მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ჯადოქრები სხვადასხვა ეშმაკეულ „სიწმიდეებს“ იყენებენ
ჯადოქრები სხვადასხვა ეშმაკეულ „სიწმიდეებს“ იყენებენ

–წმიდაო მამაო, ვინ არიან მჩხიბავები?
–ჯადოქრები. ისინი თავიანთ შელოცვებში იყენებენ დავითის ფსალმუნებს, წმიდანათა სახელებს და – სხვა ამის მსგავსთ. მაგრამ ყოველივე ამასთან ერთად ეშმაკს იძახებენ. ანუ მსგავსად იმისა, როგორც ჩვენ ფსალმუნის კითხვისას მივმართვთ ღმერთს და ჩვენზე ლოცვის მადლი გარდამოდის, ისინი თითქოსდა იყენებენ ფსალმუნსა და სიწმიდეებს და სრულიად საწინააღმდეგო შედეგის მიღებას კი ცდილობენ: გმობენ ღმერთს, განიშორებენ საღმრთო მადლს და ამის შემდეგ რაც კი სურთ, ყველაფერს ითხოვენ ეშმაკისაგან. მიამბეს ერთი ყმაწვილის შესახებ, რომელიც ჯადოქართან მივიდა, რომ რაღაც კონკრეტული მიზნისთვის მიეღწია. ჯადოქარმა მას რომელიღაც ფსალმუნი წაუკითხა და სასურველ მიზანს მართლაც მიაღწია. მაგრამ მცირე ხანი გავიდა და ამ უბედურმა დაიწყო სანთელივით დნობა და ლღვობა. იცით რა მოიმოქმედა ეშმაკმა?! ამ ყმაწვილზე ორმოცდამეათე ფსალმუნის კითხვას შეუდგა. როდესაც მივიდა სიტყვებამდე: „მსხვერპლ ღმრთისა“, მან ხელი მომუჭა და დასრესილი კაკლები და მზესუმზირები ძირს დაყარა, ანუ ამგვარად შესწირა მსხვერპლი ეშმაკს, რათა მისი თხოვნა შეესრულებინა. ამგვარად, ფსალმუნის საშუალებით ეს ჯადოქარი ღმერთს გმობდა.
–წმიდაო მამაო, მაგიის ზოგიერთი მიმდევარი ამისათვის ჯვარსა და ხატებს იყენებს.
–დიახ, ვიცი. აქედან შესაძლოა მივხვდეთ, რამდენი სიცრუე იმალება ყველა მათ ქმედებაში. როდესაც წმიდა ნივთებს იყენებენ, ისინი საბრალო ადამიანებს თითზე იხვევენ, ადამიანები ხედავენ, რომ ჯადოქრები ანთებენ სანთლებს, ხატებთან „:ლოცულობენ“, და მსგავს ქმედებებს ასრულებენ, ამიტომ ისინი ენდობიან მატყუარებს. ერთი კაცი მიყვებოდა, რომ იმ ქალაქში, სადაც თავად ცხოვრობს, ერთმა თურქმა ქალმა რომელიღაც ქვაზე ღვთისმსობლის ხატი დადო და ახლა ამ ქვას „ხალხის მშველელ ქვას“ უწოდებს. იმას კი არ ამბობს, რომ ხალხს ღვთისმშობელი ეხმარება, არამედ აცხადებს, რომ მათი მშველელი ქვააო. ის ადამიანები, ვინც ჯანმრთელობას უჩივიან, მირბიან ამ ქვასთან და სჯერათ, რომ განიკურნებიან, მერე კი ეშმაკი რასაც მოინდომებს, იმას უზამს მათ. იმ წუთიდან, რაც ეს თურქი ქალი იტყვის, რომ ხალხს ქვა ეხმარება და არა ღვთისმშობელი, საქმეში მაშინვე ეშმაკი ერთვება, რადგანაც ეს სიტყვები ღვთისმშობლის უარყოფაა. ადამიანებს ღვთის მადლი ტოვებს