მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

მიტაცების შესახებ
მთავარეპისკოპოსი იოანე შახოვსკი



ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა...

(ლუკ. 12:49)


პრომეთეს ურჯულოების საიდუმლო ის კი არ არის, რომ ცეცხლს იტაცებს, არამედ ის, რომ იტაცებს.

დაუშვებელია, რომ ვინმესგან რამე მიიტაცო, რადგან ვინც იტაცებს, აღარ აქვს ერთობა იმასთან, ვისაც სტაცებს, ხოლო ვისაც სიყვარული აქვს, ყველაფერს მიტაცების გარეშე ფლობს. ესაა სასუფეველი: „ვითარცა არარაჲ გუაქუს და ყოველივე გუაქუს“ (2 კორ. 6:10).

ყოველი მიმტაცებელი უკანონოდ იქცევა, რადგან რასაც იტაცებს, შეუძლებელია მისი იყოს... მხოლოდ სიყვარულით ემორჩილებიან საგნები ადამიანებს, ამიტომ უნდა ვითხოვოთ („ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ“ (მთ 7:7)) და ამიტომ უნდა გავცეთ („მიეცით და მოგეცეს თქუენ“ (ლუკ. 6:38)).

მიტაცებით ყოველთვის სხვისას იტაცებენ, რადგან საკუთარს ვერ მიიტაცებ ... საკუთარის მხოლოდ გაჩუქება ან აღება (და არა მოპარვა) შეიძლება. ეს ახალი სამყაროს კანონია.

მცნებას „არა იპარო“ მოსდევს „არა კაც კლა“ (ლუკ. 18:20) – აღშენებისა და სიყვარულის კანონი. ვინც იპარავს – საკუთარ სიცოცხლესაც კლავს და ანადგურებს და იმისასაც, ვისაც ჰპარავს...

„ასეთია გზა ყოველი მძარცველისა: საკუთარსავე თავს ამოართმევენ სულს“ (იხ. იგავ. 1, 19).

თუ არ არსებობს გამაერთიანებელი სიყვარული, სხვისი საგანი ყოველთვის სხვისად რჩება და მართლაც „კლავს“, რადგან იგი მოწმედ იქნება (დაწვავს!) საშინელ სამსჯავროზე.

სამყარო, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და ადამიანის მიერ გადაეცემა ადამიანს, უზომოდ ნათელია და თბილი... მაგრამ სამყარო, რომელსაც ადამიანი ართმევს ადამიანს, ჯოჯოხეთად იქცევა.

მიტაცება მცირედისა თუ ბევრისა, მატერიალურისა თუ სულიერისა, მიტაცება საქმით თუ სურვილით, არის ცოდვა, რომელსაც სიკვდილთან მივყავართ, რადგან სიცოცხლისა და სიყვარულის წინააღმდეგაა მიმართული.

მხოლოდ სიყვარულს შესწევს ძალა მიტაცების გარეშე ყველაფერი თავისად აქციოს, ხოლო რაც შენია, იმის მიტაცება შეუძლებელია.

ყველა, ვინც იტაცებს, ცეცხლს იტაცებს ზეციდან...

ყველა, ვისაც სიყვარული აქვს, ფლობს ამ ცეცხლს, რამეთუ სწორედ მის მოსატანად მოვიდა ამქვეყნად უფალი.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019