მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > ღირსი სერაფიმე საროველი
ღირსი სერაფიმე საროველი
ღირსი სერაფიმე საროველი (ერობაში - პროხორი მოშნინი) - რუსეთის ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი - დაიბადა კურსკში 1754 წლის 19 ივლისს. მამა - ისიდორე ადრე გარდაიცვალა და მცირეწლოვანი ყრმა დედის - აღათიას მზრუნველობის ქვეშ დარჩა.
ბავშვობიდანვე უფრთხილდებოდა უფალი თავისი მადლის რჩეულ ჭურჭელს. ერთხელ ყრმა მშენებარე ტაძრის მაღალი სამრეკლოდან ჩამოვარდა, მაგრამ უვნებლად გადარჩა; შემდეგ სასიკვდილოდ დაავადდა, მაგრამ ძილში ღვთისმშობელი იხილა, რომელმაც მონახულება და განკურნება აღუთქვა. მართლაც, მალე მათი ეზოს წინ პროცესიამ ჩაიარა ჯვრებით და ღვთისმშობლის ხატით. დედამ ხელში აყვანილი ბავშვი გამოარბენინა და ხატს შეახო, რის შემდეგაც მან სწრაფად დაიწყო გამოჯანმრთელება.
პროხორეს საოცარი მეხსიერება ჰქონდა. მან ადვილად შეისწავლა წერა-კითხვა. ბავშვობიდანვე უყვარდა ღვთისმსახურებაზე დასწრება, ბავშვებისათვის წმიდა წერილისა და წმიდანთა ცხოვრების კითხვა, მაგრამ ყველაზე უფრო განმარტოებული ლოცვა და სახარებისეული ჭეშმარიტებების წვდომა იზიდავდა.
პროხორემ სიყმაწვილეშივე გადაწყვიტა, თავი უფლის მსახურებისათვის მიეძღვნა და მონასტერში წასულიყო. კეთილმსახურმა დედამ დალოცა მისი განზრახვა, ჯვარიც აჩუქა, რომელსაც წმიდანი მთელი ცხოვრების მანძილზე გულზე ატარებდა. მალე სხვა მორწმუნეებთან ერთად პროხორე ფეხით ჩავიდა კურსკიდან კიევში პეჩორის სიწმიდეების თაყვანსაცემად. სქიმმონაზონმა დოსითეოსმა მას ურჩია,საროვის უდაბნოში დამკვიდრებულიყო. შინ დაბრუნებული ღვთისმოყვარე ჭაბუკი სამუდამოდ გამოემშვიდობა დედას და ნათესავებს, 1778 წლის 20 ნოემბერს კი საროვში ჩავიდა, სადაც მაშინ სიბრძნით გაბრწყინებული ბერი პახუმი წინამძღვრობდა. მან თბილად მიიღო პროხორე და მოძღვრად ბერი იოსები მიუჩინა. ახალი მორჩილი სიხარულით ასრულებდა ყოველგვარ დავალებას, ისე გულმოდგინედ იღვწოდა, თითქოს თავად უფალს ემსახურებაო. გამუდმებული შრომით ის თავს იცავდა მოწყინებისაგან, რომელიც, როგორც შემდგომ აღნიშნავდა ყველაზე საშიში საცდურია.
ამ წლებშივე პროხორემ, სხვა მოღვაწე ბერების მიბაძვით, ტყეში განმარტოებასა და ლოცვაზე აიღო კურთხევა. ორი წლის შემდეგ ახალგაზრდა მორჩილი წყალმანკით დაავადდა, მთელი სხეული გაუსივდა და საშინლად იტანჯებოდა; სამი წელი ავადმყოფობდა, მაგრამ ექიმი არ გაიკარა. " მე სულისა და ხორცის ჭეშმარიტ მკურნალს - ჩვენს უფალს, იესო ქრისტესა და მის ყოვლადწმიდა დედას ვარ მონდობილი,”- უთხრა მან მამა პახუმს და ზიარება მოითხოვა. მაშინ მას ღვთისმშობელი გამოეცხადა პეტრე მოციქულისა და იოანე ღვთისმეტყველის თანხლებით. ყოვლადწმიდა ქალწული კვერთხით შეეხო სნეულის ფერდს. სხეულში დაგუბებულმა სითხემ ნელ-ნელა იწყო დენა და მალე წმიდანი სრულიად გამოჯანსაღდა.
