მთავარი გვერდი > დამწყებთათვის > გულის გამოსწორებისათვის
გულის გამოსწორებისათვის

როგორ გამოვასწოროთ საკუთარი თავი, როგორ გარდავქმნათ საკუთარი გული, საიდან დავიწყოთ ეს საქმე, სად ვეძებოთ ცოდვის ფესვები, რას მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება, რომელი ვნება რომლისაგან იშვება. ყოველივე ამაზე მშვენივრად მსჯელობს წმ. ეპ. თეოფანე დაყუდებული დიდმარხვის პირველი შვიდეულის შაბათის ქადაგებაში. მოგვყავს ამ ქადაგების ნაწილი;

საკუთარ თავში წმიდა საწყისის გაღვიძება იმდენად ძნელია, სიკეთის გზა კი - იმდენად დახლართული და იდუმალი, რომ მან, ვინც საკუთარი თავის გამოსწორების ღვაწლს შესდგომია, წინასწარ უნდა მოხაზოს გონებაში, რა და როგორ გამოასწოროს, ყოველთვის ახსოვდეს ეს მონახაზი და მასთან, ამ ერთგულ მეგზურთან ერთად, დაუბრკოლებრივ აღასრულოს დაწყებული საქმე.
მაშ ასე, პირველი - რა უნდა გამოვასწოროთ?
თითქმის ყველაფერი, რაც ჩვენშია. ცოდვას უყვარს სრული ხელმწიფება - თუ გულის ნაწილს დავუთმობთ, მალე მას მთლიანად დაეპატრონება და თვით ადამიანსაც თხემით ტერფამდე დაიმონებს. ხოლო ცოდვილი ადამიანისა და ცოდვილი კაცობრიობისათვის საღმრთო წერილი ამბობს: "ფერხთაგან ვიდრე თავამდე არა არს შორის სიმართლე" (ესაია, 1, 60. ამაში ყველა ადვილად დარწმუნდება, თუ საკუთარი ცოდვილი გულის სიღრმეში ჩაიხედავს. იქ დაინახავს ბოროტების თესლსაც და ცოდვის აღმოცენებასაც.
ძირი ზნეობრივი ბოროტებისა არის თავისმოყვარეობა, იგი ღრმადაა გულში დამარხული. ადამიანი იმისთვისაა მოწოდებული, რომ თავი დაივიწყოს და მხოლოდ ღმერთისა და მოყვასისათვის იცხოვროს - ყველა თავის საქმეს იგი ღმერთს უნდა სწირავდეს მადლიერების მსხვერპლად და ყველაფერს, რასაც უფლისგან ღებულობს, მოყვასის სამსახურს უნდა ახმარდეს. ეს ორი რამ მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული: შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი და არ გიყვარდეს მოყვასი, ანდა პირიქით: მოყვასი გიყვარდეს და ღმერთი - არა. ამასთან, ისიც შეუძლებელია, გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი და თავს არ სწირავდე ამ სიყვარულისთვის. მაგრამ როდესაც ადამიანი გონებით, გულითა და სურვილით განეშორება ღმერთსა და მოყვასს, რა თქმა უნდა, ისღა დარჩენია, საკუთარ თავს დაეყრდნოს - თავის თავს ირჩევს სამყაროს ცენტრად, მისკენ მიმართავს ყველა ძალას და ამ დროს არც ღმრთაებრივ კანონებს იცავს, არც მოყვასის ინტერესებს.
ესაა ცოდვის ძირი! ესაა ყოველგვარი ზნეობრივი ბოროტების სათავე! სადაც ღრმად, გულშია ეს თესლი დამარხული, მაგრამ როდესაც აღმოცენდება და დღის სინათლისკენ მიიწევს, უკვე სამი სახის ამონაყარი აქვს: თავის განდიდება, მომხვეჭველობა და განცხრომის სიყვარული. პირველი კაცს ათქმევინებს: "ვინ არის ჩემი ტოლი", მეორე - "ყველაფერი ჩემი უნდა იყოს", მესამე - "ჩემს ნებაზე მინდა ვიცხოვრო".
"ვინ არის ჩემი ტოლი!" ვის არ უგრძვნია ეს? არა მარტო მათ, ვინც ბუნებას მაღალი ღირსებებით შეუმკია, ანდა ვისაც თავისი შრომით მოუპოვებია რაიმე მნიშვნელოვანი - თავის განდიდება ყველა ასაკის, ყველა წოდებისა და მდგომარეობის ადამიანს სჩვევია. ეს სენი თან სდევს კაცს მისი გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფის ყველა საფეხურზე, არავითარ გარეგნულ პირობებს არ ექვემდებარება და თუნდაც განმარტოებით ცხოვრობდეს, ყველასათვის უცნობი და ყველასაგან მივიწყებული, თავის განდიდების საფრთხე არასოდეს ტოვებს. მას შემდეგ, რაც ადამიანმა გულში შეუშვა გველის პირველი რჩევა: "იყვნენ ვითარცა ღმერთნი" (დაბ. 3. 5), თავისი თავი ყველაზე მაღლა, ღმერთის ადგილას დააყენა, იმ ზღვარს ზემოთ, რომელიც ბუნებამ და საზოგადოებამ მიუჩინა, და ესაა ყველა ადამიანის საერთო სენი.
ერთი შეხედვით, ისეთი რა მოხდა, თუ ცოტათი თავს მოვიწონებთ, ამასაც ვჯობივარ, იმასაც და კიდევ სხვასაცო? მაგრამ ნახეთ, რამდენმი ბოროტება იშვება ამ თითქოსდა უმნიშვნელო ფიქრისაგან! ის, ვინც გულითა და გონებით სხვებზე მაღლა აყენებს თავის თავს, რასაც არ უნდა აკეთებდეს, გონებისა და სინდისის კარნახით როდი იქმს ამას, ანდა ბრძენთა რჩევით და წმ. წერილის კარნახით, არამედ საკუთარი მოსაზრებების, საკუთარი ნების თანახმად: იგი თავნებაა; თუკი რამე საქმეს იწყებს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს - თავდაჯერებულია; როდესაც რამე გამოსდის, ყველაფერს მხოლოდ საკუთარ ძალებს მიაწერს და ამიტომ ქედმაღალია, უმადური და პრეტენზიული; სხვებთან ურთიერთობაში სურს, რომ ყველაფერი მის ნება-სურვილს დაემორჩილოს და თვითონ უკარნახოს ადამიანებს თავისი პირობები - ძალაუფლების მოყვარეა და ძალმომრეობისკენ მიდრეკილი, თავის თავთან მიმართებაში ვერ იტანს, როცა მასზე გავლენას ახდენენ, რაც არ უნდა მოკრძალებული იყოს ეს გავლენა; თუ ვინმე გაბედავს და მის ნებას წინ აღუდგება, წონასწორობას კარგავს; თუ გაანაწყენეს, შურისძიების წყურვილი იპყრობს; თუ ძლიერი ხასიათისაა, პატივსა და დიდებას მიელტვის; თუ სუსტია, მლიქვნელი და პირმოთნეა; თუ სულმდაბალია, კადნიერი, თავნება და ჭორიკანაა. აი, ასეთი მრავალფეროვანია ამპარტავნების სახეები, ამდენი ცოდვა იშვება მისგან. და ალბათ არავინაა ისეთი, რომ თქვას -არც ერთი ამ ვნებათაგანი არ შეხებია ჩემს გულსო.
"ყველაფერი ჩემი უნდა იყოს" - ამბობს მომხვეჭელი, და ესაა ზნეობრივი ბოროტების მეორე შტო. მასში ყველაზე მატედ ვლინდება თავისმოყვარების სულისკვეთება, ეს ვნება აქ თითქოს პირადად მოქმედებს: მომხვეჭელი სიტყვას არ იტყვის და ნაბიჯს არ გადადგავს ისე, თვითონ რომ რამეს არ გამორჩეს. მას ყველაფერი ისე აქვს გაანგარიშებული, რომ დროც, ადგილიც, ადამიანებიც მის წისქვილზე ასხამენ წყალს. საკუთარი გამორჩენა ის ზამბარაა, რომელიც ყველგან და ყოველთვის წარმართავს მთელ მის არსებას, და ამ შინაგანი ზამბარის შეკუმშვისთანავე იგი მზადაა ყველაფერი იღონოს თავისი მიზნის მისაღწევად: თუ საჭიროა, უმაღლეს პატივსა და დიდებას მოიპოვებს, უმძიმეს საქმეს მოკიდებს ხელს, ჭამა-სმას აღიკვეთს, ოღონდაც მთავარს - საკუთარ სარგებელს ეწიოს. იგი ანგარებისმოყვარეა, ან ძუნწი, მომხვეჭელი, და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცუდმედიდობის სენიც სჭირს, შეიძლება გარეგნულ დიდებულებასა და ფუფუნებასაც უხდიდეს ხარკს. ქონება მისთვის საკუთარ თავზე, ადამიანებსა და ღმრთაებრივ განწესებაზე ძვირფასია. მისი სული ნივთებითაა დაკავებული და თავისი თავისთვის კი არა, ამ ნივთებისთვის ცხოვრობს - ასეთია ანგარების ძალა! და ალბათ ყოველ ჩვენგანს აქვს ნივთები, რომელთა დაკარგვაც მისთვის თვით გულის - ბედნიერების წართმევის ტოლფასია.
