მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > წმიდა დიდმოწამე ევსტათი
წმიდა დიდმოწამე ევსტათი
წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედარმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების:ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს. ევსტათი ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტერს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს წმიდანს ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველმყოფელი ჯვრის ნიშმა გაიბრწყინა ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებით. "პლაკიდა, რაისა მდევნი მე?"-ჰკითხა მაცხოვარმა. შეშინებულმა სტრატილატმაც კითხვითვე მიმართა-"ვინ ხარ Eშენ, უფალო?" "მე ვარ იესუ ქრისტე, რომელმან ყოველივე დავჰბადე არაარსისაგან და თვისთა ხელითა შევჰქმენ კაცი და არავე მოაქმდე დავაყენე კაცთმოყუარეობაი ჩემი, არამედ შემუსრვილი ცოდვისა მიერ კუალად განვაახლე", და ყოველივე მოუთხრა: თავისი განკაცება, ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა, მესამე დღეს აღდგომა, "რომელთა მიერ წინააღდგომისაგან თავისუფლებაი ნათესავსა ჩუენსა მოანიჭა" და ზეცად ამაღლება. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა, – უფლის რჩეულმა წრფელი გულით ირწმუნა და მაცხოვარს შეევედრა, ეუწყებინა როგორ მოქცეულიყო შემდგომ. ნეტარს კვლავ ჩაესმა ხმა და ქალაქში წასვლა, მღვდელთან მისვლა და მეუღლესა და შვილებთან ერთად ნათლისღებით განწმენდა უბრძანა.
გახარებული პლაკიდა შინ დაბრუნდა და ყოველივე მოუთხრო მეუღლეს, რომელმაც, თავის მხრივ, აუწყა, თუ წინა ღამეს როგორ ჩაესმა ძილში: "შენ და ქმარი შენი და შვილნი ხვალვე მოვედით ჩემდა და განცხადებულად უწყოდეთ, მე ვარ იესუ ქრისტე, რომელსაც ძალ- მიც ცხოვრებაი მოყუარეთა ჩემთა".
მეუღლეები ისე მოიქცნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ: მიმართეს ქრისტიან ხუცესს, რომელმაც მთელ მათ სახლეულს ნათელსცა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.
მომდევნო დღეს ევსტათიმ თავისი სასწაულებრივი მოქცევის ადგილს მიაშურა და მხურვალე ლოცვით მადლობა შესწირა ცხონების გზაზე მის დამყენებელ უფალს.
მაშინ ნეტარი კვლავ საკვირველი გამოცხადების ღირსი შეიქმნა -– თავად ზეციურმა მეუფემ გააფრთხილა მოსალოდნელი განსაცდელების შესახებ: "ამიერითგან უკუე მიგელის შენ თავსდებად გამოსაცდელი სარწმუნოებისაი, რამეთუ წუთ ერთღა განმცდელი იგი ეშმაკი მოსვლად არს შენდა... ხოლო შენ ბრწყინვალე ძლევაი აღადგინო მას ზედა, ვითარცა იგი პირველად იობ... და დასასრულსა წამებისა ჩემისა გვირგვინითა შეიმკო თავი შენი". Eევსტათიმ მდაბლად მიუგო:"იყავ ნება შენი უფალო."
მალე ნეტარს უბედურებათა წყება დაატყდა თავს: მონა- მხევლები დაეხოცა, საქონელი გაუწყდა... გაღატაკებულმა, მაგრამ სულით მდიდარმა ევსტათიმ ოჯახთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, რომ უცხოობაში სიმდაბლითა და სიგლახაკით ეცხოვრა. ისინი ხომალდზე ავიდნენ და ეგვიპტეში გაემგზავრნენ. გზაში გემის პატრონი მოიხიბლა ევსტათის მეუღლის –- თეოპისტიას მშვენიერებით, ვნებააშლილმა, ჩამოსხა ნაპირზე მამა და შვილები, ქალი კი თავისთან დატოვა. საშინლად დამწუხრებულმა სტრატილატ-ყოფილმა გზა განაგრძო და ბობოქარ მდინარეს მიადგა, რომლის გადალახვაც ორივე ყრმით შეუძლებელი იყო. მან ჯერ ერთი ძე შეისვა მხარზე და ფონს გაიყვანა, შემდეგ მეორესთან გამობრუნდა, მაგრამ იხილა, რომ ყრმა ლომს დაეტაცებინა და უდაბნოსკენ მიარბენინებდა. ვერც მეორე ნაპირზე დატოვებული შვილი შეინარჩუნა წმიდანმა, მგელმა ისიც ტყეში გაიტაცა.
ევსტათი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მწარედ ატირდა, მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. სოფელ ვლადისოსში ღვთის რჩეული მუშად დადგა და თხუტმეტი წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. მან არ უწყოდა რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით მისი ერთი ძე - მწყემსებმა, – მეორე კი მიწის მუშაკებმა გადაარჩინეს და ახლა მის გვერდით ცხოვრობდნენ; არ იცოდა ისიც, რომ ურჯულო მენავე მალე დასაჯა ღმერთმა, – მძიმე სნეულებით ამოხდა სული, მისი მეუღლე კი, შეურცხვენელი, პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს.
ამ ხანებში იმპერატორ ტრაიანეს რომისათვის მეტად მძიმე ბრძოლის დაწყება მოუხდა. მას მოაგონდა სახელოვანი მხედართუფროსი პლაკიდა და წმიდანის მოსაძებნად მისი მეგობრები, ანტიოქოსი და აკაკი გაგზავნა.
