მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ჯადოქრებისა და ეშმაკების თანამშრომლობა
ჯადოქრებისა და ეშმაკების თანამშრომლობა

–წმიდაო მამაო, განა ადამიანი, რომელიც წმიდა ნაწილს ფლობს, ჯადოქრებს ვერ დაეხმარება?
–როგორ ვერ დაეხმარება! აქ შენ იმ ადამიანზე ლაპარაკობ, რომელსაც ცოტაოდენი ღვთის შიში აქვს. იგი ყურადღებით უნდა იყოს, რადგანაც ამგვარი ცხოვრებით ის მცდარ გზაზე დგას. მიუხედავად ამ მცირე შიშისა ღვთის წინაშე ის მაინც თავის საყვირზე დაკვრას განაგრძობს. რაღა ითქმის ჯადოქარზე, რომელიც ეშმაკთან თანამშრომლობს! ასეთ ადამიანს რანაირად დაეხმარები?! შენ მას სულიერ საგნებზე ესაუბრები, ის კი მაინც ეშმაკთან რჩება. ჯადოქარს ვერაფრით დაეხმარები. მხოლოდ მაშინ, როდესაც ჯადოქრის სიახლოვეს იესოს ლოცვას აღასრულებ, ეშმაკი ფრთხება და ჯადოქარი თავისი საქმის გაკეთებას ვეღარ ახერხებს.
ერთი კაცი ავად იყო. მასთან სახლში „დასახმარებლად“ მივიდა ჯადოქარი, ისეთი თვალთმაქცი–ძნელად რომ შეხვდები! ავადმყოფი იესოს ლოცვას აღასრულებდა. ის ძალიან უბრალო ადამიანი იყო და მასთან მისული კაცის ჯადოქრობის შესახებ არაფერი იცოდა. ამიტომაც მოხდა, რომ ღმერთი ჩაერია მოვლენათა განვითარებაში. აი ნახეთ, რა მოიმოქმედა ღმერთმა იმისათვის, რომ საწყალი კაცი მიმხვდარიყო, ვისთან ჰქონდა საქმე: ავადმყოფი იესოს ლოცვას ასრულებდა, ეშმაკებმა კი ჯადოქარს ცემა დაუწყეს, თანაც ისე, რომ ჯადოქარი თვითონ თხოვდა დახმარებას იმ ადამიანს, ვის სახლშიც მის „განსაკურნებლად’ მივიდა.
–წმიდაო მამაო, ავადმყოფმა თავისი თვალით ნახა ეშმაკი?
–მას ეშმაკი არ დაუნახავს. მან ნახა, რომ წარმოუდგენელი რამ ხდებოდა: ჯადოქარი ყვიროდა:“მიშველეთ“! იატაკზე ეცემოდა, ტრიალებდა, ხელებს იფარებდა და უხილავი მტრის დარტყმებისაგან თავს იცავდა. ასე რომ, არ გეგონოთ, ჯადოქრებს ტკბილი ცხოვრება აქვთ და ეშმაკები ყოველთვის უსრულებენ ყველაფერს, რასაც ითხოვენ. ეშმაკისათვის ისიც საკმარისია, რომ ჯადოქარმა ერთხელ უარყო ქრისტე. თავდაპირველად ჯადოქრები ხელშეკრულებას დებენ ეშმაკთან, რომ ის მათ დაეხმაროს და რამდენიმე წლის განმავლობაში ეშმაკი მათ ბრძანაბებს ემორჩილება. მაგრამ გაივლის მცირე ხანი და ეშმაკი ეტყვის ჯადოქარს:“ რატომ უნდა გელოლიავო?“ ხოლო თუ ჯადოქარი ვერ შეუსრულებს დავალებას ეშმაკს, იცით რა დღე ადგება მას?!
მახსოვს, სენაკის ეზოში ვესაუბრებოდი იმ ახალგაზრდა ტიბეტელ ჯადოქარს, რომლის შესახებაც ადრე გიყვებოდით. მოულოდნელად მან ხელი მტაცა, ხელები ზურგს უკან გამიკავა და გამომწვევად მითხრა:“აბა მოვიდეს ხაჯეფენდი და გიშველოს“!“აბა ეშმაკო დაიკარგე აქედან!“ შევძახე მაშინ მე, ვუბიძგე ამ ღვთის მგმობელს და ის ძირს დაეცა. აბა ხომ არ მოვუსმენდი როგორ გმობდა წმიდანს?! მაშინ ის წამოხტა და მოინდომა ფეხი დაერტყა ჩემთვის, მაგრამ ამის გაკეთება ვერ შეძლო. მისი ფეხი პირდაპირ ჩემი ტუჩების წინ გაჩერდა. ღმერთმა დამიფარა. ,მე ის ეზოში მდგარი მივატოვე და სენაკში შევედი. ცოტა ხნის შემდეგ ვხედავ: ის მეზობელი სენაკის წინ ამოსული შამბნარიდან გამოვიდა, ერთიანად ეკლებითა და მცენარეების ტოტებით იყო დაფარული. „სატანამ დამსაჯა,– მითხრა მან,– რაკი შენი დამარცხება ვერ შევძელი. ტვერში სწორედ მან შემათრია“.
წყვდიადის შავი ძალები უძლურია. ეს ღვთისაგან განშორებული ადამიანები აძლევენ მათ ძალას. იმიტომ, რომ ღვთისაგან განშორებით ადამიანები ეშმაკს საკუთარ თავზე უფლებას ანიჭებენ.