მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ჩვენი გამოსწორებისათვის ღვთის წყალობა სიმდაბლით უნდა ვითხოვოთ
ჩვენი გამოსწორებისათვის ღვთის წყალობა სიმდაბლით უნდა ვითხოვოთ

–წმიდაო მამაო, წმიდა მამები ამბობენ: სინანული ის არის, როდესაც ადამიანი გადაწყვეტს, რომ ძველ ცოდვებს აღარ გაიმეორებს და ინანიებს მათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მიერ აღსრულებული ცოდვები გამუდმებით უნდა გვახსოვდეს?
–არა, თითოეული ცოდვის ცალკ–ცალკე ხსოვნა საჭირო არ არის. თუმცა საკუთარი ცოდვილობის შეგრძნება თან უნდა გვდევდეს. გარკვეული ხნის განმავლობაში ადამიანი საკუთარ ცოდვებზე უნდა ფიქრობდეს, შემდეგ კი სიმდაბლით უნდა ითხოვოს წყალობა ღვთისაგან. და თუ მასში ამპარტავნება არ არის, ღმერთი დაეხმარება მას, განსაკუთრებით–მგრძნობიარე ადამიანმა, თუ მოინანიებს და ძველ ცოდვებს აღსარებაში იტყვის, ჯობს შემდეგ დაივიწყოს კიდეც ისინი, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ეშმაკმა მათი ხელახალი გახსენებით დრო წაართვას და ლოცვას მოსწყვიტოს. მაგრამ თუ ნაკლებად მგრძნობიარე ადამიანი ხედავს, რომ მასში ამპარტავნება იჩენს თავს, ძველი ცოდვების გახსენებას უნდა  შეეცადოს, რათა ამით დამდაბლდეს.
–წმიდაო მამაო, შესაძლებელია, ადამიანი საკუთარ ცოდვას აცნობიერებდეს და ამავე დროს სინსნული არ ჰქონდეს?
–შესაძლებელია, თუკი მასში სიმდაბლე არ არის. როდესაც სინანულს ეგოიზმი ერთვის, ადამიანი გამუდმებით იწვალებს თავს ასეთი კითხვებით:“როგორ ჩავიდინე ეს საქმე?“, „როგორ შეხედავს ამას ხალხი“?! „რას იფიქრებენ ჩემზე“?! ‘როგორ მოხდა, რომ აქამდე დავეცი“?!–და იტანჯება. სიტყვებში:“როგორ დამემართა, რომ ეს შეცდომა გავიმეორე“?!– ეგოიზმი იჩენს თავს. ამაში სინანული არ ჩანს. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ მან შესცოდა. ხოლო როდესაც გააცნობიერებს ამას, თავმდაბლად ითხოვოს ღვთის წყალობა. ასეთმა ადამიანმა უნდა თქვას:“ღმერთო ჩემო შევცოდე, შემინდე, ასეთი არარაობა ვარ. შემიბრალე, თუ არ დამეხმარები, შესაძლოა უარესი გავხდე, უკეთესი კი ვერ გავხდები. ჩემით ვერასოდეს გამოვსწორდები.“ და როდესაც ამას იტყვის, უნდა ეცადოს, რომ ცოდვა აღარ გაიმეოროს. ბევრი ადამიანი ტკივილს იმის გამო კი არ განიცდის, რომ სხვა ადამიანების თვალწინ დაეცა, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ცოდვით ღმერთი გააწყრო.
როდესაც ერულად მცხოვრები ადამიანი ერის სულთან კავშირს წყვეტს, შემდეგში ის გრძნობს, რომ ეს სული მისდაუნებურად თავისკენ ეზიდება. მაგრამ ასეთი ადამიანი სასოწარკვეთილებამ არ უნდა შეიპყროს. ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება წარმატებად ჩაითვალოს ისიც, რომ  ცოდვილში კეთილი შფოთი  შევა, რომელიც მის სულს ჩადენილ დანაშაულებებში ამხელს; ასევე იმაში, რომ მას შეეძლო გაეკეთებინა რაიმე სიკეთე და არ გააკეთა. თანდათან მიმდინარეობს ბრძოლა, ადამიანი უნებურად მდაბლდება და კეთილი სასოწარკვეთილება იპყრობს. ანუ მას სასო წარეკვეთება, იმედს კარგავს თავის „მეს“ მიმართ. მაშინ იგი ყოველგვარ სიკეთეს ღვთის მადლის ზემოქმედებით ხსნის და ჭეშმარიტად ირწმუნებს უფლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს:“თვინიერ ჩემსა არარაი ძალგიც ყოფა არცა ერთი“. თუკი ამის შედეგად ეს ადამიანი ღვთისმოსაურად მოიქცევა, სიმდაბლით იღვაწებს, სასოებას ღვთის ყოვლადძლიერებაზე დაამყარებს, მაშინ სახიერი ღმერთი შეიწყალებს მას.