მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

გიყვარდეს - ნიშნავს სიკეთე გსურდეს სხვისთვის
არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)


ყველას თავისი შეხედულება აქვს. ის, რაც მე არ მომწონს, სულაც არ არის აუცილებელი, რომ სხვასაც არ მოეწონოს და პირიქით: რაც მე მომწონს, არ ნიშნავს იმას, რომ სხვასაც აუცილებლად მოეწონება. ჩვენ გვაქვს თავისუფალი არჩევანის უფლება: რას მოვუსმინოთ, რომელ გადაცემას, რა გვიყვარდეს, როგორი მუსიკა მოგვწონდეს. ჩვენ არ შეგვიძლია სხვების შეცვლა. განა ასე არ არის? მაგრამ არსებობს ის, რაც, ამ სხვაობისა და განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ყველას უნდა გვაერთიანებდეს.

ეს არის სიყვარული. დაე, ნურასოდეს დაიშრიტება ის ჩვენში! დაე, ყოველთვის სუფევდეს ის ჩვენ შორის და როგორც სამაგრი, მტკიცედ გვაკავშირებდეს ერთმანეთთან. მაშინ არაფერში ვიგრძნობდით დაპირისპირებას, არანაირი მიზეზით არ გადავემტერებოდით ცხოვრებაში ვინმეს. ჩვენ ხომ საერთო ტკივილი და საერთო მტერი – სიკვდილი გვაერთიანებს, და კიდევ: საერთო მისწრაფება ცხოვრებისკენ, აღდგომისკენ, ბედნიერებისა და სიყვარულისაკენ. ჩვენ, ადამიანები, განსაკუთრებულად ღრმა აზრით ვართ დაკავშირებული ერთამანეთთან ამ ფუძემდებლური წარმოდგენების მიერ.

დაე, გვიყვარდეს ერთმანეთი, მიუხედავად იმისა, რომ განსვავებულები ვართ! ყველას თავისებური ხასიათი აქვს. როგორ თქვა ქრისტემ ? „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას“ (ინ. 13:35). მას არ უთქვამს, იმით მიხვდება ყველა, რომ ჩემი მოწაფეები ხართ, თუ ერთსა და იმავე მელოდიას მოუსმენთ, თუ ერთნაირი შეხედულებები გექნებათ ან ერთნაირად იცხოვრებთო. ყველას განსხვავებული ხასიათი გვაქვს: ზოგს – ასეთი და ზოგს – ისეთი. საღვთო ლიტურგიის დროსაც ხომ ყველა თავისებურად ლოცულობს, თავისებურად განიცდის, განა ასე არ არის?! მაგრამ ყველანი ვგრძნობთ სიყვარულს. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, - ამბობს უფალი, - უკუეთუ იყუარებოდით ურთიერთას.“. ეს ყველაზე რთულია. ყველაზე რთულია შეინარჩუნო სიყვარული.

და როგორ შეიყვარებ, თუ ჯერ სიყვარულს არ ისწავლი?! ძნელია გიყვარდეს. გიყვარს შენ? გიყვარს! და ვინც გიყვარს, იმის შესახებ ფიქრობ და ამბობ: „მე მიყვარს ის, არ შემიძლია, რომ არ მიყვარდეს, მოვკვდები მისი გულისთვის...“ და ეს სიყვარულად მიგვაჩნია. ამ ყველაფერს ერთ სიტყვას ვარქმევთ – სიყვარულს. სინამდვილეში კი ძალიან რთულია გულწრფელად თქვა „მე შენ მიყვარხარ“. ეს გმირობის ტოლფასია.

სიყვარული მწვერვალია. იგი გადალახვაა და არა – ყოველდღიური და ჩვეულებრივი რამ. ერთხელ ერთი ბერის, მონასტრის იღუმენის, შესახებ წავიკითხე. მონასტერში ერთი–ერთი მონაზვნის ქიროტონიისთვის ემზადებოდნენ. ის უკვე აკურთხეს დიაკვნად. ქიროტონიის დღეს იღუმენი მონასტრის კარიბჭიდან გამოვიდა და საპატიო სტუმრებს – მიტროპოლიტსა და მოწვეულ ოფიციალურ პირებს ელოდებოდა, რომლებიც წვეულებაზე მისვლას აპირებდნენ. იღუმენის გვერდით ავლით ბევრი ადამიანი შედიოდა მონასტერში: ესენი იყვნენ უბრალო მორწმუნეები, მონაზვნები და სხვები. მეორე დღეს, როდესაც ყველაფერი დასრულდა, იღუმენმა საძმო შეკრიბა და მიმართა:

- ძვირფასო მამები, საჭიროება მოითხოვს, რომ გარკვეული დროით დაგტოვოთ. უნდა წავიდე, რათა უკეთესად დავინახო საკუთარი თავი.

