მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > დღესასწაული კვართისა უფლისა და სვეტისა ღვთივ ბრწყინვალისა და ირონმდინარისა. მცხეთობა. სვეტიცხოვლობა
დღესასწაული კვართისა უფლისა და სვეტისა ღვთივ ბრწყინვალისა და ირონმდინარისა. მცხეთობა. სვეტიცხოვლობა
იმ წელს, როცა ქართლის სამეფო ტახტზე ადერკი ავიდა, მცხეთაში ხმა გავარდა, იერუსალიმი სპარსელებმა დაიპყრესო. გლოვამ და წუხილმა მოიცვა ქართველი პურიანი, მაგრამ გამოხდა მცირე ხანი და ყველანი დამშვიდდნენ-შეიტყვეს, რომ "სპარსნი დასაპყრობად კი არ მოსულან იერუსალიმსა, არამედ საჭურველის ნაცვლად მოჰქონდათ სამეუფეო ოქრო, მაკურნებელი მური და სურნელოვანი გუნდრუკი და ეძიებდნენ დავითის ტომის ყრმას. იპოვეს კიდეც ყრმა ერთი მწირი, მწირი დედაკაცისაგან შობილი უდროო დროს და უადგილო ადგილას. იმ ყრმას სცეს თაყვანი და შესწირეს ძღვენი".
გავიდა ოცდაათი წელი. ანა მღვდელთმთავარმა მოციქული გამოგზავნა მცხეთელ ურიებთან; "რომლისათვის იგი მოვიდეს მოგუნი და შესწირეს ძღვენი, ღზრდილ არს იგი და იტყვს თავსა თვისსა ძედ ღმრთისა და სხუასა რასმე ახალსა სჯულსა გვქადაგებს და აწ წარმოგვლენია მოციქულნი ყოველთა თანა პურიათა, რათა მოვიდნენ მეცნიერნი სჯულისანი. მოვედით უკვე ყოველნივე მოსეს სჯულისა თანამდებნი და განვაბჭოთ მათ ზედა."
ქართლიდან სინედრიონის ბჭობაზე წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედა მღვდელთა ტომიდან იყო. წასვლის წინ მას შვილმა სთხოვა, წილი არ დაედო მესიის სისხლის დანთხევაში,"რამეთუ ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული".
როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, "საშინელითა კრჩხიალებითა" დაიძახა: "მშვიდობით მეუფებაო პურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი და იქმნენით ამიერითგამ მტერ შემოქმედისა"- და მყის აღესრულა.
როცა უფლის კვართზე წილი ჰყარეს, ღვთის განგებულებით იგი მცხეთელებს შეხვდა. ელიოზმა და ლონგიოზმა კვართი ქართლში წამოასვენეს. მცხეთას მოსულ ელიოზს წინ შემოეგება "დაი თვისი", სიდონია. მან გულში ჩაიკრა კვართი მაცხოვრისა, ტირილითდა გოდებით მოისმინა ძმისგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ეს სასწაული სწრაფად გახმაურდა მთელ ქართლში. ადერკი მეფემ მოისურვა თავად მოისურვა შეემოსა კვართი, მაგრამ იგი სიდონიას გაციებულ მკლავებს ვერავინ მოაშორა, ელიოზმა თავისი და წმიდა კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.
სულთმოფენობის შემდგომ მოციქულებმა წილი ჰყარეს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ქართლის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ მას მაცხოვარი გამოეცხადა და უბრძანა:"ჰოი, დედაო ჩემო, არა უგულველვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის, ხოლო შენ წარავლინე Pპირველწოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხვედრებულსა და თანა წარატანე ხატი შენი, ვითარცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს და შენ წილ ხატი იგი შენი მკვდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა." ღვთის განგებულებით და ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოში საქადაგებლად წამოვიდა წმიდა ანდრია პირველწოდებული(ხს.29 აპრილს და 30 ნოემბერს.)
წმიდა ანდრიამ იქადაგა დიდაჭარაში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით მოაქცია წარმართები, დაადგინა ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები, აღაშენა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. შემდგომ გადმოიარა მთა, რომელსაც რკინის ჯვარი ეწოდა, განვლო ოძრხის ხევი, მოაღწია სამცხის საზღვარს და დაივანა სოფელში, რომელსაც ზადენ-გორა ერქვა. აქ ლოცვით შემუსრა კერპები. აწყურში მთავრობდა ქვრივი ქალი სამძივრის გვარისა, რომელსაც ერთადერთი ვაჟი გარდაცვლოდა. წმიდა ანდრია მოციქულმა ღვთის ნებითა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის მადლით მიცვალებული აღადგინა მკვდრეთით. სამძივარმა ძით და ყოველი სახლეურითურთ ნათელიღო. წმიდა მოციქულმა მესხეთში დაადგინა ეპისკოპოსი, მღვდლები, დიაკვნები, ამის შემდეგიქადაგა კლარჯეთში, არტანუჯაში, სომხითში და იერუსალიმში დაბრუნდა პასექის აღსასრულებლად.