"ჩემს ნებაზე მინდა ვიცხოვრო", - ამბობს საკუთარ ხორცს დამონებული კაცი და ცხოვრობს კიდეც: მისი სული ხორცსა და გრძნობებშია ჩაკარგული. ცაზე, სულიერ მოთხოვნილებებზე, სინდისსა და მოვალეობაზე იგი არ ფიქრობს - არც უნდა და არც შეუძლია (რომ. 8, 7). მან მხოლოდ ტკბობის სხვადასხვა სახე გამოსცადა, მხოლოდ მათზე შეუძლია მსჯელობა და ლაპარაკი. ამა სოფლის რამდენი სიკეთეც არსებობს, იმდენი ოცნების სფერო აქვს გრძნობებს აყოლილ კაცს. აქედან იღებს სათავეს გემოთმოყვარეობა, გაუმაძღრობა, ფუფუნება, სიზარმაცე, გარყვნილება. თუ პირი გემოს დაკმაყოფილებას ცდილობს, გემოთმოყვარე ხდება, ფერების სიუხვე კეკლუცობას აჩვევს, ბგერების მრავალფეროვნება - მრავლისმეტყველებას, ჭამის აუცილებლობა - ავმუცელობას, თავდაცვის ინსტიქტი - სიზარმაცეს, სხვა მოთხოვნილებები გარყვნილებისაკენ უბიძგებს. ვინაიდან ადამიანი ცოცხალ კავშირშია ბუნებასთან თავისი ხორცის მეშვეობით, ის სხეულის ყველა უჯრედით ისრუტავს ტკბობას, მაგრამ მასთან ერთად - ბუნების ძირითად თვისებას - მექანიკურ, უნებლიე ქმედებას. ამიტომ, რაც უფრო მეტად ეძლევა კაცი ტკბობას, მით უფრო კლებულობს მისი თავისუფლება, და ვინც მთლიანად მისცა ტკბობას თავი, ის მთლიანად დაემონა ხორცს.
ასე ღვივდება ჩვენში ბოროტება სულ მცირე, თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის სიღრმეში, როგორც ვთქვით, ბოროტების თესლი - თავისმოყვარეობა დევს. მისგან აღმოცენდება სამი შტო - თავის განდიდება, ანგარება, გრძნობების აყოლა, ეს სამი კი უამრავ ვნებასა და მანკიერ მიდრეკილებას შობს. და როგორც ხე ამოყრის ხოლმე ტოტებსა და ყლორტებს, ისე ჩვენს გულში დანერგილი ბოროტების ხე მოიცავს მთელ ჩვენს არსებას, მერე კი გარეთაც აღწევს და ფარავს ყველაფერს, რაც გარს გვაკრავს. ასეთ ხეს გულით ატარებს ყველა, ვისაც ოდნავ მაინც უყვარს ცოდვა.
რა მიზეზია, რომ ჩვენ ძირითადად ვერაფერს ვამჩნევთ საკუთარ თავს და ხშირად ხმამაღლა ვკითხულობთ: "მაინც რა დავაშავე ასეთი?" ანდა "ცუდს რას ვაკეთებ?" მიზეზი ამისა ბუნებრივია - ესაა ჩვენში დაბუდებული ცოდვის ახალი წარმონაქმნი: ვერ ვამჩნევთ იმიტომ, რომ არ ძალგვიძს ხედვა. ცოდვა მეტისმეტად ფრთხილი და ცბიერია - თვითონ არ გვაძლევს მისი დანახვის საშუალებას. ჩვენს მიერ აღწერილი ცოდვის ხე თავისი შიშველი სახით ნებისმიერს შეაძრწუნებს და უკუაქცევს, ამიტომ ეშმაკი ცდილობს სწრაფად შემოსოს მისი სიმახინჯე ფოთლებით, და მაშინ ღეროსა და ფესვების კი არა, ტოტების გარჩევაც შეუძლებელი ხდება - ეს შესამოსელი გახლავთ გაფანტულობა და მრავლისათვის ზრუნვა. გაფანტულ კაცს არ ძალუძს შინაგანი ცხოვრებით ცხოვრება, მრავლისათვის მზრუნველს კი წუთიც არა აქვს თავისუფალი. პირველს არ შეუძლია, მეორეს კი დრო არა აქვს თავის თავში ჩახედვისა. თითოეული მათგანის სული გაღვიძებისთანავე იფანტება - გაფანტული კაცი ოცნებათა სამყაროში გადადის, მრავლისათვის მზრუნველი კი ათასგვარ,თითქოსდა აუცილებელ საქმეებში ეფლობა. მათთვის არ არსებობს სინამდვილე: ერთი მის მიერ გამოგონილ სამყაროში ცხოვრობს და აქაურობას მხოლოდ ნაწილობრივ, ზედაპირულად და უნებლიედ ეხება, მეორე კი გულითა და გონებით წინ გარბის, ყოველი საქმის დამთავრებას ჩქარობს, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგი წამოიწყოს, იმასაც მორჩება და სასწრაფოდ მესამეს შეუდგება. საერთოდ, აწმყოთი მხოლოდ მისი ხელები, ფეხები და ენა გახლავთ დაკავებული, სული კი მთლიანად მომავლისკენაა მიმართული - როგორღა უნდა შენიშნოს, რა ხდება გულში?
მაგრამ ცოდვა მხოლოდ ფოთლების საფარველით როდი კმაყოფილდება. ამ ფოთლებში შეღწევა როგორღაც კიდევ შეიძლება - მწუხარებათა ქარიშხალი და სინდისის ხმა ცოდვის სიმახინჯეს გაამჟღავნებს. ამიტომ ცოდვა კიდევ უფრო შეუვალ ჯავშანს იგონებს - უმეცრების, უგრძნებულობისა და უზრუნველობის მღვრიე, დამდგარ წყალს ივლებს გარშემო. ძალიანაც რომ ეცადოთ ასეთი ცოდვილის გამოფხიზლებას, ყოველივე ამაოდ ჩაგივლით - იგი ღრმადაა ჩაფლული ცოდვის ჭაობში. რაც არ უნდა იხმაუროთ წყლის ზედაპირზე, წყალში ჩაყვინთულს ვერაფერს გააგებინებთ, ასევე ვერაფერი შესძრავს უზრუნველობისა და უმეცრების ზღვაში ჩაძირულ კაცს. თუ მის მდგომარეობას აღუწერთ, ეს მე არა ვარო, გეტყვით. გზაზე ჩასაფრებულ აშკარა საფრთხეს დაანახებთ და - მე არ მემუქრებაო, დაგარწმუნებთ. თუ ღრმა ძილისგან მის გამოფხიზლებას შეეცდებით, უტიფრედ დაგიწყებთ მტკიცებას, ყოველ ღონეს ვხმარობ გადასარჩენადო. ასეთი შეუვალი საფარველით იფარავს თავს ცოდვა, ოღონდ ვერ იცნოს მან, ვისზეც იგი ბატონობს! აქედან მოყოლებული, კაცი უბიწოების წმიდა მიწაზე დგას და ღმრთისმოშიშ ცხოვრებას იწყებს.
მოკლედ და ადვილად ითქმის ეს ყველაფერი, მაგრამ სინამდვილეში თავის გამოსწორების საქმე არც ასეთი მოკლეა და არც ასეთი ადვილი. სხვადასხვა რამ გვჭირდება და სული წმიდის მოქმედებაც სხვადასხვაა. მავანს პირდაპირ ნეტარ განსასვენებელში მიიღებს, სულიერ საძოვარზე უშვებს, მწყემსავს და ატკბობს, მავანს კი ათასი ჭირით გამოსცდის და მხოლოდ გრძელი და მომქანცველი მსხემობის შემდეგ შეივრდომებს, როგორც მგზავრს, დაღლილსა და დამაშვრალს.
დიახ ძნელია! მაგრამ განა რა არის ადვილი? მას შემდეგ, რაც წყეულ იქმნა კაცისთვის მიწა "საქმეთა შინა მისთა" (დაბ. 3, 17), იგი "ოფლითა პირისა მისისათა" (დაბ. 3, 19) მოიპოვებს ხორციელ საზრდელს და, მით უფრო, სულიერ სიკეთეებს. სამაგიეროდ, ასმაგად მიეგება შრომათა წილ საღმრთო ნუგეშისცემა.
თავის განწმენდის ღვაწლი სინამდვილეში არც ისე მძიმეა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. ასეთი იგი მხოლოდ შორიდან გვეჩვენება, ვიდრე საქმეს შევუდგებოდეთ. აქაც, ისევე როგორც ყოფით საქმეებში, ბევრი რამ ჩვენს მონდომებასა და შემართებაზე ჰკიდია. ვიწროა სასუფევლის გზა, მძიმე ჩანს ქრისტეს უღელი, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ შორიახლოს ვდგავართ და სავალს ვზომავთ. როგორც კი გულში მაცხოვნებელი გადაწყვეტილებები გაჩნდება, მას მხნეობაც მოჰყვება, ხოლო მხნეობით ფრთაშესხმული ქრისტეს მოღვაწე სიხარულით შეუდგება ქრისტეს და მისგან ბოძებულ უღელს აკურთხევს...
მკითხავთ, სად ვიპოვოთ სიმხნევის ძალაო? ვილოცოთ და სარწმუნოებით აღვლენილი ლოცვა მოგვივლენს ამ საღმრთო ცეცხლს. ვილოცოთ, რომ მოგვენიჭოს სიმხნევე, სიმტკიცე და ცოდვის ძილისგან გამოფხიზლება.