წმიდანმა საროვის სავანეში რვა წელი დაჰყო მორჩილად, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა და სერაფიმე ეწოდა - სახელი, რომელიც სწორედ რომ შეეფერებოდა ღვთაებრივი სიყვარულით ანთებულ მის სულს. ერთი წლის შემდეგ სერაფიმე ბერ-დიაკვნად აკურთხეს. საღვთო შურით აღსავსე, იგი ყოველდღე მსახურობდა ტაძარში და ღვთისმსახურების შემდეგაც გამუდმებით ლოცულობდა. უფალმა არაერთხელ გახადა იგი საღვთო ხილვების ღირსი: სერაფიმე წირვა-ლოცვის დროს ცხადად ხედავდა ანგელოზებს. განსაკუთრებული მადლით აავსო წმიდა მამა თავად მაცხოვრის გამოცხადებამ დიდ ხუთშაბათს, საღვთო ლიტურგიაზე. ამ ხილვის შემდეგ მან გაამკაცრა ღვაწლი: დილით სავანეში შრომობდა, ღამით კი-უდაბურ ტყეში, განმარტოებულ სენაკში ლოცულობდა. 1793 წელს, 39 წლის ასაკში, სერაფიმეს მღვდელ-მონაზვნად დაასხეს ხელი. მალე სავანის წინამზღვარი, მამა პახუმი მიიცვალა. სიკვდილის წინ მან წმინდანს მეუდაბნოეობაზე მისცა კურთხევა. სერაფიმემ ახალი წინამზღვრისაგან - მამა ისაიასაგანაც აიღო ლოცვა-კურთხევა და მონასტრისაგან რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ სენაკში განმარტოვდა, დაბურულ ტყეში. წმიდანი მთელი კვირების განმავლობაში იქ ლოცულობდა და მხოლოდ შაბათობით, მწუხრის ლოცვის წინ მიდიოდა სავანეში ლიტურგიის შემდეგ იგი უკანვე ბრუნდებოდა, წმიდა ზიარებით განმტკიცებული.
ღირსი მამა მკაცრ ღვაწლში იყო: თავისი ტიპიკონი მან ძველ უდაბნოთა სავანეების წესდების მიხედვით შეადგინა. მას განუშორებლად თან დაჰქონდა წმიდა სახარება. კვირის განმავლობაში ახალ აღთქმას მთლიანად კითხულობდა. გარდა ამისა, კითხულობდა წმიდა მამათა თხზულებებს და საღვთისმსახურო წიგნებს. წმიდა სერაფიმემ მრავალი საგალობელი შეისწავლა ზეპირად და ტყეში მუშაობის დროს გალობით აღავლებდა ლოცვებს. სენაკის მახლობლად მან ბოსტანი მოაწყო, ფუტკარიც მოიშენა; ლუკმაპურს საკუთარი შრომით მოიპოვებდა, მაგრამ ძალიან ცოტას ჭამდა, დღეში მხოლოდ ერთხელ იღებდა საზრდოს, ოთხშაბათს და პარასკევს კი საერთოდ არაფერს ჭამდა.
წმიდა სერაფიმესთან რჩევისა და ლოცვა - კურთხევის მისაღებად მისულთა სიმრავლე არღვევდა მის მყუდროებას, ამიტომ, წინამძღვრის კურთხევით, წმიდანმა მისვლა აუკრძალა ჯერ ქალებს, შემდეგ კი - ყველა დანარჩენს. წმიდა სერაფიმეს ლოცვით მის სენაკთან მისასვლელი გზა ასწლოვანი ფიჭვების მსხვილი ტოტებით გადაიხლართა. ახლა მხოლოდ ფრინველები და მხეცები თუ აღწევდნენ წმიდა მამამდე. იგი საკუთარი ხელით აჭმევდა დათვს, როცა მისთვის პური მიჰქონდათ მონასტრიდან.
