მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) >ცოდვის წყვდიადიდან გათავისუფლება
ცოდვის წყვდიადიდან გათავისუფლება

–წმიდაო მამაო, თუკი წმიდა ნათლისღების შემდეგ ადამიანი საკუთარ თავს (ცოდვებით) დატვირთავს, ეს ძალიან მძიმე ცოდვაა?
–ეს მის ცოდვებზეა დამოკიდებული. ერთნი თავიდან ბოლომდე დაისვრებიან ხოლმე, ზოგიერთს მხოლოდ მცირედი მიესხურება, ვიღაცას მხოლოდ ერთი ჭუჭყიანი ლაქა მოუჩანს, ზოგიერთს კი–ორი.
–რომელი ცოდვები სვრის სულს ყველაზე მეტად, –მომაკვდინებელი?
–რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ მომაკვდინებელი ცოდვები ბილწავენ წმიდა ნათლისღებით მინიჭებულს, და მაშინ საღვთო მადლი განეშორება ქრისტიანს, თუმცა საბოლოოდ კი არ ტოვებს მას, ასევე, როგორც არ ტოვებს მფარველი ანგელოზი. გახსოვთ რა უთხრა ეშმაკმა კერპის ქურუმს, რომლის ქალიშვილზეც დაქორწინება სურდა ერთ ბერს?! „ ნუ იჩქარებთ, ამ ბერმა დატოვა ღმერთი, მაგრამ ღმერთს ჯერ კიდევ არ მიუტოვებია იგი“.
–წმიდაო მამაო, შესაძლებელია ცოდვის წყვდიადში  ცხოვრობდე და ამას ვერ ამჩნევდე?
–არა, გრძნობით კი გრძნობენ, მაგრამ ადამიანები გულგრილნი არიან. იმისათვის, რომ ვინმეს ქრისტეს ნათელი მიუახლოვდეს, იგი ჯერ ცოდვის წყვდიადიდან უნდა გამოვიდეს. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ბნელ სარდაფში აღმოჩნდა და დაუდევრობით ზურგს უკან კარი მიიჯახუნა, როდესაც ის შენიშნავს, რომ რომელიღაც დირედან სარდაფში მზის შუქი შემოდის, იმ შუქს გაჰყვება, კარს იპოვის და გარეთ გავა. ასეთსავე მდგომარეობაშია ცოდვის წყვდიადში მყოფი ადამიანი: იმ წუთიდან, როდესაც ის სიკეთეს აუცილებლად შეიცნობს და მასში კეთილი შფოთი დამკვიდრდება, ის მთელ ძალისხმევას იქეთ მიმართავს, რომ ამ წყვდიადიდან გამოვიდეს. როდესაც იტყვის: „ რასაც ვაკეთებ, არასწორია, მე გზას ავცდი,“ ადამიანი სიმდაბლეს იძენს, მასთან საღვთო მადლი მიდის და სემდეგ ის უკვე სწორედ იწყებს ცხოვრებას. მაგრამ, თუკი ადამიანის არსებაში კეთილი შფოთი არ შევიდა, მისთვის გამოსწორება ადვილი არ იქნება. მაგალითად: ვიღაც დახურულ შენობაში ზის და თავს ძალიან ცუდად გრძნობს. ასეთ ადამიანს შენ ეტყვი:“ ადექი, კარი გააღე, სუფთა ჰაერზე გადი და გონს მოხვალ“, ის კი პასუხს დაიწყებს:“ სუფთა ჰაერზე გასვლა არ შემიძლია, მაგრამ მითხარი რატომ ვარ გამოკეტილი ოთხ კედელში და სუნთქვა არ შემიძლია? რატომ არ არის აქ სუფთა ჰაერი, რატომ დამტოვა აქ ღმერთმა მე, მაშინ როდესაც სხვები თავისუფლებით ტკბებიან?“ განა ასეთი ადამიანისთვის დახმარება შესაძლებელია? იცით რამდენი ადამიანი იტანჯება, რადგანაც ყურს არ უგდებენ იმას, ვისაც მისთვის სულიერი დახმარების გაწევა შეუძლია?!

ცოდვის მიერ ადამიანი მიწიერ სამოთხეს მიწიერ ჯოჯოხეთად აქცევს. თუ სული სასიკვდილო ცოდვებითაა სავსე, ადამიანი დემონურ მდგომარეობას განიცდის: ჯიუტობს, იტანჯება, სიმშვიდე დაკარგული აქვს, და პირიქით: მშვიდია ის ვინც ღმერთთან ერთობაში ცხოვრობს, გონებას საღვთო ზრახვებისკენ წარმართავს და გამუდმებით კეთილი ზრახვები აქვს. ასეთი კი მიწიერ სამოთხეში ცხოვრობს, მასში იგრძნობა რაღაც სხვა რამ, რაც უცხოა მისთვის, ვინც უღმერთოდ ცხოვრობს. ამას გარშემომყოფებიც ამჩნევენ. სწორედ ეს არის საღმრთო მადლი, რომელიც გააცხადებს ადამიანს, თუნდაც მას თავის გამოჩენა არ სურდეს.