მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > საშინელი საცდურები და ხიბლები მოღვაწეობა და ხიბლი
საშინელი საცდურები და ხიბლები მოღვაწეობა და ხიბლი

–წმიდაო მამაო, ხიბლი მაშინებს.
–სწორედაც იქცევი. ვისაც ხიბლისა და საცდურისა ეშინია, ხიბლში აღარ ვარდება, იმიტომ, რომ ის ყურადღებითაა და მოძღვარს თავის ზრახვებს ამცნობს. ის არაფერს მალავს და ამგვარად შეწევნას იღებს.
–წმიდაო მამაო, რას ნიშნავს ხიბლისკენ მიდრეკილება?
–ხიბლისკენ მიდრეკილება იმას ნიშნავს, რომ შენში ცოცხლობს იდეა, თითქოსდა რაღაცას წარმოადგენდე და სხვებს აჩვენებ, რომ ღვაწლს აღასრულებ. ხიბლისკენ მიდრეკილება ნიშნავს, თვლიდე, რომ გარკევეულ სულიერ დონეს მიაღწიე, რამდენადაც რაღაც ღვაწლს აღასრულებ. სხვებზე კი ფიქრობდე, რომ მათ სულიერი ცხოვრების არსი ჯერაც ვერ შეუცვნიათ და ამპარტავნულად ეპყრობოდე. თუ ადამიანი ეგოისტურად აიძულებს საკუთარ თავს, რომ იღვაწოს და სურს, რომელიმე წმიდანს გაუტოლდეს, რათა ამით სხვათა აღტაცება დაიმსახუროს,– ეს უკვე ხიბლის დასაწყისია. ერთი საქმეა, აიძულო საკუთარი თავი იღვაწოს, ხოლო მეორე–დააძალო მას. ერთხელ ერთ ადამიანს ვუთხარი:“ყურადღებით იყავი, რომ სულიერ ცხოვრებასთან არასწორმა დამოკიდებულებამ ხიბლში არ ჩაგაგდოს. შენ სულიერი საფრთხის წინაშე დგახარ“. „მე და –ხიბლი“?– გაიკვირვა მან, მე ხომ ხორცსაც კი არ ვჭამ“. ამასთან ეს ადამიანი აღსარებასაც კი არ ამბობდა. თავის ცოდვებს ის ხატს „ეუბნებოდა“. „მართლმადიდებელი ხარ თუ პროტესტანტი?–ვუთხარი მე, რომელ წიგნში წაიკითხე, რომ აღსარება ასე უნდა თქვა“? „რა, განა ქრისტეს ჩემი არ ესმის“? მომიგო მან. გესმით რა ხდება? –წმიდაო მამაო, ხორციელი მოღვაწეობა ვნებების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება?
–თუ ხორციელი მოღვაწეობა ვნებების დასათრგუნად აღესრულება, მაშინ ეხმარება. ხორცი ითრგუნება და სხეული სულს ემორჩილება. მაგრამ თუკი ვინმე მშრალი მოღვაწეობითაა დაკავებული, შედეგად მას ილუზიები ექმნება. ასეთი სახის მოღვაწეობა ხომ სულიერ ვნებებს აყალიბებს, ამპარტავნებას ავითარებს, თვითდაჯერებულებას აძლიერებს და ხიბლისკენ მიუძღვება. მაშინ, როდესაც საკუთარ მშრალ მოღვაწეობას უცქერს, ადამიანი ასკვნის, რომ სულიერად წარმატებულია, ის ამპარტავნდება:“მე ასეთი და ასეთი სულიერი ღვაწლი მაქვს ნატვირთი, ის ძმა კი ამაში მოიკოჭლებს. მე უკვე მივაღწიე ამა და ამ წმიდანის დონეს, იმ წმიდანს კი გადავამეტე“.–და ის კიდევ უფრო მეტს მარხულობს და მეტ მღვიძარებაშია. მაგრამ მისი ყოველგვარი შრომა ამაოდ იხარჯება, იმიტომ, რომ ყოველივე ამას ის ვნებების მისაკვეთად კი არ აღასრულებს, არამედ, იმისათვის, რომ ეგოისტური კმაყოფილება განიცადოს. ერთ ბერს ვიცნობდი, რომელიც ხორციელ ღვაწლს ამპარტავნებით აღასრულებდა. საკუთარ თავს ეუბნებოდა, რომ უდიდესი ასკეტი იყო. უკვე იქამდე მივიდა, რომ აღარ ჭამდა, ტანსაცმელს აღარ ირეცხავდადა საშინელ სიმყრალესა და სიბინძურეში იწვა. მისი სამოსი სიბინძურისაგან ერთიანად დალპა. ერთხელ ტანსაცმელი ავიღე, რომ გამერეცხა, მაგრამ გასარეცხიც აღარაფერი იყო. ერთხელაც მან მითხრა:“ღირსი იოანე გლახაკი უკვე უკან ჩამოვიტოვე“. „რას როშავ, შენ გგონია, რომ იოანე გლახაკმა სიწმიდეს სიბინძურით მიაღწია“? მივუგე მე. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ მოვიდა ჩემთან და გამომიცხადა:“ღირსი მაქსიმე კავსოკალიველიც უკან მოვიტოვე“. „მაინც–როგორ მოიტოვე უკან“? ვეკითხები. „როგორ და უბრალოდ–მთელ ათონის მთას ბზრიალასავით გარს ვუვლი“! „შენცა ხარ რაღა! წმიდა მაქსიმემ უსხეულოთა მდგომარეობას მიაღწია და ბზრიალასავით კი არ ტრიალებდა შენსავით, არამედ დაფრინავდა“. ვუპასუხე მე. მერე იმ ადამიანმა სიკვდილის ხსოვნის „გამომუშავება“ დაიწყო და გონებაში ჩაინერგა:“ახლა მე ჯოჯოხეთში ვიმყოფები“. კიდევ მცირე ხანი გავიდა და მან ვითომდა სიმდაბლის მოსაპოვებლად დაიწყო ლაპარაკი:“ახლა მე ეშმაკი გავხდი, სატანად ვიქეცი, წავალ და ჩემს მიმდევრებს შევკრებ“. სწორედ ასე ჩავარდა ეს ადამიანი ხიბლში.