მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ვინც მართებულად გამოიძიებს საკუთარ თავს, ის თავს არ გაიმართლებს
ვინც მართებულად გამოიძიებს საკუთარ თავს, ის თავს არ გაიმართლებს

–წმიდაო მამაო, რატომ ხდება, რომ მაშინაც კი, როდესაც საკუთარ სულიერ სისუსტეს ვგრძნობ, მაინც თავის მართლებას ვცდილობ?
–სწორედ იმიტომ იმართლებ თავს, რომ საკუთარი სულიერი სისუსტე კარგად ვერ გიგრძვნია. რომ გეეგრძნო, თავს აღარ გაიმართლებდი. ჩვენ საკუთარი თავის მოყვარულ ხალხს ხომ სირთულეები არ გვიყვარს. ხშირად გვინდა ხოლმე ისე გავმდიდრდეთ, რომ თითი თითზე არ დავაკაროთ. ის მაინც უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგნებთან ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ ორივე ფეხით ვკოჭლობთ. ამის შეცნობამ კი უნდა დაგვამდაბლოს. მაგრამ სად იპოვი?! ჩვენ ხომ არც ღვაწლი და არც საკუთარი უძლურების შეცნობის ნატამალი არ გაგავაჩნია.
–შეიძლება თავს იმართლებდეს ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის შეცნობას, გამოძიებას ცდილობს?
–ვინც სწორად შეიმეცნებს საკუთარ თავს, ის თავს ვერ გაიმართლებს. აბა შეხედე, ხდება ხოლმე, რომ ზოგიერთი ჭკვიანი ადამიანი ბოლოს და ბოლოს საშინელ სისულელეს ჩაიდენს, ეს იმის გამო ხდება, რომ მას უფრო მოხერხებულად მოწყობის სურვილი უჩნდება. „როგორ მოვეწყო უფრო მოხერხებულად, როგორ მოვიქცე, რომ უკეთ ვიგრძნო თავი?!“ – ფიქრობს იგი.
–წმიდაო მამაო, ვინც თავს იმართლებს, ის სულიერ ცხოვრებაში საკუთარ დაცემებს ვერ ამჩნევს?
–ეშმაკი ასეთ ადამიანს ატყუებს ყოველგავარ საქმეში, რასაც უნდა აკედებდეს იგი; და ეს ადამიანი ყოველგვარ საკუთარ მოქმედებას გამართლებას უძებნის. ის ამართლებს საკუთარ თვითნებობას, სიჯიუტეს, ეგოიზმს, სიცრუეს.
–მაგრამ თუკი ასეთი ადამიანი როგორც სარკეში ისე შეაფასებს საკუთარ თავს წმიდა მამათა თხზულებებისა და განსაკუთრებით– წმიდა წერილის მიხედვით, განა ეს მას არ უშველის?
–იმ ადამიანს, ვინც სწორედ აზროვნებს, წმიდა მამათა წიგნები და წმიდა წერილები ყოველგავარ პრობლემას გადაუჭრის. მას გარკვევით და აშკარად ესმის წაკითხულის აზრი. მაგრამ, თუკი ადამიანი სულიერ ღვაწლს შედგომილი არ არის და მისი სული არ განწმენდილა, მაშინ მას წმიდა წერილიც ვერ უშველის, რადგანაც წაკითხული უკუღმართად ესმის.მისთვის უკეთესია თუ საკუთარ ზრახვებს მოძღვარს ეტყვის და წაკითხულის განმარტებას თავად არ შეეცდება. მაგალითად, როდესაც ძველ აღთქმას კითხულობს, ასეთმა ადამიანმა შესაძლოა ბევრი რამ მზაკვრული სულით განმარტოს და (სულიერი) ინფექციით დაავადდდეს. შევნიშნე, რომ ზოგიერთი სულიერ წიგნებში წაკითხულს ისე განმარტავს, როგორც თვითონ აწყობს. მიზეზი ის კი არ არის, რომ მათ წარმოსახვა არ ჰყოფნით, ანდა წაკითხულის აზრს სწორედ ვერ იგებენ, არა... ასე იმიტომ განმარტავენ, რომ თავი იმართლონ. საშინელი საქმეა! ამასთან ისიც შევნიშნე, რომ ასეთი ხალხი ხშირად ვერც იმ სულიერ დარიგებებსა და რჩევებს იღებს სწორად, რასაც სულიერი ადამიანები აძლევენ. მაგალითად: მსურს, რომ მათი ყურადღება რაღაცას მივაპყრო, ამისათვის რაიმე შემთხვევას ვუამბობ და კონკრეტულ საკითხს ვუსვამ ხაზს. მაგრამ ისინი სიტყვას მაწყვეტინებენ და ცდილობენ მასში აღმოაჩინონ რაღაც სხვა, რითაც რომელიმე საკუთარ ქმედებასა თუ შეცდომას გაამართლებენ. ანუ ყოველივე ამას საკუთარი ვნებების გასამართლებლად აკეთებენ. როდესაც ვუამბობ ვინმეს შესახებ, ვინც საკუთარი უყურადღებობის გამო უკიდურეს დაცემამდე მივიდა, ისინი მოისმენენ ისტორიას, არც კი დაუფიქრდებიან მას და იტყვიან: „თუკი ასეთ საშინელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები არსებობენ, აბა, ჩვენ ქების მეტს რას ვიმსახურებთ!“ ასე იმართლებენ თავს ისინი. თავის გასამართლებელს ეშმაკი ყოველთვის მოძებნის.