მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > „...ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“
„...ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“

წმიადაო მამაო, სასარგებლოა საკუთარი ცოდვების ჩაწერა, იმისათვის რომ აღსარებისას არ დაგვავიწყდეს? –თუკი ჩემს მიერ ჩადენილი ცოდვა მართლაც ტკივილს მაყენებს, ის არ დამავიწყდება. სინდისი მამხელს. სული მტკივა და ამიტომ ჩადენილი ცოდვა გამუდმებით მახსოვს. ცოდვის ჩადენიდან, ვიდრე აღსარებამდე ეს ცოდვა ჩემში „გამუდმებით მუშაობს“. ის აწყლულებს ჩემს გულს და მამხელს მე. ანუ–მე ვიტანჯები და ღვთისაგან ამ ტანჯვის შესაბამის სამაგიეროს ვიღებ. თუმცა, თუკი ჩადენილ ცოდვაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემი ცოდვა ოდნავადაც არ მიწყლულებს გულს. მე ვივიწყებ მას და გამოუსწორებელი ვრჩები. ამიტომ, ზოგიერთი ადამიანი, როდესაც მას რაიმე შეცდომასთან დაკავშირებით შენიშვნას აძლევენ, იცინის, თითქოს ყველაფერი ეს უმნიშვნელო რამ იყოს. სწორედ ასეთი დამოკიდებულება აქვს ბევრს თავის ცოდვასთან, ანუ–სრულიად სატანური.
გახსოვთ, რას ამბობს დავით წინასწარმეტყველი? „უშუალოებაი ჩემი მე უთხრა და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის“ და კიდევ: „ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“. მიუხედავად იმისა, რომ მონანიების შემდეგ უფალმა შეუნდო დავითს, იგი საკუთარი ღვთისმოსაობიდან გამომდინარე– შინაგან ტკივილს გრძნობდა და ამიტომ უფალი გამუდმებით საღმრთო ნუგეშინისცემას უგზავნიდა მას. ზოგიერთი ადამიანი კი გამუდმებით (სულიერი) „თვითანალიზითაა“ და ეს საქმე სრულიად ფიტავს მის არსებას. ის დაუსრულებლად სკურპულოზურად იწერს ჩადენილ ცოდვებს –თითქოსდა იმის გამო, რომ სულიერად იღწვის. ამ ცოდვებს „ნაწილებად“ ახარისხებს, თავბრუს იხვევს, მაგრამ ამით მისი გამოსწორება არ ხდება. არადა, საკუთარ დიდ ცოდვებს რომ ამჩნევდნენ და მათი გამოსწორებისათვის ზრუნავდნენ, მაშინ მცირე ცოდვები თავისთავად გაქრებაო.
–წმიდაო მამაო, თუკი ადამიანი სინანულით არ ცხოვრობს და ამავე დროს ღმერთს ადიდებს, მას ამ ქება–დიდებას შეიწირავს ღმერთი?
–არა, ღმერთი როგორ მიიღებს ამგვარ სადიდებელს?! პირველ რიგში აუცილებელია სინანული. თუკი ადამიანი ცოდვაში ცხოვრობს, რას არგებს მას, თუკი იტყვის:“დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი“! ეს ხომ უსირცხვილობაა! აი ერთადერთი სადიდებელი, რომლის წარმოთქმაც ასეთ ადამიანს შეეფერება:“გმადლობ შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, რომ არ გარდამოავლენ ელვას ჩემს დასაფერფლად“! იმიტომ, რომ ამგვარი სადიდებელი სინანულს შეიცავს.