ღირსი სერაფიმე ყოველ ღამით ერთ უზარმაზარ ქვაზე ადიოდა და ხელაპყრობით ლოცულობდა: "უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი”. დღისით სენაკში აგრძელებდა ლოცვას. აქაც ტყიდან მიტანილ ქვაზე იდგა, საიდანაც იშვიათად ჩამოდიოდა. ასე ლოცულობდა წმიდანი 1000 დღე-ღამის განმავლობაში. ერთხელ ყაჩაღები თავზე დაადგნენ უდაბნოში მომუშაკე ბერს და ფული მოსთხოვეს. ყაჩაღებმა სასტიკად გვემეს ღირსი მამა, თავი გაუტეხეს, ნეკნები ჩაუმსხვრიეს, შემდეგ კი შეკრეს და მდინარეში უპირებდნენ გადაგდებას, მაგრამ, როცა მისი ღარიბული სენაკის საფუძვლიანი გაჩხრეკის შემდეგ ხატისა და რამდენიმე კარტოფილის მეტი ვერაფერი იპოვეს, სირცხვილეულნი განერიდნენ იქაურობას. წმიდანი საშინელი ჭრილობებისაგან ღვთისმშობელმა განკურნა გამოცხადებით. ამის შემდეგ წმიდა სერაფიმე მუდამ წელში მოხრილი დადიოდა, კვერთხზე ან ნაჯახზე დაყრდნობილი, მან შეურაცხმყოფლებს გულით შეუნდო შეცოდება და ითხოვა, არ დაესაჯათ ისინი.
როდესაც იღუმენი ისაია გარდაიცვალა, წმიდა მამამ მდუმარების ღვაწლი იტვირთა. ის ცდილობდა, ლოცვით ყოველგვარი ამაო ფიქრისაგან განეწმინდა გონება: თუ ტყეში ვინმეს გადაეყრებოდა, პირქვე დაემხობოდა და შემხვედრის წასვლამდე არ წამოდგებოდა. ამგვარ ღვაწლში გალია წმიდანმა თითქმის სამი წელიწადი, კვირის წირვებზეც კი არ მიდიოდა სავანეში. მაშინ ახალმა იღუმენმა ნიფონტმა და მონასტრის ძმებმა სთხოვეს ბერს, წირვალოცვაზე მაინც მისულიყო მათთან, ან საერთოდ დაბრუნებულიყო სავანეში. ღირსმა მამამ ეს უკანასკნელი არჩია, რადგან შორ მანძილზე სიარული უჭირდა და 1810 წლის გაზაფხულზე თხუთმეტ წლიანი განდეგილობის შემდეგ სავანეში დაბრუნდა. იქ იგი ერთ სენაკში დაეღუდა, საიდანაც არასდროს გამოდიოდა. უფალმა მოშურნე ბერს ხანგრძლივი და გულმოდგინე მოღვაწეობისათვის განჭვრეტისა და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა.
1825 წლის 25 ნოემბერს ღვთისმშობელმა მას გამოცხადებით მოუწოდა ხალხის სამსახურისაკენ და ამ დღიდან წმიდანის სენაკის კარები ღია იყო ყველა მსურველისათვის. მოძღვარი ჭვრეტდა აღმსარებელთა გულებს და ღვთისადმი აღვლენილი ლოცვებით კურნავდა მათ სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან. წმიდანი განსაკუთრებულად ზრუნავდა თავის საყვარელ დივეევოს დედათა სავანეზე. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებულიც უხილავთ.
სიცოცხლის უკანასკნელ წელს წმიდა სერაფიმე საროველი საგრძნობლად დასუსტდა, იგი ხშირად საუბრობდა მოახლოებული აღსასრულის შესახებ. იმ ხანებში მას ხშირად ხედავდნენ სენაკის კარებთან მდგარ კუბოსთან, რომელიც საკუთარი ხელით შეემზადებინა თავისთვის. ღირსმა მამამ ითხოვა, მიძინების ტაძრის საკურთხეველთან დაეკრძალათ, მის მიერ წინასწარ მინიშნულ ადგილას...
1833 წლის 1 იანვარს უკანასკნელად ეზიარა. 2 იანვარს, დილის ექვსი საათისათვის, წმიდანის მორჩილმა პავლემ მისი სენაკიდან გამომავალი დამწვრობის სუნი იგრძნო. წმიდანი ყოველთვის ანთებდა სანთლებს, მაგრამ ამბობდა: " სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს სენაკში ხანძარი არ გაჩნდება, ჩემი სიკვდილი კი ხანძრით გაცხადდება.” როცა კარები გააღეს, დაინახეს, რომ წიგნებსა და სხვა ნივთებს ცეცხლი მოსდებოდა, მამა სერაფიმეს კი ღვთისმშობლის ხატის წინ მუხლმოყრის, სული უფლისთვის შეევედრებინა.