მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > საკუთარ ცოდვილობის გაცნობიერება და სულიერ ბრძოლის წარმატებულობა
საკუთარ ცოდვილობის გაცნობიერება და სულიერ ბრძოლის წარმატებულობა

–წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი სულიერ ბრძოლაში არ წარემატება, შეუძლია მას საკუთარ თავს უთხრას:“რაც ხარ, იმადვე დარჩები, შენგან უკეთესს არც ველი რამეს“.
–საკუთარ მდგომარეობასთან ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა ხიბლში ჩაგვაგდოს. ასეთი ადამიანი იქნებ იქამდეც კი მივიდეს, რო თქვას:“ის ვინც სამოთხეში მოსახვედრია, მაინც მოხვდება, რიღასთვის უნდა ვიღვაწო?“ მაშ რაღა გამოდის, რომ წმიდანები წმიდანებად უბრძოლველად  იქცნენ?! როდესაც ადამიანი ასე ლაპარაკობს, ის ელის, რომ ღვაწლის გარეშე გამოსწორდება და განიწმიდება ცოდვებისაგან. ის იმ მოხუცივით იქცევა, რომელსაც კენკრით პირის ჩატკბარუნება უნდოდა, ამიტომ ბუჩქის ქვეშ პირდაღებული დაჯდა და ელოდა, როდის მოსწყდებოდა ხეს ნაყოფი და ჩაუვარდებოდა პირში.
–წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდე, რომ სულიერად წარვიმატები?
–თუკი საკუთარი ცოდვილობის განცდა გაქვს, სულიერი წარმატება გექნება. რაც უფრო დიდად გეჩვენება შენი ცოდვები, მით მეტად აცნობიერებ მათ და სულიერადაც უმეტესად წარემატები.
–წმიდაო მამაო, შესაძლებელია, ცოდვებს აცნობიერებდე და ამავე დროს სულიერად არ წარემატებოდე?
–როდესაც კაცი აცნობიერებს ცოდვას და მიუხედავად ამისა, უნებურად კვლავ იმეორებს მას, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ან ამპარტავნებაშია, ან მიდრეკილია ამპარტავნებისკენ, ამიტომ ღმერთი არ შეეწევა მის წარმატებულობას.

თუკი ადამიანი აცნობიერებს თავის ცოდვილობას, ეს უდიდეს ძალას მატებს მას და მართლაც დიდი საქმეა. ამის შემდეგ ადამიანი საკუთარი თავის დათრგუნვას, დამდაბლებას იწყებს. იგი ყოველგვარ სიკეთეს ღვთის კაცთმოყვარებასა და სახიერებას მიაწერს და მისდამი უდიდესი მადლიერებით განიმსჭვალება. ამიტომაც ცოდვილები, რომლებიც საკუთარ ცოდვებს აცნობიერებენ, ნანობენ და თავს იმართლებენ, ღმერთს მეტად უყვარს, ვიდრე ისინი, ვინც ბევრს იღწვიან, მაგრამ საკუთარ ცოდვილ მდგომარეობას არ ცნობენ და სინანული არ აქვთ.