აქვე მოგვყავს მოკლე სიტყვა "ყვავილნარიდან", რომელიც წმ. პაისი ველიჩკოვსკის მიეწერება:

ვნებებისა და მანკიერებებისათვის და რომელი რომლისაგან იშვება

ცოდვით დაცემამდე ეშმაკი ადამიანს მოუვლენს დავიწყებასა და მრისხანებას, ანუ არაადამიანურ, ცხოველურ მძვინვარებას, და უმეცრებას, რომელიც მხოლოდ უკუნეთ წყვდიადს შეიძლება შეედაროს. ეს სამი ვნება წინ უძღვის ყოველ ცოდვას, რამეთუ, სანამ რაიმეს ჩაიდენდეს, მანამდე კაცს დავიწყება, მრისხანება და უმეცრება სძლევს. მათგან კი იშვება უგრძნობელობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გონება, თვალი სულისა, ბნელდება და ვნებების ტყე ხდება. პირველად მცირედმორწმუნოება ჩნდება, რომელიც შობს თავისმოყვარებას - ყოველი ბოროტების თავსა და ბოლოს. ამ დროს კაცს მხოლოდ თავისი ხორცი უყვარს და ყველაფერში გამორჩენას ეძებს. ესაა ბოროტი ძირი ყველა ვნებისა, რომელსაც მხოლოდ სიყვარული, მოწყალება და საკუთარი ნების უარყოფა აღმოფხვრის. თავისმოყვარება შობს ულმობელობასა და ვერცხლისმოყვარებას, ასევე ძირსა და მიზეზს ყოველი ვნებისას - ამათგან მოდის ყოველი უბედურება და ბოროტება. ვერცხლისმოყვარება ერისკაცებშიც და მონაზვნებშიც ამპარტავნების წყარო ხდება, რომლის გამოც ეშმაკები ქვესკნელში ჩაცვივდნენ. ამპარტავნება შობს დიდებისმოყვარებას, დიდებისმოყვარებამ კი აცდუნა ადამი, რომელმაც ღმერთობა მოისურვა და ამით ტანჯვა და წყევლა-კრულვა გადასცა კაცთა მთელ მოდგმას. დიდებისმოყვარება შობს გემოთმოყვარებას, რომელიც ადამის დაცემისა და სამოთხიდან გამოძევების მიზეზად იქცა.
გემოთმოყვარება შობს მუცელღმერთობასა და სიძვის სხვადასხვა სახეს, სიძვა - მრისხანებას, რომელიც განაგრილებს გულის სითბოს და ღუპავს ყოველგვარ სათნოებას. მრისხანება შობს ძვირისხსენებას, ეს უკანასკნელი კი სულიერი სიმხურვალის გაქარწყლების მიზეზი ხდება. ძვირისხსენება მოყვასის სიძულვილისა და ღმრთის გმობის სათავეა, ღმრთის გმობა - უცნაური მწუხარებისა, ჟანგივით რომ ჭამს კაცის გულს. ეს მწუხარება შობს უგუნურ კადნიერებას, კადნიერება - ცუდმედიდობას, ცუდმედიდობა კი სათნოებებს კაცთა საჩვენებლად ხდის და ამის გამო ყოველგვარ შრომას უნაყოფოდ ტოვებს. ამ ვნებებისაგან იშვება თავშეუკავებელი მრავლისმეტყველება, მისგან - უქმისმეტყველება და მოწყინება, მოწყინებისგან კი - მძიმე სულიერი ძილი. ვინც ამ ვნებებთან ბრძოლაში გაიმარჯვებს, იმას დანარჩენებიც დაემორჩილებიან - შიში, ძრწოლა, შური, სიძულვილი, ფარისევლობა, მლიქვნელობა, დრტვინვა, ურწმუნოება, ანგარება, მიკერძოება, სახმართმოყვარება, სულმოკლეობა, თავდაჯერება, კაცთმოთნეობა, კადნიერება, სიცილი, და ბოლოს - სრული დაცემა, უძირო უფსკრული, სასოწარკვეთილება და წარწყმედა ამ სასოწარკვეთილების გამო, ანუ თვითმკვლელობა. კაცი თავს იკლავს, რამეთუ არ უწყის უსაზღვრო კაცთმოყვარება და მოწყალება ღმრთისა, რომელიც მოვიდა ცოდვილთა საცხოვნებლად და რომლისთვისაც არ არსებობს მიუტევებელი ცოდვა. ამ შვიდი ვნებიდან: თავისმოყვარება, ვერცხლისმოყვარება, ამპარტავნება და ცუდმედიდობა, ძვირისხსენება, თავდაჯერება, განკითხვა - სასოწარკვეთილება ყველაზე მძიმე ცოდვაა. თუ კაცი ამათ ვერ გადაურჩა, ის წარწყმედს ათ მთავარ სათნოებას: სარწმუნოებას, სიყვარულს, მარხვას, კრძალულებას, მღვიძარებას, ლოცვას, სიმდაბლესა და თავმდაბლობას, დაყუდებასა და მდუმარებას, უპოვარებას და განსჯის უნარს, და მათთან ერთად - სხვა სათნოებებს. ზემოთ ჩამოთვლილ მთავარ ვნებათაგან, ერთიც კი კმარა, რომ კაცმა, თუნდაც სხვა ვნებებს სძლიოს და მრავალი სათნოება მოიპოვოს, ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიოს - მისი ლოცვა საძაგელია ღმრთის წინაშე. ღმერთი გვფარავდეს თავისი მადლით ყოველი ჭირისა და განსაცდელისაგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წმ. მამები უფრო ხშირად რვა ძირითად ცოდვას ჩამოთვლიან. ესენია: ნაყროვანება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, ურვა, ცუდად-მზუაობრობა, ამპარტავნება.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ აუცილებლად მიგვაჩნია ვრცლად ვილაპარაკოთ თვით სინანულის შესახებ - რა არის ჭეშმარიტი სინანული და როგორ მოვიპოვოთ იგი. ამის თაობაზე დაწვრილებით წერს წმ. დიმიტრი როსტოველი დასახელებულ წიგნში (გვ. 82-87). მოგვყავს ეს სწავლება მცირედი შემოკლებით:

