მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

მეექვსე მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი



"არა კაც-კლა"

(გამოსვლ. 20:13)


ეს ნიშნავს შემდეგს:

ღმერთმა ყველა ქმნილებას თავისი სიცოცხლიდან შთაჰბერა სიცოცხლე, რომელიც ღვთის მიერ ბოძებული ყველაზე ძვირფასი სიმდიდრეა, ამიტომ ის, ვინც ხელყოფს ნებისმიერ სიცოცხლეს დედამიწაზე, ხელს აღმართავს ღვთის ყველაზე ძვირფას საბოძვარზე, უფრო მეტიც – თავად ღვთის სიცოცხლეზე. ყველანი, ვინც ვცოცხლობთ, მხოლოდ დროებითი მატარებლები ვართ ღვთის სიცოცხლისა და მცველები ვართ ყველაზე ძვირფასი საბოძვრის, რომელიც ღმერთს ეკუთვნის, ამიტომ არც უფლება გვაქვს და არც შეძლება ღვთისაგან დროებით ბოძებული სიცოცხლე წავართვათ საკუთარ თავს ან სხვას.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ

პირველი: ჩვენ არ გვაქვს უფლება მოკვლათ

მეორე: ჩვენ არ შეგვიძლია მოვკლათ სიცოცხლე

თუ ბაზარში თიხის ქოთანი გატყდება, მეთუნე განრისხდება და ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. სიმართლე რომ ითქვას, ადამიანიც ისეთივე უმნიშვნელო მასალისგან არის შექმნილი, როგორითაც ქოთანი, მაგრამ ფასდაუდებელი ის არის, რაც მასშია დაფარული. ეს არის სამშვინველი, რომელიც ხორციელად აღაშენებს ადამიანს და ღვთის სული, რომელიც ცხოველსმყოფელობას ანიჭებს მას.

არც მამას და არც დედას აქვს უფლება სიცოცხლე წაართვან თავიანთ შვილებს, რადგან სიცოცხლეს ანიჭებს მათ არა მშობლები, არამედ ღმერთი მშობლების მიერ, და რადგან მშობლები არ იძლევიან სიცოცხლეს, მათ არც წართმევის უფლება აქვთ.

და თუ სიცოცხლის წართმევის უფლება არ აქვთ მშობლებს, რომლებიც ბევრს ზრუნავენ შვილების ფეხზე დასაყენებლად, როგორ შეიძლება ეს უფლება ჰქონდეთ იმათ, ვინც ცხოვრების გზაზე შემთხვევით შეხვდება მათ შვილებს?!

თუ ბაზარში ქოთანი გატყდება, მტკივნეული იქნება არა ქოთნისთვის, არამედ მეთუნისთვის, რომელმაც ის გამოძერწა. მსგავსადვე, როცა კლავენ ადამიანს, ტკივილს განიცდის არა მოკლული, არამედ ღმერთი, რომელმაც შექმნა ადამიანი, აღაზევა და საკუთარი სული შთაბერა მას.

და როგორც ქოთნის გამტეხია ვალდებული ზარალი აუნაზღაუროს მექოთნეს, მით უფრო ვალდებულია მკვლელი აუნაზღაუროს ღმერთს სიცოცხლე, რომელიც სხვას წაართვა. შესაძლებელია ადამიანებმა არ მოითხოვონ ანაზღაურება, მაგრამ აუცილებლად მოითხოვს მას ღმერთი. ნუ მოიტყუებ თავს, მკვლელო: ადამიანებმა რომც დაივიწყონ შენი დანაშაული, შეუძლებელია, რომ ის ღმერთს დაავიწყდეს! ხედავ, არის რაღაცები, რაც ღმერთსაც არ შეუძლია: მაგალითად, არ შეუძლია დაივიწყოს შენი დანაშაული. ყოველთვის გახსოვდეს ამის შესახებ, გაიხსენე ეს, როდესაც მრისხანებ, სანამ ხელში აიღებ დანას ან პისტოლეტს.

