მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > სხვათა ცოდვების სიმძიმე უნდა იტვირთო
სხვათა ცოდვების სიმძიმე უნდა იტვირთო

–წმიდაო მამაო, გუშინ ამბობდით, რომ სხვა რამ არის მოთმენა და სხვა– მოთმინება, რას გულისხმობდით?
–მოთმენა იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც საკითს მოთმინებით უდგები. როდესაც ვამტკიცებ, რომ ვიღაცას ვუთმენ, ამით ვამბობ: „ მას ძალიან ცუდად აქვს საქმეები, მე კი კარგად და ამიტომ მისდამი დამთმობი ვარ“. ნამდვილი მოთმინება კი ისაა, რომ მოყვასის მძიმე მდგომარეობა საკუთარ ბრალეულობას გაგრძნობინებდეს და თანაუგრძნობდე მას.მოყვასისადმი ასეთ დამოკიდებულებაში მეტი სიმდაბლე და სიყვარულია. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიიღებ ღვთის მადლს– შეწევნას ღვთისას. მაგალითად, ვხედავ ვინმე კოჭლს, ყრუს, ნარკომანს, ასეთ დროს უნდა ვფიქრობდე: “ მე რომ სულიერად წარმატებული ადამიანი ვიყო, ღმერთს შევევედრებოდი და ამ საბრალოს განკურნავდა“. განა ქრისტემ არ თქვა: – სასწაულმოქმედების ძალას მივანიჭებ „ და რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და ოფროისა ამისა ქმნეს“. სწორედ ამგვარი განსჯა წარმოშობს მოყვასისადმი ტკივილსა და სიყვარულს, მაგრამ თუ ვიტყვი: „არის კოჭლი და იყოს, მე რას ვუშველი, ცოტა ხნით გვერდით მივუჯდები და კეთილი საქმისთვის ჯილდოსაც მივღებ“, ამით თითქოსდა „ვიწყნარებ“ მოყვასს, „მოთმინებით“ ვიღებ მას და თავს ვიმართლებ, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულე.
–წმიდაო მამაო, განა ყოველთვის გამართლებულია, რომ სხვისი ცოდვის მთელ სომძიმეს საკუთარ თავზე ვიღებთ?
–თუკი ამის გაკეთება მართლაც შეგიძლია, ეს მცირე სიკეთეს როდი მოგიტანს. ყველაფრისათვის საკუთარ თავს აყვედრე, მოყვასის ცოდვის ტვირთი საკუთარ თავზე აიღე და ევედრე ქრისტეს, რომ მისი ტვირთის ძალა მოგანიჭოს. ხოლო როდესაც შენს ნამდვილ ბრალზე აღმატებულ ტვირთს იტირთავ (სინამდვილეში დამნაშავე რომც არ იყო, მაგრამ შეძლებ და საკუთარ თავს დაუმტკიცებ რომ დამნაშავე ხარ), მაშინ სხვისი ცოდვების ტვირთის ზიდვას საკუთარ დამსახურებად აღარ ჩათვლი, ანუ – ამპარტავნებაში არ ჩავარდები და საღვთო მადლის მოხვეჭას შეძლებ. ამასთან ისიც აუცილებელია, რომ სიფრთხილით მოზომო საკუთარი ძალები და ზუსტად გათვალო: შეძლებ კი დიდი ტვირთის ზიდვას?! მერისმეტი თუ მოგივიდა, ამით ხომ თიაქარს აიკიდებ და წელში გაწყდები?
–რას ნიშნავს „თიაქარს აიკიდებ და წელში გაწყდები“?
–მაგალითად, თუკი შენი ძალებზე აღმატებულ სიმძიმეს იტვირთავ და ამასთან – ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე, შემდეგ ამისთვის შესაძლოა, დრტვინვა დაიწყო, განრისხდე, განიკითხო...
–მაგრამ თუკი ახსნა–განმარტებას მოვყვები, განა ეს თავის მართლება არ იქნება?
–შეეცადე, თავი მხოლოდ მაშინ და იმ შემთხვევაში იმართლო, როდესაც ძალა არ გყოფნის, მაგრამ იქ, სადაც ძალა გეყოფა, ახსნა–განმარტებას ნუღარ დაიწყებ. მაგალითად; როდესაც ადამიანი გრძნობს, რომ ამა თუ იმ სულიერი ტვირთის საზიდად ძალა არ შესწევს, ეს უნდა გააცნობიეროს და თავი დევგმირად აღარ წარმოიდგინოს. მან უნდა გამოსცადოს საკუთარი თავი და უსამართლო განსჯას იმდენად დაუთმოს, რამდენადაც – საკუთარი სულიერი  მდგომარეობის მიხედვით – მისთვის შესაძლებელი იქნება. რათა სასოწარკვეთილებამ არ შეიპყროს. ამით ხომ ეშმაკი სარგებლობს და ადამიანს სულიერად აძაბუნებს.
