მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > უწმიდური სულებისაგან შეპყრობილები
უწმიდური სულებისაგან შეპყრობილები

–წმიდაო მამაო, რამდენი ეშმაკი იყო შესული ღადარინელ ეშმაკეულში?
–„ეშმაკნი მრავალნი“–წერია სახარებაში. რადგანაც შეპყრობილის პირით უწმიდურმა სულმა თავად თქვა, რომ მისი სახელი „ლეგიონია“. და ნახეთ! როგორც უწმიდური სულით შეპყრობილ ადამიანში შესაძლოა მოთავსდეს მრავალი ეშმაკი, ასევე– მორწმუნის გულში შეიძლება ყველა წმიდანი შეიკრიბოს. ადამიანის გულში ხომ თავად ქრისტე თავსდება! წმიდანებზე რაღა ითქმის?! ეს უდიდესი საიდუმლოა! ერთხელ, როდესაც პატიოსანი ჯვრის სენაკში ვცხოვრობდი, ჩემთან სტუმარი მოვიდა და რკინის უროთი სენაკის გვერდით დააკაკუნა. როდესაც ფანჯრიდან გავიხედე, თვალთა წინაშე საშინელი სანახაობა წარმომიდგა! დავინახე ადამიანი, რომელსაც უკან ეშმაკების მთელი ჯარი მოჰყვებოდა! მას შავი ეშმაკების მთელი ხროვა ერტყა გარს. პირველად ვნახე ადამიანი, რომელიც ამდენი უწმიდურის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ეს საცოდავი ექსტრასენსი იყო. საეკლესიო ლოცვების სიტყვებს შორის ის ეშმაკის მოსახმობ სიტყვებს ურთავდა, ქრისტიანულ წიგნებს ოკულტურ ლიტერატურასთან აზავებდა და ყოველივე ამის შედეგად ეშმაკებმა მასზე უდიდესი ძალა მოიპოვეს. საშინელი საქმეა! ამის დანახვამ საშინლად აღმაშფოთა.
არიან ფსიქიატრები, რომლებიც ეშმაკისაგან შეპყრობილ ადამიანებს ფსიქიურ ავადმყოფებად თვლიან. არიან თავის მხრივ სასულიერო პირები, რომლებიც ფსიქიურ ავადმყოფებს ეშმაკეულებად მიიჩნევენ. მაშინ, როდესაც შეპყრობილებმა და ფსიქიურად დაავადებულმა ადამიანებმა სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვანაირად უნდა იმკურნალონ. როგორ დაეხმარება ფსიქიატრი შეპყრობილს.
–წმიდაო მამაო, ეშმაკეულს შეუძლია იმის მიხვედრა, რა დააშავა და რატომ დაეუფლა მას უწმიდური სული?
–დიახ, ამის მიხვედრა მას შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი გონება უკვე დაზიანებულია. უკანასკნელ შემთხვევაში ეშმაკეულის დახმარება ადვილი არ არის. მაგრამ თუ ის მხოლოდ ეშმაკეულია, ანუ–თუ მისი გონება დაზიანებული არ არის, მასთან ურთიერთგაგაება და მისი გადარჩენა შესაძლებელია. ერთხელ ჩემთან სენაკში მოვიდა ერთი ადამიანი საბერძნეთის ჩრდილოეთიდან, იქ ის ვიღაც ინდუსებთან იყო დაკავშირებული და შედეგად უწმიდური სული დაეუფლა. საშინელ, ბინძურ სალანძღავ სიტყვებს ამბობდა და პირიდან ქაფი გადმოსდიოდა. თვალები გაველურებოდა ამ უბედურს და ბუდეებიდან უცვიოდა. ‘ნუ ამბობ ამ საგმობ სიტყვებს, იმოტომ, რომ ამით ეშმაკს მოუხმობ“. –ვარიგებდი მე, მაგრამ ჩემი არ ესმოდა. თუმცა ამავე დროს დახმარებას მთხოვდა: „მომისმინე,– ვპასუხობდი მე,– აბა როგორ დაგეხმარო, შენ გინდა, რომ შენთვის ვილოცო, რომ ქრისტემ შეგიწყალოს და უწმიდური სულისგან გიხსნას და ამავე დროს მოუხმობ ამ უწმიდურ სულებს. წადი, აღსარება თქვი, კვეთებულის ლოცვა წაგიკითხონ, მერე დაბრუნდი ჩემთან და ვილაპარაკოთ“. „არ წავალ“! მპასუხობდა ის. „ეჰ რას ვიზამ, მაშინ ეკლესიაში წავიდეთ და იქ კანდელიდან ზეთს გცხებ“. „არ მინდა. მე ის მინდა, რომ დამეხმარო“ თავისაზე იდგა ის. მერე მომშორდა და ეზოში სხვა სტუმრებთან დაიწყო საუბარი. ამ დროს მე მომლოცველთა ჯგუფს ველაპარაკებოდი იმაზე, რომ ღმერთი ადამიანზე განსაცდელს მისივე ცხონებისათვის უშვებს. ეს რომ მოისმინა, ეშმაკეულმა შორიდანვე დაგვიძახა: „ნეტა საიდან მოიტანე, რომ ღმერთი ადამიანების ცხონებაზე ზრუნავს? ჩვენ ერთი მამა გვყავს ზეცაში და ერთი მამა მიწაზე, ხოლო ყველაზე აღმატებული გვყავს ერთი მთავარი“. „შეწყვიტე ეგ საეშმაკო ლაპარაკი“! ვუყვირე მე და იესოს ლოცვას შევუდექი. ის კი ამბობს : „ჰოი, აი ეხლა კი ამირიე“! „აბა გასწი აქედან“! ვუბრძანე მე და ის შორს გადაფრინდა. მერე კი გამოკითხვა დამიწყო:“ შენ ვისთან ხარ“? „ქრისტესთან“– მივუგე მე. „ტყუი ქრისტესთან არ ხარ, იმიტომ, რომ ქრისტე ეს მე ვარ. შენ კი მე მცემ“. ეშმაკი მას ყველაფერს წაღმა–უკუღმა აჩვენებდა.
–წმიდაო მამაო, ამ ყველაფერს თვითონ ეშმაკი ამბობდა?
–დიახ, ეშმაკი. მაგრამ, აბა შევხედოთ: ღმერთმა ხომ მისცა იმ ადამიანს ძალა წმიდა მთაზე ჩამოსულიყო. ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისათვის ათონზე ჩამოსვლა საბერძნეთის საპირისპირო მხრიდან ხუმრობა როდია! მაგრამ რას გააწყობ?! ის არ გისმენს და უარესად ხდება. უფრო მორჩილი რომ ყოფილიყო შემწეობას აუცილებლად მიიღებდა.