და ისინი ეშმაკეულები ხდებიან. ქრისტიანები არიან და განსაკურნებლად რაღაც ქვასთან კი დარბიან, ქვასთან, რომელიც ეშმაკთან ერთად „მკურალობს“ მათ. შედეგად კი ამას მხოლოდ ვნება მოაქვს, რადგან განა შეიძლება ეშმაკისგან „დახმარების“ მიღება?! ამ ადამიანებს ცოტაოდენი წარმოსახვის უნარი რომ ქონდეთ, დაფიქრდებოდნენ, თურქი ქალი მუსულმანია! რა საერთო შეიძლება ჰქონდეს მას ღვთისმშობლის ხატთან? რომც ამბობდეს, რომ ყველაფერ ამას ღვთისმშობელი აღასრულებსო, მაინც უნდა დაფიქრდე: რა კავშირშია მუსუმანი ქალი ღვთისმშობელთან?! ეს კი იმასაც კი აცხადებს, რომ ხალხს ქვა კურნავსო! როდესაც ეს ამბავი შევიტყე, ჩემს ნაცნობს ვთხოვე, ყველაფერი იმ ქალაქის საეპარქიო მმართველობაში შესაბამისი პირებისათვის ეცნობებინათ, რათა შესაბამისი ზომები მიეღოთ და ხალხი საფრთხისაგან დაეცვათ.
–წმიდაო მამაო, ხალხი ჩვენ გვთხოვს ავგაროზებს.
–როდესაც ავგაროზს გთხოვენ, ჯვარი მიეცით. ნუ შეკერავთ ავგაროზებს, რადგანაც დღეს ავგაროზებს ჯადოქრებიც იყენებენ. გარედან მათზე ჯვარს ან ხატს ამაგრებენ, შიგნიდან კი უამრავი ჯადოქრული ნივთებით ავსებენ. ხალხი ხედავს გარედან ხატებს და ცდუნდება. აი რამდენიმე დღის წინაც მომიტანეს ავგაროზი, რომელიც ვინმე თურქი იბრაჰიმისგან მიიღეს, გარედან მასზე ჯვარი იყო გამოსახული. მიამბობდნენ ერთი ჯადოქრის შესახებ, რომელსაც ღვთის ოდნავაც არ ეშინოდა. ის მილაკზე გარედან ახვევს სხვადასხვა ხატებს, მილში კი ბეწვებს, ნაფოტებს, ქინძისთავებს, მძივებს და სხვა ამის მსგავს ნივთებს დებს. როდესაც ეკლესიამ ეს ადამიანი ამხილა, მან თქვა რომ მედიუმი ვარო. ხოლო, რამდენადაც მედიუმებს ჩვენს ქვეყანაში თავისუფლება აქვთ მინიჭებული, ის განაგრძობს ყველაფრის კეთებას, რაც თავში მოუვა. ერთ ადამიანს, რომალსაც ამ ჯადოქარმა მეტისმეტად ავნო, ვუთხარი აღსარებაზე მისულიყო. ის მართლაც წავიდა აღსარების სათქმელად, მერე ისევ ჩემთან დაბრუნდა და მითხრა:“ ვერანაირ განსხვავებას ვერ ვგრძნობ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომალშიც აღსარებამდე ვიყავი. მაშინ მას ვკითხე:“მომისმინე, იქნებ იმ მაცდურის მოცემულ რაიმე ნივთს ატარებ?“ „დიახ, მაქვს პატარა კოლოფი, რომელიც გარგნულად სახარებას გავს“. გამოვართვი ეს კილოფი, გავხსენი და შიგ უამრავი დახვეული ხატი ვნახე. როდესაც ისინი გავშალე, მათში მძივები, ბეწვები და ნაფოტები აღმოვაჩინე. ამ საბრალოს გამოვართვი ეს ავგაროზი და იგი ეშმაკეულის ზემოქმედებისაგან განთავისუფლდა. ხედავ, რას შვება მაცდური?!