ადერკი მეფემ ნათელღებული ქართველები კვლავ წარმართობაზე მოიქცია და შერისხა კლარჯეთის ერისთავი, რომელმაც მშვიდობით განუტევა წმიდა ანდრია. მოციქული კვლავ დაბრუნდა ქართლში. ამჟამად მას მატათა და სვიმონ კანანელი ახლდნენ თან. წმიდა მატათამ (ხს.9 აგვისტოს) საქადაგებლად სვანეთს მიაშურა, წმიდა ანდრია და წმიდა სვიმეონი (ხს.30 ივნისს) ოსეთს წავიდნენ და მრავალი მოაქციეს, შემდეგ კი აფხაზეთს მიმართეს წმიდა სვიმონ კანანელი დარჩა ცხუმში, ხოლო წმიდა ანდრია ჯიქეთს წავიდა. ჯიქებმა არ შეიწყნარეს მოციქულის ქადაგება და მისი მოკვდინება ეწადათ, მაგრამ, ღვთის მადლით, გადარჩა.
გავიდა ჟამი. ზედამდგომელობით და წარმართთა შიშით ქართველებმა დაივიწყეს შემოქმედი თვისი და ჯვარცმული მაცხოვარი. წმიდა გიორგი კაბადოკიელის (ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) წამების ჟამს კაბადოკიაში ცხოვრობდა მართლმორწმუნე ცოლ-ქმარი, ზაბულონი და სოსანა (ხს. 20 მაისს) . მათ ჰყავდათ ასული ნინო (ხს. 14 იანვარს და 19 მაისს). სოსანა იერუსალიმის პატრიარქის, იუბენალის და იყო. ცოლ-ქმარმა გადაწყვიტა, თავი უფლისათვის შეეწირათ, თავიანთი ქონება ღარიბებს დაურიგეს, მცირეწლოვანი ასული ძიძას ჩააბარეს აღსაზრდელად, თვითონ კი განდეგილ ცხოვრებას შეუდგნენ. ნინოს აღმზრდელი მოუთხრობდა უფლის ვნებების, ჯვარცმის, დაფლვის, აღდგომის და ამაღლების შესახებ. როცა ნინომ შეიტყო, რომუფლის უკერველი კვართი დაფლულოი იყო წარმართთა ქალაქში, გადაწყვიტა, ქართველები ქრისტეს სჯულზე მოექცია. იგი დაუმეგობრდა მეფის ასულ რიფსიმეს და მის გამზრდელს, გაიანეს (ხს. 30 სექტემბერს), რომლებიც სხვა ქალწულებთან ერთად ილტვოდნენ უსჯულო მეფის, დიოკლიტიანესგან და მასთან ერთად ჩავიდა სომხეთში. სომხეთის მეფის, თრდატის მიერ, წმიდა ქალწულმოწამეთა მოწყვეტის შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ნინო ჯავახეთის მთებით ქართლში გადავიდა.
ამ დროს ქართლში მეფობდა მირიანი. მას ცოლად ჰყავდა პონტოელი მთავარსარდლის ასული ნანა. მირიანი სარწმუნოებრივი შემწყნარებლობით გამოირჩეოდა: თაყვანს სცემდა ცეცხლსა და კერპებს, ბერძნებთან ხანგრძლივი ურთიერთობის გამო ქრისტიანული მოძღვრების შესახებაც ჰქონდა გაგებული, მის ყურამდე მისული იყო წმიდა კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) მიერ მტრის სასწაულებრივი ძლევის შესახებ.