რა არის ჭეშმარიტი სინანული

ჭეშმარიტი სინანული იმაში მდგომარეობს, რომ არა მხოლოდ ვაღიაროთ ჩვენი ცოდვები, არამედ აღარ მივუბრუნდეთ მათ და ჩვენი ცხოვრება თავის გამოსწორებას მოვანდომოთ. ესეც არ არის საკმარისი - შემუსვრილი გულით უნდა შევინანოთ ჩვენს მიერ ქმნილი ცოდვები და აღვხოცოთ ისინი დიდი შრომითა და მოღვაწეობით. ამაოა იმის სინანული, ვინც ხანმოკლე მარხვით აპირებს უზომო ჭამა-სმისა და ლოთობის გამოსყიდვას, ამაოა იმის სინანული, ვინც მძიმე, სასიკვდილო ცოდვების გამოსყიდვას ხორცის მსუბუქი დათრგუნვით ფიქრობს, ამაოა იმის სინანული, ვისაც ჰგონია, რომ მცირე ხნის სულთქმითა და ვაებით აღხოცს მრავალ უსამართლობას, მკვლელობას, ტაცებასა და სხვა, ამათ მსგავს ცოდვებს, საეჭვოა, რომ ვინმემ ორიოდე ცრემლით განაქარვოს თავისი ბილწებანი და უსჯულოებანი და საუკუნო სატანჯველს გადაურჩეს.
მრავალი ცრემლი დაღვარეს ნინეველებმა და დიდი სინანული უჩვენეს ღმერთს (იონა, 3), დიდმა თუ პატარამ ძაძები შეიმოსა, მარხვა დაუდგინეს არათუ ადამიანებს, არამედ პირუტყვებსაც, ლოცვით შეჰღაღადეს ღმერთს და დაუტევეს უსჯულოება, და მაინც არ იყვნენ დარწმუნებულნი, მიენიჭებოდათ თუ არა ცხონება: "ვინ უწყის მო-თუ-აქციოს უფალმან და ვედრებულ იქმნეს, და მოიქცეს რისხვისაგან გულისწყრომისა მისისა და არა წარვწყმდეთ" (იონა, 3, 9).
თუკი მათ, ვინც ასეთი დიდი სინანული უჩვენა ღმერთს, არ იცოდნენ, შეიწყალა თუ არა ღმერთმა და მიუტევა თუ არა ცოდვები, როგორღა უნდა ჰქონდეს ამის იმედი მას, ვინც მცირედ შეინანა?
მეტყვი: ნინეველნი წარმართნი იყვნენ და არ იცოდნენ საღმრთო წერილი, სადაც წერია: "გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს" (ფსალმ. 50,19); და კიდევ: "მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნეს" (33,19), და კიდევ: "ვთქუ: აუარო ბრალი ჩემი უფალსა და შენ მომიტევე მე უღმერთოებაი გულისა ჩემისა" (31, 5). ჩვენ კი, მორწმუნეებს, სასოება გვაქვს, რომ უფალი შეიწყნარებს მცირე ცრემლსა და ცოდვათა აღიარებასაც.
ამაზეც გიპასუხებ: დიახ, შეიწყნარებს მხოლოდ მათგან, ვინც უკვე სასიკვდილო სარეცელზე წევს და მეტი დრო აღარა აქვს მიცემული სინანულისათვის - ასეთებს ღმერთი მიუტევებს მათი შემუსრვილი გულისთვისაც კი. ამის მაგალითია ჯვარცმული ავაზაკი, რომელმაც სიკვდილის წინ ორიოდე სიტყვა თქვა შემუსრვილი გულით და მყისვე ესმა უფლის განაჩენი: "დღეს ჩემთან იყო სამოთხესა" (ლუკა, 23, 43), ხოლო ჯანმრთელი კაცისაგან, ვისაც აქვს სინანულის დრო, ღმერთი მრავალ ცრემლსა და მოღვაწეობას მოითხოვს, რათა სინანული შრომა ძველ ცოდვებს გაუტოლდეს და კიდეც აღემატოს.
ცრემლების თაობაზე კი ამას გეტყვი: არიან ადამიანები, რომლებსაც დროდადრო გული მოულბებათ და ტირიან თავიანთი ცოდვების გახსენებაზე, მაგრამ შემდეგ კვლავაც სცოდავენ, რას არგებს ასეთებს ლმობიერება, თუკი ცხოვრების გამოსწორებაზე არ იზრუნებენ? სხვები აღსარებასაც ამბობენ, ცრემლით ინანიებენ თავიანთ ცოდვებს, მერე კი ისევ უბრუნდებიან მათ. ან ასეთ კაცს რას უშველის ცრემლით განბანა, თუ კვლავ ძველ ჭაობს მიაკითხავს? ასე რომ, არ კმარა ლმობიერებისა და გულის შემუსრვილების ხანმოკლე პერიოდები, არამედ ჭეშმარიტი სინანული გვჭირია, არ კმარა ტირილი ცოდვების გამო, უნდა ვეცადოთ, აღარასოდეს გავიმეოროთ ისინი, აქამდე ჩადენილი ცოდვების აღსახოცებლად კი შესაფერი მოღვაწეობა გავწიოთ.
მოციქული ამბობს, რომ ესავმა, ისაკის ძემ, "სინანულისა ადგილი არა პოვა და ცრემლით ღათუ ითხოვდა მას" (ებრ. 12, 17). რატომ არ შეიწყნარა ღმერთმა ამ ცოდვილის ცრემლი, რატომ არ შეურაცხა სინანულად და არ აღხოცა მისი ცოდვა? წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: "მან ვერ პოვა სინანულის ადგილი, რამეთუ ვერ უჩვენა ღმერთს ღირსეული სინანული". ამ მაგალითის მიხედვით წმ. მამა შეგვაგონებს: ისინი, ვისაც იმედი აქვს უმტკივნეულოდ სცოდოს (ჯეროვანი მოღვაწეობისა და სასჯელის გარეშე მიიღოს ცოდვათა მიტევება), დაე დაფიქრდნენ: რატომ ვერ მიიღო ესავმა შენდობა? იმიტომ, რომ სწორედ არ შეინანა. გნებავს იხილო ჭეშმარიტი სინანული? გაიხსენე პეტრეს სინანული, როცა მან ქრისტე უარყო. წმ. სახარება გადმოგვცემს: "გამოვიდა გარე და ტიროდა მწარედ" (მათე, 36, 75). ამიტომაც მიეტევა ეს დიდი შეცოდება. რომ დიდად შეინანა. წმ. პაპი კლიმენტი ამბობს, როდესაც მამლის ყივილი გაიგონა და მიხვდა, რომ ქრისტე უარყო, პეტრე დაეცა მიწაზე და ატირდა, და მერე მთელი ცხოვრების მანძილზე იგლოვდა ამ ცოდვასო. ამიტომაც წერს ნიკიფორე, ეკლესიის ისტორიკოსი, რომ პეტრეს თვალები თითქოს ჩასისხლიანებული ჰქონდა, და ეს განუწყვეტელი ტირილის ბრალი იყო. ასეთი გახლავთ პეტრეს სინანული.
