მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა
მიცვალება წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღვთისმეტყველისა
წმიდა მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი თავდაპირველად წმიდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფე იყო. იესო ქრისტეს გამოჩენამ, რომელშიც უფლის წინამორბედმა მესია შეიცნო, საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა წმიდა იოანე ღვთისმეტყველზე და ანდრია მოციქულთან ერთად იგი თან Gგაჰყვა მაცხოვარს (იოან. 1,35-40). შემდგომ ქრისტემ წმიდანს, "რომელი ბადეთა და თევზთა და ტბასა შინა იქცეოდა", იაკობითურთ სამოციქულო მსახურებისკენ მოუწოდა (მთ. 4,21).
წმიდა იოანე მხურვალე სიყვარულის და ქალწულებრივი სიწმიდისათვის, სიყვარულის მოციქულად იწოდება.
საიდუმლო სერობაზე პეტრემ, "დაღათუ პირველი იყო მოწაფეთაი", თავად ვერ იკადრა და იოანეს სთხოვა მოძღვრისათვის ეკითხა, "თუ ვინ მიუდგა საზარელსა მას განმცემლობასა." ისიც მკერდზე მიეყრდნო ქრისტეს და ჰკითხა: "ვინ არს , რომელიც მიგცემს შენ?" და მაცხოვარმა "მყისვე აღუხსნა კითხული და პურითა მოასწავა განმცემელი".
წმიდა მოციქული არ მოშორებია მოძღვარს, როცა იგი, შებორკილი, გეთსიმინიის ბაღიდან ანასა და კაიაფას სამსჯავროზე მიჰყავდათ, თან შეჰყვა მაცხოვარს მღვდელთმთავრის ეზოში და მის დაკითხვას დაესწრო, ნეტარი გოლგოთის მთაზე შეუდგა ქრისტეს, ჯვრის კვარცხლბეკთან იდგა და ღვთისმშობელთან ერთად ტიროდა. ჯვარცმულმა მაცხოვარმა როცა იხილა დედამისი და "მოწაფე იგი, რომელი უყუარდა", დედას უთხრა: "დედაკაცო, აჰა ძე შენი!" შემდეგ კი იოანეს მიმართა: "აჰა დედაი შენი!" (იოანე, 19;26-27). ამ დროიდან მოყოლებული ნეტარი მოციქული მოსიყვარულე შვილივით ზრუნავდა ყოვლადწმიდა ქალწულზე და ერთგულად ემსახურებოდა მას.
ღვთისმშობლის დაკრძალვის შემდეგ იოანე მოწაფესთან, პროხორესთან ერთად თავის ქალაქ ეფესოში გაემგზავრა. გზად იოპიაში მათ ძლიერმა ქარიშხალმა მოუსწრო და ხომალდი, რომლითაც მიემგზავრებოდნენ, დაიღუპა. ზღვამ ყველა მგზავრი ნაპირზე გამორიყა, მხოლოდ იოანე დაინთქა უფრსკულში. პროხორე გულამომჯდარი მოთქვამდა მოძღვრის დაკარგვის გამო, ბოლოს კი, მარტო დარჩენილმა, გზა განაგრძო. მეთოთხმეტე დღეს მან იხილა, რომ ტალღებმა ნაპირზე ადამიანი გამოაგდო. როცა ნეტარი უცნობს მიუახლოვდა, გაოცებამ და სიხარულმა შეიპყრო, – ეს იოანე მახარობელი იყო, რომელიც უფალს მთელი ამ ხნის მანძილზე ზღვის წიაღში უვნებელად დაეცვა.
მოძღვარი და მოწაფე ეფესოსკენ გაემართნენ, სადაც წმიდა იოანე წარმართებს შორის დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს. მის ქადაგებებს მრავალრიცხოვანი სასწაულები ახლდა თან და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცეულთა რიცხვიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. როდესაც იმპერიაში ქრისტიანთა დევნა დაიწყო, იოანე შეიპყრეს და იმპერატორ ნერონის (54-68), სხვა ცნობით კი -– დომიციანეს (81-96) სამსჯავროზე წარადგინეს.
