მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > წარმოსახვასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ
წარმოსახვასთან ყურადღებით უნდა ვიყოთ

–წმიდაო მამაო, თქვენ ამბობდით, რომ ლოცვის დროს გონება ქრისტეს ცხოვრების ამსახველ სხვადასხვა სურათებს და სხვა მსგავს რამეებს უნდა ავარიდოთ, რატომ უნდა გავექცეთ ასეთი სურათების ხილვას?
–იმისათვის, რომ ეშმაკმა წარმოსახვის საშუალებით ხიბლში არ ჩაგვაგდოს. წარმოსახვა კარგი რამ არის და თუ მას გონივრულად გამოვიყენებთ, დიდი ძალა აქვს. არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, ნახონ რაღაც პეიზაჟი და ერთი წლის შემდეგ ზუსტად ახსოვდეთ ის ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში და ტილოზე გადაიტანონ. ამის შესაძლებლობას ადამიანს ღმერთი ანიჭებს, ეშმაკი კი ამას თავისი მიზნებისათვის იყენებს. ხიბლით დასნეულებული ადამიანები ნანახსა და წაკითხულს, როგორც თვითონ სურთ, ისე წარმოადგენენ. მერე კი იჯერებენ, რომ სურათი, რომელიც მათ წარმოდგენაშია დახატული, ნამდვილია. იმისათვის, რომ ამ საბრალოებმა შეწევნა მიიღონ, მათთვის გამუდმებით თვალყურის დევნებაა საჭირო, რამდენადაც ეშმაკი გამუდმებით თავის ნებაზე ატრიალებს მათ.
ამიტომ, როდესაც წარმოსახვით უხვად დაჯილდოებულ ადამიანს ეუბნებიან, რომ ის არასწორად აზროვნებს, მას მართლაც უღირს, რომ დაფიქრდეს და საკუთარი აზრების ბოლოს კითხვის ნიშანი დასვას. ვიცნობდი ერთ უბრალო ქალს, რომელიც მთელი ცხოვრება ლოცულობდა და ევედრებოდა ღმერთს, რომ აქვე–ამ ცხოვრებაში ეხილა ქრისტე, რადგანაც– როგორც თვითონ ამბობდა, იმქვეყნიურ ცხოვრებაში მაინც ვერ იხილავდა მას. მართლაც, ერთხელ როდესაც ის საზიარებლად მივიდა, ბარძიმთან მან იხილა ქრისტე–ყრმის სახით, სისხლიანი თმით. შემდეგ ხილვა გაქრა და ქალმა ზიარება შეძლო. ამ მოვლენის შემდეგ მტერი გამუდმებით ამუშავებდა მის აზრებს იმ მიმართულებით, რომ მას თავი დიდ ვინმედ წარმოედგინა. თანაც გამუდმებით აღაგზნებდა მის ფანტაზიას და „კინოჩვენებებს“ უწყობდა. ერთხელ ათონიდან ჩასული მას ერთ სახლში შევხვდი, სადაც ეს საბრალო თავშეყრილ ქალებსა და კაცებს თავისი ფანტაზიების შესახებ უამბობდა. მისი გონს მოყვანა უზარმაზარ შრომად დამიჯდა. ყველას თვალწინ კარგა გვარიანად შევახურე, რომ მისი ხიბლის მდგომარეობა გამომეაშკარავებინა და სიმდაბლე მოეპოვებინა.
–წმიდაო მამაო, ეს ხილვები მისი ფანტაზია იყო?
–ფანტაზიები და ხიბლი.
–წმიდაო მამაო, ის რა, მოძღვარს არ უამბობდა ამ ხილვების შესახებ?
–იცი ასეთ დროს როგორ ხდება ხოლმე? სატანა ასეთ ადამიანებს ატყუებს იმით, რასაც ისინი ხედავენ; ისინი იმდენად გონებაგაფანტულები ხდებიან, რომ აზრადაც არ მოსდით, ასეთი ხილვები მოძღვარს უამბონ. რა დახელოვნებულია ეშმაკი! საშინელებაა.