შენ კიდევ ერთ საათში აპირებ ცოდვების მონანიებას! შეგიძლია პეტრესავით ტირილი? შეგიძლია მთელი ღამე მოთქმა? შეგიძლია იმ შრომისა და მოღვაწეობის გაწევა, პეტრემ რომ იტვირთა ქრისტეს უარყოფისათვის? მან ყველაფერი დაითმინა, ბოლოს კი თავდაყირა დაკიდეს ჯვარზე, მაშ ნუ გექნება დროდადრო გაჩენილი ლმობიერების წუთების იმედი, ნუ დაამყარებ სასოებას შენს მცირე შრომასა და ხანმოკლე მოღვაწეობაზე, არამედ უჩვენე უფალს შენი ცოდვების ტოლი სინანული, მრავალი ცრემლი, და მაშინ მოელოდე მისგან შეწყალებას.
წმ. იოანე ოქროპირი სახარების შესახებ საუბრებში გვასწავლის: "სინანული მხოლოდ უწინდელი ბოროტი საქმეების დატევებას კი არ ნიშნავს, არამედ უფრო მეტი კეთილი საქმის გაკეთებას, რამეთუ ითქვა: "ჰყავთ უკვე ნაყოფი, ღირსი სინანულისა" (მათე, 3, 8). როგორ შევძლებთ ამას? ცოდვის საპირისპირო საქმეების კეთებით. თუ სხვისი მოგიტაცებია ოდესმე რამე, თავისი მიეცი და სენიც ზედ დაუმატე. დიდხანს მრუშობდი? საკუთარ ცოლთანაც შეიკავე თავი დადგენილ დღეებში. თუ ვინმეს სცემე ან შეურაცხყავი, დღეიდან დალოცე და კეთილი უყავ ყველას, ვინც გცემს ან შეურაცხგყოფს, რამეთუ ჩვენი განკურნებისათვის ჭრილობიდან ისრის ამოღება არ კმარა, სალბუნიც უნდა დავადოთ ზედ. თუ უწინ კარგი ჭამა და ღვინის სმა გიყვარდა, ახლა მარხვა შეინახე და წყალი სვი. თუ სხვისი ცოლისათვის ბილწი თვალით შეგიხედავს, ახლა ეცადე, რომ საერთოდ არ შეხედო ქალს სახეში, რამეთუ ითქვა: "მოიქეც ბოროტისაგან და ჰქმენ კეთილი" (ფსალმ. 33, 15).
წმ. გრიგოლ დიალოღოსმა ადამიანს უწოდა ხე, რომელიც ნაყოფისაგან იცნობა და თქვა: "სინანული ნაყოფით იცნობა და არა ფოთლებით ან ფესვებით, აკი უფალმაც დაწყევლა ხე, რომელსაც ფოთლები ესხა და ნაყოფი - არა. ღმერთი არ ღებულობს მხოლოდ სიტყვით აღიარებას, ნაყოფის - ხორცის დათრგუნვის გარეშე".
ადამიანი არის ხე, რომელსაც სინანულის ფესვებად ცოდვების აღიარების სურვილი და გადაწყვეტილება აქვს, ფოთლებად - აღსარება საკუთარი მოძღვრის წინაშე და გამოსწორების აღთქმა, ხოლო ნაყოფი ამ ხისა მოღვაწეობაა. ამიტომ ჭეშმარიტი სინანული ფესვებითა და ფოთლებით კი არა, ნაყოფით იცნობა. რაც არ უნდა მტკიცე განზრახვა გქონდეს სინანულისა, რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკო მასზე, თუ არა გაქვს ნაყოფი - შრომა და მოღვაწეობა, ყოველივე ამაოა.
წმ. წერილში იხსენიება ორი ცოდვილი, რომლებიც ინანიებდნენ თავიანთ ბოროტ საქმეებს და ღმრთის წინაშე აღიარებდნენ მათ: საული და დავითი. მაგრამ ღმრთისაგან შეწყალება ორივემ როდი მიიღო. თქვა საულმა: "ვცოდე წინაშე უფლისა, რამეთუ გარდავხედ ბრძანებასა მას უფლისასა" (1 მეფეთა, 15, 24). თქვა დავითმაც: "ვცოდე წინაშე უფლისა" (II მეფეთა, 12, 13). მაგრამ დავითმა მიიღო მიტევება და ცხონება, საული კი ვერ ეღირსა შენდობას და ისე აღესრულა, მუდამ თან სდევდა ღმრთის რისხვა. რატომ? თვითონ საულია დამნაშავე, რამეთუ ცოდვა კი აღიარა, მაგრამ მის გამოსასყიდად არაფერი იღონა, არ უჩვენა ღმერთს ჭეშმარიტი სინანული და თავის გამოსწორების სურვილი. დავითმა კი ცოდვის აღიარების შემდეგ დიდი შრომა იტვირთა სინანულის სრულყოფისათვის. ცრემლით ალტობდა სარეცელს, შუაღამით დგებოდა და ლოცვას აღუვლენდა ღმერთს, ნაცარს, ვითარცა პურს, ჭამდა სასმელს ცრემლით განაზავებდა, ხორცს მარხვით ითრგუნავდა, თავს იმდაბლებდა უფლის წინაშე და ძაძით იმოსებოდა. ამიტომ მხოლოდ ცოდვათა მიტევება როდი მიენიჭა, უფლისათვის სათნოდაც შეირაცხა. საულმა კი მხოლოდ ცოდვის აღიარება იკმარა და სინანულის მოღვაწეობა არ უტვირთავს, ამიტომ დარჩა საუკუნოდ შეუნდობელი.
მაშ ნურავის ექნება იმის იმედი, რომ ცოდვებისგან გათავისუფლებას მხოლოდ მათი აღიარება მოუტანს, თუ დაიზარებს შრომასა და მოღვაწეობას ჭეშმარიტი სინანულის მოსაპოვებლად. მივბაძოთ დავითს, რომელიც ამბობს: "რამეთუ უსჯულოება ჩემი მე უთხრა, და ვზრუნვიდე მე ცოდვისა ჩემისათვის" (ფსალმ. 37, 18). დავითი მხოლოდ თავისი უსჯულოების აღიარებით როდი კმაყოფილდება, მოღვაწეობაზეც ზრუნავს. რა ბედენაა წყლულის აღმოჩენა, თუ მას არაფერს ვუწამლებთ? ანდა რას გვარგებს ცოდვების აღიარება, თუ ეპიტიმიას არ ვიტვირთავთ და საკუთარი ცხოვრების გამოსწორებას არ ვეცდებით?

