მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) >განსაცდელი ჩვენს ცხოვრებაში
განსაცდელი ჩვენს ცხოვრებაში

ღმერთი ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაფერის განსაცდელს უშვებს ჩვენზე. ერთ შემთხვევაში ის უშვებს, რომ ჩვენ რაღაც შეცდომა ჩავიდინოთ; მცირედი უყურადღებობა გამოვიჩინოთ, რომ სხვა შემთხვევაში მეტად ყურადღებიანნი ვიყოთ და გავექცეთ, ან, უკეთ რომ ვთქვათ, მოვერიდოთ უმეტეს ბოროტებას, რომელსაც ეშმაკი გვიმზადებს. არის შემთხვევა, როდესაც ღმერთი ნებას აძლევს ბოროტს განსაცდელი მოგვივლინოს, რათა ამით გამოგვცადოს ჩვენ. ანუ (ამ შემთხვევაში) ჩვენ გამოცდებს ვაბარებთ და ბოროტების ნაცვლად ეშმაკი სიკეთეს მოგვაგებს. გაიხსენეთ, როგორ წუხდა მამა ფილარეტი:“ შვილო ღმერთმა მიმატოვა: დღეს ერთი განსაცდელიც კი არ მქონია“. ბერს სურდა ყოველდღე ებრძოლა განსაცდელების წინააღმდეგ. რათა ქრისტესაგან შესაბამისი გვირგვინი მიეღო.
ძლიერი, მამა ფილარტეს მსგავსი ადამიანი, განსაცდელს არ გაურბის, არამედ სთხოვს ქრისტეს: „ ქრისტე ჩემო, მომივლინე განსაცდელი და მომეც ძალა. რომ წინ აღვუდგე მას.“ თუმც სუსტი ადამიანი სხვანაირად იტყვის: „ ქრისტე ჩემო, ნუ დაუშვებ განსაცდელს ჩემზე“. „და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“. თუმცა ხშირად, როცა განსაცდელი გვეწვევა, ჩვენ ვდვრტვინავთ: „ ასე ხომ არ შეიძლება, მეც ხომ ადამიანი ვარ, მეტი აღარ შემიძლია“. ეს მაშინ როდესაც უნდა ვამბობდეთ:“ მე ადამიანი არ ვარ, მე მხოლოდ ადამიანის ლექი ვარ, ღმერთო ჩემო, დამეხმარე, რომ ადამიანად ვიქცე“. მე იმისკენ არ მოგიწოდებთ, რომ განსაცდელისკენ თვითონვე ილტვოდეთ, მაგრამ როდესაც მოვა განსაცდელი, მას თავდაჭერილობითა და ლოცვით უნდა შეხვდეთ.
სულიერი ზამთრის ყოველგვარი უამინდობისას მოთმინებითა და იმედით უნდა ველოდოთ სულიერ გაზაფხულს. ყველაზე დიდი განსაცდელი ჩვეულებრივ ურაგანივით დაგვატყდება თავს, და იმ წუთებში, როდესაც ის გამანადგურებელ დარტყმას გვიქადის, ჩვენ თავის გარიდებას შევძლებთ, მაშინ ეშმაკთა მხედრობა, რომელიც ჩვენ განადგურებას ცდილობდა, შორს განიდევნება და ჩვენ საფრთხეს თავს დავაღწევთ ხოლმე. როდესაც ადამიანი ღმერთს უერთდება, მისთვის განსაცდელი უკვე აღარ არსებობს. განა ეშმაკი შეძლებს ბოროტი მიაგოს ანგელოზს?! მას ეს არ შეუძლია და თუ მაიმც მიუახლოვდება მას, თავადვე დაიფერფლება.
სულიერი ცხოვრება ძალიან უბრალო და მსუბუქია. ეს ჩვენთვითონ ვართულებთ მას არასწორი მოღვაწეობით. მხოლოდ ცოტაოდენი მცდელობით და ამასთან ერთად – დიდი სიმდაბლითა და ღმერთზე მინდობით ადამიანს შეუძლია ძლიერ წარემატებოდეს. განა იქ, სადაც სიმდაბლეა, ეშმაკისთვის დარჩა ადგილი?! ხოლო იქ, სადაც ეშმაკი არ არის, არც ეშმაკის საცდური არსებობს.
–წმიდაო მამაო, შეიძლება ადამიანი ღვთის დაშვებით ჩავარდეს ცოდვაში?
–არა, ამის თქმა, რომ ღმერთი უშვებს ჩვენს შეცდომებს, უხეში შეცდომაა. ღმერთი არასდროს დაუშვებს, რომ ჩვენ ცოდვაში ჩავვარდეთ. ეს ჩვენ, საკუთარი ნებით ვაძლევთ ეშმაკს მიზეზს. მერე კი ის მოდის და მოგვივლენს განსაცდელს. მაგალითად, ამპარტავნებით საკუთარი თავიდან მადლს განვდევნი, ამ დროს ჩემი მფარველი ანგელოზი განმიდგება, მის ადგილს სხავ „ანგელოზი“,–ანუ ეშმაკი იკავებს. შედეგად სრულ წარუმატებლობას მივიღებთ ხოლმე. მაგრამ ეს ღვთის დაშვება კი არ არის, არამედ, მე თავად ვაძლევ ეშმაკს ნებას, რომ ცოდვისკენ მიბიძგოს.
–წმიდაო მამაო, გამართლებული იქნება, თუ საკუთარ დაცემაზე ვიტყვით, ამაზე ეშმაკმა მიბიძგაო?

–თვითონაც ხშირად მომისმენია ვიღაც–ვიღაცეებისაგან, რომ მათ ტანჯვაში ეშმაკია დამნაშავე. მაშინ, როდესაც თვითონ ვართ დამნაშავე იმაში, რომ არასწორად ვეკიდებით იმას, რაც ჩვენს თავს ხდება ხოლმე. და გარდა ამისა, მაცდური ხომ სწორედაც მაცდურია, განა ის შეეცდება, რომ ბოროტების ქმნა აგაცილოს?! ის თავის საქმეს აკეთებს. არ შეიძლება, ყველაფერი მას გადავაბრალოთ. ერთი მორჩილი სენაკში თავის სულიერ მამასთან ერთად ცხოვრობდა, ერთხელ, როდესაც ბერმა მცირე ხნით დატოვა სენაკი, მოწაფემ აიღო კვერცხი, გასაღების რგოლზე დადო და სანთლის ალზე შეუდგა მის შეწვას! უეცრად ბერი დაბრუნდა და ის ამ საქმიანობაში გართული ნახა. „რას აკეთებ“? – „წმიდაო მამო, ეს ბოროტმა მიბიძგა, რომ კვერცხი შემეწვა“– დაიწყო თავის მართლება მორჩილმა. უეცრად ოთახში საშინელი ხმა გაისმა:– „არ არის მართალი, ასეთი რეცეპტი მე არასდროს მცოდნია, მისგან ვისწავლე“. ეშმაკს ზოგჯერ სძინავს და ჩვენ თავად ვიწყებთ მის პროვოცირებას, რომ განსაცდელი მოგვივლინოს.