მთავარი გვერდი > წმინდანთა ცხოვრება > ღირსი ევაგრე
ღირსი ევაგრე

ღირსი ევაგრე იყო მთავარი ციხედიდისა. ღვთისმსახურ და მორწმუნე მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ერთხელ ევაგრე სანადიროდ წავიდა სარკინეთის მთაზე სადაც ღირსი მამა შიო მღვიმელი (ხს. 9 მაისს და ყველიერის ხუთშაბათს) მოღვაწეობდა. ნადირობისას მხლებლები დაიფანტნენ. მარტო გარჩენილმა ევაგრემ მიდამო დაათვალიერა. უცებ მან დაინახა მტრედის მსგავსი უცხო ფრინველი, რომელმაც ნისკარტით რაღაც საჭმელი მიიტანა გამოქვაბულში. ევაგრემ დაიმახსოვრა ის ადგილი, სადაც მტრედი მიფრინდა, მეორე დღეს მოიძია და იხილა გამოქვაბულში დაყუდებული ბერი. გაოცებულმა ევაგრემ ვინაობა გამოჰკითხა განდეგილს. ღირსმა შიომ უთხრა: "კაცი ვარ უცხოი და ქრისტეს მოსავი, და ვარ ქუაბსა ამას შინა მცირესა, რაითა დაყუდებით აღვასრულნე დღენი ცხორებისა ჩემისანი და ესრეთ უშფოთველად სათნო ვეყო ღმერთსა." საოცარი სახილველით გაკვირვებული ევაგრე საღმრთო შურით აღივსო და ღირს მამას უთხრა: "ცხოველ არს უფალი, არა დაგიტეო შენ და არცა წარვიდე სახედ ჩემდა". წმიდა შიომ ევაგრეს ურჩია, გადაეფიქრებინა თავისი გადაწყვეტილება, რადგან, ფუფუნებაში აღზრდილი, მეუდაბნოეობის სიმძიმეს ვერ იტვირთებდა, მაგრამ ევაგრემ მტკიცედ მიუგო: "დაღაცათუ დღესვე იყოს სიკუდილი ჩემი შენ თანა, არა დაგიტეო".
ღირსმა შიომ წმიდა ევაგრეს, კვერთხი მისცა და უბრძანა: "კუერთხი ესე ჩემი ჩაყავ მტკუარსა, ხოლო იგი გზას გცემს და განვედ  ჰმელად, და წარვედ სახედ შენდა და ყოველივე საცხოვრებელი შენი განაგე და წარმოვედ და, ვითარცა მოიწიო მტკუარსა ზედა, კუალად ჩაყავ კუერთხი ჩემი და უკუეთუ გზა გცეს, მოვედ ჩემდა და უკუეთუ არა გზა გცეს, წარვედ შინა, რამეთუ არა სთნავს ღმერთსა საქმე ეგე, რომელსა ჰლამი."
ევაგრემ მორჩილებით მიიღო ღირსი მამის კვერთხი და მდინარეს შეახო. მტკვარი გაიპო და წმიდანი მშვიდობით  გავიდა მდინარის მეორე ნაპირზე.
სასახლეში დაბრუნებულმა ევაგრემ თავისი ქონება გლახაკებს დაურიგა, სახლეულს გამოემშვიდობა და მამა შიოსთან დაბრუნდა. მტკვართან კვლავ აღსრულდა სასწაული: მდინარე ორად გაიპო და ანგელოზებრივი ცხოვრების გზაზე შემდგარი მოღვაწე გაატარა.
ღირსმა შიომ წინასწარ განჭვრიტა, რომ უდაბნოში მოღვაწე ბერები გამრავლდებოდნენ და ღვთის მიერ მინიშნებულ ადგილას ეკლესია ააგო.
მალე ღირსი მამების ღვაწლი გაცხადდა და სარკინეთის მთას მრავალმა ქრისტიანმა მიაშურა. ფარსმან მეფემ გვიან გაიგო თავისი საყვარელი სპასპეტის ბერად აღკვეცა, ძალიან ეწყინა და თავად მოინახულა ღირსი შიოს უდაბნო. მას უნდოდა, ევაგრე ისევ საერო სამსახურზე დაეყოლიებინა, მაგრამ ღირსმა მამამ მეფეს მონაზვნური სიმშვიდით უპასუხა: "ჰოი, მეფეო, რად მაწუხებ დაბადებულსა ღვთისასა, რათა შევირაცხო მსგავსად ძაღლთა, კუალად მიქცეულთა ნათხევარსავე". ფარსმანმა ღირსი შიოს გამოქვაბული მოინახულა და, როცა საკვირველი მადლით განათებული მისი სახე იხილა, სამეფო გვირგვინი მოიხადა და საკვირველი ბერის წინაშე დაიჩოქა.
ღირსმა შიომ ღვთისმოსავი მეფე აკურთხა და ტავისი ხელით დაადგა თავზე გვირგვინი. ფარსმანმა ოთხი დაბა, ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოქროს ბარძიმ-ფეშხუმი და სხვა საჭურჭლე შესწირა ღირსი შიოს მონასტერს. შესაწირავთა შორის იყო აგრეთვე წმიდა ვარტანგ გორგასლის (ხს. 30 ნოემბერს) მიერ შემკობილი სახარებაც.
ღირსი შიოს, ევაგრესა და მათ თანამოსაგრეთა მოღვაწეობის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო, მრავალნი, საღვთო შურით აღვსილნი, ტოვებდნენ საერო ცხოვრებას და სამონაზვნო სქიმით იმოსებოდნენ.
როცა ღირსი შიო მოხუცდა, ერთად შეკრიბა საძმო და უთხრა: "გამოირჩიეთ ერთი ძმათაგანი, რომელი იღუწიდეს ცხოვრებისა თქუენისათვს; რამეთუ მე ამიერითგან მეგულვების შთასვლა მღვმესა შინა, რომელი შევმზადე საღოფელად და საფლავად ჩემდა". ძმებს ეძნელებოდათ მოძღვართან დაშორება, დიდხანს ევედრებოდნენ მონასტერში დარჩენილიყო, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სთხოვეს, წინამძღვარი თავად აერჩია. წმიდა მამამ ღირსი ევაგრე გამოარჩია.
მშვიდსა და გულით მდაბალ ევაგრეს ეძნელებოდა ძმათა წინამძღვრობა: "ვერ ემძლებელ ვარ ჯერისაებრ სრულ ქმნად მსახურებასა ძმათასა, ვინაცა ნუ მაიძულებ მე ხელ ყოფად საქმესა ამას, უზეშთაესსა ძალისა ჩემისასა, რამეთუ კაცი უმეცარი ვარ და უძლური ტვირთვად ესე ოდენთა მონაზონთა ჯეროვანსა მეურნეობასა", - შეევედრა იგი წმიდა შიოს. მან კი ასე დაამშვიდა: "უკეთუ მორჩილ გუექმნა, ფრიადი სასყიდელი მიიღო ღუთისაგან და ნეტარება მორჩილთა დაიმკვიდრო დიდებასა მას უხილავსა.".
ღირსმა ევაგრემ მორჩილებით მიიღო მოძღვრის კურთხევა. იგი, ღვთის შეწევნით და მამა შიოს ლოცვით, ბრძნულად განაგებდა მონასტერს.