მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ეშმაკეული ადამიანის სიტყვებს მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ
ეშმაკეული ადამიანის სიტყვებს მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ

–წმიდაო მამაო, ეშმაკეულთან საუბრისას რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?
–იესოს ლოცვას აღვასრულებდეთ და ასეთ ადამიანს კეთილად ვეპყრობოდეთ.
–წმიდაო მამაო, ახსოვთ კი ეშმაკეულებს, რას ამბობენ ეშმაკეულის შეტევის დროს?
–რაღაც ახსოვთ, რაღაც არა, ჩვენ არ ვიცით რა აქვს ღმერთს განზრახული, ზოგჯერ იგი უშვებს, რომ ამ უბედურებს ეშმაკეული შეტევის დროს ნათქვამი საკუთარი სიტყვები ახსოვდეთ, რათა ამით სიმდაბლე და სინანული მოიპოვონ.
როდესაც ეშმაკეული რამეს ითხოვს, ძნელი მისახვედრია ასეთ დროს რასთან გვაქვს საქმე: ამ დროს ეძშმაკეული შეტევა აქვს, თუ როგორც ადამიანს მართლაც რაღაც სჭირდება. ერთხელ ერთ ეშმაკეულ გოგონას შევხვდი, მას კაზანზაკისის წიგნი ქონდა წაკითხული და სჯეროდა ყველა ის ღვთის დასაგმობი რამ, რაც იქ წერია. ყოველივე ამის შედეგად დაეუფლა მას უწმიდური სული. როდესაც ვესაუბრებოდი, უეცრად ეშმაკეული შეტევა დაემართა და საშინელი ხმით დაიწყო ყვირილი:“ვაიმე, ვაიმე“! ახლობლები იჭერდნენ, რომ მისთვის ჯვრის გადასახვა შემძლებოდა. შემდეგ ის აყვირდა:“წყალი, წყალი“! ახლობლებს ვუთხარი, რომ მისთვის წყალი მოეტანათ, მაგრამ მათ იუარეს, ვიღაცას უთქვამს, ეშმაკს არ უსმინოთო. მაშინ ვუთხარი:“ახლა ამ საბრალოს სწყურია“. ჩემთვის ცხადი იყო, როდის მოდიოდა მისი წყურვილი ეშმაკისაგან და ნამდვილად როდის სწყუროდა. საწყალმა ორი ჭიქა წყალი დალია. მერე მიამბობდა: ისეთ წყურვილს ვგრძნობდი, „თითქოს ჩემში გავარვარებული ნაკვერჩხლები იყო, მთელი სათლი წყალიც რომ დამელია, თითქოს ისიც კი ვერ ჩააქრობდა“. ასე იწვოდა ის.
–წმიდაო მამაო, როდესაც ეშმაკეული ყვირის, როგორ უნდა მივხვდეთ, როდის მეტყველებს მისი პირით ეშმაკი და როდის თავად ადამიანი.
–როდესაც ეშმაკი ლაპარაკობს, ეშმაკეულის ბაგეები არაბუნებრივ მდგომარეობაშია, მექანიკურად მოძრაობს. ხოლო, როდესაც ის ლაპარაკობს როგორც ადამიანი, მისი ტუჩები ბუნებრივად მოძრაობს. როდესაც ეშმაკეულზე კვეთებულის ლოცვა იკითხება და ის ყვირის, ეს შესაძლოა, იმის გამოა, რომ თვით ადამიანი იტანჯება. მაგალითად: მიმართავს ეშმაკს:“წადი, რად არ მიდიხარ“? სხვა შემთხვევაში კი თავად ეშმაკი უტევს ადამიანს, ან მღვდელს, რომელიც მის გამოძევებას ცდილობს. ხდება, რომ ეშმაკი გმობს ქრისტეს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და წმიდანებს. ზოგჯერ ეშმაკი ცრუობს, ზოგჯერ კი ქრისტეს სახელის ძალა აიძულებს მას, სიმართლე ილაპარაკოს. ხდება, რომ ეშმაკეული ადამიანი მის მიერ წაკითხული სულიერი წიგნებიდან წამოიძახებს რასმე. რა გვეთქმის?! ყველაფერი მეტისმეტად არეულ–დარეულია. ამიტომ შეპყრობილთან საუბრისას მეტისმეტი სიფრთხილე გვმართებს. მის სიტყვებს მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ. მაგალითად, შესაძლოა მან თქვას:““შენ მე მწვავ“. შენ თუ მართლა წვავ მას და დათანხმდები ამაზე და იტყვი:“მე მას ვწვავ“, მაშინ მორჩა–სულიერად გადაიწვები. ან მაგალითად, ეშმაკეული ყვირის:“აი თქვენ, საზიზღარო დედაკაცებო“! ხოლო რომელიმე მონაზონს კი ეუბნება:“ შენ კი წმინდა ხარ“. თუკი ეს მონაზონი ეშმაკის ნათქვამს ირწმუნებს, მორჩა ის დაეცემა! ამიტომ ეშმაკეულთან ექსპერიმენტები საჭირო არ არის.