- რატომ გვტოვებ, მამაო, ჩვენ ხომ ძლიერ გვიყვარხარ!

- დიახ, ასეა, მაგრამ გუშინ ერთ რამეს მივხვდი.

- რას მიხვდით, გერონდა? - ჰკითხეს მათ.

- როდესაც კარიბჭესთან ვიდექი და სტუმრებს ველოდი, შევამჩნიე, რომ თუ ცნობილი ადამიანი ან რომელიმე ოფიციალური პირი შემოდიოდა, მღელვარებისაგან ხელები მიოფლიანდებოდა, ხოლო როდესაც უბრალო მომლოცველნი შემოდიოდნენ, ჩემი ხელები, ჩვეულებრივ, მშრალი რჩებოდა. მე სხვადასხვანაირად ვრეაგირებდი ადამიანებზე.

- კი, მაგრამ რა არის ამაში უჩვეულო? განა ეს ბუნებრივი არ არის?

- შესაძლებელია, თქვენთვის ეს ბუნებრივია, მაგრამ მე, როგორც თქვენს მწყემსს, უკვე უნდა მესწავლა ყველას ერთნაირი სიყვარული და თანაბრად კომფორტულად უნდა მეგრძნო თავი ყველასთან. საჭიროა ყველა გიყვარდეს და არ გეშინოდეს არავისი, არ უნდა ძრწოდე ზოგის წინაშე და თამამი არ უნდა იყო ზოგიერთთან. მე უნდა ვიყო სწორედ ისეთი, როგორიც ღვთის გულია, მე განუწყვეტლივ ღმერთთან ყოფნას უნდა ვცდილობდე, და იმისათვის, რომ უკეთ ჩავიხედო საკუთარ სულში, მცირე ხნით დაგტოვებთ, აქ ყოფნით კი, ყოფითი საქმეებითა და წინამძღვრობით დაკავებული, საკუთარი თავის ხედვას გადავეჩვიე... და ის გარკვეული დროით წავიდა მონასტრიდან, რათა საკუთარ თავში ჩაეხედა და ეპოვა პასუხი კითხვებზე: უყვარდა თუ არა მას და რა უყვარდა, ან თუ იყო ის თანაბრად ხელმისაწვდომი ყველასთვის და გულწრფელი და გულგახსნილი ყველასთან.

მაგალითად, შენ ამბობ, რომ გიყვარს, მაგრამ „მიყვარხარ“ ხშირად ნიშნავს „შენ მე მჭირდები“, ხოლო სიყვარული სიყვარულის სანაცვლოდ უკვე აღარ არის სიყვარული. დიახ, სწორედ ასეა, ბევრი ადამიანი ფრიად საჭიროა ჩვენთვის, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვიყვარს ისინი. გიყვარდეს – ნიშნავს სიკეთე გსურდეს და ზრუნავდე იმისთვის, ვინც გიყვარს. თუ ვხედავ, რომ რამეში ის წარმატებული შეიძლება იყოს, მე მას წარმატებას ვუსურვებ, თუნდაც ეს ჩემთვის „არასახეირო იყოს“.