მეორე მხრივ, ჩვენ არ შეგვიძლია მოვკლათ სიცოცხლე. სიცოცხლის სრულად მოკვლა ღვთის მოკვლის ტოლფასი იქნებოდა, რადგან სიცოცხლე ღმერთს ეკუთვნის. ვის შეუძლია მოკლას ღმერთი?! შეიძლება გავტეხოთ თიხის ქოთანი, მაგრამ შეუძლებელია მოვსპოთ თიხა, რომლისგანაც ქოთანია შექმნილი. სწორედ ასევე, შესაძლებელია დავანაწევროთ ადამიანის სხეული, მაგრამ შეუძლებელია განადგურება, დაწვა, გაცამტვერება, გადმოღვრა სამშვინველისა და სულისა.

არის ერთი იგავი სიცოცხლის შესახებ.

კონსტანტინოპოლში მბრძანებლობდა ერთი სასტიკი და სისხლისმსმელი ვეზირი. მის საყვარელ საქმიანობას ყოველდღიურად იმის ყურება წარმოადგენდა, თუ როგორ აჭრიდა თავებს ჯალათი მის სასახლის წინ სიკვდილმისჯილებს. ამავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი სალოსი, წმინდა და მჭვრეტელი კაცი, რომელსაც ყველა ღვთის წმინდანად მიიჩნევდა. ერთ დილას, როდესაც ჯალათმა ვეზირის თვალწინ მოაჭრა თავი მორიგ მსხვერპლს, სალოსი ვეზირის სარკმლის წინ დადგა და ჰაერში რკინის ჩაქუჩის აქეთ–იქით ქნევას მოჰყვა.

– რას აკეთებ? – ჰკითხა ვეზირმა.

– იმავეს, რასაც შენ! – უპასუხა სალოსმა.

– ეს როგორ? – გაუკვირდა ვეზირს.

– აი, ასე! – უპასუხა სალოსმა, – მე ვცდილობ ქარი მოვკლა ამ ჩაქუჩით, ხოლო შენ დანით ცდილობ მოკლა სიცოცხლე. ჩემი შრომა ამაოა, ისევე როგორც შენი. და შენ, ვეზირო, არ შეგიძლია მოკლა სიცოცხლე, ისევე როგორც მე არ შემიძლია მოვკლა ქარი.

ვეზირი უსიტყვოდ გაშორდა და თავისი სასახლის ერთ ბნელ პალატში განმარტოვდა, ისე რომ არავის უშვებდა თავისთან. სამი დღე არც ჭამა, არც სვა და არც არავის დაელაპარაკა, მეოთხე დღეს კი შეკრიბა ყველა თავისი მეგობარი და უთხრა:

– ჭეშმარიტად, ღვთისკაცი მართალია. უგუნურად ვიქცეოდი. შეუძლებელია სიცოცხლის განადგურება, ისევე როგორც შეუძლებელი ქარის მოკვლა.