დიდიხნის უშედეგო ძებნის შემდეგ მხედრები იმ სოფელშიც ჩავიდნენ, სადაც წმიდა ევსტათი ცხოვრობდა. ისინი ყოფილ სტრატილატს მინდორში შეხვდნენ, ვერ იცნეს, უთხრეს, ვისაც ეძებდნენ და დიდი თანხის საზღაურად დახმარება სთხოვეს. წმიდანმა იცნო მეგობრები, მაგრამ არ გაუმხილა; თავისი ბატონის სახლში მიიწვია ისინი და დააპურა. როცა მგზავრები კარგად დააკვირდნენ მასპინძელს, შენიშნეს, რომ იგი ძალიან ჰგავდა პლაკიდას, შემდეგ ყელზე მისი განსაკუთრებული ნიშანი -– საბრძოლო ჭრილობაც შენიშნეს და მიხვდნენ, რომ მათ წინ თავიანთი მეგობარი ედგათ. სიხარულის ცრემლებმოძალებული მეგობრები გადაეხვივნენ ნეტარსა და მოუთხრეს, რისთვისც ეძებდნენ. ევსტათი რომში დაბრუნდა და კვლავ მხედართმთავარი გახდა. მის ლაშქარს მრავალი ახალწვეული შეემატა და წმიდანმა არ იცოდა, რომ ის ორი ახალგაზრდა მხედარი, რომელთაც ხშირად აძლევდა დავალებებს და რომლებიც ძლიერ უყვარდა სიმარჯვისა და ახოვნების გამო, მისი ძეები იყვნენ. არც მათ იცოდნენ, რომ მამის წინამძღოლობით მსახურობდნენ და ერთმანეთს ძმებად ეკუთვნოდნენ.
ერთხელ, ლაშქრობის დროს, ევსტათის მხედრობამ ერთ-ერთ სოფელში დაიბანაკა. ძმები კარავში ისხდნენ და საუბრობდნენ. უფროსი თავის ხვედრზე ჰყვებოდა: როგორ დაკარგა დედ – მამა და საბრალო ძმა. გახარებული ნაბოლარა მიხვდა, რომ მის წინაშე მისი ძმა იყო და მას თავისი ცხოვრებაც მოუთხრო
მხედრების საუბარი ესმოდა ქალს, რომლის სახლის მახლობლადაც იყო კარავი გაშლილი –- მათ დედას. იგი მიხვდა, რომ უფალმა შვილები მოუყვანა კარს. ნეტარს მათთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ძლიერ სურდა, ძმებს არ გაყროდა, ამიტომ სტრატილატთან მისვლა გადაწყვიტა, რათა თან გაჰყოლოდა ლაშქარს. მან იცნო თავისი მეუღლე და მოუთხრო საკუთარი თავისა და იმ ორი მეომრის შესახებ, რომლებიც მისი ვაჟები აღმოჩნდნენ. ღვთის მოწყალებით ასე შეიყარა მთელი ოჯახი.
ამასობაში ომი გამარგვებით დაგვირგვინდა. ევსტათი პატივითა და დიდებით დაბრუნდა რომში. გარდაცვლილი იმპერატორის, ტრაიანეს ნაცვლად ტახტზე ასულმა ადრიანემ (117 -– 138) გადაწყვიტა, მომხდარი ღირშესანიშნავი მოვლენა საზეიმო მსხვერპლშეწირვით აღენიშნა. ყველას გასაოცრად, ევსტათი საკერპოში არ აღმოჩნდა. იმპერატორი ბრძანებით იგი სასწრაფოდ მონახეს.
"რომლისა მიზეზისათვის არ ინებე მოსვლა ჩვენ თანა გებად მამულთა ღმერთთა?" - ჰკითხა ნეტარს ადრიანემ, - შენ სხვებზე მეტი მადლიერება გმართებს, რადგან ღმერთებმა არა მარტო დაGიცვეს ომში, არამედ ცოლი და შვილებიც გაპოვნინეს. ევსტათიმ მიუგო:"ქრისტეანე ვარ მეფე, და მომცემლისა ჩემდა შევწირავ მადლობასა, საძლეველსა და წარწყმედულებისაგან შვილთა და მეუღლისა ჩემდა მომაქცეველსა. ხოლო Gგარეშე მისსა სხუასა და უფროისღა უსულოთა ამათ და ყრუთა არცა მეცნიერი ვარ, არცა ვჰმსახურობ, რაითა არა გამოვჩნდე მოქენედ საცნობელითა." განრისხებულმა იმპერატორმა ხარისხი აჰყარა ქველ მხედართმთავარს და მთელს ოჯახთან ერთად სამსჯავროზე წარადგინა. ევსტათი თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წიდანებს პირი არ დააკარეს. მაშინ განრისხებულმა თვითმპყრობელმა განკარგულება გასცა, მთელი ოჯახი გახურებულ სპილენძის ხარში შეესხათ. სამი დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, წმიდა მოწამეთა ცხედრები სრულიად უვნებელი აღმოჩნდა -– თმის ბეწვიც არ შეტრუსვოდათ, სახეები კი არამიწიერი მშვენიერებით უბწყინავდათ. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა მარტვილთა ცხედრები პატივით დაკრძალეს, შემდეგ კი როცა მართლმორწმუნეთა დევნა ჩაცხრა, "აღუშენეს სახლი სალოცველი" სადიდებლად უფლისა.