მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > საკუთარი ცოდვების გაცნობიერება ღმერთს ჩვენდა მომართ მოწყალეს გახდის
 საკუთარი ცოდვების გაცნობიერება ღმერთს ჩვენდა მომართ მოწყალეს გახდის

–წმიდაო მამაო, ამბა ისააკი ამბობს, რომ ლოცვისას თავს ბავშვად უნდა ვგრძნობდეთ
–დიახ, თავს ბავშვად უნდა ვგრძნობდეთ, მაგრამ–ურჩ ბავშვად. უნდა გააცნობიერო, რომ საკუთარი მამა გააწყრე და წუხდე ამის გამო. მაშინ იგრძნობ საღვთო ალერსს. არ უნდა თქვა:“მე ბავშვი ვარ და ამიტომ ღმერთს უნდა ვუყვარდე და მომიტევოს, ასე რომ შემიძლია უამრავი ოინი ჩავიდინო“.
–წმიდაო მამაო, წმიდა გრიგოლ ნოსელთან წავიკითხე: იმისათვის, რომ ღმერთს მამა ვუწოდოთ, უვნებლობას უნდა მივაღწიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს „ბრძოლა და მსხვერპლია“ მხოლოდ.
–ნუ ნაღვლობ სულელო, წმიდა მღცდელთმთავარმა ეს ამაო ცოდვილი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანებისთვის დაწერა. თუმცა, თუკი ცოდვის აღსრულების შემდეგ ადამიანი ღრმად შეიცნობს თავის დანაშაულს, შეუძლია, რომ ღმერთს მამა უწოდოს.
–წმიდაო მამაო, ღვთის წინაშე უდიდეს მევალედ ვგრძნობ თავს და ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია.
–იმ წუთებიდან, როდესაც თავს ღვთის მევალედ იგრძნობ და სიმდაბლით იტყვი:“ვცოდე, ღმერთო ჩემო“! ღმერთი შეგინდობს და თავის მადლს მოგანიჭებს და თუკი ამგვარ მდგომარეობაში მოგიწევს სიკვდილი, მაშინ ცხონდები. შენ ტყუილედ ხომ არ უწოდებ თავს მევალეს და ამავე დროს დაღმართზე ხომ არ მიექანები?! არა– შენ სწორედაც რომ მოღვაწეობ! შენ ეშმაკეულ მდგომარეობაში როდი ხარ!– ღმერთმა დაგიფაროს! ღვთის მადლით ხომ აქ, მონასტერში დები ავად თუ კარგ სინანულში არიან. გარდა ამისა, იცოდე, რომ როდესაც სულიერი ადამიანი თავს სრულიად უვარგისად მიიჩნევს, ამით იგი ღვთის მადლს მოიხვეჭს. საკუთარი ცოდვილობის შეცნობა ხომ ასეთი (სულიერი) ადამიანისათვის გასაბანელად იქცევა ხოლმე.
როდესაც ჩემთან საუბარში ვინმე საკუთარ თავს უმაქნისს უწოდებს, მიხარია, რადგან ადამიანი თუ საკუთარ ცოდვებს შეიცნობს, ის მათგან განთავისუფლდება. ერთხელ ათონზე გადავაწყდი ქოხს, რომელშიც ერთი კაცი კატებთან და ძაღლებთან ერთად ცხოვრობდა, ის ხანძრის შიშით ცეცხლს გასათბობადაც კი არ ანთებდა. ეს ადამიანი ყველასაგან მიტოვებული და დავიწყებული იყო. მე შემებრალა იგი, მაგრამ როდესაც თანაგრძნობა გამოვხატე, მან მომიგო:“ნუ შემიბრალებ ბერო, მე უნდა ვიტანჯო, რომ იცოდე რამდენი ცოდვა მაქვს ჩადენილი, აღარ შეგეცოდებოდი. ჩემთვის ეს პირობებიც კი მეტისმეტად კარგია, რომელშიც ვცხოვრობ.“ მაგრამ რაც არ უნდა დიდი იყოს მისი ცოდვები, განა ღმერთი ასეთ ადამიანს არ აცხონებს?
