მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > სინანულს ადამიანისათვის საღმრთო ნუგეშინისცემა მოაქვს
სინანულს ადამიანისათვის საღმრთო ნუგეშინისცემა მოაქვს

–წმიდაო მამაო, რა არის საღმრთო ნუგეში?
–საღმრთო ნუგეში რა არის?! იმისათვის რომ უკეთ გაიგოთ ეს, ერთ მაგალითს მოვიტან. მაგალითად ბავშვი უბრალო ნივთს აფუჭებს, ვთქვათ, მამამისის რაიმე იარაღს ტეხს, მერე კი ნერვიულობს და ტირის, რადგან საკუთარი დანაშაული ძალიან დიდად მიაჩნია. თუმცა, რაც უფრო მეტად ტირის და იტანჯება თავისი დანაშაულის გამო, მით მეტად ეფერება და ეალერსება მამა და ამშვიდებს კიდეც მას:“ არაფერია შვილო, ნუ ნერვიულობ, დიდი უბედურება არ მომხდარა, ახალს ვიყიდით“. ბავშვი კი, როცა მამის ალერსიან განწყობას ხედავს, კიდევ უფრო მეტად ტირის და ამბობს:“როგორ არ ვიტირო, სწორედ ეხლა გვჭირდება ეს იარაღი, მე კი ის გავტეხე“. „შვილიკო საშინელება არ მომხდარა, ეს ძველი იარაღი იყო“. მაგრამ ბავშვი მაინც არ მშვიდდება. და რაც უფრო მწარედ ტირის იგი, მით მეტად იკრავს გულში მამა, კოცნის და ეფერება. ასე, რომ, რაც მეტად წუხს და დარდობს ადამიანი თავის ცოდვილ მდგომარეობას ან ღვთისადმი უმადურობას, რაც მეტად ღვთისმოსაურ ცრემლს აფრქვევს, იმის გამო რომ განარისხა ღმერთი–მამა თავისი, მით მეტ საღვთო ნუგეშსა და სიხარულს ანიჭებს მას ღმერთი და მით მეტი ნეტარებით აღავსებს მას. თუმცა ამ ადამიანის მწუხარება მტკივნეულია, მაგრამ, ამავე დროს მასში არის იმედი და ნუგეში.
თუმცა მან, ვისაც სურს, საღმრთო ნუგეშინისცემა მიიღოს, ნუგეში არასდროს უნდა ითხოვოს. ასეთმა ადამიანმა უნდა იგრძნოს თავისი ცოდვა, მოინანიოს ის და მაშინ საღმრთო ნუგეშინისცემა თავისთავად მივა მასთან. ერთხელ წმიდა მთაზე რაღაც საცდური გაჩნდა და ძმათაგან ზოგიერთმა სრულიად შეილახა რეპუტაცია. ერთერთი მათგანი შემთხვევით შემხვდა და მეუბნება:“როგორ მინდოდა მენახე, რომ შენ დაგემშვიდებინე.“ მას ჩემი ნახვა და ნუგეში იმიტომ სჭირდებოდა, რომროგორც სჩანს კარგად მოხვდა. და მინდა გამოვტყდე, რომ იგი ვინც მას მოსცხო, ძალიანაც სწორად მოიქცა. გაკვირვებით ვუსმენდი ამ ბერს. იყო დამნაშავე და ამავე დროს ნუგეშს ითხოვდე?! მას რომ ნუგეში არ ეთხოვა, არამედ სიმდაბლით ეთქვა:“ვცოდე ღმერთო ჩემო“! მაშინ საღვთო ნუგეშინისცემა მთელ მის არსებას მოეფინებოდა. ის კი დამნაშავე იყო და ამავე დროს ჩემგან ითხოვდა, მეთქვა:“ნუ ნერვიულობ, არაფერია, არც მთლად დამნაშავე ხარ, სხვების ბრალიც არის, ისინიც ხომ დამნაშავეები არიან.“ მითხარი ერთი გეთაყვა, განა ამას ნუგეში ქვია?! ეს ნუგეში კი არა –დაცინვაა. საღვთო ნუგეშს სინანული შობს.
–წმიდაო მამაო, როდესაც ადამიანი ცოდვით დაცემის შემდეგ სინანულში იმყოფება, მაგრამ ამავდროულად სულიერ და ხორციელ მოტეხილობას გრძნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სინანული არასწორია?
–პირველ დღეს სულიერი და ხორციელი მოტეხილობა გამართლებულია, მაგრამ, თუ ამ კაცში ჭეშმარიტი სინანულია, შინაგან მწუხარებასა დ ატკივილს სწრაფად დაძლევას და ამასთან, საღმრთო ნუგეშსაც მიიღებს.
–დიახ, მაგრამ ის ხომ არც თავის ცოდვებს ივიწყებს?
–არა, ცოდვებს არ ივიწყებს. ასეთი ადამიანი ნუგეშინისცემულია. კვლავ წუხს და კვლავ ნუგეშინისცემულია. ის საკუთარ თავს გვემს ამ ცოდვის გამო, ღმერთი კი ალერსიანად ეფერება; ის ისევ თავში იცემს, ღმერთი კვლავ ეფერება მას. სწორედ ეს არის სინანული, რომალსაც კაცისთვის საღმრთო ნუგეში მოაქვს.