მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > სინდისზე ზრუნვა აუცილებელია
 სინდისზე ზრუნვა აუცილებელია

გამოვცადოთ საკუთარი სინდისი
სახიერმა ღმერთმა პირველქმნილ ადამიანებს მიანიჭა სინდისი– პირველი საღვთო სჯული. ღმერთმა სინდისი ადამიანების გულებში ღრმა ხაზებით ამოკვეთა. და მას შემდეგ თითოეული ადამიანი მემკვიდრეობით იღებს მას. თუკი ადამიანი რაიმეს არასწორად აკეთებს, მაშინ სინდისი, რომელიც მის არსებაში მუშაობს, ამხელს და სინანულისკენ უბიძგებს. მაგრამ აუცილებელია, რომ სულიერი მოღვაწეობა სწორედ წარიმართოს, და გამუდმენით იცდებოდეს სინდისი, რათა მისი ხმის გაგონება, მისი მოსმენა ყოველთვის შეიძლებოდეს. თუ საკუთარ სინდისს არ აღზრდის, ადამიანს არც სულიერი წიგნების კითხვა არგებს რამეს და არც წმიდა მამათა რჩევები. თუ საკუთარ სინდისს არ გამოცდის, ის ვერც საღვთო მცნებების დაცვას შესძლებს.
–წმიდაო მამაო, განა შეიძლება, რომ სრულიად ვერ ხედავდე საკუთარ სულიერ მდგომარეობას და ვერ ამჩნევდე, რომ გზას ასცდი?
–თუკი ადამიანი სინდისის ხმას არ მისდევს და არ განწმენდს მას, მისი სინდისი ლექის ფენით იფარება და უგრძნობი ხდება. ის სცოდავს და თავს ისე გრძნობს, თითქოს განსაკუთრებულს არაფერს აკეთებს.
–წმიდაო მამაო, თუ შეიძლება გვითხარით, როგორ უნდა ვზრუნავდეთ სინდისის გამოსაცდელად?
–იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, ნამდვილად მივდევთ თუ არა საკუთარი სინდისის ხმას, ყურადღებით უნდა ვაკვირდებოდეთ თავს და ყველაფერს ვეუბნებოდეთ სულიერ მოძღვარს. ხომ შეიძლება, საკუთარი სინდისის დათრგუნვის შედეგად ვთვლიდეთ, რომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ანდა შესაძლოა, დამახინჯებული სინდისიდან გამომდინარე, ადამიანი საკუთარ დანაშაულს ქველმოქმედებად მიიჩნევდეს. ასეც ხდება ხოლმე: ადამიანს ვნებს ის, რომ სინდისი მეტისმეტად მგრძნობიარე აქვს.
–წმიდაო მამაო, მე შინაგანად განვიკითხავ სხვებს და ამით საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ. იქნებ ეს იმიტომ ხდება, რომ უგრძნობლად გადავიქეცი?
–დიდი ყურ5ადღებაა საჭირო. როდესაც ადამიანი პირველად სცოდავს, მას შინაგანად რაღაც ამხელს და ის ამას განიცდის. როდესაც ამ ცოდვას გაიმეორებს, ნაკლებად ამხელს სინდისი, ხოლო თუ ის უყურადღებოა და ცოდვის ქმნას განაგრძობს, მისი სინდისი ქვავდება. მაგალითად, თუ ვინმეს რაიმე დანაშაულისთვის შენიშვნას აძლევ, იგი იმისათვის, რომ სინდისის ქეჯვნა არ ოგრძნოს და არ შეშფოთდეს, საუბრის თემას ცვლის, სწორედ ისე, როგორც ინდუსები ნირვანაში იძირებიან. ერთმა ყმაწვილმა ჰიმალაის მთებში ხუთი იტალიელი ალპინისტი მოკლა, მიწაში დაფლა და ცნობიერების მოსაკრებად ვარჯიში დაიწყო. ის მიწაზე დაჯდა და ორი საათის განმავლობაში იმეორებდა–„ხე–ხე–ხე“, რათა „სულიერი ვაკუუმიდან„ გამოსულიყო, მომხდარი დაევიწყებინა და გონება არ შეშფოთებოდა. დავუშვათ, მე რომელიმე დას ჩადენილი თვითნებობის გამო ვსაყვედურობ. თუკი ეს და სულიერად სწორედ არ იღწვის და გამოსწორებას არ ცდილობს, ჩემი ზრუნვის სამაგიეროდ მას შეუძლია თქვას–„დღეს საღამოს მწუხრის ზარს ადრე დავრეკავ“! –მხოლოდ იმისთვის, რომ საუბრის თემა შეცვალოს. მერე კი ეშმაკი დაახვევს თავბრუს და ეუბნენა–„ნუ შეშფოთდები, ეს ხომ იმისთვის უთხარი, რომ ის არ განერვიულებულიყო“. ეშმაკი პოულობს მის გასამართლებელს და იმის მაგიერ, რომ აღიაროს:“ეს იმისთვის გავაკეთე, რომ სინდისის ხმა ჩამეხშო“, ის თავს იმართლებს და ამბობს–„ ეს მე იმისთვის გავაკეთე, რომ ბერი არ განერვიულებულიყო“. ხედავ რას აკეთებს ეშმაკი?! დახვეწილი სამუშაოა! ის მანქანის სახელურს სხვა სიჩქარეზე გადართავს, რომ ჩვენ საკუთარი დანაშაული ვერ დავინახოთ.
–წმიდაო მამაო, შეიძლება ადამიანი თავის უმნიშვნელო შეცდომებს ამჩნევდეს, მაგრამ უხეშ შეცდომებს ვერ ხედავდეს?
–როგორ არ შეიძლება! ნაცნობი მღვდელი ერთი შემთხვევის შესახებ გვიამბობდა: ერთი ქალი, რომელიც მასთან აღსარებაზე მივიდა, უნუგეშოდ მოთქვამდა, ტიროდა და ერთსა და იმავე ფრაზას იმეორებდა: „ მე მისი მოკვლა არ მინდოდა“– „მომისმინე– ამშვიდებდა მღვდელი, – თუკი სინანული გაქვს, ღმერთი ცოდვას შეგინდობს, მან ხომ მონანულ დავითს შეუნდო!“ –„ხო, ხო, მაგრამ ეს მე არ მინდოდა!“ –იმეორებდა იგი. –„როგორ მოკალი?“ ფრთხილად ჰკითხა მღვდელმა.– „აი, ასე: მტვერს ვწმენდდი, უნებურად ჩვარი მოვიქნიე და მოვკალი, არ მინდოდა ამ ბუზის მოკვლა!“ და ამ ყველაფერთან ერთად ეს პიროვნება ღალატობდა ქმარს, მან მიატოვა შვილები, დაანგრია ოჯახი და კაცმა არ იცის, სად ცხოცრობდა. მაგრამ ყოველივე იმაზე, როგორც სრულიად უმნიშვნელო რამეზე, ისე ყვებოდა.–„ამ ყველაფრისთვის ეპიტემიას იმსახურებთ’!– უთხრა მას მღვდელმა, როდესაც მისი“ გმირობების“ შესახებ შეიტყო.– „ და რატომ ვიმსახურებ ეპიტემიას „ამ ყველაფრისთვის?’– იკითხა მან. აბა მითხარი, ასეთი ადამიანის შეცვლა შესაძლებელია?!