ცოტა ხნის წინ, საავადმყოფოში რომ ვიყავი, მოვიდა ერთი ქალი, რომელიც ხშირი სისხლის გადასხმებისაგან მთალი ხელები ნემსით ისე ჰქონდა დაჩხვლეტილი, რომ საშინელი შესახედი იყო და კანზე ერთი მთელი ადგილიც კი აღარ შერჩენოდა. „ჩემში სიკეთის ერთი ნასახიც კი არ არის. იქნებ ღმერთმა შემიბრალოს და წამიყვანოს სამოთხეში, მე ხომ ესა და ეს ცოდვა მაქვს და ესა და ეს ნაკლი“. და ის საკუთარ თავს უამრავ ცოდვაში ამხელდა. რა საოცრად დახვეწილი იყო მისი სულიერი ღვაწლი! ამგვარ მდგომარეობაში მყოფ ასხვა ადამიანს არც შევხვედრივარ.
–წმიდაო მამაო, გავიგონე, ერთი ადამიანი რომ ამბობდა: „ვფიქრობ, რომ ქრისტე (კაცთა მსაჯული) ჩვენდამი შემწყნარებელი იქნება“. ეს სწორი მოსაზრებაა?
–თუ ადამიანს დიდი სიმდაბლე აქვს, თუკი ის თავის ცოდვებს აცნობიერებს, მაღალ დონეზე განიცდის თავის დანაშაულს და იტანჯება, მაშინ ქრისტე იქნება შემწყნარებელი მისდამი და შეუნდობს. ეტყვის მას: „შვილო ჩემო, ნუღარ ფიქრობ ამაზე, ყოველივე ეს შორეულ წარსულს ჩაბარდა’. მაგრამ თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებს ვერ აცნობიერებს და მაინც ჰგონია, რომ ქრისტე მისდამი შემწყნარებელი და გულმოწყალე იქნება, ეს ძალიან სახიფათო მდგომარეობაა. რა გამოდის, რომ ქრისტე ცოდვილებს აჯილდოვებს?!
საკუთარი თავის კეთილად შეცნობა ღმერთის ლმობიერებას იწვევს, საღვთო შეწევნასა და სამოთხის სიხარულს გვანიჭებს. ჩვენ რომ შემწეობის მიღება საკუთარი თავის შეცნობის გარეშე შეგვძლებოდა, ღმერთი ამასაც არ მოითხოვდა ჩვენგან.
–წმიდაო მამაო, თქვენ საკუთარი თავის კეთილად შეცნობა ახსენეთ და „უკეთურად შეცნობაც არსებობს?“ –დიახ არსებობს, როდესაც საკუთარ შინაგან კაცზე არასწორი წარმოდგენა გაქვს, თავს იმართლებ და სინდისს იმშვიდებ. ამიტომ, როდესაც ვამბობ, რომ ადამიანი ხვდება თავის შეცდომებს, ვგულისხმობ, რომ ის მცირეოდენ ძალისხმევას მაინც ხმარობს იმისათვის, რომ გამოსწორდეს. მაგალითად, მე შენი ხუთასი ათასი დრაქმა მმართებს. შეხვედრისას გეუბნები:“ხუთასი ათასი შენი ვალი მაქვს“. თუმცა ვალის დაბრუნებაზე დიდად არ ვნაღვლობ. უბრალოდ ვაღიარებ, რომ შენი მოვალე ვარ. გადის მცირე ხანი, კვლავ ვიხსენებ ამას და კვლავ გეუბნები: „ხო, ხო მე ვალი მაქვს“. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს ვალს ვაცნობიერებ. ვალის ჭეშმარიტი გაცნობიერება ის არის, როდესაც ადამიანი ვეღარ იძინებს, გადახდის საშუალებებზე ფიქრობს. ამ შემთხვევაში სიტყვებს – „შენი ვალი მაქვს“–ისეთი ტონით წაარმოთქვამს, მევალე ხვდება, რო  ამ ვალის გადახდა მას ნამდვილად აწუხებს.