იფიქრე ამგვარად: მე მსურს, რომ ჩემი შვილი ვითარდებოდეს, რადგან მე მიყვარს ის და ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა სად გაემგზავრება იგი. დაე, წავიდეს სასწავლებლად მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, თუკი მას ეს სურს, მე ხომ მიყვარს და სიკეთე მინდა მისთვის. და თუ მისთვის სიკეთე ისაა, რომ ფრთები გაშალოს და გამიფრინდეს, მე მის ამ ნაბიჯს პატივს ვცემ – იმიტომ, რომ მე მიყვარს ის! მაგრამ ძალიან მომენატრება! ჩემი თვალები არ დაინახავენ მას, ჩემი ხელები არ შეეხებიან, არ მოეალერსებიან, არ ჩაიხუტებენ, ჩემი სისხლი და ხორცი, ჩემი შვილი არ იქნება ჩემ გვერდით!“

როდესაც გულწრფელად გიყვარს, პირველ რიგში სწორედ იმის სიკეთეზე ფიქრობ, ვინც გიყვარს. ეს რთულია! აი, რა მიამბო ერთმა ახალგზარდამ: მამამისს ძალიან სურდა, რომ მას უნივერსიტეტში ჩაებარებინა. მას ეს „თავისი შვილის საკეთილდღეოდ“ სურდა (იგი ასე ფიქრობდა). და ის ეუბნებოდა შვილს: „მე მსურს, რომ ჩააბარო. მე შენ მიყვარხარ, ჩემო ბიჭო. ჩვენ ამას გეუბნებით შენივე კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვღელავთ შენ გამო.“ ახალგაზრდა კი პასუხობდა: „და განა, რაც შემიძლია, არ ვაკეთებ? ყველანაირად შევეცდები, ძალ–ღონეს არ დავიშურებ.“ საწყალი, იგი ცდილობდა, ემზადებოდა, მაგრამ ბოლოს მაინც ჩაიჭრა, უმაღლესში ვერ ჩაირიცხა და განრისხებულმა მამამისმა (როდესაც ვმრისხანებთ, ჩვენს ნამდვილ სახეს წარმოვაჩენთ და იმას ვამბობთ, რასაც სინამდვილეში ვგრძნობთ, ამ დროს ჩვენ ვაჩვენებთ თუ ვინ ვართ სინამდვილეში) უთხრა: „ყველაფერი დასრულდა! ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ! ხვალ მე სამსახურში მივდივარ და რას ვეტყვი იმათ, ვისმა შვილებმაც ჩააბარეს? თანაშმრომლის გოგონამ ჩააბარა, მე კი როგორ დავენახო ხვალ მათ და როგორ ვუთხრა, რომ შენ ჩაიჭერი?“ შვილმა მიიღო მისი გზავნილი: „მამაჩემი ყოველთვის იმას ამბობდა, რომ ვუყვარდი, ახლა კი ფასი დავკარგე მის თვალში. როგორც კი ვერ ჩავაბარე, მაშინვე დამანახა, რომ აღარ ვუყვარვარ. გამოცდებზე ჩავიჭერი თუ არა, მაშინვე თანამშრომლის გოგოს მადარებს და მსაყვედურობს, რომ ჩემ გამო ხვალ სამსახურში შერცხვება“.

მაგრამ განა სიყვარული პირობებს აყენებს?! „მიყვარხარ, თუ ჩააბარებ“, „მიყვარხარ, თუ არ შემარცხვენ“. „კარგი რა, - იტყვით თქვენ, - ჩვენ ხომ მაინც გვიყვარს ჩვენი შვილი, ნუ აზვიადებ“. ჰო, მაგრამ ხომ დაინახე, როგორ თქვა მან : „ხვალ როგორ დავენახები მეზობლებს? რას ვეტყვი ხალხს? როგორ ვთქვა სინამდვილეში რა ხდება ჩვენს ოჯახში და რომ ჩემმა შვილმა წელს ვერ ჩააბარა?“ არადა, რა მოხდა?! ნუთუ ადამიანს ფასი მხოლოდ იმით ედება, ჩააბარა თუ არა უმაღლესში და აქვს თუ არა დიპლომი?! ნუთუ იმისათვის, რომ გიყვარდეს ადამიანი, აუცილებლად მეცნიერული ნიჭი უნდა ჰქონდეს მას?! არა, საყვარელო, რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, მეც ისევე მიყვარს ის, როგორც უფალს ვუყვარვართ ჩვენ.

ერთ ბავშვს ვკითხე: „როდესაც სცოდავ, როგორ გრძნობ ღმერთს?“ ბავშვმა მიპასუხა: „მე ვგრძნობ, რომ ღმერთი გაკვირვებითა და სიბრალულით მიყურებს და მიბრაზდება“, სხვამ თქვა: „მე ვგრძნობ, რომ ის დამსჯის“, წმინდანები კი ამბობენ: „როდესაც ჩვენ ვცოდავთ ან ვცოდავდით, ვგრძნობდით, რომ ღმერთი უფრო მეტად გვეფერებოდა, უფრო მეტი სიყვარულით გვიკრავდა გულში, იმიტომ, რომ ჩვენ მას მაშინ უფრო მეტად ვსაჭიროებდით“.

