მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > თუ თავს არ იმართლებ ღმერთი გაგამართლებს
თუ თავს არ იმართლებ ღმერთი გაგამართლებს

–წმიდაო მამაო, ხშირად როდესაც შენიშვნას მაძლევენ, ვფიქრობ, რომ ახსნა–განმარტება აუცილებელია და ვიწყებ:“ დიახ, ეს ასეა, თუმცა არ ვიცი, თქვენ ხომ არ იფიქრეთ რომ...“
– და რაში გჭირდება, ეს „თუმცა“ და „ ხომ არ“. სწორედ ეს რყვნის ყოველივეს; თუ შენიშვნას გაძლევენ, უპასუხე:“ მაპატიე შენი ლოცვით მომავალში უფრო ფრთხილად ვიქნები“.
–წმიდაო მამაო, მაგრამ თუკი ვინმეს ჩემი საქციელიდან არასწორი დასკვნა გამოაქვს, უნდა ავუხსნა, რა მაიძულებს სწორედ ასე და არა სხვაგვარად?
–თუ ამისათვის სულიერი ძალა, ანუ სიმდაბლე გაქვს, თავი დამნაშავედც სცანი და ნურაფერს აუხსნი, საკუთარი გამართლება ღმერთს მიანდე, შენ თუ არაფერს ეტყვი, მომავალში ღმერთი იტყვის შენს მაგივრად; გაიხსენე, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს, იოსებს ვაჭრებისთვის არ უთქვამს:“ მე მათი ძმა ვარ და არა –მონა, მამაჩემს ყველა სხვა შვილზე მეტად მე ვუყვარდი“.. დიახ, სიტყვაც არ წარმოუთქვამს, სამაგიეროდ ღმერთმა მერე თქვა სიტყვა მის მაგიერ და მეფედ აქცია იგი. როგორ გგონია ღმერთი არ განუცხადებს ადამიანებს საქმის ნამდვილ ვითარებას?! თუკი ღმერთი შენს სასიკეთოდ გამოუცხადებს ადამიანებს სიმართლეს, ეს კარგია, მაგრამ თუკი არ გამოუცხადებს, ესეც შენს სასიკეთოდ იქნება. როდესაც ვინმე უსამართლოდ გექცევა, იფიქრე იმაზე, რომ ის ამას ბოროტებით კი არ აკეთებს, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი ამ მხარიდან დაინახა. თუ ამ ადამიანში ბოროტება არ არის, დრო გავა და ღმერთი მას საქმის ნამდვილ ვითარებას გამოუცხადებს. და მაშინ ეს ადამიანი მიხვდება, რომ შენდამი უსამართლობა გამოავლინა და შეინანებს. ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ გამოუცხადებს ადამიანს სიმართლეს, თუ მასში ბოროტებაა;  იმიტომ, რომ ღმერთის რადიოსადგური მხოლოდ სიმდაბლისა და სიყვარულის სიხშირეზე მუშაობს.
–წმიდაო მამაო, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანს თქვენ ორს შორის მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით ახსნა–განმარტება მოსთხოვო?
–შენ რა იმ ადამიანზე აზრი გაგიფუჭდა?
–არა.
–თუ მასზე აზრი არ შეგცვლია, აუცილებელი არ არის მისი ახსნა–განმარტება მოისმინო, მაგრამ თუ რამე გაეჭვებს, ცუდი არ იქნება გარკვეული განმარტება მოსთხოვო, რომ კიდევ უფრო მეტად არ შეგეცვალოს დამოკიდებულება.
–მაგრამ, წმიდაო მამო, განმარტების მიცემა თავის მართლების მიზნით კი არ გსურს, არამედ უბრალოდ უამბო შენი დამოკიდებულების შესახებ რაიმე საკითხთან დაკავშირებით და გსურს გააგებინო, რამ გიბიძგა, რომ ასე მოქცეულიყავი?
–არც ეს სჭირდება ვინმეს. ჯობს თქვა „შემინდე“... და ყოველგვარი ახსნა–განმარტებისაგან თავი შეიკავო, გარდა იმისა, როცა ახსნა–განმარტებას ითხოვენ შენგან. ასეთ დროს სიმდაბლით უამბე, თუ რა როგორ მოხდა.
–ანუ, წმიდაო მამაო, რა შემთხვევაშია ახსნა–განმარტება აუცილებელი?
–აუცილებელია მაშინ, როდესაც საქმე ეხება რაიმე გაუგებრობას, რომელიც სხვა ადამიანებს ეხება. ასეთ შემთხვევაში ადამიანი მოვალეა განმარტოს ვითარება, რომ საქმე გამოსწორდეს. ხდება ისიც, რომ ადამიანი ზედმეტად მგრძნობიარეა, ეგოიზმიც საკმაოდ აწუხებს და ამის გარეშე შესაძლოა ტრამვირებული დარჩეს. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, თუ ის განმარტავს თუ რამ უბიძგა ამა თუ იმ ქმედებისაკენ.
–წმიდაო მამაო, ზოგჯერ ჩვენ ახსნა–განმარტებასა და თავის მართლებას ერთმანეთისგან ვერ ვასხვავებთ.

–თავისმართლება სულს ვერ ამშვიდებს, მაშინ, როდესაც ახსნა–განმარტებას სიმშვიდე და მყუდროება მოაქვს.