემა არსებობს. თუ რომელიმე უბრალო ან ულამაზო ნივთს შენთვის იტოვებ, თავს შესანიშნავად გრძნობ, ხოლო თუ მას სხვას მისცემ, ცუდად იგრძნობ თავს. თუ უსამართლობას უდრტვინელად იღებ და მოყვასს ამართლებ, მაშინ მთელი გულით იწყნარებ მრავალგზის უსამართლოდ შეურაცხყოფილ ქრისტეს, მაშინ მოქმედი სულიერი კანონის მიხედვით ქრისტე შენი გულის „არენდის ვადას აგრძელებს“, თავად იქვე რჩება და სიხარულითა და მშვიდობით გავსებს. ჰოი, ჩემო საყვარლებო, თქვენც ეცადეთ, რომ ეს სიხარული გამოსცადოთ. ისწავლეთ, რომ საერო სიხარულით კი არ ხარობდეთ, არამედ ამით–სულიერით. როდესაც ამას ისწავლით, ყოველდღიურად აღდგომა გექნებათ.
არ არსებობს უდიდესი სიხარული, ვიდრე ის, რომელსაც უსამათლობის დათმენისას იღებ. რა კარგი იქნებოდა, ადამიანები რომ უსამართლოდ მექცეოდნენ! მთელი  გულწრფელობით გეუბნებით: უტკბესი სულიერი სიხარული სწორედ უსამართლო მოპყრობისას განმიცდია.

        იცით როგორ ვხარობ, როდესაც ვინმე შეცდომილს მიწოდებს?! „დიდება შენდა ღმერთო,– ვამბობ, – ამ სიტყვისთვის ხომ სასყიდელს მივიღებ, წმინდანი რომ ეწოდებინათ ჩემთვის, თვითონ ვიქნებოდი მოვალე“ არ არსებობს ქვეყნად უტკბესი რამ, ვიდრე უსამართლობის დათმენაა.
ერთხელ ვიღაცამ ჩემი სენაკის გვერდით კუტიკარის რკინის ურდულზე დააკაკუნა. სტუმრების მიღების დრო ჯერაც არ დამდგარიყო, გარეთ გავიხედე და ნათელი სახის ყმაწვილი შევნიშნე, რადგანაც საღმრთო მადლს ასე აშკარად გაებრწყინებინა, როგორც ჩანს, მან პირადი გამოცდილებით შეიგრძნო რაღაც–უაღრესად სულიერი. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ გადაუდებელი საქმეები მქონდა, ყველაფერი გადავდე, კარი გავუღე და სენაკში მოვიწვიე, წყალი მივუტანე და რაკი ვხედავდი, რომ მასში დიდი სულიერება იფარებოდა, მისი ცხოვრების შესახებ გამოკითხვა ფრთხილად დავუწყე. –„რას საქმიანობ ყმაწვილო?“– ვკითხე. –„რა საქმიანობაა, მამაო, მე ხომ ციხეში გავიზარდე, ეხლა 26 წლის ვარ და ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი ციხეში მაქვს გატარებული.“ –მომიგო მან, –„ამისთანა რა ჩაიდინე, რომ ციხეში აღმოჩნდი?“–გავიკვირვე–„ბავშვობიდან ძალიან მიმძიმდა უბედური ადამიანების ცქერა, ყველა გაჭირვებულს სახელით–პირადად ვიცნობდი, როგორც ჩვენს, ისე მეზობელ მრევლში, იმ ხალხს ვისაც უჭირდა ან რაიმე გამოუვალ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ჩვენი მრევლის მღვდელი და მამასახლისი კი აგროვებდნენ და გროვებდნენ ფულს და მას შენობების, დარბაზების და ეკლესიის კეთილმოწყობისთვის ხარჯავდნენ. საცოდავ, გაჭირვებულ ადამიანებს არად აგდებდნენ. არ შემიძლია განვსაჯო, ნამდვილად იყო თუ არა საჭირო ამდენი მშენებლობები. უბრალოდ, იმაზე ვლაპარაკობ, რომ ამდენ ბევრ გაჭირვებულს ვხედავდი; და აი მაშინ დავიწყე შემოწირული ფულის ჩუმად აღება, მთლიანად არ ვიღებდი, არამედ–მხოლოდ აუცილებელს. ვყიდულობდი პროდუქტებს, პირველადი მოხმარების საგნებს და ღარიბების სახლის კართან ვტოვებდი. ამის მერე, ძალიან მალე, რადგან არ მინდოდა დაეჭირათ სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მივედი პოლიციაში და განვაცხადე:–„ეკლესიიდან ფული მოვიპარე და დავხარჯე“.– მეტი არაფერი მითქვამს, მცემდნენ, ნაძირალასა და ქურდს მიწოდებდნენ, მაგრამ ხმას არ ვიღებდი, მერე ციხეში ჩამსვეს. ამგვარად გრძელდებოდა რამდენიმე წელიწადი. ჩვენს ქალაქში 30 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თითოელი მათგანისათვის ქურდი და ნაძირალა ვიყავი. ვდუმდი და მიხაროდა... ამგვარად გავატარე ციხაში მთელი სამი წელიწადი. ზოგჯერ მხოლოდ ეჭვის გამო მიჭერდნენ, როდესასც სადმე ქურდობა მოხდებოდა, სრულიად უმიზეზოდ მე მაბრალებდნენ და როცა ნამდვილ დამნაშავეს დაიჭერდნენ, მხოლოდ ამის შემდეგ მანთავისუფლებდნენ.