ვნახოთ რას ამბობენ ეკლესიის სხვა მამები აღსარების საიდუმლოს შესახებ:

ეპიტიმია

უფალი ყოველთვის შეიწყნარებს მონანულს, მაგრამ თავის წყალობას მაშინვე როდი უბრუნებს: იშრომე და დაამტკიცე, რომ შენი სინანული ღრმაა და არა ზერელე, უნიადაგო.
ეს კი მხოლოდ აღსარებისა და მიტევების საიდუმლოთია შესაძლებელი. უამისოდ, მთელი ცხოვრება რომ იწვალო, ვერაფერს გახდები. ნათლობის შემდეგ ჩადენილი ცოდვა სულს სული წმიდის მადლს სტაცებს ამ მადლის დაბრუნება მხოლოდ სინანულის საიდუმლოთია შესაძლებელი, რომელიც ცრემლის ემბაზში მიღებული ნათლისღებაა. და რაკიღა ასეა, მას იგივე უძღვის წინ, რაც ნათლისღებას: სარწმუნოება, სინანული და აღსარება; აღსარებას კი თან ახლავს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ ღმერთის ნებას მივდიოთ და არსად გადავუხვიოთ მას. გულის ასეთი განწყობითა და სულიერი მოძღვრის შენდობის სიტყვით სული წმიდის მადლი გვიბრუნდება და საფუძველს უდებს სულიერ ცხოვრებას, სწორედ ისე, როგორც ნათლობის წყალში დაფლვისა და მღვდლის მიერ ამ დროს წარმოთქმული სიტყვების დროს ხდება. უამისოდ სული წმიდის მადლი არ დაგვიბრუნდება და, მასასდამე, არც სულიერი ცხოვრება შედგება.
რაც შეეხება უშუალოდ (აღსარების გარეშე) მიტევებას, ეს მხოლოდ უნებლიე ცოდვებს ეხება, რომლებიც უმეტესად აზრებისა და გრძნობების დონეზე ხდება, უფრო ნაკლებად - სიტყვებში და კიდევ უფრო იშვიათად - საქმეებში. ვინც ღმრთის შიშითაა გამსჭვალული და სურს, სათნო-ეყოს მას, როგორც კი შენიშნავს თავის თავს ასეთ უნებლიე ცოდვას, უმალ ღმერთს შეუვრდება, შემუსრვილი გულით, თავის ბრალობით ინანიებს ცოდვას და შენდობას ღებულობს. და მაინც, თუ რაიმე ცოდვა ოდნავ მაინც გვიმძიმებს სულს, სჯობს მოძღვარს მივაშუროთ, აღსარება ვთქვათ და გავთავისუფლდეთ. ცოდვებისგან საიდუმლო გახსნას აღსარებისთანავე ვღებულობთ, როგორც კი მღვდელი შენდობის ლოცვას წაგვიკითხავს, ცოდვის კვალს კი თანდათან აღხოცს სინანულის მოღვაწეობა.
ვინც ინანიებს, იმას უფალი შეიწყალებს, მაგრამ შეწყალების ნიშანს მაშინვე კი არ მისცემს, არამედ გარკვეული დროის შემდეგ, და ეს დრო არის ღმრთაებრივი ეპიტიმია. ეპიტიმია ყველამ უნდა ზიდოს, სულ ერთია დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი თუ მცირე, თვით ეპიტემიის ხანგრძლივობას კი ღმერთი საიდუმლოდ ინახავს. ამიტომ შეწყალების მიღება სულისთვის ყოველთვის მოულოდნელია. მღვდელი იმისთვის ადებს კაცს ეპიტიმიას, რომ ღმრთაებრივი ეპიტიმიის ვადა შემცირდეს. ეპიტიმიის მიღებით ადამიანი ამტკიცებს, რომ საკუთარი ნებით თავს-იდებს სინანულის მოღვაწეობას, სრულიად შეგნებული აქვს თავისი დანაშაული და ღმერთს წყალობისკენ მიდრეკს, ანუ თავის სულს უფრო მეტად ამზადებს ამ წყალობის მისაღებად.
ეპიტიმია არ არის გამოსასყიდი ცოდვებისათვის, არც ამის გამო შეწირული მსხვერპლი, რამეთუ ჩვენთვის ერთია მსხვერპლიც და გამოსასყიდიც - მაცხოვარი, რომელმაც იტვირთა ცოდვანი სოფლისანი, ეპიტიმია კი არის სულიერი კურნება, რომელიც მონანულის ცხოვრების გამოსწორებისათვის, მის ზნეობრივ სალმობათა საკურნებლად არის საჭირო და ერთადერთი მიზანი აქვს - ამ სალმობათა კურნება და ცოდვებისგან დაცვა.
იმის მიუხედავად, დაადებს თუ არა მღვდელი მონანულს ეპიტიმიას, ღმრთაებრივი ეპიტიმია - ღმრთისგან შეწყალების მიღების გადავადება თავისი ხანგრძლივობით ცოდვის სიდიდეზეა დამოკიდებული. ხოლო როდესაც მოვა გრძნობა, რომ ღმერთმა შეიწყალა სული, მაშინ ეს გრძნობა მთლიანად იპყრობს გულს, მაშინ ზეიმობს სულისა გრძნობის ყველა ძალა. ეს სამოთხისებური მდგომარეობა ეძლევა ყველას, ვინც ჯეროვნად იშრომებს სინანულის მოპოვებისათვის, ცხადია იმ პირობით, თუ სიმდაბლით შეუვრდება უფალს.

ეპიტიმიის ხანგრძლივობისათვის

მოციქულთა კანონებში წერია: "ნუ გამოიტანთ ერთნაირ განაჩენს ყოველი ცოდვისთვის, არამედ თვითეულს თავ-თავისი განუწესეთ". ეს ნიშნავს, რომ ეპიტიმიის დადებისას მხედველობაშია მისაღები ცოდვის თვისება, სინანულის ხარისხი და თვით მონანულის მდგომარეობა. წმ. იოანე ოქროპირი გვასწავლის: "ეპიტიმიის გახანგრძლივებას ნუკი ცდილობ, სულის განკურნებაზე იზრუნე. თუ იცი რომ კაცმა შეინანა და გამოსწორდა, მაშ უკვე ყველაფერი გაკეთებულია".
სჯულისკანონით დიდი ცოდვებისათვის რამდენიმე წლით ზიარებისაგან განყენებაა დაწესებული, წმ. მამები კი ხშირად რამდენიმე დღის სინანულს აკმარებდნენ ხოლმე კაცს. რით აიხსნება ეს წინააღმდეგობა?
იმით, რომ აკრძალვის დრო წმ. მამებს უცილობელ წესად არ დაუდგენიათ და მღვდელს სრული უფლება აქვს ვითარების მიხედვით შეამოკლოს ან გაახანგრძლივოს იგი. მაგ. ბასილი დიდი თავის ერთ-ერთ კანონში ამბობს: "დროის სიდიდით ნუკი განსაზღვრავ აკრძალვას, არამედ ვითარებით". რა იგულისხმება აქ? წმ. მამების განმარტებით, "თუმცა აკრძალვა დადგენილია, მაგრამ ისიც წერია, რომ აკრძალვის დროს კი არა, სინანულის ხარისხს უნდა მივხედოთ".

ვინ როგორ უნდა შეინანოს?