საწყალი ხალხი ატარებს ავგაროზებს, თილისმებს, თითქოსდა იმისათვის, რომ შემწეობა მიიღონ და სინამდვილეში კი იტანჯებიან. ვინც უმეცრებიდან გამომდინარე ამგვარი ჯადოქრებისგან მიიღო ეშმაკეული ნივთები, მან უნდა დაწვას ისინი, ფერფლი კი წყალში გადაყაროს. მერე კი აღსარებაზე უნდა მივიდნენ. ეშმაკის ზემოქმედებისაგან განთავისუფლება მხოლოდ ასეა შესაძლებელი. ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ყმაწვილი, რომელსაც მეტად მძიმე მდგომარეობა ჰქონდა და თანაც არაერთი მიმართულებით. ის ოთხ წელზე მეტხანს იტანჯებოდა სულიერად და ხორციელადაც. ჯერ ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობდა, მერე კი სახლში გამოიკეტა და არც არვის ნახვა სურდა. მისმა ორმა მეგობარმა, რომლებიც რეგულარულად დადიოდნენ წმიდა მთაზე, დიდი გაჭირვებით დაარწმუნეს, რომ მათთან ერთად გამომგზავრებულიყო. ეს იმისთვის გააკეთეს, რომ ჩემთან მოეყვანათ, ურანოპოლისიდან დაფნისამდე გემით მოცურავდნენ. როდესაც გემი ათონის რომელიმე მონასტერს მიუახლოვდებოდა, ყმაწვილს გემბანზე გული მისდიოდა, მეგობრები და იქ მყოფი ბერები იესოს ლოცვას აღავლენდნენ და მის მოსულიერებას გაჭირვებით ახერხებდნენ. ძლივს მოაღწიეს ჩემთან–სენაკში. საბრალომ გული გამიხსნა და მიამბო თავისი ცხოვრების შესახებ. როდესაც მივახვედრე, რომ ეშმაკისეულიუ ზემოქმედებისგან იტანჯებოდა, ვურჩიე, რომ ერთერთი ათონელი სასულიერო პირისათვის მიემართა, მისი რჩევისამებრ მოქცეულიყო და განიკურნებოდა. ის მართლაც მივიდა და აღსარება თქვა. როდესაც ათონიდან უკან დაბრუნებისას ისინი გემბანზე ავიდნენ, ყმაწვილმა მეგობრებს უთხრა, რომ მღვდელმა ზღვაში იმ თილისმის გადაგდება უბრძანა, რომალიც ოდესღაც ერთმა ნაცნობმა მისცა და რომელსაც იგი მუდამ ატარებდა. „მაგრამ მე მისი გადაგდება არ შემიძლია“– ამბობდა საბრალო. მეგობრები ყველანაირად არწმუნებდნენ, რომ გადაეგდო თილისმა, ის კი თითქოს გაქვავდა და ადგილიდან არ იძვროდა. მაშინ დიდ გაჭირვებით– ხელით გაიყვანეს გემბანზე. მეგობრების დახმარებით ყმაწვილმა მოიხსნა ეს ეშმაკისეული თილისმა, მაგრამ იმის ძალაც კი არ ჰქონდა, რომ ზღვაში გადაესროლა ის. მან მხოლოდ ხელი გაიწოდა და თილისმა ზღვაში თავისით ჩავარდა. წამიერად მან იგრძნო, როგორ მოიპოვეს მისმა ხელებმა თავისუფლება და მისი გატანჯული სხეული წამიერად განმტკიცდა. სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდამ გემბანზე ხტუნვა დაიწყო, შემდეგ კი ხელების ძალის გამოცდა გემბანის რკინის სახელურებზე დაიწყო.