ერთ მონასტერში ეშმაკეული მიიყვანეს. იღუმენმა ძმები ეკლესიაში შეკრიბა, რომ მისთვის სკვნილზე ელოცათ. ამ მონასტერში წმიდა პართენი, ლამფსაიკელი ეპისკოპოსის, თავი იყო დაცული. ღვთის მადლმა მეტისმეტად შეავიწროვა ეშმაკი. ძმები სკვნილზე ლოცულობდნენ შეპყრობილისათვის და ამავდროულად იღუმენმა დაავალა ერთ–ერთ მღვდელ–მონაზონს ეშმაკეულისათვის კვეთებულის ლოცვა წაეკითხა. ამ მღვდელ–მონაზონს გარეგნულად ღვთისმოსაური სახე ჰქონდა მიღებული, შინაგანად კი ამპარტავნებას მალავდა. ის გარეგნულად იღწვოდა, ტიპიკონსაც აღასრულებდა, განათლებული იყო და სხვებს სულიერ რჩევებსაც აძლევდა. მაგრამ თვითონ დახმარებას ვერავისგან ვერ იღებდა, რადგანაც, როდესაც ძმები ხედავდნენ, რომ ის არასწორად იქცეოდა, პატივისცემის გამო თქმას ვერ უბედავდნენ. ამ ადამიანს საკუთარ თავზე ილუზიები შეექმნა. ის თავის თავს სავანის ყველაზე ღვთისმოსავ მემკვიდრედ თვლიდა და სხვებსაც ამავე აზრს უნერგავდა. ამ დღეს კი მაცდურმა დრო იხელთა, რომ ეს მღვდალ–მონაზონი ცუდ დღეში ჩაეგდო. მან ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ ამ საბრალოს ეფიქრა, თითქოსდა შეპყრობილისგან სწორედ მის მიერ განიდევნებოდა ეშმაკი. და ამგვარად, როდესაც მან შეპყრობილზე კვეთებულის ლოცვის კითხვა დაიწყო, ეშმაკმა დაიყვირა:“ვაიმე, სად მაგდებ შე უმოწყალოვ“! მღვდელ–მონაზონმა იფიქრა, რომ ეშმაკი წუხს, რადგან ლოცვებს სწორედ ის კითხულობს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში ეშმაკს სხვა ძმების ლოცვები სდევნიდა. საბრალო მღვდელ–მონაზონმა უთხრა ეშმაკს:“ ჩემში შემოდი“! წმიდა პართენის ცხოვრებიდან ცნობილია, რომ მან მსგავს შემთხვევაში მართლაც მიმართა ეშმაკს სწორედ ამგვარად. მაგრამ ის ხომ წმიდანი იყო?! ნამდვილად მოხდა ასეთი რამ წმიდა პართენის შემთხვევაში. ის ეშმაკს დევნიდა ერთი შეპყრობილი ადამიანიდან. ეშმაკი ყვიროდა:“ვაიმე, ვაიმე საით წავიდე“. მაშინ წმიდა პართენიმ უთხრა:“ჩემში შემოდი“. ხოლო ეშმაკმა მიუგო მას:“მხოლოდ შენი სახელის ხსენებაც კი დამწვავს მე პართენი“!– და განეშორა შეპყრობილ ადამიანს, რომელსაც ტანჯავდა. და აი, ამ მღვდელ–მონაზონმა, რომელზედაც გესაუბრებოდით, მოინდომა, რომ საკუთარი თავისგან წმიდა პართენი შეექმნა და ამის ნაცვლად ეშმაკეული გახდა. მას შემდეგ ის წლების განმავლობაში იტანჯებოდა და სიმშვიდეს ვერსად ჰპოვებდა. ის გამუდმებით მოძრაობდა და ერთ ადგილზე ვერ ჯდებოდა. ხან ერში ტრიალებდა, ხან–ათონის წმიდა მთაზე. რა არ გადაიტანა ამ საცოდავმა! მდგომარეობამ, რომელშიც იმყოფებოდა, სულიერ გამოფიტვამდე და ხორციელ დაუძლურებამდე მიიყვანა. ის ციებიანივით კრთოდა. ოდესღაც ხომ კარგი მღვდელი იყო! ახლა კი ამ მდგომარეობაში–წმიდა ლიტურგიის აღსრულება აღარ შეეძლო. ნახეთ, რას აკეთებს ეშმაკი?!
–წმიდაო მამაო, არსებობს რაიმე კავშირი ყავის მოხმარებასა და ეშმაკეულის ქმედებებს შორის? –როდესაც ადამიანის ნერვული სისტემა გაღიზიანებულია და ის ბევრ ყავას სვამს, ნერვები კიდევ უფრო ეძაბება; ეშმაკი კი ამ მდგომარეობით სარგებლობს. ეს იმის გამო კი არ ხდება, რომ ყავაა ეშმაკეული, არა. მაგრამ ეშმაკი კოფეინის ნერვებზე ზემოქმედებას იყენებს და ეშმაკეული უარესად ხდება.