ის, ვინც შეიცნობს და გულწრფელად აღიარებს თავის ცოდვებს, იგლოვს და დასტირის მათ, ვინც იგლოვს, ის მტკიცედ გადაწყვეტს აღარასოდეს სცოდოს და ამით აღარ შეურაცხყოს ღმერთი, და ბოლოს, სიმდაბლით აღიარებს მათ მოძღვრის წინაშე, რათა შენდობა მიიღოს და უფლის ბარძიმის წინაშე სუფთა და მართალი წარსდგეს.
რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი სინანული?
ა) უწინდელი ცოდვები დავუტეოთ და მოვიძულოთ ისინი, როგორც უწმინდურობა.
ბ) ვიგლოვოთ ეს ცოდვები, ღმერთს ვევედროთ მიტევებას და მოძღვრის წინაშე ვაღიაროთ, ახალ ცოდვებს კი ყოველნაირად ვერიდოთ.
ც) მივუტევოთ მოყვასს, რათა ღმერთმა ჩვენც მოგვიტევოს.
დ) ყველას მივაგოთ სიყვარული და მოწყალება, რათა ჩვენც შეწყალებულ ვიქნეთ.
ე) თავი დავიმდაბლოთ.
ფ) ნურავის განვიკითხავთ, ცილს ნუ დავწამებთ.
გ) ღმერთს ვევედროთ, რომ მტრის მახეს გადავურჩეთ.
წმ. ბასილი დიდი ამბობს: "ის კი არ აღიარებს თავის ცოდვას, ვინც იტყვის: "ვცოდე", და მერე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდება, არამედ ის, ვინც მეფსალმუნის სიტყვისაებრ, ცდილობს გულისხმაყოს თავისი ცოდვა და შეიძულოს.
რას არგებს სნეულს ექიმის ზრუნვა, თუ თვითონ კაცი მაგრად ებღაუჭება იმას, რაც მის სიცოცხლეს ვნებს? ასევეა უსჯულოებათა მიტევება მისთვის, ვინც უსჯულო ცხოვრებას განაგრძობს, არც მრუშობის შენდობა სჭირია გარყვნილების ტრფიალს.
ჩვენი ცხოვრების ყოვლადბრძენ გამგებელს სურს, რომ აქამდე ცოდვებში ჩაფლული და ახალი ცხოვრების დაწყების მოსურნე კაცი გაემიჯნოს წარსულს და ამ ახალი ცხოვრების საფუძვლად სინანული დადოს".

აღსარება გულწრფელი და გულახდილი უნდა იყოს

იმათ, ვინც თავიანთ გულისსიტყვებს სულიერ მამებს უმხელენ, სრულიად გულწრფელად, შემუსრვილი გულით უნდა თქვან აღსარება, როგორც თვით ღმერთის წინაშე, და მაშინ მიიღებენ შეწყალებას. უგულისყუროდ, ზერელედ ნათქვამი აღსარება არათუ სარგებლობის, დასჯის მიზეზად გაგვიხდება.
ცოდვა აღსარებით აღიხოცება, მისი ფესვები კი ცოდვილ გულისსიტყვებთან ბრძოლით და, თუ ისინი გვძლევენ - განმეორებითი აღსარებით.
საკუთარ ცოდვათა ხედვაც და გულწრფელი აღსარებაც, ღმერთის განსაკუთრებული ნიჭია და გულითადი ლოცვით უნდა ვითხოვოთ. ევედრე მოწყალე ღმერთს, რათა მოგმადლოს ეს ნიჭი - ცხონების საწინდარი, და, ეცადე, გულწრფელი იყო: კაცთა მოდგმის მტერს სძულს სინანულის გზა და ყოველ ღონეს ხმარობს, რომ დააბრკოლოს კაცი, რომელიც ცოდვების ხშირი აღიარებით ცდილობს ღმერთისგან წყალობის მოპოვებას.
სძლიე ყალბ სირცხვილს მიწაზე და ზეცაში შერცხვენას გადაურჩები!

რომელ გულისსიტყვებს სჭირდება დაუყოვნებელი აღსარება და რომელს - არა?

ცოდვილი გრძნობები და გულისსიტყვები ჩვენი დაცემული ბუნებიდან იღებენ სათავეს, მაგრამ როდესაც ისინი მუდმივად და მძლავრად გვიტევენ, ეს იმის ნიშანია, რომ მათ ჩვენი მტერი, დაცემული ანგელოზი მოგვივლენს. ასეთი გრძნობები და გულისსიტყვები მოძღვრის წინაშე უნდა ვაღიაროთ, თუნდაც იგი უბრალო კაცი იყოს და არც წმიდანის სახელი ჰქონდეს.
დაწყებისათვის ცოდვილ აზრებსა და გულისთქმებთან ბრძოლაში აღსარებაზე უკეთესი იარაღი სხვა არა არის რა. რაც შეიძლება ხშირად მიმართე მას, ვიდრე ეშმაკი და მის მიერ მოვლენილი განსაცდელი არ განგეშორება.
რაც შეეხება იმ ცოდვილ გულისსიტყვებს, მალე რომ გვავიწყდება და ვერ ასწრებს სულთან შეთვისებას, დაუყონებლივ აღსარება არ სჭირდება, ებრძოლე და ნუ უსმენ მათ, საპირისპირო, სახარებისეული მცნებებით სძლიე. ზიარების წინ, აღსარებაზე, ნუ ეცდები ამგვარი აზრების დაწვრილებით აღწერას: თქვი, რომ მნიშვნელოვცანი ცოდვების გარდა (რომლებიც ზუსტად უნდა გადმოსცე), სცოდე სხვადასხვა აზრით, სიტყვით, საქმით, ცნობით და უმეცრებით.

საკუთარი ცოდვების ხედვისას უნდა ვერიდოთ შეშფოთებასა და სასოწარკვეთილებას, რომლაბსაც ეშმაკი მოგვივლენს.
ცხონების უცილობელი პირობაა საკუთარი თავის ცოდვილად მიჩნევა, მაგრამ ჩვენი თავისათვის მსჯავრის გამოტანა და აქეთ-იქით მიწყდომა ძალიან მავნეა. ყოველივე მეტისმეტი ეშმაკისგანააო, თქვა პიმენ დიდმა.
თუ რაიმე მისატევებელი ცოდვა შეგემთხვა - განიკითხე ან სხვების განკითხვას მოუსმინე. კამათში ჩაები, ეჭვიანობა, მოუთმენლობა ან დაუდევრობა გამოიჩინე - მეტისმეტ შფოთვას, ჭმუნვას და სასოწარკვეთას ნუ მიეცემი, განუწყვეტლივ ნუ იძიებ, რა ჩაიდინე, მით უფრო, ნუ იფიქრებ, რომ ვერასოდეს განთავისუფლდები ამ ცოდვებისგან, რომ ნებისყოფა გღალატობს, რომ ისე არ მიდიხარ ღმერთისგან ნაჩვენებ გზაზე, როგორც საჭიროა და ა.შ. ყოველი ასეთი შემთხვევა სულს ათასი შიშით, ეჭვითა და მწუხარებით დაგიმძიმებს.
რამეთუ, რა ჩანს აქედან? ის, რომ შენ გრცხვენია ღმერთის წინაშე კადნიერებით წარდგომა, როგორც მოღალატეს, ამაოდ ხარჯავ დროს იმის გასარკვევად, რამდენი ხანი დაჰყავი ამა თუ იმ ცოვის ტყვეობაში, შეეთვისე მას თუ არა და ა.შ. და რაც უფრო მეტს წვალობ, მით უფრო მეტად გემღვრევა სული, უფრო გერევა კაეშანი და გაურბიხარ აღსარებას. ხოლო როდესაც ასეთი შიშითა და შფოთით შეპყრობილი იტყვი აღსარებას, იგი სიმშვიდეს ვერ მოგანიჭებს - გეჩვენება, რომ ყველაფერი არ გითქვამს, რაღაც გამოგრჩა... შენი ცხოვრება მძიმე, მოუსვენარი და უნაყოფოა, ამაოდ ფლანგავ უამრავ დროს. ყოველივე ეს კი იმის ბრალია, რომ გვავიწყდება ჩვენი ბუნებრივი უძლურება, გვავიწყდება, როგორ უნდა იყოს სული განწყობილი ღმერთის მიმართ - იოლად მისატევებელი, არა სასიკვდილო ცოდვა თუ ჩაიდინა, სიმდაბლითა და სინანულით შეუვრდეს ღმერთს და ზედმეტი მწუხარებით, დარდითა და ჭმუნვით ნუ გაიწამებს თავს.
ყოველივე ეს იმათ ეხებათ, ვინც სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს და ამ სარბიელზე წარმატების მოპოვებას ცდილობს, მაგრამ სასიკვდილო ცოდვებს არ სჩადის. იმათ კი, ვინც უზრუნველად ცხოვრობს და არ ადარდებს, სასიკვდილო ცოდვებით რომ შეურაცხყოფს ღმერთს, სხვა რამეს ვეტყვით: დიდი მწუხარება და მწარე ტირილი მართებთ, მკაცრად უნდა განსაჯონ საკუთარი სინდისი და დაუნდობლად ამხილონ თვითეული ცოდვა, ყოველი ღონე იხმარონ, რომ თავიანთი დაუდევრობით კურნებისა და ცხონების გზა არ დაკარგონ.
სინანული ყოველთვის ღმრთისადმი დიდი სასოებით უნდა იყოს გამსჭვალული, სულ ერთია, მსუბუქ, ყოვედღიურ დაცემებს ეხება საქმე, თუ მძიმე ცოდვას, რასაც ხანდახან ღმერთის ერთგული მაინც ვერ ასცდება. რამეთუ სინანული და გულის შემუსრვილება თუ ღმრთის მოწყალებისა და სახიერების იმედთან არ არის შეერთებული, მხოლოდ ტანჯავს ადამიანს და არ შეეწევა სულის აღდგინებას. ასეთი სასოება აუცილებლად უნდა ავსებდეს უმაღლესი ქრისტიანული სრულყოფილების მაძიებელთა გულებს, რამეთუ სწორედ იგი განაცხოველებს სულისა და სამშვინველის ძალას.

