მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > სინანულის უსასრულო ხელსაქმე
სინანულის უსასრულო ხელსაქმე

–წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ბედნიერების ცრემლი?
ბედნიერების ტირილი არის სიხარულის ნიშანი, სიხარულისა, რომელიც წარმოიშობა იმისგან, რომ რომელიც რაიმე ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვის გამო მწუხარებას განვიცდით. სიხარულის ცრემლში მწუხარება და სიხარულია შეერთებული. სწორედ ამიტომაც ჰქვია მას სიხარულის ცრემლი. ღვთისმოსაობის გამო ადამიანი წუხს იმაზე, რომ დაამწუხრა ქრისტე. მაგრამ, ამავე დროს იგი ხარობს კიდეც, რადგან საღმრთო ნუგეშისცემას გრძნობს. გულწრფელად მონანიე ცოდვილი ღვთისაგან  შენდობას იღებს. საღმრთო ნუგეშისცემას გრძნობს და შეუძლია სულიერი სიხარული განიცადოს.
–წმიდაო მამო, შესაძლებელია, რომ ღვაწლში მყოფი ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში სინანულში ცხოვრებდეს?
–დიახ, თუ სწორედ მოღვაწეობს, ადამიანი საკუთარ წარმატებას ვერ ამჩნევს. ის მხოლოდ დაცემებს ხედავს და ამიტომ გამუდმებით სინანულშია. მან არ იცის, რომ თავდაპირველად ერთ ეშმაკს ებრძოდა, ახლა კი შესაძლოა, ეშმაკების მთელ მხედრობას ებრძვის. საერთოდ ხომ ასეა: რაც მეტად ცდილობს ადამიანი ვნების აღმოფხვრასა და საკუთარ თავში სათნოების დანერგვას, ამ ვნების ფესვების ირგვლივ მით მეტი ეშმაკი გროვდება (ისინი ამ ვნების ფესვებს ექაჩებიან და მოღვაწეს მის აღმოფხვრაში უშლიან ხელს). ასეთ დროს ადამიანი მეტად წარემატება, თუმცა ამ წარმატებას თავად ვერ ამჩნევს. ამგვარ მდგომარეობაში ადამიანმა შესაძლოა, მთელი ცხოვრება გაატაროს–ვიდრე სიკვდილამდე. შესაძლოა, მან ვერ დაინახოს თავისი წარმატება. შესაძლოა ეგონოს, რომ რადგანაც ეცემა, ერთ ადგილს ტკეპნის. სინამდვილეში კი, ასეთი ადამიანი სულიერად წარემატება, რადგანაც მისი ბრძოლა სულ უფრო რთულდება და სულ უფრო და უფრო მეტ ეშმაკთან უწევს ომი.

სულიერად მოღვაწე ადამიანისათვის სინანული დაუსრულებელი ხელსაქმეა. როდესაც ვინმე კვდება, მას გამოიტირებენ, მიწას მიაბარებენ და მერე კი ივიწყებენ... ცოდვების გამო ტირილი კი გამუდმებით მოგვიწევს. ამიტომაც ეს ღვაწლი აქ გონიერად, ქრისტეს იმედით უნდა აღვასრულოთ, რადგან მან ჯვარცმა დაითმინა იმისათვის, რომ ჩვენ აღვედგინეთ მკვდრეთით.