–წმიდაო მამაო, ზოგჯერ არა მარტო უსამართლო ბრალდებას ვერ ვტვირთულობ, არამე საკუთარი დაცემის გამო პასუხისმგებლობასაც სხვას ვაკისრებ ხოლმე.
–თქვენ მხოლოდ სხვისი მცირედი ტვირთის სიყვარულით ტვირთვაზე კი არ ამბობთ უარს, არამედ იმას ცდილობთ, რომ საკუთარი მძიმე ცოდვებიც სხვის მხრებს აჰკიდოთ, თუნდაც ის სხვა ჯანმრთელიც არც იყოს. თქვენთვის დიდი სულიერი სიმხნევის მოხვეჭაა საჭირო იმისათვის, რომ საკუთარ ცოდვებზე პასუხისმგებლობა თქვენს თავზე იტვირთოთ. რაც უფრო გაზრდი საკუთარ ტვირთს სხვათა ცოდვების აღებით, სახიერი ღმერთი მით უფრო შეგიმსუბუქებს მის ზიდვას, და მაშინ შენში საღმრთო სიხარულის განცდა დაიდებს ბინას.
თუ რომელინმე ძალოსანი ფიზიკურად სუსტი მიყვასის სიყვარულით, მის მაგივრად აიკიდებს ორ ტომარა ცემენტს, ეს იმდენად მნიშვნელოვანი ვერ იქნება, როგორც ის, რომ სხვისი ცოდვები საკუთარ თავზე აიღო და ისე „გაითავისო“, რომ შესაძლოა, ყველა შენ ცოდვებად მიიჩნევდეს მათ. ეს უმეტესი სათნოება და უმეტესი სიმდაბლეა.
ერთხელ ისე მოხდა, რომ ათონის ერთ–ერთი თანაცხოვრებულთა მონასტრის მორჩილი მეტიპიკონეს, რომელიც ამავდროულად მღვდელ–მონაზონი იყო, უხეშად დაელაპარაკა. მეტიპიკონე, რომელსაც მორჩილის დახმარება სურდა, მივიდა მასთან, როდესაც ის ღვთისმსახურებაზე წიგნს კითხულობდა, რათა ეჩვენებინა, თუ რომელი კონდაკი იკითხებოდა პირველად. მაგრამ მორჩილმა მთლად დაკარგა წონასწორობა და მსახურების შემდეგ სენაკში ჩაიკეტა. მეტიპიკონემ ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალა და ძალიან წუხდა ამის გამო, რომ მორჩილი მის გამო მრისხანებაში ჩავარდა და უხეშად შეეპასუხა მას. რადგანაც საკუთარი დანაშაულის შეგრძნება ნამდვილად სტანჯავდა, თავი აღარ უმართლებია იმით, რომ როგორც მეტიპიკონე, მოვალე იყო, მორჩილისათვის შეეხსენებინა წასაკითხი კონდაკი, რამდენადაც ტაძარში ღვთისმსახურების სწორად აღსრულებაზე თვითონ აგებდა პასუხს. ამის მაგიერ თავისთვის თქვა:“ ჩემი ბრალია, რომ ძმა ასე აღშფოთდა“. და აი, ის მორჩილთან სენაკში მივიდა, რომ მის წინაშე მეტანია შეესრულებინა და შენდობა ეთხოვა, მაგრამ მას სენაკის კარი შიგნიდან ჰქონდა ჩაკეტილი და კარს არ უღებდა. მაშინ მეტიპიკონე მის კართან იატაკზე დაჯდა და ასე იჯდა მთელ ღამეს – დღის სამ საათამდე. როდესაც საღამოს მსახურებისთვის ზარი დარეკეს, მორჩილი იძულებული გახდა კარი გაეღო და გამოსულიყო. მეტიპიკონე მუხლებზე დაემხო, დიდი მეტანია აღასრულა და უთხრა: „ შემინდე ძმაო, დამნაშავე ვარ“. აი, ასეთ დროს მოდის ღვთის მადლი.