მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > ხიბლში მყოფი ადამიანის განმასხვავებელი ნიშნები
ხიბლში მყოფი ადამიანის განმასხვავებელი ნიშნები

–წმიდაო მამაო, როგორ უნდა მივხვდეთ, რომ ადამიანი ხიბლშია?
–ეს მისი გარეგნული შესახედაობითაც კი აშკარაა. ხიბლში მყოფი ადამიანი რაღაც ცრუ „უვნებელობითაა“ მოსილი. მდაბალი და მოკრძალებული ჩანს, მაგრამ მასში საკუთარ თავზე განსაკუთრებული წარმოდგენაა დამალული. თუ ხიბლში მყოფ ადამიანს თვალებში ჩავხედავთ, შეამჩნევთ, რომ ყველა დანარჩენს ის უცქერს როგორც არარაობებს, როგორც–ჭიანჭველებს. მაგრამ მისი ამოცნობა საუბრის მიხედვითაც შესაძლებელია. მახსოვს ერთი ხიბლში მყოფი ადამიანი, რომელსაც ბევრი წმიდანად თვლიდა. ის ყვებოდა, რომ თითქოს ქრისტე ცხენზე ამხედრებული გამოეცხადა მას, თითქოს ქრისტეს ხელში ღვინის ფიალა ეჭირა და დასალევად მისცა მას, რის შემდეგაც თითქოსდა მან წინასწარჭვრეტის ნიჭი მიიღო. ერთხელ, როდესაც ეს „მჭვრეტელი“ ხალხთან საუბრობდა, ვიღაცამ ჰკითხა:“რატომ მეც არ შემიძლია სასწაულების აღსრულება“? „იმიტომ, რომ შენ ესა და ეს ცოდვები გაქვს ჩადენილი“. მიუგო მან და იმ ცოდვების ჩამოთვლა დაიწყო, რომელიც ამ ადამიანს ნამდვილად ჰქონდა აღსრულებული. საბრალო კაცი პანიკამ მოიცვა და ამ ამბის მოსაყოლად ჩემთან მოვიდა. მე კი ვუთხარი:“ყური მიგდე, ნუთუ გგონია, რომ წმიდანები ადამიანებს ხალხის დასაცინად ხდიან. ადამიანს დასაცინად მხოლოდ ეშმაკი აქცევს. ნუთუ ვერ ხვდები, რომ იმ ადამიანის პირით ეშმაკი მეტყველებს. რასაც ის ამბობს, ჭეშმარიტება რომც იყოს, ამ ჭეშმარიტებას ეშმაკი წარმოთქვამს“.ერთმა ქალმა მიამბო, როგორ შეხვდა იგი ერთ ეშმაკეულს, რომლის შესახებაც ხმები დადიოდა, თითქოსდა ის უწმიდურ სულებს დევნიდა და სხვა ამის მსგავს სასწაულს აღასრულებდა. ამ „სასწაულმოქმედმა“ ორი ქალი ერთ გაუქმებულ სამლოცველოში შეიყვანა. როგორც კი ტაძარში შევიდნენ, მან აიღო ოლარი და ჩაიცვა. ქალს ძალიან გაუკვირდა, ერის ადამიანი რომ ოლარით იმოსებოდა. „შენ მოძღვარი ხარ“? კითხა მან. „რას წარმოადგენენ ვითომ ეს მოძღვრები“! მიუგო მან და მღვდლების განკითხვას მოჰყვა. ასე რომ საბრალო ქალები მიხვდნენ, რომ ის ხიბლში იყო, მაშინვე წამოცვივდნენ ფეხზე და იქაურობა დატოვეს.