მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

მერვე მცნების განმარტება
წმიდა ნიკოლოზ სერბი



არა იპარო

(გამოსვლ. 20:15)


ეს ნიშნავს შემდეგს:

მოყვასს ნუ დაამწუხრებ და მის საკუთრების უფლებას ნუ შეურაცხყოფ! თუ ფიქრობ, რომ მელიებსა და თაგვებზე უკეთესი ხარ, მათ მსგავსად ნუ მოიქცევი! მელა იმიტომ იპარავს, რომ ქურდობის შესახებ კანონი არ იცის, ხოლო თაგვი ბეღელს ძირიდან ღრღნის, რადგან არ ფიქრობს, რომ ამით ვინმეს ზიანს აყენებს. მელამ და თაგვმა მხოლოდ თავიანთი საჭიროება იციან და სხვის დანაკარგზე არ ფიქრობენ. მათ მიცემული არ აქვთ იმის ცოდნა, რისი ცოდნაც გაქვს შენ, ამიტომ არ გეპატიება ის, რაც ეპატიება მათ. კანონიერი გზით უნდა მიიღო სარგებელი და არა – მოყვასის დაზარალებით.

ძმანო, მხოლოდ უმეცარნი ადგებიან ქურდობის გზას ანუ ისინი, ვინც არაფერი იცის ამ ცხოვრების ორი უმთავრესი ჭეშმარიტების შესახებ.

პირველი ისაა, რომ ადამიანს არ შეუძლია შეუმჩნევლად მოიპაროს.

მეორე ჭეშმარიტება კი ისაა, რომ ადამიანი ქურდობის გზით სარგებელს ვერ მიიღებს.

„ეს როგორ?“ - იკითხავს მრავალი და გაუკვირდება უმეცარს.

აი, როგორ:

ჩვენს სამყაროს უამრავი თვალი აქვს. იგი ისეა მოფენილი მათით, როგორც გაზაფხულზე ქლიავის ხე – თეთრი ყვავილებით. ზოგიერთ ამ თვალს ადამიანები ხედავენ და საკუთარ თავზე გრძნობენ მათ მზერას, მაგრამ უმეტეს მათგანს ვერც გრძნობენ და ვერც ხედავენ. ჭიანჭველა, რომელიც ბალახში დაფუსფუსებს, ვერ გრძნობს თხების მზერას, რომლებიც ბალახს ძოვენ და თავზე დაჰყურებენ, ვერ გრძნობს ვერც ადამიანის თვალს, რომელიც აკვირდება. მსგავსადვე, ადამიანებიც ვერ გრძნობენ უთვალავი რაოდენობის ზეციურ არსებათა მზერას, რომლებიც ცხოვრების გზაზე ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან. არსებობს მილიონობით სული, რომლებიც ყურადღებით ადევნებენ თვალს რა ხდება მიწის ყოველ მტკაველზე. მაშ, როგორღა შეუძლია ქურდს, რომ შეუმჩნევლად მოიპაროს – ისე, რომ არაფერი გამჟღავნდეს?! შეუძლებელია ხელი ისე ჩაიყო ჯიბეში, რომ მილიონმა მოწმემ არ დაინახოს. მით უმეტეს, შეუძლებელია სხვის ჯიბეში ჩაყო ხელი და მილიონობით ზეციურმა ძალამ არ ატეხოს განგაში. ეს ვისაც ესმის, აღიარებს, რომ ადამიანს არ შეუძლია შეუმჩნევლად და დაუსჯელად მოიპაროს. ესაა პირველი ჭეშმარიტება.

მეორე ჭეშმარიტება ისაა, რომ ადამიანს ნაქურდლით სარგებლის მიღება არ შეუძლია – ან კი როგორ შეძლებს ამას, როცა უხილავმა თვალებმა ყველაფერი დაინახეს და მიუთითეს მასზე. და თუ მიუთითეს, მაშ, დაფარულიც გამჟღავნდება და „ქურდის“ სახელსაც სიკვდილამდე ვეღარ მოიშორებს. ზეციურ ძალებს მრავალი საშუალებით შეუძლიათ ქურდის გამოაშკარავება.

არის ერთი იგავი მეთევზეების შესახებ:

მდინარის ერთ ნაპირას ორი მეთევზე ცხოვრობდა თავიანთ ოჯახებთან ერთად. ერთს ბევრი შვილი ჰყავდა, მეორე კი უშვილო იყო. ყოველ საღამოს ორივე მეთევზე თავის-თავის ბადეს აგდებდა მდინარეში და შემდეგ დასაძინებლად მიდიოდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, მოხდა ისე, რომ მრავალშვილიან მეთევზეს ბადეში ორი-სამი თევზი ხვდებოდა, უშვილოს ბადეში კი თევზი ვერ ეტეოდა. უშვილო მეთევზე რამდენიმე თევზს იღებდა ხოლმე თავისი სავსე ბადიდან და მეზობელს სამოწყალოდ აძლევდა. ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს, შეიძლება, მთელი წელიც. და იმ დროს, როდესაც ერთი თევზის ვაჭრობით მდიდრდებოდა, მეორე სიღატაკეში რჩებოდა და ხანდახან იმის საშუალებაც არ ჰქონდა, რომ შვილებისთვის პური ეყიდა.

„რა ხდება?“– ფიქრობდა საბრალო ღატაკი. და აი, ერთხელაც, მას ძილში სიღარიბის მიზეზის შესახებ ეუწყა – გამოეცხადა კაცი, ღვთის ანგელოზივით თვალისმომჭრელად მბრწყინავი და უთხრა: „სასწრაფოდ ადექი და მდინარისაკენ გაეშურე. იქ გაიგებ, თუ რატომ გაღატაკდი, მაგრამ როდესაც მიზეზს შეიტყობ, თავს განრისხების უფლება არ მისცე“.