ღმერთს თავისი ყველა ქმნილება უყვარს. მას შენც უყვარხარ და მეც და არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ღვთის მოსაწონად ვცხოვრობთ, არამედ მაშინაც, როდესაც არასწორად ვიქცევით, შეცდომებს ვუშვებთ და ვეცემით; თუკი უძღები შვილი აღმოჩნდები, ღმერთს მაშინაც უყვარხარ, შენ მაშინაც ძვირფასი ხარ მისთვის, და არა იმიტომ, რომ კარგი ხარ ან ცუდი, არამედ იმიტომ, რომ მისი შექმნილი ხარ, მისი სიყვარულით შექმნილი.

შენ ძვირფასი ხარ და იმ გზაზე, რომელზეც მიდიხარ, ომობ და იბრძვი. ღმერთი ამის გამო არ განგსჯის, რადგან იცის, რომ ის, რაც დღეს ხარ - მხოლოდ წამიერია, ეს გარკვეული ეტაპია შენს ცხოვრებაში, შესაძლებალია, განსაცდელიც კი, რომლის დაძლევასა და გამოსწორებასაც ცდილობ, მაგრამ ვერ ახერხებ. ღმერთს მაინც უყვარხარ. შენ მსგავსი ხარ ტილოსი, რომელსაც უყურებს ქრისტე და ხედავს, თუ როგორ ცდილობ მისი მადლის თანამუშაკი იყო, გსურს მისი ფუნჯი აიღო და მისი ხატი დახატო შენს გულში – ღვთის ხატი, ქრისტეს სიყვარულის ხატი, მაგრამ არ შეგიძლია. შენ შეცდომებს უშვებ: ტილოს აფუჭებ, შლი მოთხუპნულს და ყველაფერს აყირავებ, ქრისტე კი, აი, რას ამბობს ამის გამო: „მე ველოდები სურათის დასრულებას. არსად მეჩქარება. ვიცი, რომ დღეს შეგეშალა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ შენი ტილო ჯერ არ დასრულებულა და მოხატვის პროცესშია, ამიტომ დასკვნის გაკეთებას არ ვჩქარობ. მე შენ პატივს გცემ. მე შენ არავის არ გადარებ. მე არ გახსენებ, რომ მყავს წმინდანები, ანგელოზები, მთავარანგელოზები, რომ ჩემ გვერდით ღვთისმშობელი იმყოფება, რომელსაც გასაოცარი სული და უმშვენიერესი გული აქვს; არ გსაყვედურობ და გკიცხავ იმის გამო, რატომ ხარ ასეთი ან ისეთი“. არა, ღმერთი სხვებს არ გვადარებს. მას ყველა უყვარს.

არ ვიცი, გინახავს თუ არა, როგორ ქმნის მხატვარი სხვადასხვა ეტაპის გავლით სურათს, უფრო სწორად – ხატს: ის ჯერ გრუნტს ადებს, შემდეგ თანდათან ფერებს და ჩრდილებს ამატებს. ეს ყველაფერი სამუშაოს დასაწყის ეტაპზე კეთდება და თავიდანვე საბოლოო შედეგის დანახვა შეუძლებელია, შეუძლებელია ერთბაშად შექმნა ხატი და ტაძარში დააბრძანო, ხატი ჯერ არ არის დასრულებული, მისი ოთახში დაკიდებაც კი შეუძლებელია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას უსარგებლოს ვერ ვუწოდებთ. არ შეიძლება მისი გაუფასურება, არ შეიძლება მისი გადაგდება, ნაადრევია რაიმე დასკვნების გამოტანა (ის ჯერ დაუსრულებელია), მაგრამ, თუნდაც დაუსრულებელი, ის მაინც ღირებულია.

