მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > წმიდა მოციქული და მახარებელი მათე
წმიდა მოციქული და მახარებელი მათე
წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, რომელსაც ლებეოსსაც უწოდებენ (მკ,2,14;ლკ.5,27), ალფესის (ხს.26 მაისს) ძე, ნაზარეთში დაიბადა. იგი მეზვერე იყო - ებრაელთაგან რომის ხელისუფლებისათვის ბაჟს კრეფდა, რადგან იმ დროს უფლის რჩეული ერი რომის იმპერიას ჰყავდა დაპყრობილი. მეზვერეები, რომლებიც ვერცხლისმოყვარეობითა და სისასტიკით გამოირჩეოდნენ, იუდეველებს ძალიან სძულდათ და გამყიდველებად, სამშობლოსა და სჯულის მოღალატეებად მიაჩნდათ. იუდეველთა ცნობიერებაში სიტყვა "მეზვერე" "ცოდვილს", "კერპმსახურს" უტოლდებოდა; გადასახადების ამკრეფთან საუბარიც კი, ცოდვად ითვლებოდა. იესო ქრისტემ კი, როცა მათე მეზვერე იხილა, მოუწოდა: "მომდევდი მე" (მთ.9,9), და ისიც გაჰყვა მაცხოვარს. ქრისტემ და მისმა მოწაფეებმა მათეს მიწვევა არ იუკადრისეს, შევიდნენ მის ჭერქვეშ და მეზვერის ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად იტრაპეზეს. ამან განარისხა ფარისევლები და მწიგნიორები, რადგან მათ არ შეეძლოთ იმის გაგება, რომ უფალი არ მოსულა "წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა" (მთ. 9,13).
მათემ, რომელმაც შეიგრძნო საკუთარი ცოდვები, მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი სხვა მოციქულებთან ერთად ქრისტეს შეუდგა. წმიდანი უსმენდა თავისი ღვთაებრივი მოძღვრის დარიგებებს, ხედავდა მის ურიცხვ სასწაულს; თორმეტ მოციქულთა შორის ისიც დადიოდა საქადაგებლად, შორის "ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა"(მთ. 10,6) და მაცხოვრის ჯვარზე ვნების, სიკვდილის, ბრწყინვალე აღდგომის და ზეცად ამაღლების მოწმეც შეიქმნა.
მას, შემდეგ რაც სულთმოფენობის დღეს უფლის სხვა რჩეულ მოწაფეებთან ერთად მათე მოციქულიც სულიწმიდის მადლმოსილი ნიჭებით აღივსო, იგი რვა წლის მანძილზე ქადაგებდა პალესტინაში. ქრისტიანული სარწმუნოების გასავრცელებლად შორეულ ქვეყნებში გამგზავრების წინ მან იერუსალიმში დარჩენილი იუდეველების თხოვნით დაწერა სახარება, რომელშიც აღბეჭდა მაცხოვრის მიწიერი ცხოვრება და მისი სწავლება.
ახალი აღთქმის წიგნებს შორის მათეს სახარება პირველ ადგილას დგას. როგორც ვარაუდობენ, წმიდა მოციქულმა იგი პალესტინაში დაწერა ქრისტეს შობიდან 42 წელს, თავის თანამედროვე ებრაულ ენაზე, საიდანაც შემდგომ ბერძნულად ითარგმნა.
მათე მოციქული ქადაგებდა ხალხში, რომელსაც მესიის შესახებ სრულიად გარკვეული რელიგიური წარმოდგენები გააჩნდა, ამიტომაც მის სახარებაში განსაკუთრებით იმაზე მახვილდება ყურადღება, რომ წინასწარმეტყველთაგან აღთქმული ჭეშმარიტი მესია სწორედ იესო ქრისტეა და სხვას არ უნდა მოველოდეთ.
მათე მახარებელმა ქადაგებით შემოიარა სირია, მიდია, სპარსეთი, პართეთი და ბოლოს ეთიოპიაში მოწამეობრივად დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი. ამ ქვეყანაში ველური ზნე-ჩვეულებებისა და ადათის მქონე ტომები, კანიბალები ცხოვრობდნენ. წმიდა მოციქულმა თავისი ქადაგებით აქ რამდენიმე კერპთაყვანისმცემელი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე მოაქცია, ქალაქ მირმენაში ტაძარი ააგო, ეკლესია დაარსა და მის ეპისკოპოსად თავისი თანამგზავრი - პლატონი დაადგინა.
მათე მახარებელი მხურვალედ ევედრებოდა უფალს, სარწმუნოების ნათლით გაენათლებინა ეთიოპიელები. ერთხელ, ლოცვის დროს, მას თავად მაცხოვარი წარმოუდგა ჭაბუკის სახით, კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, იგი ტაძრის წინ დაენერგა. "ამ კვერთხიდან ხე ამოიზრდება და ნაყოფებს გამოიღებს, მისი ძირიდან კი წყარო აღმოცენდება. წყალში განბანვისა და ნაყოფთა ხმევის შემდეგ ეთიოპიელები შეიცვლიან ველურ ზნეს და სახიერნი და მშვიდნი შეიქმნებიან", - თქვა მან.
