მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > მწუხარება ჩვენი ცოდვების გამო
მწუხარება ჩვენი ცოდვების გამო

–წმიდაო მამაო, როგორ უნდა დაეხმაროს ადამიანი საკუთარ თავს, რომ  ჩადენილი ცოდვა აღარ გაიმეოროს?
–თუკი ადამიანს მართლაც შეაწუხებს ჩადენილი ცოდვა, ის მას აღარ გაიმეორებს. ადამიანის გამოსასწორებლად აუცილებელია, რომ მასში სულიერი შემუსვრილება და გულწრფელი სინანული ერთმანეთს შეერწყას. ამიტომაც ამბობს წმიდა მარკოზ მოღვაწე:“ თუ ადამიანი  რომელიმე ცოდვას ამ ცოდვის შესაბამისი სინანულით არ მოინანიებს, იგი ადვილად გაებმება იმავე ბადეში“. ანუ–თუ ცოდვა დიდი არ არის, მისთვის ნაკლები სინანულია საჭირო, ხოლო თუ ცოდვა უფრო მძიმეა, მისთვის უმეტესი სინანული უნდა შეიწირებოდეს. თუ საკუთარი დაცემის სიღრმეს არ შეიცნობს და ამის შესაბამისად არ შეინანებს, ადამიანი იმავე და კიდევ უფრო ღრმა ცოდვებში ადვილად ჩავარდება.
–როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს დაცემას შესაბამისად არ ვინანიებთ?
–დაცემასა და სინანულს შორის შეუსაბამობას ამტკიცებს ის, რომ იმავე ცოდვაში კვლავ ვვარდებით. გარდა ამისა, საკუთარი თავის გამოძიებისას მხოლოდ (სულიერი) დიაგნოსტიკით ნუ შემოვიფარგლებით. თქვენ ხომ (სულიერი) მიკრობიოლოგიური გამოკვლევებით უსასრულოდ ხართ დაკავებულნი. როდესაც საკუთარ სულიერ მიკრობს აღმოაჩენთ, ათვალიერებთ მას დაამბობთ:“ეს უნდა განადგურდეს“. თუმცა მკურნალობას მაინც აყოვნებთ. მაშ კარგი: ვთქვათ, დავრწმუნდით, რომ ესა თუ ის ავადმყოფობა დაგმართვიათ, მაშინვე იმაზე უნდა დაიწყოთ ფიქრი, თუ როგორ უნდა განიკირნოთ მისგან. მხოლოდ ანალიზების გაკეთება რას გარგებთ, თუკი მდგომარეობის გამოსწორებას არ შეეცდებით? თქვენ ამბობთ: „მაქვს რაღაც ერთი ვნება, მაქვს მეორეც“. თქვენ ამ ვნებებისგან განთავისუფლებას არ ცდილობთ და ვნებულ მდგომარეობაში დარჩენას ამჯობინებთ. ამგვარად საკუთარ ძალებს ქარს ატანთ და საკუთარ თავს ტყუილ–უბრალოდ ფლანგავთ. თქვენ ფლანგავთ საკუთარ გონებას, საკუთარ გულს. მღელვარება ავად გხდით და მერე აღარაფრის კეთება არ შეგიძლიათ. მერე კი, როდესაც გამოჯანმრთელდებით, ხელახლა დაიწყებთ გამოთვლებს:“ რა მოხდა ისეთი, რომ ასე ავად გავხდი და რამ გამოიწვია ეს ყველაფერი?“ მე იმის თქმა არ მინდა, რომ საკუთარ თავს კვალში უნდა ჩაუდგეთ, მაგრამ ნუ მისცემთ ცოდვებს იმის ნებას, რო შეუმჩნეველნი დარჩნენ. აბა, ჩემო ძმაო რაღაც საზღვრებში უნდა გაბრაზდე კიდეც. მაშ უგრძნობი ხომ ვერ იქნები?! მერე რა: რაიმე არასწორი გააკეთე?! ხომ დაფიქრდი ამაზე?! ხომ მიხვდი საიდან მომდინარეობდა ეს შეცდომა?! ხომ გააცნობიერე ის?! ხომ აღიარე აღსარებაში?! თუ ეს ასეა, მაშ განაგრძე გზა და ამ შეცდომას ნუღა გამოეკიდები. მეხსიერებაში მხოლოდ იმისათვის შემოინახე, რომ მომავალში როდესაც მისი განმეორების საფრთხის წინაშე აღმოჩნდები, უმეტესი ყურადღება მოიკრიბო. თუ საკუთარი შეცდომების გამოსწორებაზე არ ვზრუნავთ, მათ გამო მღელვარება არაფერს გვარგებს. ცოდვების გამო ტირილი, თუ მათ გამოსწორებას არ ვცდილობთ, იგივეა, რაც ის, რომ დაუსრულებლად დავტიროდეთ ავადმყოფს და მის განკურნებას კი არ ვცდილობდეთ.
–წმიდაო მამაო, მწუხარება მაშინაც კი არ არის საჭირო, როდესაც რომელიმე შეცდომა მართლაც იმსახურებს მწუხარებას?
–ასე არ არის. ასეთ შემთხვევაში მწუხარება საჭიროა. თუმცა მწუხარება ზომიერი და შესაფერისი უნდა იყოს. თუ ჩადენილი შეცდომის გამო ტკივილს არ გრძნობ, მაშინ უგუნურებით ადვილადვე გაიმეორებ მას. ანუ–გამოუსწორებელი რჩები. თუმცა, სინანულის მწუხარებით დაიწყებ და მერე სასოწარკვეთილებამდე მიხვალ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროზე მეტი მწუხარება განიცადე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ საკუთარი თავი მცირედ გაამხნევო და ჩადენილ შეცდომას გარკვეულწილად გულგრილად მოეკიდო.