ასევე ვუყვარვართ ჩვენ უფალს, რადგან იცის, რომ ადამიანები ვართ და ვცდილობთ მას დავემსგავსოთ, მოვიხვეჭოთ სიყვარული მისი სიყვარულისგან, სიცოცხლე – მისი სიცოცხლისგან, სინათლე – მისი სინათლისგან. მან ეს იცის და გვიცნობს, ამიტომ ვუყვარვართ. როდესაც არ გიყვარს ადამიანი, შეიძლება ითქვას, რომ მას არ იცნობ. ვინც იცის, რა ხდება სინამდვილეში ადამიანის თავს, მას უყვარს იგი. ვინც იცის, რომ „სხვა ადამიანი არ არის ჩემი მტერი, მაგრამ მტერი რომც იყოს, ამაში დამნაშავე მე ვარ“, მას ეყვარება ის ადამიანი. შენ გეყვარება ის, ვინც გაუსაძლისი ტკივილი და ჭრილობა მოგაყენა, რადგან აცნობიერებ, რომ პრობლემა არა მასში, არამედ შენს შინაგან მდგომარეობაშია, რომელიც ჯერ კიდევ არ არის განკურნებული. ესაა ღია ჭრილობა, რომელიც ჯერ არ შეგხორცებია და ტკივილი, რომელიც ჯერ არ ჩამცხრალა.

ჩვენ არ გვყავს მტრები. არ არსებობს მტერი, რომლის გამოც ღირს ძალების დახარჯვა და რომელიც შეიძლება გვძულდეს. ამგვარი მტერი სამყაროში არ არსებობს. თუ შენ გაეცნობი იმის ცხოვრებას, ვინც ბოროტება შეგამთხვია და შეეცდები პასუხი მოიძიო კითხვაზე, თუ როგორ და რატომ ჩაიდინა მან ეს, რამ აიძულა ამგვარად მოქცეულიყო, თავად რას განიცდიდა ამ დროს, როგორი ბავშვობა ჰქონდა, რამ მოიყვანა ამ მდგომარეობამდე, მაშინ დაინახავ, რომ იგი არ არის შენი მტერი და მოწინააღმდეგე.

ამიტომაც ბრძანებს უფალი: „ნუ გეშინინ მათგან , რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი , ხოლო სულისა ვერ ჴელ - ეწიფების მოკლვად (მთ. 10:28). არავის შეუძლია შენი ვნება. შენ ფიქრობ, რომ გიმტრო ვინმემ, სინამდილეში კი მას არაფერი დაუშავებია, თავად შენში არ არის რაღაც წესრიგში და სხვა რაღაც გაცდუნებს.

ამ დროს ჰკითხე ღმერთს:

- უფალო, შენც გძულს ეს ადამიანი, რომელიც მე მძულს?

და ქრისტე გიპასუხებს:

- არა , მე მას მივუტევე გოლგოთაზე. და არა მხოლოდ მაშინ, არამედ ახლაც ყველას ვპატიობ და ყველა მიყვარს.

- ეს როგორ, უფალო? როგორ შეგიძლია შენ იგი გიყვარდეს?

ღმერთი კი გიპასუხებს:

- მე სხვა რამეს ვხედავ მასში, იმას, რაც შენ ჯერ არ დაგინახავს, შვილო. მე ვხედავ, რომ ისიც ძალიან იტანჯება. მე ვხედავ, რომ ამგვარად იმიტომ კი არ მოგექცა, რომ ცუდია, არამედ იმიტომ, რომ თავად ეშინია და თავს იცავს.

- როგორ თუ ეშინია, უფალო? იმდენი ბოროტება მიყო... შენ იცი, რამდენი ტანჯვა მომაყენა. მის გამო ადგილი დავკარგე. იგი შურს იძიებდა ჩემზე, სასამართლოშიც მიჩივლა...

- დიახ, - ამბობს უფალი, - მაგრამ, მერწმუნე, რომ დაგენახა როგორ ძრწოდა მისი სული, როგორ შფოთავდა მისი გული და როგორ ღელავდა მისი სინდისი, არ შეიძულებდი მას, პირიქით, შეგიყვარდებოდა იგი. შენ იგრძნობდი შენში იმას, რასაც გულმოწყალება ჰქვია. შვილო, ის შენს სიყვარულს საჭიროებს და არა – სიძულვილს, მხარდაჭერას და არა – შურისძიებას. ისწავლე იმგვარად „იძიო შური“ და მოსთხოვო პასუხი, როგორადაც შენ გთხოვს პასუხს ღმერთი. ღმერთი სამაგიეროს კი არ მოგაგებს და „შურს იძიებს“, არამედ ყოველთვის სიყვარულით გპასუხობს და განგაიარაღებს.

