მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) >ცოდვილებს სიმდაბლის მოსხვეჭად დიდი მასალა აქვთ დაგროვილი
ცოდვილებს სიმდაბლის მოსხვეჭად დიდი მასალა აქვთ დაგროვილი

ისინი, ვინც წარსულში ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ხოლო შემდეგ შეინანეს და სულიერი ცხოვრება დაიწყეს, მათზე მოწევნულ დამცირებასა და მწუხარებას სიხარულით უნდა იღებდნენ, რადგანაც მათი დათმენით ისინი ძველ ვალებს იხდიან. ჩვენ ვხედავთ, რომ როდესაც ცოდვილ ცხოვრებას დაჩვეულმა ღირსმა მარიამ მეგვიპტელმა შეინანა და საკუთარი ცხოვრება შეცვალა, მას ძველი ვნებები ტანჯავდნენ. მაგრამ იმ ვნებათა დასაძლევად ღირსმა დედამ დიდი ბრძოლა წამოიწყო. ეშმაკი ეუბნებოდა მას: „აბა რას დაკარგავ, თუკი ალექსანდრიას ერთხელ შეავლებ თვალს? იმისკენ კი არ გიბიძგებ, რომ იქ დროის სატარებლად გაიქცე, მხოლოდ შორიდან შეხედე და მორჩა“. მაგრამ წმიდანი იქით არც კი იხედებოდა. რა საოცარი სინანული ჰქონდა მას! სხვა ღირს დედებს, რომელთაც ადრე ერის ცხოვრებით არ უცხოვრიათ, ასეთი ბრძოლის გადატანა არ მოუხდათ. ხოლო ღირს მარიამს, რომელიც ერულად ცხოვრობდა, ეს ბრძოლა სტანჯავდა. ეს ტანჯვა ცოდვის ჭრილობებს წვავს. ამ გზით ერთნიც და მეორნიჩ ურყევ სულიერ მდგომარეობამდე მიდიან.
 – წმიდაო მამაო, ასეთ მდგომარეობაში, რომალშიც ღირსი მარიამ მეგვიპტელი იყო, მოღვაწეს არანაირი საღვთო შეწევნა არა აქვს ხოლმე?
–როგორ არა აქვს?! აქვს და თანაც როგორი! ღირსმა მარიამმა ისეთ სულიერ სიმაღლეს მიაღწია, რომ ლოცვისას მისი ფეხები მიწას სცილდებოდა.
დიდ ცოდვილებს, როდესაც ისინი საკუთარ მდგომარეობას შეიცნობენ, სიმდაბლის მოსახვეჭად დიდი მასალა აქვთ დაგროვილი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დაცემა დაცემად რჩება, მაგრამ ამავდროულად ეს დაცემა არის მასალა, „ნედეული“ სიმდაბლისა და ლოცვისათვის. ცოდვები, რომლებსაც ცოდვილები დასამდაბლებლად იყენებენ, იგივეა, რაც ნაკელი, რომლითაც ნათესობას ვანოყიერებთ. მაშ, რად არ გამოვიყენოთ ეს ნივთიერება ჩვენი სულის მინდვრის გასანოყიერებლად, რათა მან მდიდარი მოსავალი მოგვცეს? ანუ თუკი ადამიანი, რომელმაც დიდი ცოდვები ჩაიდინა, მაგრამ იგრძნო თავისი ცოდვების სიმძიმე იტყვის:’მე თავს ზემოთ არ უნდა ვიღებდე და ადამიანებს თვალს ვერ უნდა ვუსწორებდე“! მაშინ ის უკიდურესად იმდაბლებს თავს და დიდ მადლს მოიხვეჭს. ის წაუბორძიკებლად საფუძვლიანად წარემატება და შეუძლია დიდ სულიერ სიმაღლეს მიაღწიოს. ხოლო ის, ვისაც დიდი ცოდვები არ ჩაუდენია, თუ სწორი განწყობილება არ მოიპოვა, ვერასოდეს იტყვის:’უფალმა საფრთხისგან დამიცვა, მე კი ასე უმადური ვარ. მე ყველაზე დიდ ცოდვილზე უარესი ცოდვილი ვარ“! ასეთი ადამიანი სულიერად ჩამორჩება იმ ცოდვილს, ვინც სიმდაბლე მოიხვეჭა.
მეზვერე და ფარისეველი მაინც გაიხსენეთ. ფარისეველს კეთილი საქმეები კი ჰქონდა, მაგრამ ამავე დროს ამპარტავნობით იყო შეპყრობილი. მეზვერეს კი ცოდვები ჰქონდა, მაგრამ გრძნობდა ამას, გულს იმუსრავდა და თავს იმდაბლებდა – ეს კი სწორედ ის უმთავრესი რამ არის, რასაც ქრისტე ითხოვს ადამიანისაგან. ამიტომაა, რომ მეზვერე გადარჩა. გინახავთ როგორ არის გამოსახული ფარისეველი ერთ ხატზე?ის თითს იშვერს მეზვერისაკენ: „მე მისნაირა არა ვარ!“ საცოდავი მეზვერე კი სვეტს ეფარება და თავის აწევას ვერ ბედავს, რომ ირგვლივ მიმოიხედოს. ფარისეველი თითით ანიშნებს ქრისტეს სად დგას მეზვერე! მიგიქცევიათ ამისათვის ყურედღება?! თითქოს ქრისტემ თვითონ არ იცია სად იმალება მეზვერე! და აი მიუხედავად იმისა, რომ ფარისეველი გარეგნულად აღასრულებდა რჯულის მოთხოვნებს, ამან მას არანაირი სარგებლობა არ მოუტანა. რას აკეთებს ამპარტავნება! ცოდვილი რომელშიც სიმდაბლე არ არის, მეზვერის ცოდვებსა და ფარისევლის ამპარტავნებას ერთად ატარებს. სწორედ ეს გახლავთ ორმაგი „ნიჭი. იმაისთვის, რომ სულიერად გავჯანსაღდეთ, შევეცადოთ, რომ რამდენადაც შევძლებთ, განვიწმინდოთ სულიერი შხამებისაგან, ანუ ვნებებისაგან.“