ქართლში მოსული ნინო ურბნისში ჩავიდა და ურიათუბანში დასახლდა. ოციოდე დღის შემდეგ მთელი ქართლი დაიძრა წარმართული ღვთაების, არმაზის დღესასწაულზე. დღესასწაულს მთელი სამეფო კარი ესწრებოდა. წმიდა ნინომ ლოცვა აღავლინა ღვთის წინაშე და არმაზის, გაცის და გაიმის კერპებო სასწაულებრივ დაიმსხვრა. ნინო მცხეთაში დასახლდა. ის ყველას ეკითხებოდა კვართის ამბავს, მაგრამ მისი ადგილსამყოფელი არავის ახსოვდა. ამ ძიებაში ნინომ გაიცნო მცხეთელ პურიათა მღვდელთმოძღვარი აბიათარი, ელიოზის შთამომავალი, მისი ასული სიდონია და კიდევ ექვსი დედა. წმიდა ნინომ ისინი ქრისტეს სჯულზე მოაქცია,მაგრამ, რადგან მღვდელი არ იყო, ნათლისღების საიდუმლო არ ჩაუტარებია.
წმიდა ნინომ უფლისაგან კურნების ნიჭი მიიღო. ის ჯვარცმული მაცხოვრის სახელითა და ვაზის ჯვრის მადლით მკურნალობდა დავრდომილებს.
ნანა დედოფალი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ნინოს ქადაგებებს, გმობდა ახალ მოძღვრებასა და მის მქადაგებელს, მირიან მეფეს კი "სქუნდა სურვილი ქრისტეს სჯულისა და არა დააბრკოლებდა ქადაგებად ნინოს და მოწაფეთა მისთა". ერთხელ მან ებრაელთთა დევნისაგან ფარულად დაიხსნა აბიათარ მღვდელი, ასული მისი სიდონია და სხვა ქრისტიანები.
გავიდა ხანი. ერთხელ ნანა დედოფალი დასნეულდა და წმიდა ნინოს ლოცვამ იგი უეჭველი სიკვდილისაგან იხსნა, რის შემდეგაც ნინომ აღიარა მაცხოვარი. დედოფლის განკურნების შემდეგ მირიან მეფე კიდევ უფრო დაინტერესდა ქრიტეს სჯულით და ურიაყოფილ აბიათარს ხშირად ეკითხებოდა ძველი და ახალი აღთქმის წიგნებზე.აბიათარმა მას ნებროთის წიგნი წააკითხა. მეფეს ქრისტეს სჯულზე მოქცევის სურვილი გაუჩნდა.
ერთ დღეს მეფე სანადიროდ წავიდა თხოთის მთაზე. მოუხდა უჩინო მტერი, გულში კვლავ ჩაუდო კერპთა და ცეცხლის სიყვარული და მახვილით მოწყვეტა ქრისტიანეთა. მან გადაწყვიტა მცხეთაში დაბრუნებისთანავე ქრისტიანთა განდევნა და ნინოს მოკვდინება .მთაზე ასულ მეფეს მზე დაუბნელდა და მის ირგვლივ უკუნი ღამე ჩამოწვა. შეშინებულმა მირიანმა კერპებს შესთხოვა დახმარება, მაგრამ ისინი უგრძნობნი იყვნენ მლოცველის მიმართ. მაშინ მეფემ ჯვარცმულ ღმერთს შეავედრა თავი და მოხდა სასწაული: განათდა, მზე გამობრწყინდა. მირიანმა განიპყრნა ხელნი აღმოსავლეთისკენ და თქვა:"შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა, უფალი ყოველთა ზედა უფლებათა, ღმერთი, რომელსა ნინო იიტყვის". მცხეთაში დაბრუნებული მეფე ნინოსთან მივიდა, მისი რჩევით მეორე დღესვე მოციქულნი წარავლინა საბერძნეთს კონსტანტინე მეფესთან და სთხოვა, მღვდლები მგამოეგზავნა ნათლისღებისათვის.
სანამ კონსტანტინოპოლიდან მღვდლები ჩამოვიდოდნენ, მირიან მეფემ ეკლესიის აშენება გადაწყვიტა სამეფო ბაღში. ხუროებმა ნაძვის ხისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. ექვსი აღმართეს, ხოლო მეშვიდე, ყველაზე დიდი, ადგილიდან ვერ დაძრეს. წმიდა ნინო მოწაფეებთან ერთად ლოცვად დადგა. გამთენიისას ზეცით გარდამოხდა ნათლით შემოსილი,"ყოვლით ცეცხლითა მობლარდნილი" ჭაბუკი, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და თორმეტი წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა ჰაერში. მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანსაცემად, მის მიახლოებაზე ავადმყოფები ინკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ, დავრდომილნი აღსდგებოდნენ.