მერწმუნე, ისიც კი, ვისაც ვერ იტან, ღირსია შენგან სიკეთისა და მიტევების, მაგრამ ჩვენ არ ვართ გულწრფელნი. და იმის ნაცვლად, რომ გამოვაჩინოთ ჩვენი ჭრილობა, ხშირად სიბინძურეს ჩავდივართ. მაგრამ ცუდი ადამიანები არ არსებობენ, დამიჯერე. საკმარისია შესაბამის კლავიატურას დავაჭიროთ ხელი არამზადას სულში, რომ იქიდან სიყვარულის მელოდიას გავიგონებთ. როგორც ჩანს, არასწორ კლავიშს აჭერ, ამიტომაც იქიდან კაკაფონია და ისტერიკული ხმები ისმის, გინება, შეურაცხყოფა, მაგრამ ამ ადამიანის შიგნით არსებობს საოცარი სამყარო, რომელიც ჯერ ვერ აღმოვაჩინეთ, ვერ მოვახერხეთ, რომ იგი გაცხადდეს გარშემომყოფთათვის. ვიცი, რომ ეს რთულია, რთულია იმიტომ, რომ თავად ჩვენ არ გვიგრძვნია ჩვენს ცხოვრებაში დიდი სიყვარული. მე შენ გთავაზობ სხვა გიყვარდეს, შენ კი გაიძახი: „როგორ უნდა მიყვარდეს იგი! მე თვითონ ჩემს ცხოვრებაში არ განმიცდია დიდი სიყვარული“. ასეა უმეტესი ჩვენგანი: სიყვარული ჩვენი პირადი საჭიროებით ჩავანაცვლეთ.

ერთმა ახალგაზრდამ მითხრა სიტყვები, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:

- მე ძალიან მიყვარს ერთი გოგო, პატივს ვცემ, აღფრთოვანებული ვარ მისით და ძალიან მსურს მასთან ვიყო.

- და რას აკეთებ ამისთვის? - ვკითხე მე.

- არაფერს. იგი ვერასოდეს შეიტყობს ჩემი გრძნობების შესახებ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ მას სხვა უყვარს. და რადგან მე ის ნამდვილად მიყვარს, არაფერს ვეუბნები ჩემი გრძნობების შესახებ და არც არასოდეს შევიჭრები მის ცხოვრებაში. ამჟამად უნივერსიტეტს ვასრულებთ და დალაპარაკება მსურდა, რომ ოჯახის შექმნა შემეთავაზებინა, მაგრამ როგორც კი გავიგე, რომ სხვის შესახებ ფიქრობდა, მე მას თავი დავანებე. მე მიყვარს იგი და ამიტომაც არ ვესაუბრები, მე მიყვარს იგი და ამიტომაც ვერიდები.

აი, ამას ჰქვია სიყვარული! ვინც გიყვარს, მისი სიკეთეზე ფიქრობ და რადგან ამ შემთხვევაში სიკეთე ის არის, რომ არ აუფორიაქო გული, პატივისცემით მოეკიდო მის არჩეულ გზას, რომლითაც ამ ადამიანს სურს იაროს, სიყვარული გაიძულებს, რომ გაუგონარი რამ ჩაიდინო, საკუთარი სიყვარული გარდაქმნა ცრემლად, მარგალიტად, ტკივილად, რომლისგანაც ცოცხალი წყალი გადმოდინდება და ღვთიური მადლით განწმენდს შენს გულს. და თუნდაც გეჩვენებოდეს, რომ არ ამჟღავნებ და აჩვენებ შენს სიყვარულს, სინამდვილეში შენი სიყვარული უფრო ღრმა გახდება. შენ გარდაიქმნები უაღრესად მგრძნობიარე, წრფელ, პოეტურ და პატიოსან ადამიანად და, ყოველგვარი ეჭვის გარეშე ვამბობ, ერთხელაც ამ ყველაფრის გამო უდიდეს ჯილდოს მიიღებ!


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://www.pravoslavie.ru/

თბილისი 2019