მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > სიონობა
სიონობა
სახელი სიონი იერუსალიმში არსებული წმინდა მთის სახელწოდებიდან მომდინარეობს. იგი ებრაული სიტყვაა და მზიანს ნიშნავს. სიონის მთაზე არიან დასაფლავებულნი ებრაელთა მეფე დავითი და ძე მისი სოლომონი; მაცხოვარმა ამ კურთხეულ მთაზე შეასრულა საიდუმლო სერობა, ხოლო ჯვარცმის შემდგომ, მკვდრეთით აღდგომილი, აქ ორჯერ გამოეცხადა თავის მოწაფეებს. აქვე იდგა იოანე ღვთისმეტყველის სახლი, სადაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. საქართველოში სიონის სახელწოდების მრავალი ტაძარი არსებობს და ყველა ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა, მათგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი.
თბილისის სიონის მშენებლობა 6 საუკუნეში დაიწყო და 8 საუკუნის ოციან წლებში დასრულდა ადარნასეს ერისმთავრობისას. ამ დროისთვის იერუსალიმის სიონის მთაზე ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი უკვე აგებული ყოფილა.
სიონის საკათედრო ტაძარი საქართველოს მტრებს მრავალგზის დაურბევიათ და დაუნგრევიათ,მაგრამ ყოველ ნგრევას აღდგენა- განახლება მოსდევდა. 1226 წელს ხვარაზმის მბრძანებელმა ჯალალ-ედ-დინმა თბილისი აიღო., სიონის გუმბათი მოახსნევინა, ზედ ტახტი დაადგმევინა და აქედან ადევნებდა თვალს, თუ როგორ ხოცავდნენ უსჯულოები იმ ქართველებს, რომლებიც მეტეხის ხიდზე დასვენებული ღვთისმშობლისა და მაცხოვარის ხატების შეურაცხობაზე უარს აცხადებდნენ. მე-15 საუკუნის ბოლოს ტაძარი თემურ-ლენგმა შემუსრა, მაგრამ მე-15 საუკუნეში კვლავ განაახლეს.მე-18 საუკუნეში თურქებს სიონის მეჩეთად გადაკეთება უცდიათ, მაგრამ ღვთის შეწევნით, უსჯულო განზრახვა ვერ აღასრულეს. ასეთი ავბედითი გზებით მოაღწია ტაძარმა დღემდე.
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში დიდი სიწმიდეები ინახება: მაცხოვრის სამსჭვალი, წმიდა ნინოს ჯვარი, თომა მოციქულის თავის ქალა,წმიდა დავით გარეჯელის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვა... აქ განისვენებენ საქართველოს პატრიარქები, მათ შორის წმიდა კათალიკოს- პატრიარქი ამბროსი ხელაია. აქვეა დაფლული მღვდელთმთავარი იოანე მანგლელი.