მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა
მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა ჯვარისა
ღვთის განგებით, მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე – წხოველმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის საშუალება მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337) დროს.
რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც მაცხოვარი ევნო და დიდებით აღდგა. იმპერატორმა ადრიანემ(117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა. კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით:"ამით სძლო". (იხ.29 იანვარს, ჯვრის გამოჩინების დღის საკითხავი.) უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა მოწინააღმდეგეებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, "რომელთა ზედა მაცხოვარმა ხელნი განიპყრა". მან მოოხრებულ იერუსალიმში დედამისი გაგზავნა – კეთილმსახური დედოფალი ელენე (ხს.21 მაისს), რომელსაც პატრიარქ მაკარისთან გაატანა წერილი თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისათვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. ბოლოს მხცოვანი იუდეველის, იუდას მეშვეობით იპოვა მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი სამი ჯვარი და დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით. რო გაეგოთ, რომელი იყო ცხოველმყოფელი ჯვარი უფლისა, სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ , აღემართა ჯვარი, რომ ყველას შესძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელთმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად დაიწყო ჯვრის აღმართვა, ხალხი კი ვედრებით "უფალო, შეგვიწყალენ", კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა. მოხუცმა იუდამ და სხვა ებრაელებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. ნათლისღებისას იუდას კვირიკე დაარქვეს. შემდგომში იგი იერუსალიმის ეპისკოპოსი გახდა, იმპერატორ იულიანე განდგომილის(361-363) ზეობისას კი მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე(ხს. 28 ოქტომბერს)
წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს (იხ.13 სექტემბრის საკითხავი). მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და პატიოსანი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.
ამ დღეს იხსენიება ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა -– თოთხმეტ წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას(602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო მე-2-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცფხოველმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც(609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმიდე თოთხმეტი წელი იმყოფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადაეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან- სიროესთან.
წხოველმყოფელი ძელი დიდ ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინიტთა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ.მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს- უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მან, ვინც კაცობრიობის გადასარჩენად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოიხსნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.
სიტყვაში ჯვართამაღლების დღესასწაულზე ანდრია კრეტელი(ხს.4 ივლისს) წერს:"ჯუარი ამაღლდების და სავსება ეკლესიისა შემოკრბების. ჯუარი ამაღლდების და ქალაქნი დღესასწაულობენ და ერნი მხიარულებად მოისწრაფვიან, რამეთუ მოხსენებაცა ჯუარისა მიზეზ იქმნების სიხარულისა და მირიდება – მჭვუნვარებისა."