მთავარი გვერდი > ბიბლიოთეკა > მამა პაისი მთაწმინდელი (სულიერი ბრძოლა) > გმობის აზრების დათრგუნვა
გმობის აზრების დათრგუნვა
- წმიდაო მამაო, ამბა ისააკი ამბობს, რომ ჩვენ ვნებებს "სიმდაბლით ვამარცხებთ და არა – თავმაღლობით." ვნების არად ჩაგდება, მასზედ თავის ამაღლება და გმობის აზრების უგულებელყოფა განა ეს ერთი და იგივე არ არის?!
- არა. ვნებათა არად ჩაგდება ამპარტავნებაა, თვითდაჯერებულობა და რაც ყველაზე უარესია – თვითგამართლება. ანუ – შენ თავს იმართლებ და “უარყოფ” შენს ვნებას, თითქოს ამბობდე: – "ეს ჩემი ვნება არ არის, მას ჩემთან არანაირი კავშირი არა აქვს."
- და არ იღწვი,რომ მისგან გათავისუფლდე. ხოლო გმობის გულისსიტყვები მართლაც უნდა უგულებელსვყოთ, იმიტომ რომ, როგორც უკვე გითხარით, ისინი ნამდვილად ეშმაკისგან მოდის.
- ხოლო თუ ადამიანი სხვებს აჩვენებს თავს, თითქოს რაღაც ვნებით იყოს შეპყრობილი, მაგალითად, საკუთარ თავს ნაყროვანად წარმოაჩენს; ამის გამო იგი ეშმაკის დასაცინი გახდება?
- ამ შემთხვევაში ეს "კეთილი თვალთმაქცობა იქნება", მაგრამ ის ეშმაკისაგან დასაცინი არ იქნება. ეს შენ დასცინი ეშმაკს, როდესაც ის გმობის აზრებს გაწვდის, შენ კი ამ დროს საეკლესიო საგალობელს გალობ.
- წმიდაო მამაო, როგორ განვდევნოთ გმობის გულისსიტყვები ღვთისმსახურებისას?
- გალობით – "აღაღე პირი ჩემი" შენ რა, ნოტებით გალობა არ იცი?! ნუ გამოიძიებ ამ გულისსიტყვებს, უბრალოდ არად ჩააგდე ისინი. ადამიანი, რომელიც ლოცვაზე დგას და ამგვარ გულისსიტყვებთან საუბრობს, იმ ჯარისკაცს ჰგავს, რომელიც პატაკს აბარებს უფროსს და ამავდროულად ყუმბარას ატრიალებს.
– თუ გმობის გულისსიტყვა მაინც არ დაგტოვებს?
- თუ ასე მოხდა, მაშ იცოდე,რომ სადღაც შენში მან შესაფერის ადგილს მიაგნო. ყველაზე შედეგიანი საშუალება ამ დროს ის იქნება, თუ ეშმაკს არად ჩააგდებ. გმობის გულისსიტყვების უკან ხომ სწორედ იგი – მზაკვრობის მასწავლებელი იმალება... როდესაც გმობის გულისსიტყვები გებრძვიან, სჯობს, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში თავად არ ჩაება – თვით იესოს ლოცვითაც კი; იმიტომ,რომ მისი წარმოთქმისას ჩვენს მღელვარებას გამოვამჟღავნებთ, ეშმაკი სუსტ ადგილზე გმობის აზრების ისრებს დაგვიშენს. ასეთ დროს უმჯობესია, თუ რაიმე საეკლესიო საგალობელს იგალობებთ. შეხედეთ, პატარა ბავშვიც კი, რომელსაც სურს, თანატოლს აგრძნობინოს – არად გაგდებო, მას სიტყვას სიმღერით აწყვეტინებს, რაიმეს – "ჰერი – ჰერის..." მაგვარს წაიმღერებს. ასეთივე საქციელი გვმართებს ეშმაკთან. მაგრამ საერო სიმღერებით კი ნუ შევეცდებით ვაჩვენოთ, რომ არად ვაგდებთ, არამედ – წმიდა საგალობლებით. საეკლესიო გალობა – ეს მხოლოდ ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა კი არ არის, არამედ – ეშმაკის უგულებელყოფა. ამგვარად, ეშმაკს კარგად მოხვდება – ერთი თუ მეორე მხრიდან და ის სიბრაზისაგან გულზე გასკდება.
– წმიდაო მამაო,ასეთ მდგომარეობაში მყოფს გალობა მიჭირს და წმ. ზიარებაზე მისვლაც კი მიძნელდება.
– ეს ძალიან სახიფათოა! ეშმაკი ცდილობს, კუთხეში მიგიმწყვდიოს, იგალობე კიდეც და ეზიარე კიდეც. ეს გულისსიტვები ხომ შენ არ გეკუთვნის. ამაში მაინც გამოიჩინე ჩემი მორჩილება! იგალობე ერთხელ “ღირს არსი", რომ ეშმაკმა მიიღოს ის, რასაც იმსახურებს და გაცვლა ამჯობინოს. შენთვის არ მიამბია ართი ათონელი ბერის შესახებ? თორმეტი წლის ობოლი მოვიდა იგი წმ. მთაზე, ხორციელი დედის სიყვარულს სრულიად მოკლებული იყო და ამიტომ მთელი თავისი სიყვარული დედა ღვთისას მიუძღვნა, მისდამი ისეთივე გრძნობა ჰქონდა, როგორიც თავისი მშობელი დედისადმი. რომ გენახა, როგორი ღვთისმოსაობით აღასრულებდა მეტანიებს მისი ხატის წინაშე! და აი, მტერი სწორედ მის ამ სიყვარულს გაეთამაშა და გმობის გულისსიტყვები შეუსია, საბრალო! ხატებთანაც კი ვეღარ მიდიოდა. როდესაც მისმა სულიერმა მამამ ეს შეიტყო, ხელი მოჰკიდა და აიძულა, შეეხებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელებსა და სახეს და ასევე მაცხოვარს – იმავე ხატებზე. ეშმაკმა მაშინათვე გაქცევა ამჯობინა. რა თქმა უნდა, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებზე, პირდაპირ სახეზე მიმთხვევა გარკვეულწილად კადნიერებაა. მაგრამ სულიერმა მამამ ბერს ამის გაკეთება იმისთვის აიძულა, რომ მისგან მტანჯველი გულისსიტყვები განედევნა.