მეთევზეს გაეღვიძა, მაშინვე საწოლიდან წამოხტა, პირჯვარი გადაიწერა, ქოხიდან გავიდა, მდინარესთან მივიდა და დაინახა, თუ როგორც ყრიდა მეზობელი მეთევზე მისი ბადიდან თევზებს თავისაში. საბრალოს სიბრაზისაგან სისხლი ყელში მოაწვა, მაგრამ სიზმრისეული გაფრთხილება გაახსენდა და მრისხანება მოთოკა. შემდეგ, ოდნავ რომ დამშვიდდა, მეზობელს მიუახლოვდა და ქურდს მიმართა: „მეზობელო, იქნებ დაგეხმარო? მარტო რატომ წვალობ?“

გამოჭერილი მეზობელი შიშისაგან გაშეშდა, ბოლოს, გონს რომ მოეგო, ფეხებში ჩაუვარდა ღატაკს და შესძახა: „ჭეშმარიტად, უფალმა გიჩვენა ჩემი დანაშაული. მეტისმეტად მძიმეა ის!“ და მისცა მან ღატაკ მეთევზეს თავისი ქონების ნახევარი, რათა არავისთვის ეთქვა ამის შესახებ და საპყრობილეში არ ჩაეგდოთ ქურდი.

არის იგავი ვაჭრის შესახებ:

ერთ არაბულ ქალაქში ცხოვრობდა ვაჭარი ისმაილი. ის ყოველთვის ატყუებდა მყიდველს რამდენიმე დრაქმას. ამის წყალობით მისი ქონება საგრძნობლად იზრდებოდა, მაგრამ შვილები ჰყავდა ავად და დიდ თანხას ხარჯავდა წამალსა და ექიმებში. და რაც უფრო მეტს ხარჯავდა იგი შვილების სამკურნალოდ, მით უფრო მეტად ატყუებდა მყიდველებს, მაგრამ რაც უფრო მეტად ატყუებდა, მით უფრო მეტად ავადმყოფობდნენ მისი შვილები.

ერთხელ, როდესაც ისმაილი მარტო იჯდა თავის სავაჭროში და თავისი შვილების გამო ძლიერ ღელავდა, მოეჩვენა, რომ წამიერად ცა გაიხსნა. ისმაილმა ზეცას მიაპყრო მზერა, რათა დაენახა რა ხდებოდა იქ. და აი, ხედავს, რომ დგანან ანგელოზები დიდ სასწორთან და წონიან ყველა იმ სიკეთეს, რომელთაც ღმერთი უბოძებს ადამიანებს. მოვიდა ისმაილის ოჯახის რიგიც. ანგელოზებმა, რომლებიც მისი შვილებისთვის ჯანმრთელობის აწონვას შეუდგნენ, სასწორის პინაზე უფრო ნაკლები ჯანმრთელობა დადეს, ვიდრე ასაწონი გირები იყო მეორე მხარეს. განრისხდა ისმაილი და სურდა ანგელოზებისთვის დაეყვირა, მაგრამ ამ დროს ერთ-ერთი ანგელოზი მისკენ მოტრიალდა და უთხრა: „საწყაო სწორია. რატომ ბრაზობ? ჩვენ შენს შვილებს ვაკლებთ სწორედ იმდენს, რამდენსაც შენ აკლებ შენს მყიდველებს და ამგვარად აღვასრულებთ ღვთის სამართალს“.

ისმაილი, თითქოს მახვილი აძგერესო, ადგილიდან წამოხტა და დაიწყო მან ხმამაღლა მოთქმა და მონანიება თავისი მძიმე ცოდვებისა. იმ დღიდან მოყოლებული, იგი არათუ სწორად უწონიდა მყიდველებს საქონელს, არამედ ზედმეტსაც უდებდა, შვილებს კი ჯანმრთელობა დაუბრუნდათ.

გარდა ამისა, ძმებო, მოპარული ნივთი ყოველთვის ახსენებს თავს ადამიანს, რომ ის მას არ ეკუთვნის.

არის იგავი საათის შესახებ:

ერთმა ყმაწვილმა ჯიბის საათი მოიპარა და ერთი თვის განმავლობაში თან დაჰქონდა, მაგრამ შემდეგ პატრონს დაუბრუნა და თავისი საქციელი აღიარა:

– როდესაც ჯიბიდან ვიღებდი საათს და ვუყურებდი, მესმოდა, როგორ მეუბნებოდა იგი: „მე შენი არ ვარ, შენ ქურდი ხარ!“

ყოვლადბრძენმა უფალმა ღმერთმა იცოდა, რომ ქურდობა უბედურს ხდის იმას, ვინც იპარავს და იმასაც, ვისაც ჰპარავენ, და იმისათვის, რომ მისი შვილები – ადამიანები – არ იყვნენ უბედურნი, მცნებად დაგვიდო: „არა იპარო“.

„გმადლობთ შენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, ამ მცნების გამო, რომელიც უთუოდ გვჭირდება ჩვენივე სულიერი სიმშვიდისა და ბედნიერებისათვის. უბრძანე, უფალო, ცეცხლს, დაწვას ჩვენი ხელები, თუკი საქურდავად გაიწევენ; უბრძანე, უფალო, გველებს, შემოეხვიონ ჩვენს ფეხებს, თუკი მოსაპარად გაემართებიან, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა, გევედრებით, ყოვლისშემძლეო, განაშორე ჩვენს გულს ქურდობის სურვილი და ჩვენს სულს – ფიქრი მის შესახებ. ამინ.“


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019