ამასობაში კონსტანტინეპოლიდან დაბრუნდნენ მოციქულნი ეპისკოპოს იოანეს, მღვდლებისა და დიკვნების თანხლებით. წმიდა კონსტანტინე დიდმა ქრისტეს სჯულს შემდგარ მეფეს და ერს გამოუგზავნა ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი-კვარცხლბეკი და ორი სამსჭვალი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
მტკვრისა და არაგვი შესართავთან ნათელიღო მეფე-დედოფალმა, სამეფო კარმა და მთელმა ქართლმა. საზეიმო ნათლისღების შემდეგ იოანე ეპისკოპოსი და მისი თანმხლებნი ერუშეთს წავიდნენ, აღაშენეს ეკლესია და დატოვეს სამსჭვალი უფლისა, შემდგომ მანგლისს დაიწყეს ეკლესიის შენება და იქ ძელისცხოველის ნაწილი დაასვენეს.
მირიან მეფე შეწუხდა, მას სურდა, სატახტო ქალაქშიც ყოფილიყო დასვენებული სიწმინდეები. წმიდა ნინომ მეფეს უთხრა, რომ მცხეთაში დიდი სიწმიდე – უფლის კვართი ინახებოდა. მეფე აბიათარ მღვდელი დაიბარა, კვართის ამბავი გამოჰკითხა და სიხარულით აღევსო.
მცხეთაში, ერთი კლდის თავზე, მშვენიერი, სურნელოვანი, სასწაულმოქმედი ხე იდგა. მისი ფოთლებით ისარნაკრავი მომაკვდავი ნადირი იკურნებოდა. როდესაც იოანე ეპისკოპოსს ეუწყა ეს ამბავი, ბრძანა: "ჭეშმარიტად ღვთისა მიერ აღმოცენებულ არს ხე იგი და დამარხულ ჟამისა მისთვის და აწღა მოეფინა მადლიმ ღვთისა ქართლსა და მის ხისგან ჯერ არს შექმნა ჯვარი პატიოსანი, რომელსა თაყვანი სცეს ყოველმან სიმრავლენმან ქართლისამან".
მირიან მეფის ძემ, რევიმ, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევითა და ერის თანხლებით მოჭრა ხე, რტოებითურთ წამოასვენა და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. ხეს ოცდაჩვიდმეტი დღის განმავლობაში არც ფერი უცვლია და არც ფოთლები დასცვენია. შენდგომ ამ ხისგან სამი ჯვარი გააკეთეს.
ამის შემდეგ მრავალი დღის განმავლობაში ხალხი ერთსა და იმავე ჩვენებას ხედავდა: ღამით ეკლესიას ვარსკვლალებით გარშემორტყმული ცეცხლოვანი ჯვარი ადგებოდა თავს, განთიადისას ორი ვარსკვლავი გამოეყოფოდა სხვებს, ერთი აღმოსავლეთისკენ მიდიოდა , მეორე კი დასავლეთისაკენ, თავად ცეცხლოვანი ჯვარი კი არაგვს გაღმა, კლდოვანი ბორცვის თავზე ჩერდებოდა და იქიდან უჩინარდებოდა ზეცაში. ამ სასწაულის გამო, წმიდა ნინოს რჩევით, მეფემ ერთი ჯვარი დასავლეთით, თხოთის მთაზე აღამართვინა, მეორე ქალაქ უჯარმაში, მესამე ჯვრისთვის კი ადგილი ვერ შეარჩიეს.
მირიან მეფემ ლოცვით შესთხოვა უფალს, მიენიშნებინა ადგილი, სადაც ჯვარი უნდა აღმართულიყო. ღმერთმა ისმინა კეთილმორწმუნე მეფის ვედრება და ანგელოზის პირით აუწყა, რომ ჯვარი აღემართა არაგვს გაღმა, კლდოვან ბორცვზე.
როცა მცხეთაში ეს პატიოსანი ჯვარი აღიმართა, მაშინვე ყველა კერპი დაიმსხვრა ქართლში.
სიკვდილის წინ მეფემ აკურთხა ძე თვისი ბაქარი, ანდერძად დაუტოვა წმიდა სამების ერთგულება, ბრძოლა კერპების წინააღმდეგ და ღვთივ მიესვენა. წმიდა კეთილმსახური მეფე საკუთარი სურვილისამებრ დაკრძალეს ზემო ეკლესიაში (სამთავროს დედათა მონასტრის ეკლესია). მან არ ისურვა დასაფლავება ქვემო ეკლესიაში (სვეტიცხოველი), რომელსაც "წმიდათა წმიდაი" ერქვა, იმ მოკრძალებისა და რიდის გამო, რომელიც დიდებული ნათლის სვეტის წინაშე ჰქონდა. ორი წლის შემდეგ გარდაიცვალა ნანა დედოფალიც და დაიკრძალა იქვე, მირიან მეფესთან.