მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > თავის მართლებას სულიერი სიმშვიდე არ მოაქვს
თავის მართლებას სულიერი სიმშვიდე არ მოაქვს

ვინც თავს იმართლებს, მისი სული სიმშვიდეს ვერ ჰპოვებს. ასეთი ადამიანი უნუგეშოა. თვითო კი იმართლებს თავის „მეს“, მაგრამ ეს „მე“ გაამართლებს მას?! მისი „მე“ ანუ მისი სინდისი გამართლებას ვერ პოულობს და ამიტომ სულს მოსვენება ეკარგება. სწორედ ეს ადასტურებს, რომ ის დამნაშავეა. რა ბრძნულად არის ყოველივე ღვთის მიერ მოწყობილი! მან ადამიანს სინდისი მიანიჭა; საშინელი საქმეა! ეშმაკობით, სიცრუითა და სისასტიკით ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში მას სულიერი სიმშვიდე მოაკლდება. ხოლო, თუ ადამიანს სინდისი მართავს, ის სხვათა დაუხმარებლადაც მიხვდება, რომ გზას ასცდა. უსამართლობის სულგრძელად მოთმენა იგივეა, რომ სიხარულის მომნიჭებელი სულიერი სიმდიდრე შეიძინო. ხოლო თავის მართლებისას კაცი თითქოსდა მის მიერ შეგროვილ სულიერ საგანძურს ფლანგავს და არც სიხარულს გრძნობს.
იმის თქმა მინდა, რომ ასეთ შემთხვევაში ადამიანს ის სულიერი სიმშვიდე არ აქვს, რომელსაც მაშინ მოიპოვებდა, თავს რომ არ იმართლებდეს. და რაღა ითქმის იმაზე, ვინც თავს იმართლებს და ამავე დროს სინამდვილეში დამნაშავეა. ასეთი ადამიანი ღვთის რისხვას დაიტეხს თავს. არსობრივად ხომ ამით ის მას მიიტაცებს, რაც მას არ ეკუთვნის. მას სიმდიდრე ეძლევა, ის კი ქარს ატანს. განა ის ვინც სიმდიდრეს ქარს გაატანს, სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს?!
ის ვინც თავს იმართლებს, თვალებს იბრმავებს, მერე კი გასამართლებელს ეშმაკიც მოუძებნის (თუნდაც კაცი ჰყავდეს მოკლული) და ეტყვის: „მაგის საქციელს ან აქამდე როგორ ითმენდი, ადრევე უნდა მოგეღო ბოლო“ და ასეთ კაცს შესაძლოა ისიც კი ჰგონია, რომ ამ „მოთმინების“ სანაცვლოდ ქრისტესაგნ ჯილდოს იმსახურებს, გაიგე?! აქამდეც კი შეიძლება დავიდეს ადამიანი
–წმიდაო მამაო, თუკი ის ადამიანი ვინც თავს იმართლებს, იტანჯება, რატომ არ ჭეწყვეტს თავისმართლებას, რომ ეს მტანჯველი სინდისის ქეჯნა დასრულდეს?
–იმიტომ, რომ თავის მართლება ეს ჩვევაა, მის მოსაკვეთად ნებისყოფაა საჭირო. ასეთი ადამიანისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ის, რომ თავის მართლება შეწყვიტოს, არამედ ისიც, რომ სწორი სულიერი პოზიცია დაიკავოს, რადგანაც, თუ ის ხმამაღლა არ გაიმართლება თავს, გულში მაინც იმას იფიქრებს, უსამართლოდ მომექცნენო; რაც კიდევ უფრო ცუდია. რადგანაც მას რომ ხმამაღლა ემართლებინა თავი, ვინმე შენიშვნას მისცემდა და ამგვარად შეძლებდა საკუთარი დანაშაული შეეცნო და ცდომილებიდან გამოსულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თუმც ხმამაღლა არას ამბობს, საკუთარ გულში მაინც ფიქრობს– „სიმართლე კი ჩემს მხარესაა, მაგრამ არაფერს ვამბობ, იმიტომ, რომ ყოველივე ამაზე მაღლა ვდგევარ.“ ამგვარად ადამიანი ცდომილებაში რჩება.