როცა მათე კვერთხით ხელში მთიდან ქალაქში მიდიოდა, მას ამ ქვეყნის მმართველის, ფულბიანეს ეშმაკისეული ცოლი და ძე გადაეყარნენ. წმიდანმა ქრისტეს სახელით შერისხა და განდევნა მათში დაბუდებული ბოროტი სულები, რის შემდეგაც სიხარულითა და მადლიერებით აღვსილი განკურნებულები თან გაჰყვნენ წმიდანს. როდესაც პლატონ ეპისკოპოსმა ნეტარი მოციქულის მოსვლა შეიტყო, დაუყონებლივ მთელი კრებულითურთ გამოეგება მას. მათემ მირმენაში შესვლისთანავე აღასრულა ღვთის ბრძანება: ეკლესიასთან კვერთხი ჩაასო, რომელიც, მართლაც, განედლდა, დიდ ხედ იქცა, ტოტები ფართოდ გაშალა და უხვი ნაყოფიც გამოიღო, მისი ფესვებიდან კი წმიდა წყალი გადმოდინდა. მთელი ქალაქი შეიკრიბა მომხდარი სასწაულის სახილველად. ხალხი წყაროს წყალს სვამდა, ხის ტკბილ ნაყოფებს გემოს უსინჯავდა, მათე მახარებელი კი მათ შემაღლებული ადგილიდან ღვთის სიტყვას უქადაგებდა. ყველა მსმენელმა ირწმუნა უფალი, რის შემდეგაც მოციქულმა ისინი სასწაულმოქმედ წყაროში მონათლა. ყველაზე ადრე ნათელ-იღეს მთავრის ცოლმა და შვილმა. ეს რომ ფულბიანემ გაიგო, მოციქულის მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც კი მხედრების თანხლებით მიუახლოვდა ტაძარს, სადაც მათე სხვა ქრისტიანებთან ერთად ლოცულობდა, უეცრად დაბრმავდა. წმიდა მოციქულის ლოცვით მთავარს თვალები აეხილა, მაგრამ განკურნებულმა სასწაული გულისხმაყო, მომხდარი წმიდა მოციქულის გრძნეულებას მიაწერა და შეიპყრო იგი. ფულბიანეს ბრძანებით უფლის რჩეული ჯერ პირქვე დააწვინეს, ხელ-ფეხით მიწაზე დაალურსმნეს, შემდეგ კი ფიჩხი, გოგირდი და კუპრი დააყარეს ზედ და ცეცხლი წაუკიდეს. როცა ალი მაღლა ავარდა, ყველამ იხილა, რომ მათეს ცეცხლი არაფერს ვნებდა. მაშინ ფულბიანემ კოცონში ფიჩხისა და კუპრის ჩამატება ბრძანა და მის ირგვლივ თორმეტი კერპი დადგა - ფიქრობდა, რომ მათი ძალით წმიდანი უეჭველად ფერფლად იქცეოდა, მაგრამ ეს იმედიც გაუცრუვდა: ალმა ცრუ ღმერთების ქანდაკებები გაალღო, იქვე მდგომი მრავალი ურჯულოც შერუჯა, შემდეგ კი დამდნარი კერპებისაგან ცეცხლის გველი გადმოხტა და მთავარს ჩასაყლაპად გამოუდგა. სასოწარკვეთილი ფულბიანე მათეს ევედრა, დაეხსნა სიკვდილისაგან. წმიდანმაც შერისხა ცეცხლი, ალი ჩააქრო და გველიც გაუჩინარდა. ფულბიანეს მოციქულისთვის სანაცვლო პატივის მიგება სურდა, მაგრამ მათემ ლოცვა დაასრულა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს(+60).
მთავარი ეჭვებისაგან მაინც ვერ განთავისუფლდა: მისი ბრძანებით, წმიდა მათეს ცხედარი რკინის ლუსკუმაში ჩადეს და ზღვაში ჩაუშვეს. ფულბიანეს აზრით, თუ მათეს ღმერთი მოციქულის ნეშტს წყალშიც ასევე უვნებლად დაიცავდა, როგორც ცეცხლში, მაშინ ჭეშმარიტად ის იქნებოდა ყოვლისშემძლე და შემოქმედი.
იმავე ღამეს ეპისკოპოს პლატონს მათე მოციქული ეჩვენა გამოცხადებით და უბრძანა, ღვთისმსახურთა დასთან ერთად ზღვის ნაპირთან გასულიყო და მისი ცხედარი გამოესვენებინა. მღვდელთმთავარს თან მთავარი ფულბიანეც გაჰყვა თავისი ამალით. მათ ნაპირზე გამორიყული ლუსკუმა პატივით გადააბრძანეს მოციქულის მიერ აგებულ ტაძარში. ფულბიანემ შენდობა სთხოვა მათე მახარებელს, რის შემდეგაც ეპისკოპოსმა პლატონმა მონათლა იგი და ღვთის შთაგონებით მათე დაარქვა. მალე წმიდა ფულბიანე-მათემ დაუტევა ამქვეყნიური პატივი და მღვდლად ეკურთხა. პლატონ ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ მას მათე მოციქული გამოეცხადა და ეთიოპიის ეკლესიის წინამძღვრობა დაავალა. მათე-ფულბიანემ მღვდელთმთავრის ხარისხში ბევრი იღვაწა ღვთის სიტყვის საქადაგებლად, ღირსეულად განაგრძო თავისი ზეციური მფარველის საქმე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.