მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ეშმაკეული ჯადოქრული ქმედებები
ეშმაკეული ჯადოქრული ქმედებები

–წმიდაო მამაო, რა უპასუხეთ იმ მოსწავლეებს, დღეს რომ მოვიდნენ და გითხრეს, რომ სული გამოიძახეს?
–რა უნდა მეთქვა?!პირველ რიგში კარგად შევჯორე ისინი. რაც მათ ჩაიდინეს, ყველაფერი ეს ხომ ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფა იყო! სწორედ იმ წუთებში, როდესაც ადამიანები იძახებენ ეშმაკს და იღებენ მას, ისინი უარყოფენ ღმერთს. ამიტომაც ვურჩიე მათ ჯერ სინანული, გულწრფელი აღსარება და მომავალში–სიფრთხილე: ეკლესიაში სიარული, მოძღვრის კურთხევით ზიარება, რათა ამგვარად განიწმინდონ. მაგრამ ამ მოსწავლეებს, რამდენადაც ისინი ბავშვები არიან, დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება აქვთ. ისინი ამით თითქოს თამაშობდნენ. მაგრამ, აი მოზრდილები რომ ყოფილიყვნენ, ეს ყოველივე მათ სერიოზულად ავნებდა.
–წმიდაო მამაო, კონკრეტულად რა ჩაიდინეს მათ?
–ის, რასაც სხვა მრავალი ადამიანი აკეთებს. ისინი მაგიდაზე წყლით სავსე ჭიქას დგამენ, გარშემო კი წრეში ანბანს ჩაწერენ: ანი, ბანი, განი და ა.შ. მერე წყალში თითებს ყოფენ და იძახებენ სულს, ანუ–ეშმაკს. ჭიქა წრეზე სიარულს იწყებს, ასოების წინ ჩერდება და ამგვარად გამოდის სიტყვა. იმ ბავშვებმა, რომლებიც დღეს აქ იყვნენ მოსულები, გამოიძახეს სული და როდესაც ის მოვიდა, ჰკითხეს– „ღმერთი არსებობს?“ – „ღმერთი არ არსებობს“! მიუგო მათ ეშმაკმა. „შენ კი ვინ ხარ?“ კვლავ ჰკითხეს ბავშვებმა, „მე სატანა ვარ“. უპასუხა მან.– „სატანა არსებობს?“,კითხეს ბავშვებმა.–„არსებობს“. კვლავ უპასუხა მან. ანუ ისეთი სისულელეები, რომ უარესს ვერ მოიფიქრებ. როდესაც კვლავ ჰკითხეს, ღმერთი არსებობს თუ არაო, მან მიუგო, რომ არსებობს. ხან კი, ხან–არა. ასე რომ უკვე ბავშვებმაც ვეღარ გაარკვიეს, რა ეფიქრათ. ასე მათ დასახმარებლად მოაწყო ღმერთმა. მერე კი ერთმა გოგონამ – მათივე თავყრილობიდან,– აიღო და გატეხა ეს ჭიქა. ეს მან ღვთის ჩაგონებით გააკეთა, რომ სხვა ბავშვებიც გონს მოგებულიყვნენ.
დღეს მრავალი ადამიანი, სხვისთვის ბოროტების გაკეთება რომ სურს, დახმარებისათვის ჯადოქრებს მიმართავს. ამისთვის კი ისინი ცვილის თოჯინებს იყენებენ. ცვილის თოჯინა ეს იგივეა, რაც ჯადოქრის სათამაშო, მისი ჰობი.
–წმიდაო მამაო, რას აკეთებენ ისინი ამ თოჯინებით?
–ისინი ცვილისგან ამზადებენ თოჯინას, რომელიც ადამიანს ჰგავს. როდესაც მათთან მიდის ვინმე და სთხოვს, რომ მისი მტერი ვთქვათ –დაბრმავდეს, ისინი აიღებენ ნემსს, ამ თოჯინას თვალებს ამოჩიქნიან და იმეორებენ ამ ადამიანის სახელს ვისი დაბრმავებაც სურთ. სხვა ეშმაკისეულ ქმედებებსაც აღასრულებენ. და თუ ის ადამიანი ვისაც ამ ჯადოს უკეთებენ, ცოდვილი ცხოვრებით ცხოვრობს და აღსარებას არ ამბობს, ეშმაკეული ქმედება მის თვალებს ასნეულებს. ტკივილისაგან ლამისაა ბუდეებიდან გადმოსვივდნენ. ადამიანი გამოკვლევაზე ექიმთან მიდის, ექიმი კი მას ვერაფერს ეუბნება.
ასევე დიდი ბოროტება მოაქვთ ადამიანებისათვის მედიუმებს, ექსტრასენსებს, „ნათელმხილველებს“ და – მათ მსგავსთ. ხალხს რომ ფულს სძალავენ, ეს კიდევ არაფერია; გარდა ამისა ოჯახებსაც ანგრევენ. მაგალითად, ადამიანი მიდის ნათელმხილველთან და მას თავის პრობლემებზე ესაუბრება. „აბა შეხედე– პასუხობს მას იგი– ერთმა შენმა ნათესავმა, შავგვრემანმა, საშუალოზე მაღალმა ქალმა ჯადო გაგიკეთა“. ადამიანი იწყებს იმაზე ფიქრს, თუ ვინ არის ასეთი გარეგნობის ადამიანი. შეუძლებელია, ვინმე მისი ნათესავებიდან ჯადოქრის მიერ აღწერილს არ წააგავდეს. „აი,–ამბობს ეს ადამიანი, რომელმაც თავისი ტანჯვის მიზეზი „იპოვა“, ესე იგი, მან გამიკეთა ჯადო?!“ და ამ ქალისადმი სიძულვილით ივსება. იმ საბრალოს კი ამ სიძულვილის მიზეზებზე წარმოდგენაც კი არ აქვს. შესაძლოა მისთვის სიკეთეც კი სურს, მაგრამ პირველს ამის დანახვაც არ უნდა, მისდამი სიძულვილით გული უდუღს და დასანახავად შეიძულა. შემდეგ ის ისევ ჯადოქართან მიდის, რომელიც ეტყვის:“მაშ ასე, ახლა ეს ჯადო უნდა მოგიხსნა, ამისათვის კი უნდა გადამიხადო“. ეს ადამიანიც დაბნეული ფიქრობს: „რადგან ამან შეიტყო, ჯადო ვინ გამიკეთა, გამოდის რომ მართლაც უნდა დავაჯილდოვო“.
ხედავ, რას აკეთებს ეშმაკი?! ის საცდურებს ქმნის.მაშინ როდესაც კეთილშობილი ადამიანი, დანამდვილებითაც რომ იცოდეს, რომ ვიღაცამ სხვას რაიმე ცუდი გაუკეთა, ამ დაზარალებულს არასოდეს ეტყვის:“ იცი იმან ბოროტება გაგიკეთა“ არა! ის შეეცდება, რომ დაზარალებულს დაეხმაროს. „მომისმინე,– ეტყვის ის, –ნუ შემოუშვებ ათასგვარ ფიქრს, წადი, აღსარება თქვი და ნურაფრის გეშინია“. ამგვარად ის ერთსაც ეხმარება და მეორესაც. ის ვინც მოყვასს ბოროტება მიაყენა, როდესაც ნახავს, რომ ეს უკანასკნელი მისდამი კეთილადაა განწყობილი, დაფიქრდება,– ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით და შეინანებს.