ადრინდელი ხორციელი ცოდვების გახსენება მავნეა!

ვისაც აღსარების საიდუმლოთი მიეტევება ცოდვები, მოვალეა მეტად აღარ გაიმეოროს ისინი, ესაა და ეს. ხოლო უწინდელი ხორციელი ცოდვების გახსენება ძალიან მავნეა და ამას წმ. მამებიც გვიკრძალავენ. აქ გარეულია ურწმუნოება, აღსარების საიდუმლოს უპატივცემულობა, ყალბი წარმოდგენა სათნოებაზე, განხურვება და ოცნება.

როდესაც ჩვენს ცოდვებს ვინმე ახლობელს (არა მღვდელს) ვუმჟღავნებთ

აქაც აღსარების წმ. საიდუმლოსადმი უნდობლობა ჩანს. ამ საიდუმლოში ხომ სული წმიდის მადლი მოქმედებს, რომელიც მთლიანად და სავსებით აღხოცს ჩვენს ცოდვებს. მაშ რაღად არსებობს შენთვის ის, რაც უკვე გაქრა? საბრალო მტვერო, ნუ გაკადნიერდები შეეხო აღსარების დიდ საიდუმლოს! ნუ ცდილობ შეავსო იგი: მას ღმერთისგან აქვს მინიჭებული თავისი სავსება და კაცობრივი შეწევნა არად სჭირია. ნუ გაიმეორებ უწინდელ ცოდვას - სულ ესაა, რასაც შენგან ღმერთი მოითხოვს და რაც საჭიროა ცხონებისათვის. გეშინოდეს უნდობლობისა, რამეთუ იგი კაცის თვალში ღმრთის ძლიერებასა და სახიერებას ნაკლულევანად წარმოაჩენს. მეტისმეტად უნდა ვუფრთხილდეთ ცრუ მოშურნეობასა და განხურვებას, რამეთუ ამ დროს კაცი სიკეთის გაკეთებას ფიქრობს, მაგრამ მრავალი ბოროტება შეიძლება უყოს თავის თავსაც და მოყვასსაც.

ცოდვების მონანიების გადადება და თავის გამოსწორების გაჭიანურება ძალიან სახიფათოა

ჩვენი დრო თესვის, ძიების, თხოვნისა და ღმერთის მოწყალების კარზე რეკვის დროა: ღმერთმა აღგვიქვა, რომ შეისმენს ჩვენს ვედრებას და შეგვეწევა - და მართლაც, გვისმენს და შეგვეწევა, რამეთუ "ესრეთ იტყვიე უფალი: ჟამსა შემწყნარებისას ვისმინე შენი და დღესა ცხოვრებისასა შეგეწიე შენ. აჰა ესერა აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისაი, აჰა, ესერა აწ არს დღე იგი ცხოვრებისაი" (2 კორ. 6, 2). დღეს ყოველი, რომელი ითხოვდეს, მიეცეს, და რომელი ეძიებდეს, ჰპოვოს, და რომეი ირეკდეს, განეღოს.
"სიკვდილის წინ შევინანებო", ამბობ. ასეთი სინანული ჯოჯოხეთის კარამდე მიგიყვანს. მაშინ აპირებ სინანულს, მისი დრო რომ იწურება და საშინელი სამსჯავროს ჟამი დგება? მაშინ გსურს ღმერთისკენ მიბრუნება, როდესაც იგი პასუხისგებისკენ გიხმობს? მაშინ იწყებ ძებნას, როცა ამის დრო უკვე დამთავრდა? რა თქმა უნდა, სიკვდილის წინაც უნდა შეინანო და გულით ევედრო ღმერთს შეწყალებას, რამეთუ მაშინ სულს უდიდესი განსაცდელი ადგას. მაგრამ სინანულის გადადება სიკვდილის დღისათვის არის შედეგი ხიბლისა, საკუთარ ცხონებაზე ზრუნვის დავიწყება და ეშმაკის მახე - სწორედ ეშმაკი მოუვლენს ადამიანს ამ აზრს და ჩააგონებს უშიშრად დაარღვიოს ღმერთის მოცემული კანონი, განარისხოს უფალი და ყოველდღე გადადოს სინანული, რათა უფრო ადვილად დაღუპოს კაცი. ამიტომ, თუ გინდა, ნეტარი აღსასრული გქონდეს, დღესაც ისეთი იყავი, როგორც სიკვდილის წინ გინდა იყო. ამა სოფლის სიკეთეებზე: პატივზე, დიდებაზე, სიმდიდრესა და ფუფუნებაზე ახლაც ისე იფიქრე, თითქოს ყველაფერს ტოვებდე - როგორც სასიკვდილო სარეცელზე მწოლს შეჰფერის.

ცოდვილი არ უნდა დაბრკოლდეს, თუ სულიერი მოძღვარი ჭრილობას მკაცრი სიტყვით უწამლებს

ვინც მცოდველს მოფერებთ ექცევა, ამით უფრო მეტად უბიძგებს ცოდვილი ცხოვრებისკენ, და კი არ თრგუნავს დანაშაულს, პირიქით, ხელსაც უწყობს. ხოლო ვინც მკაცრად ამხილებს და თანაც არიგებს ძმას, ის მის ცხონებას შეეწევა. "მე რომელნიცა მიყუარდენ, ვამხილებ და ვასწავებ" (გამოცხ. 3, 19), ამბობს უფალი. ასევე უნდა მოიქცეს მღვდელიც - კი არ მოატყუოს კაცი ყალბი მოფერებით, არამედ მის საკურნებელ წამალზე იფიქროს. უმეცარია ის ექიმი, მხოლოდ გარედან რომ მოსინჯავს დასიებულ ჭრილობას: შიდნით დამღუპველი შხამია დაგროვილი, რომელიც წამლავს მთელ ორგანიზმს. ჭრილობა უნდა გახსნა, ჩირქი გამორწყა და სალბუნი დაადო. დაე ყვიროდეს ავადმყოფი, დაე ჩიოდეს, რომ ტკივილი გაუსაძლისია - როდესაც გამოჯანმრთელდება, თვითონვე გეტყვით მადლობას.

გამოყენებულია მასალა წიგნიდან "აღსარების საიდუმლოსა და ცოდვებისათვის". არქიმანდრიტი ლაზარე. თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ. თბილისი 1999