მაგრამ, თუ დამნაშავის დაჭერას ვერ შესძლებდნენ, სასჯელის ვადას მთლიანად ვიხდიდი, ამიტომაც გითხარი მამაო, რომ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ციხეში გავატარე მეთქი“,.
ყურადღებთ მოვისმინე მისი ნათქვამი და ვთქვი:–„აი რა ყმაწვილო, მართალია ყველაფერი რაც შენ მომიყევი, ერთი შეხედვით ძალიან კარგი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში კარგი მასში არაფერია, ასე მეტად ნუღარ მოიქცევი, მე რაღაცას გირჩევ, ჩემს რჩევას დაუჯერებ?“–„დავუჯერებ“– მითხრა მან –„აუცილებელია, რომ მშობლიური ქალაქიდან წახვიდე, გაემგზავრე იქ, სადაც არავინ გიცნობს, მე ვიზრუნებ, რომ იქ კეთილ ადამიანებთან მოხვდე, მუშაობა დაიწყე და შეძლებისდაგვარად დაეხმარე გაჭირვებულებს. უკანასკნელი პურის ნაჭერი გაუყავი მათ, იმიტომ რომ ამას უმეტესი ფასი აქვს, ვიდრე იმას, რასაც აქამდე აკეთებდი. მაგრამ თუკი ადამიანს გლახაკისთვის მისაცემი არაფერი აქვს და ამის გამო გული სტკივა, იგი უმეტეს მოწყალებას აძლევს. ის მას მოწყალებას თავისი გულის სისხლით მიაგებს. როდესაც ადამიანი მოწყალებას იმიტომ გასცემს, რომ მას აქვს გასაცემი, ამ დროს იგი სიხარულს განიცდი, მაგრამ, თუკი არაფერი აქვს, გულისტკივილს გრძნობს.“ ახალგაზრდამ მომისმინა, დამპირდა, რომ ყველაფერს შეასრულებდა და გახარებული წავიდა.
შვიდი თვე გავიდა კორიდალის ციხიდან წერილი მივიღე, კონვერტი გავხსენი და წავიკითხე: „მამო, ალბათ გაგაკვირვებს, რომ შენი დიდი დარიგების და შენთვის მოცემული პირობის შემდეგ ისევ ციხიდან გწერ; მაგრამ, იცოდე, რომ ამჟამად ვიხდი სასჯელს, რომელიც ადრე უკვე მოვიხადე, რაღაც საბედისწერო შეცდომა მოხდა, მადლობა ღმერთს რომ ადამიანთა შორის არ არსებობს სამართლიანობა. ის რომ ქვეყნად არსებულიყო, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა სულიერი ადამიანებისადმი, რომლებიც ამის გამო ზეციურ საზღაურს გაკარგავდნენ.“– რომ წავიკითხე, განცვიფრებული დავრჩი ამ ახალგაზრდა კაცით, რომელმაც ასეთი მხურვალებით იტვირთა სულიერი ცხოვრება და საერთოდაც: ასე ღრმად ჩასწვდა ცხოვრების უღრმეს აზრს, ქურდი ქრისტესთვის!... მან საკუთარ თავში ადგილი დაუთმო ქრისტეს. ის ღვთისათვის შეშლილი იყო, სადღესასწაულო სიხარულს განიცდიდა.
–წმიდაო მამაო, ეს სიხარული იქიდან მოდიოდა, რომ ადამიანები მას შეურაცხყოფდნენ?
ეს სიხარული მოდიოდა იქედან რომ ის უსამართლობას ითმენდა. ის ერის ადამიანი იყო, არც წმიდანთა ცხოვრებას და არც წმიდა მამათა თხზულებებს არ კითხულობდა. და მიუხედავად იმისა, რომ ციხეში დაუმსახურებლად ჩასვეს, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ქურდად, ნაძირალად და არამზადად თვლიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მას კიცხავდნენ და შეურაცხყოფდნენ, ყოველივე ამის მიუხედავად ის თავს არ იმართლებდა და ყოველივეს ესოდენ სულიერად იღებდა! ახალგაზრდა კაცი!– და იმაზე კი არ ზრუნავდა, რომ რეპუტაცია აღედგინა, არამედ იმაზე, რომ სხვებს დახმარებოდა. დიდ და ნამდვილ ქურდებს ხშირად ერთხელაც კი არ სვამენ ციხეში, ამ ბედშავმა კი ერთი და იმავე ქურდობისათვის ორჯერ მოიხადა სასჯელი. რამდენჯერ უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, ვიდრე დამნაშავეს იპოვიდნენ. თუმცა, ამ სიხარულს, რომელსაც იგი გრძნობდა, მთელი ქალაქი ერთად ვერ განიცდიდა. მათი 30 ათასი სიხარული ვერ გადაწონის ერთ იმისთანა ბედნიერებას, რაც მას ჰქონდა.
აი, ამიტომ ვამბობ, რომ სულიერ ადამიანს მწუხარება არ ეკარება. როდესაც ადამიანში სიყვარული მრავლდება და მისი გული ღვთის მიერ აღინთება, მწუხარება მასში ადგილს ვეღარ იპოვნის. ადამიანები ასეთ პიროვნებას მწუხარებასა და ტკივილს მიაგებენ და ამავე დროს მისი ქრისტესადმი უდიდესი სიყვარული ამარცხებს მათ