თუ ადამიანი საკუთარ წარმოსახვას არ მოუფრთხილდება, მაცდური შეძლებს, ყველაზე უბრალო, ბუნებრივი მოვლენების საშუალებით ჩააგდოს ის ხიბლში. როდესაც სტომიონის მონასტერში ვცხოვრობდი, მწუხრის კითხვისას, ზამთრობით ღუმელს ვანთებდი ხოლმე. მონასტერში ქალაქიდან მოსული ქალები ამჩნევდნენ, რომ მწუხრზე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კანკელის ხატიდან ტკაცუნის ხმა ისმოდა. ამას მე ყურადღებას არ ვაქცევდი, ქალებმა კი ერთმანეთში ჩურჩული დაიწყეს:“წარმოგიდგენიათ, როდესაც ბერი მწუხრის ლოცვას კითხულობს, ხატი ტკაცუნს იწყებს“. მათი ჩურჩული რომ მომესამა, ვიფიქრე:“მოდი ერთი ვნახავ, საიდან ისმის ტკაცუნი“. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე საღმრთო მოვლენებისა არ მწამს. მწამს, რომ დედა ღვთისა ეცხადება ადამიანებს და ესაუბრება მათ და ისინი, ვისაც შესაბამისი სულიერი მდგომარეობა აქვთ, ხედავენ კიდეც მას. თუმცა ყველა ასეთ შემთხვევაში დიდი სიფრთხილეა საჭირო. სკამი დავიდგი, ზედ ავედი და შევხედე ხატს, რათა გამერკვია რა ემართებოდა . გაირკვა, რომ დაფა, რომელზედაც ხატი იყო დაწერილი, ძველია, უკანა მხარე შპონებით გამაგრებული როდესაც ღუმელი დაინთებოდა, შპონები თბებოდა, ფართოვდებოდა და ამის გამო ტკაცუნობდა. ხატი ლურსმნით დავამაგრე და მან ტკაცუნი შეწყვიტა. ყოველივე ამის შემდეგ ქალებს ვკითხე:“აბა , კიდევ გესმით ტკაცუნი“? მათ იუარეს.“აი ხომ ხედავთ, მსგავს რაღაცას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ“. უდიდესი სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც თუკი ადამიანში წარმოსახვა ერთხელ გაშლის ფრთებს, მთელი მისი ცხოვრება არარაობად იქცევა. –წმიდაო მამაო, მაშ როგორ უნდა მივხვდეთ, ზებუნებრივი მოვლენა ღვთისაგანაა თუ ეშმაკისაგან?
–ეს აშკარად ჩანს. თუკი მოვლენა ღვთისაგან არ არის, ეშმაკი ადამიანში ამპარტავნულ აზრებს ნერგავს. გარდა ამისა ეშმაკეული ხილვა ულაზათო ნახელავია, ის თვით ღვთის გმობამდეც კი მიდის. ერთხელ ჩემთან სენაკში ხიბლში მყოფი ადამიანი მოვიდა, რომელიც უწმიდური სულით იყო შეპყრობილი. მე ვესაუბრე მას და ეს მას ძალიან გამოადგა. ყველაფერი ამის შემდეგ იცით მან რა მითხრა?! „ასეთი ბრძნული რაღაცეები პირველად მესმის, ასეთი რამ სახარებაშიც კი არ წამიკითხავს“. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მან მითხრა:“რაც შენ მითხარი, იმაზე უკეთესია, რასაც ქრისტე ამბობს“. ხვდებით, როგორ მოქმედებს ეშმაკი, რომ ამპარტავნული აზრები ჩაგვინერგოს?! რაც გინდა თქვი და ვიდრე ადამიანი არ შეიგნებს, რომ მას თავისი ძალით არაფრის გაკეთება არ შეუძლია და რასაც აკეთებს, ყველაფერი ქრისტეს ძალით აღესრულება, მანამდე იგი ვერაფერს მიაღწევს, თუნდაც იგი შეპყრობილი ადამიანებიდან ათასობით ეშმაკს განდევნიდეს.