მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > წმიდა სამოელ კათალიკოსი
წმიდა სამოელ კათალიკოსი
წმიდა სამოელ კათალიკოსი საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე აღსაყდრდა წმიდა პეტრე კათოლიკოსის შემდეგ, მე-6 ს-ის დასაწყისიდან. წმიდა სამოელი ისევე, როგორც წმიდა პეტრე კათოლიკოსი, წარმოშობით ბიზანტიიდან იყო. წმიდა სამოელის საქართველოში ჩამოსვლა მოხდა წმიდა ვახტანგ მეფის სურვილით, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ლოცვა-კურთხევისა და ანტიოქიის პატრიარქის მიერ ეპისკოპოსად კურთხევის შემდეგ. წმიდა სამოელი სხვა ეპისკოპოსებთან ერთად თან ჩამოყვა ქართლში კათოლიკოსად დადგინებულ წმიდა პეტრეს. ამ დროს კათოლიკოსის რეზიდენცია იყო "ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი". წმიდა პეტრე მცხეთასავე განაწესეს ეპისკოპოსად.
წმიდა პეტრე კათოლიკოსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის კათოლიკოსის ტახტზე " დაჯდა სამუელ და მეფემან (დაჩიმ) მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრეთ ებრძანა მეფესა ვახტანგს". წმიდა სამოელი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას განაგებდა მეფე დაჩისა და მისი მემკვიდრის, ბაკურის დროს. წმიდა სამოელ კათოლიკოსის დროს Aაშენდა წყაროსთავის ეკლესია ჯავახეთში.
წმიდა სამოელის მოღვაწეობაში კარგად ჩანს შორსმჭვრეტელი მღვდელთმთავარი კათოლიკოსი და თითოეულ პიროვნებაზე მზრუნველი მამა, წმიდანი კარგად იცნობდა წმიდა მოწამე შუშანიკს (ხს. 28 აგვისტოს).
წმიდა სწამოელ კათოლიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის აღორძინებისა და ქვეყანაში ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების საქმეს.