ამერიკაში, ქალაქ ჩიკაგოში, ერთმანეთის მეზობლად ორი მამაკაცი ცხოვრობდა. ერთ-ერთი მეორის ქონებას დახარბდა, ღამით მეზობლის ბინაში ჩუმად შეაღწია და თავი მოაჭრა მას, შემდეგ ფული უბეში ჩაიყარა და იქაურობა დატოვა, მაგრამ ქუჩაში გამოვიდა თუ არა, მოკლული მეზობელი დაინახა, მას მხრებზე საკუთარი თავის ნაცვლად თავად მისი, მკვლელის, თავი ედგა და მისკენ მოდიოდა. თავზარდაცემული მკვლელი ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა და გაიქცა, თუმცა მოკლული მეზობელი კვლავ მის წინ გაჩნდა, თანაც, სარკეში არეკლილი ორეულივით ჰგავდა მას. მკვლელს ცივმა ოფლმა დაასხა, როგორღაც სახლამდე მიაღწია და ის ღამე ძლივს გაათია. მომდევნო ღამით კვლავ გამოეცხადა მეზობელი და კვლავ მისივე თავით. ასე გრძელდებოდა ყოველ ღამე. მაშინ მკვლელმა ნაქურდალი თანხა მდინარეში გადაყარა, მაგრამ არც ამან უშველა – მოკლული მეზობელი ყოველ ღამე ეცხადებოდა. მკვლელი მართლმსაჯულებას ჩაბარდა, დანაშაული აღიარა და იგი გადაასახლეს, მაგრამ საპატიმროშიც ვერ შეძლო თვალის მოხუჭა, რადგან ყოველ ღამე ხედავდა მოკლულ მეზობელს, რომელსაც კვლავ მისი თავი ედგა მხრებზე. ბოლოს ერთ გამოცდილ მოძღვარს შესთხოვა, რომ ელოცა მისთვის და ეზიარებინა ცოდვილი. მოძღვარმა უპასუხა, რომ ლოცვისა და ზიარების წინ მას ერთი რამ უნდა ეღიარებინა. პატიმარმა უთხრა, რომ უკვე აღიარა მეზობლის მკვლელობა. „არა, – მიუგო მოძღვარმა, – შენ უნდა დაინახო, გააცნობიერო და აღიარო, რომ შენი მეზობლის სიცოცხლე შენი სიცოცხლეა და მისი მოკვლით საკუთარი თავიც მოკალი, ამიტომაც ხედავ შენს თავს მოკლულის სხეულზე. ამით ღმერთი მიგანიშნებს, რომ შენი სიცოცხლე და შენი მეზობლის სიცოცხლე და ყველა ადამიანისა, ზოგადად, ერთი და იგივე სიცოცხლეა.“

მსჯავრდებული ჩაფიქრდა. ბევრი ფიქრის შემდეგ იგი ყველაფერს მიხვდა. შემდეგ მან ღვთის წინაშე ილოცა და ეზიარა. ამის შემდეგ მოკლულის სულმა, რომელიც მოსვენებას არ აძლევდა, თავი დაანება, ის კი დღედაღამ სინანულსა და ლოცვაში იმყოფებოდა და სხვა პატიმრებსაც უყვებოდა იმ სასწაულის შესახებ, რომელიც მისთვის გაცხადდა. ანუ იმას, რომ შეუძლებელია ადამიანმა ისე მოკლას სხვა, თუ საკუთარ თავსაც არ მოკლავს.

ოჰ, ძმებო, როგორი შემზარავია მკვლელობის შედეგები! შესაძლებელი რომ ყოფილიყო ყველა ადამიანის მიერ მისი აღწერა, აღარ მოიძებნებოდა არცერთი შლეგი, რომელიც სხვის სიცოცხლეზე აღმართავდა ხელს.

ღმერთი მკვლელს სინდისს უღვიძებს, რომელიც ქენჯნის და შიგნიდან ხრავს მას, ისევე როგორც მატლი ხრავს ხეს ქერქის ქვეშ. სინდისი ამხილებს, განსჯის, გრგვინავს და ღრიალებს, როგორც გაცოფებული ლომი და საბრალო დამნაშავე სიმშვიდეს ვეღარ პოულობს ვერც დღე და ვერც ღამე, ვერც მთაში და ვერც ველზე, ვერც ამ ცხოვრებაში და ვერც სამარეში. უფრო იოლი იქნებოდა ადამიანისათვის, რომ მის გადახსნილ თავის ქალაში ფუტკრის ნაყარი დაბინავებულიყო, ვიდრე – შერცხვენილი და აფორიაქებული სინდისი.

ამიტომ ღმერთმა მათივე სიმშვიდისა და ბედნიერებისათვის აუკრძალა ადამიანებს მკვლელობა, ძმებო!

„ჰოი, გულმოწყალეო უფალო, როგორი ტკბილი და სასარგებლოა ყოველი შენი მცნება! ჰოი, ყოვლადძლიერო უფალო, დაიცავი შენი მსახური ბოროტი საქმისა და სინდისის შურისძიებისაგან, რათა გადიდებდეთ შენ უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019