მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) >  სიზმარი ცრუა
სიზმარი ცრუა

–წმიდაო მამაო, ბინძური სიზმრები მტანჯავს.
–როდესაც ბინძურ სიზმარს ნახავ, არ უნდა დაიწყო იმის გახსენება, რა და როგორ იყო. თუ დღისით შენი ცდუნება ვერ შეძლო, ეშმაკი ხომ ღამით მოდის ხოლმე. ზოგჯერ ღმერთიც აძლევს ნებას მაცდურს, რომ მან ძილში გამოგვცადოს. რათა დავინახოთ, რომ ძველი კაცი კვლავ ცოცხლობს ჩვენში. ხდება ისიც, რომ მტერი ძილის დროს უახლოვდება ადამიანს და უჩვენებს სიზმრებს, რათა გამოღვიძების შემდეგ ეს ადამიანი შფოთმა მოიცვას. ამიტომ სიზმრებს ნურავითარ მნიშვნელობას ნუ მივანიჭებთ: პირჯვარი გადაიწერე, ჯვარი გადასახე ბალიშს, მასზე ჯვარი და ორიოდე პატარა ხატი დააწყვე და დაძინებამდე იესოს ლოცვა შეასრულე. რაც უფრო მეტ მნიშვნელობას მიანიჭებ სიზმარს, მით უფრო ხშირად მოვა შენს გამოსაცდელად ეშმაკი. ეშმაკი თავის სიზმრებს მარტო მოზრდილ ადამიანებს კი არა, ბავშვებსაც აჩვენებს. ეშმაკი თვით მძინარე ყრმებსაც კი უახლოვდება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატარა ანგელოზები არიან. ისინი შიშით კრთიან და დამფრთხალები ტირილით ეხუტებიან დედებს. ზოგჯერ კი მძინარე ბავშვებთან ანგელოზები მიდიან და ისინი ძილში იღიმებიან, უდიდეს სიხარულს განიცდიან და ეღვიძებათ. ასე, რომ ბოროტის მიერ მოტანილი სიზმრები ძილის დროს ადამიანის წინააღმდეგ მიმართული მტრის შემოტევაა.
წმიდაო მამაო, თუ ძილის დროს გაურკვეველ სულიერ სიმძიმეს გრძნობ, ეს რაღაა?
–ასეთი მდგომარეობის მიზეზი ზოგჯერ შესაძლოა შფოთიანი მდგომარეობა იყოს, რომელშიც ადამიანი დღის განმავლობაში ცხოვრობს, ან სხვადასხვაგვარი შიშები, ეჭვები და ასე შემდეგ. და ყოველივე ამას, რა თქმა უნდა, ეშმაკი იყენებს. მას შეუძლია ეს სიზმრები და ეჭვები ნებისმიერ კომბინაციაში წარმოადგინოს, ოღონდაც ადამიანი შეაცბუნოს. ზოგჯერ ადამიანს იმდენად ფხიზლად სძინავს, რომ ჰგონია, რომ არ სძინავს და ლოცულობს, რომ ეს სიმძიმე სულს რომ უხუთავს, განეშოროს.
ზოგჯერ კი ესეც ხდება: ეშმაკს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი სახე–თვით ანგელოზისა და მოივლინოს ძილში. ერთხელ ერთ სნეულს წმიდა არსენი კაპადოკიელის სახით გამოეცხადა და უთხრა:“მე წმიდა არსენი ვარ, მოვედი გითხრა, რომ მოკვდები, გესმის ჩემი? მოკვდები“! ეს კაცი საშინელებამ შეიპყრო. მაგრამ წმიდანი ასე არასდროს ლაპარაკობს. ავადმყოფს სიკვდილი კიდეც რომ ელოდოს და მას წმიდანი გამოეცხადოს ამის საუწყებლად, ის მშვიდად და კეთილად ეტყვის:“ ღმერთი ხედავს შენს ტანჯვას და ამიტომ გაგიყვანს ამ ქვეყნიდან, ეცადე მოემზადო“. წმიდანი არასოდეს ეტყვის ადამიანს :“გესმის ჩემი? შენ მოკვდები“!
–რატომ ყვირიან ხოლმე ზოგჯერ ადამიანები ძილში?
–როდესაც ყვირის უკეთესიცაა, ამ დროს ხომ მას ეღვიძება. ბევრი სიზმარი შფოთითაა გამოწვეული. როდესაც ადამიანი შფოთავს ან დაღლილია, ეს შფოთი და დაღლილობა შინაგანად ტანჯავს მას და ის მღელვარე სიზმრებს ხედავს. დღისით მრავალ ადამიანს ვხვდები და მათ პრობლემებს ვისმენ. მერე კი სიზმარში ვიღაცას ვეჩხუბები:“აი შე უღმერთო, შენ არაფერი გადარდებს“! და საკუთარი ყვირილი მაღვიძებს.
–წმიდაო მამაო, შესაძლებელია ადამიანმა საკუთარი სიზმრების მიხედვით გაიგოს, რა მოვლენები ხდება სინამდვილეში?
–არა. სიზმრებისათვის მნიშვნელობის მინიჭება არ შეიძლება. როგორიც უნდა იყოს სიზმარი–სასიამოვნო თუ არასასიამოვნო, მას არ უნდა დავუჯეროთ. იმიტომ, რომ ხიბლის საფრთხე არსებობს. სიზმრების ოთხმოცდათხუტმეტი პროცენტი ხომ სიცრუეა. ამიტომ ამბობენ წმიდა მამები, რომ არ უნდა ვერწმუნოთ სიზმარს. ღვთისაგან მომდინარე სიზმარი ძალიან ცოტაა, მაგრამ თვით მათი განმარტებისათვისაც დიდი სიწმიდე უამრავი მონაცემია საჭირო–მართალი იოსების და დანიელ წინასწარმეტყველის მსგავსად, რომლებსაც საღმრთო მადლი ჰქონდათ. „გიამბობ, რა ნახე სიზმრად და რას ნიშნავს ის, რაც ნახე“ –უთხრა დანიელმა ნაბუქოდონოსორს. მაგრამ რა მდგომარეობას იყო მიწვდომილი დანიელ წინასწარმეტყველი! ის ხაროში ლომებთან ერთად იჯდა და მშიერი ლომები მას არ ეკარებოდნენ. როდესაც ამბაკუმმა დანიელს საჭმელი მიუტანა, მან თქვა:“ნუთუ ღმერთმა გამიხსენა მე“? არადა, დანიელ წინასწარმეტყველი თუ არ ახსოვს ღმერთს, მაშ ვიღა უნდა ახსოვდეს მას?!
–წმიდაო მამაო, ზოგიერთი ადამიანი სიზმარს არ ხედავს.
–და–ძალიანაც კარგი თუ არ ხედავს. ფულს არც ბილეთზე ხარჯავენ და არც ბენზინზე. სიზმარში რამდენიმე წამში შეიძლება იმის ნახვა, რაც დღეებისა და საათების განმავლობაში შეიძლება გრძელდებოდეს. იმიტომ, რომ სიზმარში დრო არ არსებობს. სწორედ ასე უნდა გაიგოს ადამიანმა ფსალმულის სიტყვები:“ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე, რომელ წარხდა“.