ქრისტეს აღსარებისათვის ნეტარს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს- მომაკვდინებელი შხამით სავსე ფიალა გამოაცლევინეს, მაგრამ გადარჩა, ადუღებული ზეთით სავსე ქვაბში ჩააგდეს, მაგრამ იქიდანაც უვნებელი ამოვიდა. ამის შემდეგ იოანე კუნძულ პატმოსზე გადაასახლეს, სადაც მრავალი წელი დაჰყო. იოანემ თავისი ქადაგებებით და სასწაულებით მთელი კუნძულის მოსახლეობა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოაქცია
ნეტარი მახარობელი თავის მოწაფესთან, პროხორესთან ერთად მთაზე ავიდა და სამი დღე იმარხულა. მისი ლოცვის დროს მთა შეზანზარდა და საშინლად იქუხა. შეძრწუნებული პროხორე მიწაზე დაემხო. იოანემ წამოაყენა ნეტარი და უბრძანა ჩაეწერა, რასაც მისგან გაიგონებდა:"მე ვარ ანი და იტყვის უფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლისა მპყრობელი".(გამოცხ.1,8)-ამბობდა ღვთის სული მოციქულის მიერ. ასე დაიწერა დაახლოებით 67 წელს იოანეს გამოცხადება, ანუ აპოკალიფსი, რომელშიც ეკლესიისა და სამყაროს მომავალი და დასასრულია გაცხადებული.
ხანგრძლივი გადასახლებიდან განთავისუფლების შემდეგ იოანე მახარობელი ეფესოში დაბრუნდა. იოანე მახარებელი უპირველესად სიყვარულის მოციქულია. ვერც მხცოვანებამ, ვერც ხორციელმა უძლურებამ ვერ შეძლო დაეცხრო მასში საოცარი მოშურნეობა.
იოანე მახარებელი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე მოწაფეებს იკრებდა ირგვლივ და მოუწყინებლად შეაგონებდა, ურთიერთს შორის მშვიდობა დაეცვათ და ერთმანეთი ჰყვარებოდათ. როცა ნეტარი წლებმა იმდენად დაამძიმა, რომ სიარული არ შეეძლო და მოწაფეები დაატარებდნენ, უწინდელივით ქადაგებასაც ვერ ახერხებდა და მხოლოდ ამ სიტყვებს იმეორებდა:"შვილნო, იყუარებდეთ ურთიერთას." ბოლოს მოწაფეებმა ჰკითხეს მოძღვარს, რატომ უმეორებდა მათ გამუდმებით ერთსა და იმავეს, იოანემ კი უპასუხა:"ეს უფლის მცნებაა და თუ მას დაიცავთ- კმა გეყოფათ".
ერთხელ ნეტარი შვიდ მოწაფესთან ერთად ეფესოდან გავიდა, ქალაქის სიახლოვეს, მაღალ კლდეზე ავიდა და ილოცა, შემდეგ კი სიყვარულით დალოცა ყველა, ჯვრის სახის საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მიწის დაყრა ითხოვა. მოწაფეებმა ტირილით დაკოცნეს მოძღვარი, ურჩობა ვერ გაბედეს და ნელ-ნელა ამოავსეს საფლავი. ეს რომ ეფესელებმა გაიგეს, მივიდნენ მოციქულის სამარხთან, გათხარეს იგი, მაგრამ შიგ ვერაფერი იპოვეს.
ყოველწლიურად, 8 მაისს, იოანე მახარებლის საფლავიდან ამოდიოდა მტვერი, რომელსაც მორწმუნენი აგროვებდნენ და სასწაულებრივ იკურნებოდნენ. ამის გამო ეკლესია წმიდა მოციქულის ხსენებას 8 მაისსაც აღნიშნავს.
იოანე მახარებლის იკონოგრაფიული ნიშანია არწივი-სიმბოლო ღვთისმეტყველური აზრის აღმაფრენისა. ზედწოდება "ღვთისმეტყველი" წმიდა ეკლესიამ ქრისტეს მოციქულებიდან მხოლოდ იოანეს მიაკუთვნა- ღვთაებრივი განგების მისტიურ მჭვრეტელს.